Facebook Twitter
საქმე №ბს-572-567(კ-16) 24 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ზ. გ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირები: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. გ-მა 2013 წლის 4 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” აღირიცხა 2008 წლის 4 მარტს. ამხანაგობა ,,...“ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმით ამხანაგობის წევრს, ზ. გ-ს ნება დაერთო I სართულის რეკონსტრუქციაზე - მანსარდის და სართულის დაშენებაზე. კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 2/3, 8 მობინადრე, ოქმის თანახმად, აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 2/3-მა. 2013 წლის 16 ივნისს ზ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა 2013 წლის 5 ივლისის ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ზ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (სართულისა და მანსარდის დაშენება) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ქ. თბილისის მერიაში 2013 წლის 16 სექტემბერს შეტანილ იქნა ნ. ჭ-ას №12/13259107-17 ადმინიტრაციული საჩივარი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე. ქ. თბილისის მერიაში 2013 წლის 18 სექტემბერს ასევე შეტანილ იქნა ბმა ,,...“ წევრების №12/13261579-17 განცხადება ამხანაგობის ოქმის კანონიერების საკითხის გარკვევის მოთხოვნით. 2013 წლის 30 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ამხანაგობის წევრებმა დააზუსტეს მოთხოვნა და მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულებით დაკმაყოფილდა ბმა „...“ წევრთა 2013 წლის 16 სექტემბრის №12/13259107-17 და 18 სექტემბრის №12/13261579-17 ადმინისტრაციული საჩივრები. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართებზე მშენებლობის (დაშენების) ნებართვების გაცემის საფუძვლად წარდგენილ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმში გამოხატული არ იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წევრთა 2/3-ის თანხმობა. მოსარჩელის მითითებით კრების ოქმს ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე და კრების ოქმზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, ხოლო კრების შინაარსის გამოკვლევა არ წარმოადგენს არქიტექტურის სამსახურის კომპეტენციას, რაც არ გაიზიარა ქ. თბილისის მერიამ და დააკმაყოფილა საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 ნოემბრის განჩინებით №3/4595-13 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მესამე პირად ჩაებნენ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური და ბმა „...”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრ ზ. გ-ს ნება დაერთო I სართულის რეკონსტრუქციაზე - მანსარდის და სართულის დაშენებაზე. ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა რვა მობინადრე, საკითხს მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 2/3-მა; 2013 წლის 16 ივნისს, ზ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქტიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა 2013 წლის 5 ივლისის ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე; ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქტიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ზ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (სართულის და მანსარდის დაშენება) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა; ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულებით ამხანაგობის წევრთა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართებზე მშენებლობის (დაშენების) ნებართვების გაცემის საფუძვლად წარდგენილ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმში გამოხატული არ იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა 2/3-ის თანხმობა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია სადავო აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე და მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართებზე მშენებლობის (დაშენების) ნებართვების გაცემის საფუძვლად წარდგენილ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმში გამოხატული არ იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა 2/3-ის თანხმობა, არის სრულიად დაუსაბუთებელი და შესაბამისად, არ ქმნიდა საფუძველს სადავო აქტის გასაუქმებლად; კერძოდ, აღნიშნულ ოქმში ცალსახად და მკაფიოდ არის გამოხატული, რომ ამხანაგობის წევრთა 2/3-მა მხარი დაუჭირა ზ. გ-ის მიერ პირველი სართულის რეკონსტრუქციას სართულის და მანსარდის დაშენებით; აღნიშნული ოქმი, როგორც სამოქალაქო სამართლებრივი შეთანხმება / გარიგება ამხანაგობის წევრებს შორის არ გამხდარა დავის საგანი; შესაბამისად, ეს ოქმი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების საფუძველზე წარმოადგენდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის ნებართვის გაცემის საფუძველს; ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა ოქმის შინაარსიც, როდესაც მიიჩნია, რომ ვინაიდან კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 8 მობინადრე, სახეზე ვერ იქნებოდა ამხანაგობის 2/3-ის თანხმობა, რადგან ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამხანაგობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა გადასაწყვეტად სავალდებულო არ არის ამხანაგობის წევრთა მიერ ნების გამოვლენა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ კრებაზე დასწრების გზით, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ნება რეალურად იყოს გამოხატული და ის იყოს ნამდვილი, მიუხედავად იმისა, ნების გამომვლენი პირი ესწრება თუ არა კრებას; შესაბამისად, ის, რომ კრებას ესწრებოდა მხოლოდ 8 მობინადრე არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ამხანაგობის დანარჩენ წევრთა თანხმობა, რომელიც გამოვლენილია კრების გარეთ; ამასთან, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა, შეფასება სცილდება ადმინისტრაციული დავის საგანს და წარმოადგენს კერძო დავის ფარგლებში გამოსაკვლევ გარემოებას; განსახილველი ადმინისტრაციული დავის პირობებში დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ზ. გ-მა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების“ შესაბამისად, განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს წარდგენილი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რასაც თან დაურთო ბმა-ის კრების ოქმი 2/3-ის თანხმობით რეკონსტრუქციის განხორციელების თაობაზე, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს უქმნიდა კანონიერ საფუძველს შეეთანხმებინა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ზ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (სართულის და მანსარდის დაშენება) არქიტექტურული პროექტი და გაეცა მშენებლობის ნებართვა; სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს იმ ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს მხოლოდ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები ანუ ის გარემოებები, რომელთა დადგენაც არის სავალდებულო სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით; კერძოდ, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობითაა დასაშვები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას; აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ზ. გ-ის მიერ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილ იქნა ამხანაგობის კრების ოქმი წევრთა 2/3-ის თანხმობით; შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანების გამოცემისას გამოკვლეული და შეფასებული იყო ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობის არსებობა; ამასთან, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ წარდგენილ კრების ოქმში დაფიქსირებული მონაცემების
გადამოწმება არ წარმოადგენს არქიტექტურის სამსახურის ვალდებულებას და სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს არ უნდა გამოეკვლია ნამდვილად იყო თუ არა წარმოდგენილი ამხანაგობის 2/3 -ის თანხმობა. საქმეში წარმოდგენლია ბმა „...“ 2010 წლის 4 მაისის №12 კრების ოქმი, საიდანაც დგინდება, რომ ამხანაგობა შედგება 14 ბინის მესაკუთრისგან, ხოლო ბმა „...“ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმით, რომლითაც ზ. გ-ს ნება დაერთო სამშენებლო სამუშაოებზე, კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 8 წევრი, აღნიშნული არის ამხანაგობის წევრთა 57,14%, რაც არ წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა 2/3-ს. კანონით გათვალისწინებულია ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობის არსებობა - ზ. გ-ისათვის გაცემული ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, ვინაიდან აღნიშნული თანხმობა წარმოადგენს ერთ-ერთ საფუძველს შესაბამისი ნებართვის გასაცემად. სასამართლოს მოსაზრება, რომ ხსენებული გარემოება არა ადმინისტრაციული ორგანოს, არამედ სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს გამოსაკვლევია, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. კასატორი ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს მითითებას, რომ ამხანაგობის 8 წევრის თანხმობის წარდგენსი შემთხვევაში ივარაუდება დანარჩენი წევრების თანხმობის არსებობაც. კასატორისათვის გაუგებარია სასამართლომ რის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად აღნიშნული სხვა წევრების თანხმობების არსებობა და კრების გარეთ ნების გამოვლენა დადგერნილად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეში წარმოდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრ ზ. გ-ს ნება დაერთო I სართულის რეკონსტრუქციაზე - მანსარდის და სართულის დაშენებაზე. ოქმის თანახმად, კრებას ესწრებოდა რვა მობინადრე, საკითხს მხარი დაუჭირა ამხანაგობის წევრთა 2/3-მა. 2013 წლის 16 ივნისს ზ. გ-მა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა 2013 წლის 5 ივლისის ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე; ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე ზ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (სართულის და მანსარდის დაშენება) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულებით ამხანაგობის წევრთა ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანება იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №24-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართებზე მშენებლობის (დაშენების) ნებართვების გაცემის საფუძვლად წარდგენილ 2013 წლის 5 ივლისის №53 კრების ოქმში გამოხატული არ იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...“ წევრთა 2/3-ის თანხმობა.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი N 57 დადგენილების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო მის სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებს სამშენებლო საქმიანობაში კანონმდებლობის დაცვის კონტროლს, ხოლო იმავე დადგენილების 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ქ. თბილისის მერიის მიერ ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, კერძოდ, საჩივრის წარმდგენი მხარეების გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი ისე, რომ არ შეაჯეროს და არ შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებანი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ - ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანების გამოცემამდე უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა ზ. გ-ის მიერ წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2013 წლის 5 ივლისის კრების ოქმის შესაბამისობის საკითხი მოქმედ კანონმდებლობასთან, რამდენადაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას, სამშენებლო სამუშაოების დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იღებს წევრთა 2/3-ის ხმებით.
მცემულ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2010 წლის 4 მაისის საერთო კრების ოქმითა და მასზე დართული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სიით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩის №24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წევრთა - პრივატიზებული ბინების მესაკუთრეთა რაოდენობა არის 14. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 5 ივლისის კრებას ესწრებოდა ამხანაგობის 8 წევრი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 და არ გამოხატავს ამხანაგობის ნებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „ამხანაგობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა გადასაწყვეტად სავალდებულო არ არის ამხანაგობის წევრთა მიერ ნების გამოვლენა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ კრებაზე დასწრების გზით, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ნება რეალურად იყოს გამოხატული და ის იყოს ნამდვილი, მიუხედავად იმისა ნების გამომვლენი პირი ესწრება თუ არა კრებას; შესაბამისად, ის, რომ კრებას ესწრებოდა მხოლოდ 8 მობინადრე არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს ამხანაგობის დანარჩენ წევრთა თანხმობა, რომელიც გამოვლენილია კრების გარეთ. ამასთან, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევა, შეფასება სცილდება ადმინისტრაციული დავის საგანს და წარმოადგენს კერძო დავის ფარგლებში გამოსაკვლევ გარემოებას“. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ გამომდინარეობს კანონის დანაწესიდან. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...ის“ წევრების 2/3-ის სხდომაზე დაუსწრებლობის მიუხედავად, 2013 წლის 5 ივლისის კრების ოქმით გათვალისწინებულ საკითხზე, თანხმობის გაცემის თაობაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ... ქუჩის №24-ში, საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, მოქ. ზ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია (სართულისა და მანსარდის დაშენება) - II კლასის შენობა-ნაგებობაზე არქიტექტურული პროექტი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი N 57 დადგენილების 69-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, II კლასის შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტის პროექტი მოიცავს საჭიროების შემთხვევაში თანამესაკუთრ(ეებ)ის თანხმობას, რაც კანონით დადგენილი წესით არ იყო წარდგენილი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წევრმა - ნ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ და ზ. გ-ის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2013 წლის 5 ივლისის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჭ-ას სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ 2013 წლის 5 ივლისის კრების ოქმი - ზ. გ-ისათვის პირველი სართულის რეკონსტრუქციისა და მანსარდის დაშენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რაც ასევე ადასტურებს გასაჩივრებული, ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულების კანონიერებას და გამორიცხავს ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აგვისტოს №811146 ბრძანების ძალაში დატოვების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მე-3 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის აუცილებელია, რომ ერთ შემთხვევაში (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ აქტის ბათილად ცნობა) სახეზე გვქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივა, შეამოწმოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება, მეორე შემთხვევაში კი - (ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა) დაინტერესებული პირის საჩივარი უკვე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობის შემოწმების, გაბათილების მოთხოვნით. პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უზრუნველყო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას ქვემდგომი ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სისწორისა და კანონშესაბამისობის დასაბუთება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 5 ნოემბრის №2496 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ადმინისტრაციული ორგანო - ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური გაათავისუფლა აქტის გამოცემისას მთელი რიგი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებისგან და ბათილად ცნო ქ. თბილისის მერიის სადავო დადგენილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების საფუძველია.
ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილიის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ზ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე