საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-710-703(კ-16) 14 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარის - დ. ხ-ისა და მ. დ-ის მიმართ, მოპასუხე - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მონაწილეობით.
2014 წლის 23 მაისს დ. ხ-ემ და მ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. ბათუმის მერიისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ. ხ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის #69 დადგენილების, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ. დ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის #70 დადგენილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 აპრილის #230 ბრძანებისა და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 აპრილის #229 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ხ-ისა და მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის #69 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 აპრილის #230 ბრძანება, უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის #70 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 აპრილის #229 ბრძანება, უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში; დ. ხ-ისა და მ. დ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ხ-ემ და მ. დ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით დ. ხ-ისა და მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება დ. ხ-ისა და მ. დ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ხ-ისა და მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის #69 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 აპრილის #230 ბრძანება დ. ხ-ის დაჯარიმების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2014 წლის 27 თებერვლის #70 დადგენილება და ქ. ბათუმის მერის 2014 წლის 23 აპრილის #229 ბრძანება მ. დ-ის დაჯარიმების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარი წარმოდგენილი იყო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკასაციო წესით გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა მტკიცებულება ფოსტაში საკასაციო საჩივრის ვადაში შეტანის თარიღის დადასტურების შესახებ. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა კასატორს - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და 2016 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა მისთვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერითა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მიერ დასმული ბეჭდით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტულურ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინების ასლი ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016 წლის 18 ოქტომბერს ჩაიბარა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2016 წლის 19 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7_დღიანი ვადა 2016 წლის 25 ოქტომბრის 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი