Facebook Twitter
ბს-349-345 (გ-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბ.დ-ის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბ. დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის და მესამე პირის თ. ჩ-ას მიმართ ბ.დ-ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 06.10.2014წ. N14 ბრძანების, ბ.დ-ის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 17.10.2014წ. N40 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სზაკ-ის 601 მუხლის მიხედვით სადავო აქტები მართლსაწინააღმდეგოა, დარღვეულია მათი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ნების გამოხატვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას დასაქმებულის ინიციატვით. ასკ-ის 17.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს სადავო აქტის კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოპასუხეს, ზაკ-ის 53-ე, 96-ე მუხლების შესაბამისად, სრულად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ გაუთვალისწინებია ბ. დ-ის მიერ ორგანოსათვის განთავისუფლებამდე წარდგენილი განცხადება, სათანადოდ არ დაუსაბუთებია გასაჩივრებული აქტები, საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემთხვევაში მოპასუხის მიერ მიღებული იქნებოდა განსხვავებული გადაწყვეტილება. სასამართლომ სადავო აქტების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა შეამოწმოს დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები, თანასწორობის პრინციპი, ადგილი ხომ არ აქვს დისკრიმინაციის ფაქტს. ამასთანავე, სადავო აქტების გამომცემ პირთა ქმედებებში შესაძლოა იკვეთებოდეს სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, რადგან მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შედეგად. ბ.დ-ემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ზაკ-ის 208-ე, სკ-ის 992-ე, 1005-ე მუხლებზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127.5 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან სრული ოდენობით.
01.12.2014წ. საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით ბ.დ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და დამატებით მოითხვა ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის ბ. დ-ის სასარგებლოდ 2013 და 2014 წლებში მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების სრული ანაზღაურების დაკისრება, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 01 თეთრის და პროცესის ხარჯის, სანოტარო აქტის შედგენის საფასურის - 12 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.01.2015წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში, მესამე პირად ჩაერთო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური.
06.04.2016წ. მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 06.10.2014წ. №14 და 17.10.2014წ. №40 ბრძანებების ბათილად ცნობა ძალაში შესვლის დღიდან; გამგებლის ... თანამდებობაზე აღდგენა და ამ ნაწილში მისაღები გადაწყვეტილების დაუყონებლივი აღსრულება; გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 800 ლარის ოდენობით და თანამდებობრივ სარგოზე წინასწარ გათვალისწინებული დანამატის თვითოეული თვისათვის 1 800 ლარის ოდენობით გამგეობისათვის დაკისრება; მოსარჩელის სასარგებლოდ გამგეობისათვის 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1 ლარის ოდენობით არამატერიალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურება, სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1 ლარის ოდენობით მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურება სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის იმ მიუღებელი შემოსავლის ზიანისათვის, რომელიც გამოწვეული იქნა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, მიუღებელი ხელფასის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შეუძლებლობისა და ასეთი ბრუნვიდან მისაღები სარგებლის დაკარგვის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.04.2016წ. განჩინებით ბ.დ-ის სარჩელიდან ცალკე წარმოებად გამოეყო მოთხოვნა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნულ ნაწილში საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის თანახმად, დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, კერძოდ მე-73 კარით, რომელიც ამ საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. ამდენად, კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრის და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში განსაზღვრულია კონკრეტული ნორმები, რაც გამორიცხავს ამ კატეგორიის დავების ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხილვას.
ამასთანავე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საკითხების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლებზე იმსჯელოს, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა კი საამისოდ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოცემული აქტის ხასიათისა და სხვა გარემოებების ერთობლივი შეფასებით უნდა განხორციელდეს.
სასამართლომ მიუთითა სასკ-ის 26-ე, სსკ-ის 182-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და გადაეცეს განსჯად - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.04.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა სსკ-ის მე-11, ასკ-ის მე-2, ზაკ-ის მე-5, 601 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას განმსაზღვრელია დავის საგანი, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავები, რომლებიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კანონმდებლობიდან არის წარმოშობილი, რაც განსახილველ შეთხვევაში სახეზეა, რადგან დავის საგანია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება ვერ მოხდება გათავისუფლების საფუძვლების შეფასების გარეშე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი განთავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული საფუძვლით, ამდენად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკითხი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სამსახურიდან გათავისუფლებასთან და მათი განცალკევებულად განხილვა შეუძლებელია. სასამართლო თვლის, რომ მოთხოვნათა დამოუკიდებლად განხილვისას სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოუწევს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზეც მსჯელობა, რადგან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო დისკრიმინაციულ ქმედებას, ხოლო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შემთხვევაში სასამართლომ ორგანოს უნდა დაავალოს მისი აღმოფხვრა, - ფაქტობრივად პირის სამსახურში აღდგენა, რაც სცილდება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კომპეტენციის ფარგლებს. სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 2.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე, ასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მესამე ნაწილზე და მიიჩნია, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა პირის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისაგან დამოუკიდებლად არამართებულია, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს არაუფლებამოსილი სასამართლოს - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, დავის განხილვას და ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისგან. ადმინისტრაციული სამართალწარმოება ინკვიზიციურია, სამართალწარმოების „ძლიერი მხარე“ - ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს უფრო კომფორტულ და მომგებიან ვითარებაში ამყოფებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ბ.დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ცალკე დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ დავის გადაწყვეტის მექანიზმს, კოდექსი ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით მითითებული საქმეების ჩამონათვალის გარდა კომპეტენციის სფეროს გამიჯვნისათვის გამოიყენება ზოგადი კრიტერიუმი (ენუმერაცია), რომლის მიხედვით სამართალწარმოების წესით განიხილება აგრეთვე სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხ.). აღნიშნული ნორმა ახდენს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას მიკუთვნებულ საკითხთა წრის გაფართოებას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისდიქციის სფეროში ნებისმიერი ისეთი დავის მოქცევას, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.
სასკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სზაკ-ის 2.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 06.10.2014წ. N14 ბრძანების, ბ.დ-ის გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 17.10.2014წ. N40 ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებას, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო დამდგარი მორალური ზიანის ანაზღაურებას, მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურებას სამსახურში პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მოპყრობისათვის, ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობისათვის ბ. დ-ის სასარგებლოდ 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 3.2 მუხლის მიხედვით საჯარო სამსახური იყოფა სახელმწიფო სამსახურად და სამსახურად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ამავე კანონის 2.4 მუხლის თანახმად, გამგეობა და საკრებულო არიან ისეთი ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებები, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად. საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში (4.1 მუხ.), ამავე კანონით არის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის (მე-16 მუხ.). ამდენად, ბ. დ-ე, როგორც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე, იყო საჯარო მოსამსახურე, შესაბამისად, დისციპლინური ზომის გამოყენებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებების გამოცემის საფუძვლად მიეთითა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 72-ე, 731, 732, 78-ე, 79-ე, 99-ე მუხლები, ასევე ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლისა და აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათები (ტ.1, ს.ფ.28, 29). აღნიშნული ნორმების მიხედვით განისაზღვრება დაწესებულების შინაგანაწესში სამუშაო დროის დასაწყისის, დასასრულის და სამსახურში არყოფნის შეტყობინების გათვალისწინების საჭიროება (72-ე მუხ.), ქცევის ზოგადი წესები საჯარო მოსამსახურეთათვის (731, 732 მუხ.), საჯარო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები (78-ე, 79-ე მუხ.), დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების წესი (99-ე მუხ.). ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს საჯარო მოსამსახურისათვის. ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კოდექის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებლის ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია (61 მუხ.). ამდენად, გასაჩივრებული სადავო ბრძანებები არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგების შესაბამისობას მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი განთავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად, დისკრიმინაციული ქმედება გამოვლინდა სამსახურიდან გათავისუფლებაში, გათავისუფლების უკანონოდ ცნობის მიზნით მოსარჩელე მოითხოვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მატერიალური მიზნის მისაღწევად, პირთა ქმედითი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს ანიჭებს სარჩელის სხვადასხვა სახის და საპროცესო მოქმედებების გამოყენების შესაძლებლობას. სასკ-ის 22-25-ე მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული სარჩელების დიფერენცირებას შეცილებით (22-ე მუხ.), მავალდებულებელ (23-ე, 24-ე მუხ.) და აღიარებით (25-ე მუხ.) სარჩელებად. ამასთანავე, თითოეული ნორმით განსაზღვრულია შესაბამისი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობები. სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ უფლების დასაცავად სწორი პროცესუალური საშუალების არჩევა. აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, არის პროცესუალური დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტი, მისი მეშვეობით არ ხდება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, რამდენადაც აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა (სასკ-ის 25-ე მუხლით ასევე გათვალისწინებულია აქტის არარად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება). მოცემული სახის სარჩელებთან მიმართებაში პროცესუალური კანონმდებლობით დაწესებულია დასაშვებობის წინაპირობები (სასკ-ის 25.2 მუხ.), აღიარებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეს არ შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. ამასთანავე, აღიარებითი სარჩელი დასაშვები არ არის, თუ იგი მიმართულია წმინდა ფაქტობრივი ინტერესის, ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი ურთიერთობის არადამოუკიდებელი ნაწილის მიმართ. დასაშვებობის აღნიშნული წინაპირობები ემსახურება ისეთი ვითარების თავიდან აცილებას, როდესაც პირველად, ფაქტობრივად დადგინდება უფლების არსებობა და შემდგომში დადგება აქტის გაუქმების ან გამოცემის საკითხი. ამასთანავე, დისკრიმინაციის ფაქტი, როგორც წესი, არ დგება დამოუკიდებლად, არამედ მას თან ახლავს პირის კონკრეტული უფლების შეზღუდვა. ამიტომ, უმეტესად პირის სასარჩელო მოთხოვნა კომპლექსურია და უკავშირდება არა მხოლოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, არამედ იმ ძირითადი უფლების აღდგენას, რომელიც დისკრიმინაციის შედეგად დაირღვა. კანონმდებლობა არ უშვებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრას, ფაქტის დადგენა უნდა უკავშირდებოდეს დისკრიმინაციის შეწყვეტას ან/და მისი შედეგების აღმოფხვრას ან მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნებში დისკრიმინაციის ფაქტის ცალკე დადგენის მოთხოვნის საკითხი არ დაუყენებია, დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი მოსარჩელეს დასმული აქვს არამატერიალური და მატერიალური (ქონებრივი) ზიანის ანაზღაურებასთან, სადავო აქტების უკანონობასთან კავშირში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 17.10.2014წ. N40 და გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგებლის 06.10.2014 N14 ბრძანებებს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას პოლიტიკური ნიშნით სამსახურში მისი შევიწროვების გამო, სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს თანასწორობის პრინციპის დაცულობა, დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის შესაძლო არსებობას მოსარჩელე აყენებს იმ მიზნით, რომ დასაბუთდეს ბ.დ-ის სამსახურიდან გათავისუფლების არამართლზომიერება, ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელე არ ითხოვს დიკსკრიმინაციის ფაქტის დადგენას დამოუკიდებლად, მისი საბოლოო მიზანია აღდგეს სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე და უთითებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად არამართლზომიერად განთავისუფლდა სამსახურიდან. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უკანონოა ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის გასაჩივრებული აქტები, რადგან არ არსებობდა მათი გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის და აქტების კანონიერების შემოწმების ფარგლებში უნდა მოხდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე მსჯელობა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული ქმედება შესაძლოა განხორციელდეს სწორედ ადმინისტრაციული აქტის გამოცემით. მოსარჩელე თავად აღნიშნავს სასარჩელო განცხადებაში, რომ ფაქტის დადასტურებას აქვს მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობა, სასკ-ის მე-17 მუხლის მიხედვით აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადმინისტრაციის მიერ აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად თანასწორობის პრინციპის დაცულობა, დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, რაც შეუძლებელია დავის წარმოშობის, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის გარკვევის გარეშე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საქმე, ამასთანავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, ამავე კანონის მე-10 მუხლი უთითებს, რომ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის მიერ უნდა მოხდეს. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, კერძოდ სსკ-ის VII3 კარით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს არა დამოუკიდებლად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და აქედან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას ან დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტას, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რის საფუძვლადაც უთითებს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას. ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას, სწორედ აღნიშნულზე იქნება ძირითადად დამოკიდებული სარჩელის დაკმაყოფილება ან უარი მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს შორის სხვაობა პირობითია, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტს სწორედ რომ სამართლებრივი დატვირთვა აქვს, დასადგენ ფაქტს სახელდობრ სამართლებრივი ასპექტის გამო აქვს მნიშვნელობა. დისკრიმინაციული ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრის სახით მოსარჩელის ადრე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ ფაქტის დადგენას მოყვება აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება. აქტის კანონიერების და დისკრიმინაციის ცალ-ცალკე შეფასება შეუძლებელია, დისკრიმინაციის ფაქტის დამოუკიდებლად განხილვა სამოქალქო სამართალწარმოების წესით გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლების, სადავო აქტის კანონიერებაზე, კანონიერების დარღვევის შემთხვევაში სამსახურში აღდგენის საკითხებზე მსჯელობას, რაც სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შესაძლოა გამოვლინდეს აქტის გამოცემით ან გამოცემაზე უარის თქმით, შესაბამისად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე მოთხოვნებია, მათი გამიჯვნა გამოიწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლების დარღვევას, საქმეთა განხილვის გაჭიანურებას, პარალელიზმს და დუბლირებას. ამდენად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ მიმდინარე დავაში სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და განსახილველად დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის განხილვისას შესაძლოა გამოიყენოს სსკ-ის VII3 კარის დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ამ სახეობის დავების სპეციფიკას, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის აბსოლუტურ კომპეტენციას, მათ შორის საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი. დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ასევე საჯარო სფეროში, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი.
საქმის განსჯადობას არ განაპირობებს ის, თუ რომელი საპროცესო კოდექსში არის გათვალისწინებელი დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის მომწესრიგებელი ნორმები. საჯარო მმართველობის საქმიანობის კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტის სტატუსის, უფლება-მოვალეობების, სამართალურთიერთობებში კანონით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ქცევის წესისა და სტანდარტების სათანადო ანალიზის შედეგად. ამდენად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში მოქცევა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორის საქმეთა განმხილველი სასამართლოების სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების მნიშვნელოვანი დავების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართლზომიერი ქმედების ჩადენა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მიერ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. დისკრიმინაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სზაკ-ის 4.2 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება“. შესაბამისად, დისკრიმინაციის ყველა ფორმის, თვითნებობის აღმოფხვრა, საჯარო მმართველობაში ადმინისტრაციული იუსტიციის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგს განეკუთვნება, თავად ადმინისტრაციული მართლმსაჯულება ეფუძნება კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, საჯარო სფეროში დისკრიმინიაციის აღმოფხვრა საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს, შესაბამისად მასზე უარის თქმა განსჯადობის საკითხის მექანიკური, პროცესუალური ნორმის განთავსებისდამიხედვით მცდარია. აღნიშნული შედეგად გამოიწვევს თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის საკითხების ამორიცხვას ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროდან, მისი იურისდიქციის მნიშვნელოვან შეზღუდვას, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უფლებადამცავი პოტენციალის შესუსტებას. საჯარო-სამართლებრივია დავა იმ შემთხვევაში თუ ურთიერთობის მონაწილე და სახელისუფლებო სუბიექტი ერთმანეთის მიმართ სუბორდინაციულ ურთიერთობაში იმყოფებიან, სწორედ ეს ფაქტორი და არა ნორმის ამა თუ იმ აქტში განთავსება განაპირობებს სამართალურთიერთობის ბუნებას და შესაბამისად განსჯადობას, საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას, დავის ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით განხილვას.
დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. აღნიშნულ მოსაზრებას არ ადასტურებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა და მხოლოდ ამ საფუძვლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში თუ: დადგენილი ფაქტები ადასტურებენ არათანაბარ, ტენდენციურ მიდგომას; დიფერენცირებული მიდგომა არ არის გონივრული; დარღვეულია ბალანსი მიზანსა და გამოსაყენებელ საშუალებას შორის. დისკრიმინაცია არის კანონიერების უხეში დარღვევა, სასამართლო დაცვა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (სზაკ-ის მე-5 მუხ.), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს (სზაკ-ის 601 მუხ.). საჯარო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვს ადმინისტრაციული თვითნებობის, სახელმწიფო მმართველობაში დისბალანსის, უფლებამოსილების გადაჭარბების, პასუხისმგებლობის შესუსტების ფაქტებზე რეაგირებას. ასეთ ფაქტებზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეაგირება ამკვიდრებს კანონიერების რეჟიმს სახელმწიფო მმართველობაში. დისკრიმინაცია უკავშირდება თანასწორობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მისი აღმოფხვრა უფლებებისა და კანონიერ ინტერესებს ემსახურება, რაც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს სფეროს შეადგენს. საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების კანონიერების შეფასების კომპეტენცია მხოლოდ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველ სასამართლოს აქვს. თავისთავად დისკრიმინაციული მოპყრობა არ ცვლის, დავის ბუნებას, დისკრიმინაციული მოპყრობა არის მხოლოდ ის მართლსაწინააღმდეგო ნიშანი, რომელიც ასახავს კანონდარღვევის ხასიათს. საკასაციო პალატა იზიარებს სამოქალქო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული აქტის სადავოდ გახდომა გამოცემული აქტის დისკრიმინაციულობის მოტივით არ აქცევს დავას ავტომატურად სამოქალაქო კატეგორიის დავად და არ იწვევს შედეგად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვას, მით უფრო, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოების თავისებურება ესადაგება სასამართლო წარმოების ინკვიზიციურ საწყისებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობაა, რაც სასკ-ის 2.1 მუხლის „ა“ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.დ-ის სარჩელი მოპასუხე ქ.თბილისის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


პ.სილაგაძე