Nბს-739-731 (კს-16) 8 ნოემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ი-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ი-ემ თბილისის საქალაქო სასმართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა კომისიის 2016 წლის 28 იანვრის №477 საოქმო გადაწყვეტილების მ. ი-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 28 იანვრის №477 საოქმო გადაწყვეტილება მ. ი-ისათვის ქ.თბილისში, ... IIIა მ/რაიონის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე (600 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში (დღის წესრიგის 63-ე საკითხი). ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ.თბილისში, ... IIIა მ/რაიონის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთზე
(600 კვ.მეტრი) მ. ი-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2016 წლის 24 ივნისს (იხ. ს.ფ. 100). ასევე დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 11 ივლისს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული ბეჭდით (იხ. ს.ფ. 102). ვინაიდან ქ.თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადაწყვეტილება ჩაბარდა 2016 წლის 24 ივნისს, მისთვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 22 ივნისს და ამოიწურა 2016 წლის 8 ივლისს, 24 საათზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი განმარტებით, აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა არა 2016 წლის 24 ივნისს, არამედ 2016 წლის 27 ივნისს, რაც დასტურდება გადაწყვეტილებაზე დარტყმული კანცელარიის ბეჭდით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ კომისიამ გაუსვა სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გასაჩივრების კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ კომისიას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ჩაბარდა.
საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილი დედანი, რომელზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მიერ დასმულია ბეჭედი და დოკუმენტების მიღების თარიღად მითითებულია 2016 წლის 24 ივნისი. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ იმავე გზავნილის ასლს, რომელზეც ბეჭედი დასმულია 2016 წლის 27 ივნისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში, ბეჭედზე მითითებული თარიღი ასახავს, თუ როდის მოახდინა კანცელარიამ ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურულმა ერთეულმა შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და არა მის მიერ შესაბამისი დოკუმენტების მიღების თარიღს.
განსახილველ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61 მუხლების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 25 ივნისიდან დაიწყო და 2016 წლის 8 ივლისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 11 ივლისსაა შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე