საქმე ბს-478-473 (გ-16) 27 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შპს „…-ს“ სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „…-მ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს, საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის შპს „…-ს“ მიერ 2008 წლის 29 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2900 ლარის 70%-ის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 25 აპრილს შპს „…-მ“ სარჩელი აღძრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, მედეა ღონიაძის და სხვათა მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელს ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „…-ს“ დაევალა დამატებით 2900 ლარის გადახდა. შპს „ნჩ-მ“ ხარვეზი 2008 წლის 29 მაისს გამოასწორა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს „…-ს“ სარჩელზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა. ამავე განჩინებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა გამოიყო ცალკე წარმოებად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „…-ს“ სარჩელი განუხილველად დარჩა. სასამართლოს არ უმსჯელია გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სოლიდარულ მოპასუხედ მითითება წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელე მხარის იმ მიზანს, რომ საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადობის ფარგლებში მოქცეულიყო, რაც ვერ შეცვლის დავის განსჯადობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას და წამოიწყო დავა ტერიტორიული განსჯადობის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-20 მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სოლიდარულ მოპასუხეებად დაასახელა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მოსარჩელემ ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით წარადგინა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასამართლომ განმარტა, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ შპს „…-ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი თავისი ხასიათით, შინაარსითა და იურიდიული ბუნებით არის ზოგადი და ამავე დროს იმპერატიული ნორმა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადგენს განსჯად საერთო სასამართლოს ტერიტორიული ნიშნის, ანუ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამავე კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში, შპს „…-მ“ სოლიდარულ მოპასუხეებად დაასახელა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ერთ-ერთი მოპასუხის - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით წარადგინა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მტკიცებას, რომ მოსარჩელის მიერ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სოლიდარულ მოპასუხედ მითითება წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელე მხარის იმ მიზანს, რომ საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადობის ფარგლებში მოქცეულიყო, რაც ვერ შეცვლის დავის განსჯადობას.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სწორედ მოსარჩელე განსაზღვრავს დავის საგანს და მოპასუხეთა წრეს. მართალია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლი სასამართლოს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებასთან მიმართებით, მაგრამ ამგვარი უფლებამოსილება, არ გულისხმობს მხარის მიერ მის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ სუბიექტად დასახელებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით „ფორმალურ მოპასუხედ“ მიჩნევას და საქმიდან ამორიცხვის შესაძლებლობას. ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სპეციალური ქცევის წესი გათვალისწინებული არ არის, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასათანადო მოპასუხის შეცვლის წესს, აგრეთვე, ქცევის წესს იმ შემთხვევისათვის, როდესაც მოსარჩელე უარს ამბობს მოპასუხის შეცვლაზე. საკასაციო სასამართლო აქვე ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება, რის თაობაზეც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად (2009 წლის ივლისის მდგომარეობით), სასამართლოს სარჩელის განუხილველად დატოვებისას უნდა ემსჯელა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარადგინა სარჩელი ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს მოსარჩელის არჩევანის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დავა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-20 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „…-ს“ სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე