საქმე ბს-919-911(გ-16) 27 დეკემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა გ. კ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქარელის მაგისტრ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. კ-მა 2016 წლის 6 ოქტომბერს საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 28 სექტემბრის №20/24-2440636 დადგენილებისა და 2016 წლის 5 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №508330 ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის დადგენილებით გ. კ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს - ქარელის მაგისტრატ სასამართლოს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი 2016 წლის 5 სექტემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ეი508330 ოქმსა და საჯარიმო ქვითარში ოქმის შედგენისა და სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მითითებულია ქარელი. ამასთან, სასამართლოს მიერ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოძიებული ინფორმაციის თანახმად, საჩივრის ავტორის - გ. კ-ის აქტიურ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენს სამტრედია, ... გამზ. №48.
ქარელის მაგისტრი სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ დადგენილებას და წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი - საჯარიმო ქვითარი, რომლის გაუქმებასაც ითხოვს საჩივრის ავტორი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ხოლო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, ... ქ. №24. სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორმა გ. კ-მა განმარტა, რომ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ... ქ. №24, ხოლო სამტრედიაში ... ქ. №48-ში არსებული სახლი გაყიდეს სამი წლის წინ ოჯახური მდგომარეობის გამო და საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. თბილისში. მართალია მისი რეგისტრაციის ადგილი არის სამტრედია, მაგრამ რაიმე კავშირი სამტრედიასთან აღარ აქვს და ცხოვრობს თბილისში, ... ქ. №24-ში, სადაც იღებს ყველა კორესპონდენციას, რის გამოც საჩივარი შეიტანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯადი სასამართლოებია ქარელის მაგისტრი სასამართლო და თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო გ. კ-მა გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სასამართლოს არჩევის უფლება და დავის გადასაწყვეტად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მომჩივნის მიერ მოცემული საპროცესო მოქმედების განხორციელების შემდეგ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებისა და ქარელის მაგისტრი სასამართლოს განჩინების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.
მოცემულ შემთხვევაში, სპეციალური კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-ე–1599-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. კ-ს ადმინისტრაციული სახდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე აქვს დაკისრებული. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ... ქ. №24.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ადგენს საჩივრის ალტერნატიულ განსჯადობას - სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ან სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორმა აირჩია განსჯადი სასამართლო და საჩივარი წარადგინა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქარელის მაგისტრ სასამართლოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის საკითხი უნდა გადაწყდეს საჩივრის ავტორის არჩევანის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ის საჩივარი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე