საქმე №ბს-643-636(გ-16) 03 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა პ. ტ-ის საჩივართან დაკავშირებით დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხაშურის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ტ-ემ 27.07.2016წ. საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევატა კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე 26.07.2016წ. შედგენილი №აბ 000244068 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.07.2016წ. განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულშიც არის სამართალდარღვევა ჩადენილი და საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაsცა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 05.08.2016წ. განჩინებით პ. ტ-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით, გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შედგენილია 27.07.2016წ., ქ. გორში, ხოლო სამართალდარღვევის ჩადენისა და საჯარიმო ქვითრის შედგენის ადგილია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, დაბა აგარა, სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილია - ქ. თბილისი. ასკ-ის 1.2 მუხლზე და სსკ-ის მე-20 მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, მისი არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. შესაბამისად, საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ პ. ტ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიულ განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის წესები. სსკ-ის III თავის (განსჯადობა) მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას, რომლის მიხედვით სარჩელი წარედგინება მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით განსხვავებული წესია დადგენილი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლში 26.04.12წ. კანონით შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ამავე კოდექსის საფუძველზე შედგენილი ოქმის კანონიერების შესახებ საქმეებს სასამართლო იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) აქტი შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრით. ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, კანონმდებლობა 121-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას (სამართლდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხ.), კერძოდ, 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვინაიდან გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121.4 მუხლი, ხოლო პ. ტ-ის საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი და საჩივარი შეტანილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ტ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი