Facebook Twitter
Nბს-475-470 (2კ-16) 6 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. შ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების და პროცესის ხარჯების ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. შ-მა ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში სარჩელი აღძრა შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 26 ნოემბრის №2/1401 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხე შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დავალება მ. შ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე; მოპასუხეების დავალება იძულებითი განაცდურის, გამოუყენებელი შვებულების და პროცესის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით, მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 26 ნოემბრის №2/1401 ბრძანება მ. შ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მ. შ-ისთვის 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 10 იანვრამდე; დანარჩენ ნაწილში მ. შ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება; მ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაევალა მ. შ-ის სამსახურში აღდგენა; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მ. შ-ისათვის 2014 წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დანარჩენ ნაწილში ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მ. შ-ი 2000 წლიდან მუშაობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის და სამაშველო სამსახურის ... . ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 14 ივლისის ბრძანებით, მ. შ-ი გათავისუფლდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახანძარო დაცვის და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან. და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 ივლისის ბრძანებით მ. შ-ი კვლავ დაინიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის ... თანამდებობაზე. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1000 ლარით.
2. 2014 წლის 25 ნოემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში რეგისტრირებულია სახანძრო სამაშველო სამსახურის ... ... დ. ხ-ის განცხადება, ქ. ლაგოდეხის სახანძრო სამაშველო სამსახურში არსებული რთული ვითარების შესახებ. განცხადებას დ. ხ-ის გარდა ხელს აწერენ ამ სამსახურის თანამშრომლები: შ ღ-ე, ნ. ნ-ი, ვ. ბ-ი, ი. თ-ი, და ზ. კ-ე. კერძოდ, განცხადებაში მითითებულია შემდეგი: ,,აღნიშნული სამსახურის ... მ. შ-ი არ გვაძლევს ჩვენზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალებას, კერძოდ: არ გაგვაჩნია სამუშაო ოთახი, არ გადმოგვცა კუთვნილი კორპორაციული სიმ-ბარათები, მიზანმიმართულად და შეგნებულად აფერხებს თანამშრომლებზე დაკისრებული უფლება -მოვალეობების შესრულებას, მისი არაკომუნიკაბელობის გამო ვერ ხერხდება სამსახურებრივი საკითხების შეჯერება. ახლად შეძენილი სკამები ოთახში აქვს ჩაკეტილი. ჩემს მიერ ზემოთ აღნიშნული გარემოებები საგრძნობლად აფერხებს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეფექტურად მუშაობას. (ტომი 1, ს.ფ 41)
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით, 2014 წლის 26 ნოემბერს გამგებლის მოადგილე გ. ბ-ი ადგილზე მისვლით გაეცნო განცხადებაში მითითებულ ვითარებას და ლაგოდეხის გამგეობაში შეტანილ განცხადებაზე ხელმომწერ პირებთან: სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის თანაშემწე დ. ხაჩიძესთან, ... შ. ღ-ის, ... ნ. ნ-ის, ... ვ. ბ-ის, ... ი. თ-ის და ... ზ. კ-ის მონაწილეობით შეადგინეს აქტი, სადაც მიუთითეს შემდეგი: ,,ადგილზე შემოწმებისას აღმოჩნდა , რომ თანამშრომლებს არ აქვთ სამუშაო ოთახები და დასაჯდომი სკამები, ასევე არ აქვთ კორპორაციული სინ ბარათები, ვერ ხერხდება სამსახურებრივ საკითხებზე შეჯერება“, იმავე დღეს, 2014 წლის 26 ნოემბერს გამგებლის მოადგილე გ. ბ-მა მოხსენებითი ბარათით მიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, სადაც მიუთითა , რომ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეესაბამება სინამდვილეს. ( ტომი 1, ს.ფ 39-40).
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 26 ნოემბრის N2/1401 ბრძანებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის ... მ. შ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამხსახურის თანამშრომელთა 2014 წლის 25 ნოემბრის N1541 განცხადება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2014 წლის 26 ნოემბრის აქტი და მოხსენებითი ბარათი, ( ტომი 1, ს.ფ 38).
5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 26 ნოემბრის N2/1401 ბრძანება მ. შ-ს ჩაბარდა 2014 წლის 05 დეკემბერს.
6. მ. შ-ის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
7. ზემოაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მ. შ-მა, როგორც სარჩელში, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს, ახსნა-განმარტებისას მიუთითა, რომ სახანძრო - სამაშველო სამსახურის შენობა 11 ოთახისგან შედგებოდა, საიდანაც 4 ოთახი ეკავა მეხანძრეების 4 ცვლას, 1 ოთახში განთავსებული იყო სადისპეჩერო, 1-ში სამზარეულო, 1 დიდი ოთახი გამოყოფილი იყო, როგორც მეხანძრეების საერთო ოთახი, რომელსაც ასევე იყენებდნენ საძინებლად, 1 ოთახში იყვნენ მთავარი სპეციალისტები, 1 ოთახი- სამსახურის უფროსის კაბინეტი, ერთი-საწყობი, ხოლო ერთი ოთახი ეკავა საგანგებო სიტუაციების სამსახურს, სულ 11 ოთახი. მოსარჩელეს არ შეეძლო დ. ხ-ისთვის ცალკე ოთახის გამოყოფა, რადგან შენობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. სკამებთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდა თავისი მაგიდა და სკამი. 2014 წლის 11 ნოემბერს გამგეობამ სახანძრო სამსახურს მისცა 11 ახალი სკამი, საიდანაც 4 სკამი იმავე დღეს გადაეცა აფენის ქვეყანყოფილებას, 4 სკამი დაიდგა მთავარი სპეციალისტების ოთახში. როგორც მოსარჩელემ განმარტა, დანარჩენი 3 სკამი შეფუთულ მდგომარეობაში იდგა მის სამუშაო კაბინეტში, შემდგომი განაწილების მიზნით, საიდანაც თანამშრომლებმა უნებართვოდ გაიტანეს საერთო ოთახში, ამიტომ ისინი ნამდვილად აიღო და ისევ შეინახა თავის კაბინეტში. სიმ-ბარათებთან დაკავშირებით მ. შ-მა მიუთითა, რომ 2014 წელს კორპორაციული სიმბარათები ჰქონდა მხოლოდ სამსახურის უფროსს და ქვეგანყოფილების უფროსებს. სიმბარათებთან დაკავშირებით მან მიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს, სადაც მას განუმარტეს, რომ სიმბარათების გაცემა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მომდევნო წელს. მან ასევე არ დაადასტურა სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის პრობლემის არსებობის ფაქტი.
8. მოწმეების სახანძრო სამაშველო სამსახურის თანაშრომლების მ. მ-ის და ს. ბ-ის ჩვენებით დგინდება, რომ განცხადებაში მითითებულ ყველა პირს ჰქონდა თავისი სამუშაო ოთახი და სკამი. გამგეობის მიერ მიცემული სკამებიდან 4 სკამი ნამდვილად გადაეცა აფენის განყოფილებას, კორპორაციული სიმბარათები ს. ბ-ს, როგორც აფენის ქვეგანყოფილების უფროსს ჰქონდა, ხოლო მ. მ-მა სიმბარათი მიიღო 2015 წლის აპრილში, რაც შეეხება არაკომუნიკაბელობას, მოწმეებმა ასეთი პრობლემის არსებობა არ დაადასტურეს.
9. მოპასუხის მოწმეების დ. ხ-ის, შ. ღ-ის, ვ. ბ-ის, ი. თ-ის, ნ. მ-ის და ზ. კ-ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2014 წლის 25 ნოემბრის განცხადება შეადგინა დ. ხ-ემ, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში დაინიშნა ლაგოდეხის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის ... ... . როგორც მოწმეებმა განმარტეს, დანარჩენებმა ხელისმოწერით განცხადებაში მითითებული ფაქტების ნამდვილობა დაადასტურეს . მოწმეთა ჩვენებით გაირკვა, რომ სამუშაო ოთახის არ ქონასთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა მხოლოდ დ. ხ-ეს, რომელსაც სამუშაო სივრცე (მაგიდა, სკამი) ჰქონდა მთავარი სპეციალისტების ოთახში, თუმცა იგი, როგორც ... ..., ითხოვდა ცალკე სამუშაო კაბინეტის გამოყოფას. განცხადებაში მითითებულ დანარჩენ ყველა პირს, გარდა შ. ღ-ისა, ჰქონდა თავისი სამუშაო სივრცე (მაგიდა, სკამი) და ამ მიმართებით რაიმე პრეტენზია არ ჰქონიათ. რაც შეეხება შ. ღ-ეს, იგი 2014 ოქტომბერში დანიშნული იყო სოფელ აფენის ქვეყანყოფილებაში, და იმ პერიოდში ლაგოდეხის სახანძრო და სამაშველო სამსახურში დროებით, სტაჟირების მიზნით იმყოფებოდა. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ მათ ჰქონდათ დასაჯდომი სკამები, მაგრამ იყო ძველი სკამები. რაც შეეხება 11 ახალ სკამს, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს გამგეობამ სახანძრო სამსახურს მისცა 11 ახალი სკამი, საიდანაც მ. შ-მა 4 სკამი იმავე დღეს გადასცა აფენის ქვეყანყოფილებას, 4 სკამი დაიდგა მთავარი სპეციალისტების ოთახში, ხოლო დანარჩენი 3 სკამი შეფუთულ მდგომარეობაში იდგა მ. შ-ის სამუშაო კაბინეტში. როგორც მოწმეებმა დ. ხ-ემ, შ. ღ-ემ და ბ-მა სასამართლო სხდომაზე განმარტეს, აღნიშნული 3 სკამი მათ გამოიტანეს მ. შ-ის კაბინეტიდან და შეიტანეს საერთო ( დასასვენებელ) ოთახში, სადაც ტელევიზორს უყურებდნენ, რაზეც მოსარჩელე გაბრაზდა. როგორც მოწმეებმა განმარტეს, მან ისინი ,,წამოყარა სკამიდან” და სკამები ისევ თავის კაბინეტში შეიტანა, რაც მოწმეთა განმარტებით, მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. რაც შეეხება კორპორაციულ სიმ-ბარათებს, როგორც მოსარჩელის და მისი მოწმეების , ასევე მოპასუხის მოწმეთა ჩვენებითაც დადგინდა, რომ მეხანძრეებმა კორპორაციული სიმბარათები მიიღეს 2015 წლის აპრილში.
10. მ. შ-მა წარმოადგინა მარტივი სქემა, სადაც მითითებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურის შენობის ოთახების განლაგება, ფართობი და დანიშნულება, რითაც დგინდება, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა 11 ოთახისგან შედგება და ყველა დანიშნულებისამებრ იყო განაწილებული.
11. არ დადასტურდა სახანძრო სამსახურის თანამშრომელთა სამუშაო პირობების (სამუშაო ოთახების არ ქონა) შეზღუდვის ფაქტი. განცხადებაში მითითებულ პირებს ჰქონდათ სამუშაო ოთახი, აღნიშნული გარემოება დაადასტურეს მოწმეებმა. რაც შეეხება დ. ხ-ეს, სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მთავარი სპეციალისტების ოთახში მასაც ჰქონდა თავისი სამუშაო მაგიდა და სკამი, სადაც მასთან ერთად 18 კვ. მეტრი ფართობის ოთახში 2 თანამშრომელი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მას ჰქონდა სამუშაო სიცრცე, ხოლო სამსახურის უფროსს ცალკე კაბინეტის გამოყოფის ვალდებულება არც შინაგანაწესით და არც სხვა რაიმე ნორმატიული აქტით ევალებოდა. მითუმეტეს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობაში ოთახების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. სიმბარათებთან დაკავშირებით დადასტურებულია, რომ მეხანძრეებს სიმბარათები გადაეცათ 2015 წლის აპრილში, რაც ადასტურებს მ. შ-ის განმარტებას, რომ 2014 წლის ბოლოს მას გამგეობის საფინანსო სამსახურმა უარი უთხრა მეხანძრეებისათვის სიმბარათების შეძენაზე, რადგან აღნიშნული მხოლოდ მომავალი წლიდან იყო შესაძლებელი. ამასთან, სასამართლომ მართებულად მიჩნია, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის სათანადო პირობების შექმნაზე, მათ შორის მეხანძრეებისათვის კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი იყო არა მხოლოდ სამსახურის უფროსი, არამედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაც, რადგან 2015 წლის 10 იანვრამდე ეს სამსახური მათ სტრუქტურულ ერთეულს წამოადგენდა.
12. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად ჩაკეტა თავის კაბინეტში მოწმეების მიერ მთავარი სპეციალისტების ოთახიდან გამოტანილი 3 სკამი, რომელიც მათ საერთო ოთახში შეიტანეს, თუმცა მოპასუხეს არც ადმინისტრაციული წარმოების დროს და არც სასამართლოში არ მიუთითებია, და არც სათანადო მტკიცებულებით დაუდასტურებია, რომ ამ ქმედებამ (საერთო ოთახიდან სკამების გამოტანამ) ხელი შეუშალა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების სათანადოდ შესრულებაში. სასამართლოს ასევე დადასტურებულად მიაჩნია მოსარჩელესა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელს შორის არასათანადო კომუნიკაციის ფაქტი, თუმცა მოპასუხეს არც ადმინისტრაციული წარმოების დროს და არც სასამართლოში არ მიუთითებია, და არც სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებია, რომ აღნიშნულის გამო ვერ მოხერხდა სამსახურებრივი საკითხების შეჯერება, რამაც გამოიწვია თანამშრომლებზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობების შესრულებაში ხელშეშლა, ან საგრძნობლად შეფერხდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეფექტურად მუშაობა, რაც განცხადებაში იყო მითითებული და რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას.
13. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანაშრომელთა განცხადების თაობაზე არ აცნობა მ. შ-ს, არ გამოარკვია განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მისი პოზიცია. შესაბამისად, მას არ მიეცა შესაძლებლობა გამოეხატა საწინააღმდეგო პოზიცია 2014 წლის 25 ნოემბრის განცხადებაში, ან 2014 წლის 26 ნოემბრის აქტში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით და წარმოედგინა საწინააღმდეგო არგუმენტები. ეს გარემოება საქმის სასამართლო განხილვის დროს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სადავოდ არ გაუხდია. უფრო მეტიც, მ. შ-ს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდეგაც უარი ეთქვა იმ მასალების გადაცემაზე, რაც საფუძვლად დაედო მის სამსახურიდან გათავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სრულყოფილად არ გამოიკვლია სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა განცხადებაში აღნიშნული გარემოებები, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ არ აცნობა მ. შ-ს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება; რა დროსაც შესაძლებლობა ექნებოდა გამოეთქვა საწინააღმდეგო არგუმენტები, წარედგინა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო, გასაჩივრებული აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ფაქტობრივად განხორციელდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის დაქვემდებარების შეცვლა: ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისა, იგი დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, მისი მმართველობის ქვეშ შემავალ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ხოლო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ფუნქციონალური დატვირთვის კუთხით, ცვლილებები არ მომხდარა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. შ-ს, გათავისუფლებამდე დაკავებული ჰქონდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია და სხვა უწყებაში/სამინისტროში ახლად შექმნილი თუნდაც იდენტური დასახელების თანამდებობის არსებობა არ ქმნის კონკრეტულ თანამდებობაზე პირის აღდგენის საფუძველს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის
გათვალისწინებით, ვინაიდან დაწესებულების დაქვემდებარების შეცვლა არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არ არსებობს მ. შ-ის ქ. ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური, ვინაიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობა იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მ. შ-ის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემირებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად, უნდა აუნაზღაურდეს სრულად, კერძოდ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, იძულებითი განაცდურის აღდგენა უნდა დაევალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, ვინაიდან, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე მისი მოქმედება არ ვრცელდება გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმზღვანელზე, რომლის სამსახურიდან გათავისუფლების დისკრეციული უფლებამოსილება აქვს გამგებელს.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა განპირობებული, რაც საკასაციო სასამართლოს უფლეამოსილებას ანიჭებს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორ ლაგოდეხის მუნიციპაიტეტის გამგეობას, რომ განსახილველ საქმეზე გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი.
აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი მოქმედება, გარდა ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრზე, მუნიციპალიტეტის გამგებელზე/მერზე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილეზე, მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მოადგილეზე, გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელზე.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამგებლის ეს უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და არ ანიჭებს მას დასაქმებული პირის თვითნებურად გათავისუფლების საშუალებას. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება შეზღუდულია კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მოთხოვნით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ეს ვალდებულება ვრცელდება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აქტის გამოცემაზეც - ამგვარი უფლებამოსილების განხორცილებას წინ უნდა უსწრებდეს საკითხის სათანადოდ გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გასაჩივრებული აქტი კანონდარღვევითაა გამოცემული, ვინაიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სრულყოფილად არ გამოიკვლია სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა განცხადებაში აღნიშნული გარემოებები, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ არ აცნობა მ. შ-ს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება; რა დროსაც შესაძლებლობა ექნებოდა გამოეთქვა საწინააღმდეგო არგუმენტები, წარედგინა საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო, გასაჩივრებული აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლება და ინტერესი (იხ. ზემოთ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, პუნქტი 1-13).
რაც შეეხება მ. შ-ის სამსახურში აღდგენსა და განაცდურის ანაზღაურებას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 2015 წლის 10 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების გუბერნატორების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურები/დანაყოფები (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა). ამავე კანონით განისაზღვრა გაუქმებული ერთეულების ლიკვიდაციის შედეგად ან ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული უძრავი და მოძრავი ქონების (მათ შორის შენობა-ნაგებობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) და სამსახურებრივი დოკუმენტაციის საქართველოს შსს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის გადაცემის ვალდებულება.
ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და (სახელწოდებისა) ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ ამ სამსახურების/დანაყოფების უფლებამონაცვლედ ჩაითვალა სააგენტო, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, რომლის თანახმადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახელმწიფო რწმუნებულების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო ან/და
სამაშველო სამსახურების/დანაყოფების (მიუხედავად მათი სტატუსისა და სახელწოდებისა) იმ ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურება, სხვა საქონელი და მომსახურება და სხვა) უფლებამონაცვლეებად, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოიშვა, ჩაითვალა, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, სახელმწიფო გუბერნატორები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
აღნიშნული სამსახურის ლიკვიდაციისას დანაყოფის საქმიანობის შეწყვეტასთან ერთად განხორციელდა ნუსხით გათვალისწინებული ყველა საშტატო ერთეულის გაუქმება.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ამ ცვლილების შედეგად მოხდა იმავე სამსახურის მხოლოდ დაქვემდებარების შეცვლა.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირი აღდგენილ უნდა იქნეს იმავე თანამდებობაზე. საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს გათავისუფლებული პირისათვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ვალდებულებას, თუ აღარ არსებობს ის კონკრეტული საშტატო ერთეული, საიდანაც მისი გათავისუფლება მოხდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება (ამავე საკითხზე იხ. სუსგ Nბს-449-442 (კ-15)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა ერთი სამსახურის/თანამდებობის ფორლაური მონაცვლეობა ერთსა და იმავე ან ზემდგომ/ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, არამედ გამგეობის შემადგენლობაში არსებული სამსახური გაუქმდა და მსგავსი ფუნქციის სამსახური შეიქმნა სრულიად სხვა უწყების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, ამასთან, ახლადშექმნილი სამსახური არის სამართალდამცავი სისტემის ნაწილი, რომელიც, მართალია, სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფლებამონაცვლეა, მაგრამ მასზე ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ პირთა მიმართ მოქმედი დამატებითი შეზღუდვები და მოთხოვნები, რომლებიც არ გამოიყენებოდა გამგეობის თანამდებობის პირთა მიმართ. 2015 წლის მდგომარეობით, იმისათვის, რომ პირი დასაქმებულიყო შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, მას უნდა დაეკმაყოფილებინა შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მოთხოვნები, მათ შორის, ასაკობრივი მოთხოვნები. დღეის მდგომარეობით, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში პირთა დასაქმება ხდება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის 2016 წლის 1 სექტემბრის ბრძანების შესაბამისად, სადაც ასევეა მითითებული, რომ მოსამსახურედ სააგენტოში არ მიიღება 60 წელს გადაცილებული პირები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, რომ მ. შ-ის თანამდებობაზე აღდგენა აღნიშნული სსიპ-ის ფარგლებში შეუძლებელია.
რაც შეეხება მერაბ შათრიშვილის მითითებას, რომ ლიკვიდაციის შემდეგ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დაასაქმა 2 პირი, რომელიც ასევე 60 წელს გადაცილებული იყო, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ორივე მათგანი 3-თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გარდა ამისა, არ არსებობს თანასწორობა უკანონობაში. ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომის ან კანონის მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის პირობებში მიღებული გადაწყვეტილება არ ანიჭებს სხვა პირს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის საფუველზე მის მიმართაც ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის უფლებას.
რაც შეეხება იძულებით განაცდურის ანაზღაურებას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილი ამ უფლებას ითვალისწინებს მხოლოდ პირის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. მართალია, მოცემული დავის მიმართ ეს კანონი გამოყენებული ვერ იქნება, მაგრამ ეს შეზღუდვა ანალოგიით უნდა გავრცელდეს ამ შემთხვევაზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობოს ორგანოთა თანამდებობის პირები აღმოჩნდებიან უპირატეს მდგომარეობაში სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით, რაც არღვევს კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. საკასაციო სასამართლო ამასთან აღნიშნავს, რომ იძულებით განაცდურის ანაზღაურების შეუძლებლობა არ ართმევს პირს უფლებას, უკანონო ადმინისტრაციული აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. შ-ის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობა გავლენას არ ახდენს იმ ფაქტზე, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს ეს უკანასკნელი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლდა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, ამდენად, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლო შებოჭილია მოთხოვნის ფარგლებით და იმ სამართლებრივი შედეგით, რისი მიღებაც მოსარჩელეს სურს, მაგრამ არა ამ მოთხოვნის ჩამოყალიბების ფორმით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, მ. შ-ის მიზანია, მოხდეს ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო აქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება იმ ხელფასის სახით, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამსახურიდან კანონის დარღვევით რომ არ გათავისუფლებულიყო.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 25 ნოემბერის აქტით მოსარჩელე კანონის დარღვევით თანამდებობიდან რომ არ გაეთავისუფლებინა, ეს უკანასკნელი გააგრძელებდა მუშაობას შესაბამისი სამსახურის ლიკვიდაციამდე და მიიღებდა შრომის ანაზღაურებას, ამდენად, სახეზეა მიუღებეი შემოსავალი, რომელიც მ. შ-მა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად ვერ მიიღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო, იღებს რა მოცემულ საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ მ. შ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ უკანასკნელს აუნაზღაურდეს 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 10 იანვრამდე მიუღებელი შრომის ანაზღაურება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შსს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს დაევალა მოსარჩელის აღდგენა ქ. ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 26 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
5. მ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს მ. შ-ის სასარგებლოდ 2014 წლის 26 ნოემბრიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდისათვის ამ უკანასკნელის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება;
7. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე