Facebook Twitter
საქმე №ბს-11-11 (კ-15) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.

კასატორები: მ. ბ-ე, ხ. ქ-ა-ფ-ე, ა. კ-ე, მ. დ-ე, ლ. დ-ე, ნ. დ-ე, ლ. დ-ე, ნ. ნ-ი, ე. კ-ე, ს. კ-ე, ე. კ-ე, შ. წ-ი, ა. კ-ე, ზ. ბ-ა, ტ. ფ-ე, თ. გ-ე, ნ. ბ-ე, ბ. დ-ი, დ. ფ-ი, გ. ქ-ი, გ. ო-ი,ზ. გ-ი, რ. კ-ი, გ. ჩ-ი, ი. ბ-ე, გ. ფ-ი.
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს პარლამენტი.
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების სადეპუტატო დანამატით და მათი მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასის სადეპუტატო დანამატით და მათი მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ, გ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს: პარლამენტისათვის უზენაესი საბჭოს წევრობის 1991 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის და სადეპუტატო დანამატის სახით, სულ 979,77 ლარის ანაზღაურების დაკისრება (ხელფასი ერთ თვეზე 1400 მანეთი, კურსით ეროვნულ ვალუტაში 857,30 ლარი; სადეპუტატო დანამატი ერთ თვეზე 200 მანეთი, კურსით ეროვნულ ვალუტაში - 122,47 ლარი, სულ 1600 მანეთი, კურსით ეროვნულ ვალუტაში - 979,77 ლარი). მოსარჩელეებმა აგრეთვე მოითხოვეს 1991 წლის დეკემბრის თვის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (წელიწადში 15,15 %) , ასევე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ხუთი წლიდან დარჩენილი 46 თვის იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის და სადეპუტატო დანამატის (1992 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის ოქტომბრის ჩათვლით) ანაზღაურება, ასევე 1992 წლის 1 იანვრიდან 1995 წლის ოქტომბრის ჩათვლით 46 თვის მანძილზე ყოველი თვის ხელფასისა და დანამატის მიუღებლობის გამო ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისთვის ყოველი თვის იძულებით განაცდურის ხელფასზე.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 28.10.1990წ. ხუთი წლის ვადით არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო. მოსარჩელეები (მემკვიდრეთათვის მამკვიდრებლები) იყვნენ ამ საბჭოს დეპუტატები. 20.12.1990წ. მიღებული იქნა კანონი ,,უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულების შესახებ’’, რომლითაც სადეპუტატო დანამატი განისაზღვრა 200 მანეთით. 19.11.1991წ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის №311 დადგენილების შესაბამისად უზენაესი საბჭოს წევრის ხელფასი შეადგენდა 1400 მანეთს. 09.06.2011წ. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით 1400 მანეთი შეადგენს 857,30 ლარს, 200 მანეთი - შეადგენს 122,47 ლარს. 1992 წლის 2 იანვრიდან რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება კრიმინალური შეიარაღებული ფორმირებებისა და რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ იქნა დამხობილი. ქვეყნიდან იძულებით გადაყენებული იქნა უზენაესი საბჭო. სამსახურიდან უკანონო დათხოვნის შემდეგაც წლების მანძილზე პოლიტიკური მოტივით მოსარჩელეებზე ხორციელდებოდა დევნა, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ მრწამსთან. 20.04.2000წ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1991 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. პარლამენტის მიერ დაგმობილი იქნა სახელმწიფო პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მეთოდები. 27.07.2009წ. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს პარლამენტს სახელფასო დავალიანების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. 05.05.2011წ. განმეორებით ისევ მიმართეს პარლამენტს და მთვარობას, თუმცა არცერთ განცხადებაზე პასუხი არ მიუღიათ.
მოსარჩელეებმა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითეს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, ევროპის სოციალურ ქარტიაზე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და სოციალურად დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „შრომის კანონთა კოდექსზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლზე, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის 8.1 მუხლზე, სკ-ის 409-ე, 411-ე მუხლებზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.07.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: ნორმის დროში მოქმედების დადგენილი წესი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენოს სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსი. სასამართლომ მიუთითა იმჟამად მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმად სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე სასამართლომ მითითა, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობას – სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებასა და სამუშაოზე აღდგენას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში იძულებითი ხელფასის ანაზღაურების საფუძველი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის პირვანდელ თანამდებობაზე სამსახურში აღდგენის შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში არ არის სახეზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ ჩათვალა, რომ იძულებითი განაცდური ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენდა სამსახურში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა საფუძველს იყო მოკლებული, ვინაიდან მოსარჩელეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის შესახებ, რომელიც უფლებას მიანიჭებდათ მოეთხოვათ იძულებითი განაცდური ხელფასი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო მთელი პერიოდის განმავლობაში სასამართლოს მიერ მიღებული არ ყოფილა. შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასამართლო ვერ იმსჯელებდა, რადგან მოსარჩელეებს ქონებრივი უფლებების აღდგენა და გარანტია მიანიჭა მოსარჩელეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII7 თავის ნორმები ანიჭებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს უფლებას მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია. ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ, გ. ფ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.11.14წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 390.3 მუხლის შესაბამისად სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 20.12.1990წ. კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრული იყო ხელფასის ოდენობები. დებულების მე-2 პუნქტის თანახმად, უზენაესი საბჭოს წევრებს, რომლებიც წყვეტდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, საქმიანობის შეწყვეტის დღიდან ეძლეოდათ ყოველთვიური ხელფასი 600 მანეთის ოდენობით, მე-7 პუნქტის თანახმად ყველა წევრს დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად ყოველთვიურად ეძლეოდა აგრეთვე 200 მანეთი. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. N311 დადგენილებით დაწესდა უზენაესი საბჭოს წევრის ყოველთვიური ხელფასი, რომელიც იბეგრებოდა საშემოსავლო გადასახადით, ხელფასის ოდენობა შეადგენდა 1400 მანეთს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 19.11.1991წ. N311 დადგენილებამ შეცვალა „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრული ხელფასის ოდენობა, ამასთანავე დადგენილება არ შეიცავდა მითითებას სადეპუტატო დანამატის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 30.01.1992 წ. №85 დადგენილების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ, ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშწორების მოხდენა 1992 წლის 01 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული დადგენილება ითვალისწინებდა მხოლოდ მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ, ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების საკითხს და არა ყველა დეპუტატთან ანგარიშწორებას 1992 წლის 01 იანვრამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 30.01.1992წ. №85 დადგენილების საფუძველზე 1991 წლის დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების მოთხოვნა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საქმეში დაცულ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 06.04.2011წ. და 06.10.2011წ. წერილებზე, რომლებითაც დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ბუღალტერიაში საქართველოს რესპუბლიკის 28.10.1990წ. მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრების კრედიტორული დავალიანება არ ირიცხება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეები ითხოვენ შრომითი უფლებების აღდგენას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით. სადავო პერიოდისთვის მოქმედი „შრომის კანონითა კოდექსით“ ხელფასის შენარჩუნების გარანტიაში მოიაზრებოდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში იმ მუშა-მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც სამსახურიდან უკანონოდ იქნენ დათხოვნილი და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილნი იქნენ წინანდელ სამსახურში. ამდენად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შესახებ პირვანდელ თანამდებობაზე. ამდენად, იძლებითი განაცდურის ანაზღაურების უფლება უკავშირდება დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და ამ შეწყვეტის უკანონობის სათანადო ორგანოების მიერ დადასტურების ფაქტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან აპელანტები თანამდებობიდან დათხოვნილნი იქნენ 1991-1992 წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად და არა დამსაქმებლის ბრალით, რაც შემდგომში დაგმობილი იქნა სახელმწიფოს მიერ. სახეზეა შრომითი ურთიერთობებისაგან განსხვავებული შემთხვევა, რამდენადაც საქმე ეხება უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით არჩეულ თანამდებობის პირებს, რომლებიც განსაკუთრებული სოციალური გარანტიებით სარგებლობდნენ და შესაბამისად განსხვავებული იყო მათი დათხოვნის წესიც. კანონმდებელმა სამართლებრივი შეფასება მოახდინა რა ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოს დათხოვნის ფაქტს და მის წევრებს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი მიანიჭა, სრულიად სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოაქცია მათი სამართლებრივი მდგომარეობა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტებს ქონებრივი უფლებების აღდგენა და გარანტია მიანიჭა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამ აპელანტების (მოსარჩელეების) პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე აპელანტებს მითითებული უფლება არ წარმოშობიათ, ვინაიდან მათ მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული არ ყოფილა. მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებებმა მიანიჭეს მოსარჩელეებს, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს, ქონებრივი უფლების აღდგენის მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს რეპრესირებულთა პოლიტიკურ, სამოქალაქო და ქონებრივი უფლებების აღდგენის მექანიზმს.
განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მ. ბ-ემ, ხ. ქ-ა-ფ-ემ, ა. კ-ემ, მ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ე. კ-ემ, ს. კ-ემ, ე. კ-ემ, შ. წ-მა, ა. კ-ემ, ზ. ბ-ამ, ტ. ფ-ემ, თ. გ-ემ, ნ. ბ-ემ, ბ. დ-მა, დ. ფ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. გ-მა, რ. კ-მა, გ. ჩ-მა, ი. ბ-ემ, გ. ფ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. საკასაციო საჩივარში კასატორები უთითებენ, რომ სასამართლოებმა არ განიხილეს მათი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე, რასაც ისინი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 30.01.1992წ. №85 დადგენილების საფუძველზე ითხოვენ. უმართებულა სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონით, ვინაიდან მითითებული კანონზე ისინი არ ამყარებდნენ არც ერთ მოთხოვნას. კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს პარლამენტის 11.03.2005წ. N1104 დადგენილების 30.01.1992 წ. N85 დადგენილების შესახებ. მოპასუხეების მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა მოსარჩელეთა მუდმივმოქმედ კომისიებში ყოფნა, სსკ-ის 102 მუხლის დარღვევით მოპასუხე მხოლოდ ერთი საფუძვლით - 06.04.2011წ. და 06.10.2011წ. წერილების მიხედვით აცხადებს სახელფასო დავალიენების არარსებობას. სააპელაციო პალატის განჩინება ეხება მხოლოდ რეპრესირებულის სტატუსის მქონე 7 წევრს, სააპელაციო პალატის განჩინება არ ვრცელდება იმ მოსარჩელეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც რეპრესირებულის სტატუსის მინიჭების სასამართლო გადაწყვეტილება არ მიღებულა. ის გარემოება, რომ უკანონოდ დათხოვნა განხორციელდა 1991-1992 წ.წ. განვითარებული მოვლენების გამო და არა დამსაქმებლის ბრალით, არ ნიშნავს დარღვეული უფლების აღდგენაზე უარის თქმას. თუ სადავო ურთიერთობას არ ითვალისწინებდა კანონმდებლობა, სასამრთლოს უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 7.1 მუხლით ან/და სკ-ის 5.1 მუხლით და გამოეყენებია ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმა (კანონის ანალოგია). „შრომის კანონთა კოდექსი“ სარჩელში გამოყენებულია ერთ-ერთ საფუძვლად. „შრომის კანონთა კოდექსის“ გამოყენებაზე უარის თქმამდე სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებია კოდექსის ნორმაზე, რომლის მიხედვით თანაბარი მუშაობის პირობებში პირს აქვს თანაბარი ანაზღაურების უფლება შრომის რაოდენობისა და ხარისხის შესაბამისად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. სხვა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წევრების მსგავსად მოსარჩელეებმა უნდა მიიღონ იძულებით ყველა განაცდური თვის ხელფასი. კასატორები თვლიან, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ის 3.3 მუხლი, რომლის თანახმად კანონი კარგავს ძალას თუ ამის შესახებ პირდაპირ უთითებს ახალი კანონი ან ძველი ეწინააღმდეგება ახალს ან ახალი კანონი მოიცავს ძველით მოწესრიგებულ ურთიერთობას. კასატორები თვლიან, რომ ძველი „შრომის კანონთა კოდექსი“ ეწინააღმდეგება ახალს, ძველს მოიცავა ახალი - 11.03.05წ. პარლამენტის დადგენილება, რომელიც სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. პარლამენტის დადგენილება აწესრიგებს ერთ შემთხვევასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, „შრომის კანონთა კოდექსით“ გათვალისწინებული ზოგადი ხასიათის შემთხვევებისაგან განსხვავებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრინდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი და დავას არ იწვევს, რომ 28.10.1990წ. ხუთი წლის ვადით არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო. მოსარჩელეები (მემკვიდრეთათვის მამკვიდრებლები) იყვნენ ამ საბჭოს დეპუტატები.
1991 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. 02.01.1992წ. დადგენილებით სამხედრო საბჭოს მიერ შეჩერებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის იმ დროს მოქმედი კონსტიტუციისა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილება. „1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების შედეგების აღმოფხვრისა და ეროვნული თანხმობის მიღწევს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 20.04.2000წ. დადგენილების თანახმად, 1991 წელს საქართველოში დაიწყო დაპირისპირება, რასაც მოჰყვა კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფლიქტი. საქართველოს პარლამენტის მიერ დაიგმო სახელმწიფო პოლიტიკური პრობლემების ძალადობის გზით გადაჭრისა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მეთოდები. „1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების სამართლებრივი შეფასების შესახებ“ 11.03.2005წ. დადგენილებით საქართველოს პარლამენტმა კვლავ დაადასტურა 28.10.1990წ. არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 26.05.1991წ. არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების (შეიარაღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, დაიგმო 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. მოსარჩელეებმა 27.07.2009წ. და 29.01.2010წ. განცხადებებით მიმართეს პარლამენტს სახელფასო დავალიანების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა არცერთ განცხადებაზე პასუხი არ მიუღიათ.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გასაჩივრებეული განჩინება არის ფაქტობრივად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამეორება, მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 377.1 მუხლი სააპელაციო სასამართლოს ავალდებულებს შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
მოცემული საქმის დავის საგანი მოიცავს 1991 წლის დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის ანაზღაურების მოთხოვნას. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილი უარყვეს საკითხის ფაქტობრივი გარემოებების, კერძოდ დეკემბრის თვის ხელფასისა და დანამატის გაცემის გარკვევის გარეშე. მოსარჩელეები 1991 წლის დეკემბერში სარგებლობდნენ დეპუტატის სტატუსით. სადავოა დეკემბრის თვის ხელფასის მოსარჩელეების მიერ მიღება. ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს საფუძვლად დაედო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის წერილები, რომელთა თანახმად უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების მიმართ დავალიანება არ ირიცხება, რაც არ ადასტურებს მოთხოვნის უმართებულობას. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რა მტკიცებულებები უნდა იქნეს წარდგენილი მოსარჩელეების მიერ დავალიანების არსებობის დასადასტურებლად. კუთვნილი ხელფასის გაცემის ფაქტი ჩვეულებრივ დასტურდება სახელმწიფო უწყისებით, ხელფასის გაცემის და თანხის მიმღები პირის ხელმოწერის მითითებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102.3 მუხ.). სასამართლოებს არ მოუთხოვიათ 1991 წლის დეკემბრის თვის ხელფასის მიღების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. მოსარჩელეების მიერ 1991 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების და დანამატის მიღების, სახელფასო დავალიანების არარსებობის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს - საქართველოს პარლამენტს ეკისრება (იხ. სუს 24.04.14წ. N302-293(კ-13) განჩინება). საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 06.04.2011წ. და 06.10.2011წ. წერილები იმის შესახებ, რომ მათთან მოსარჩელეების დავალიანების თაობაზე ინფორმაცია არ ინახება არ ათავისუფლებს მოპასუხეს დავალიანების არარსებობის შესახებ მტკიცების ტვირთისგან.
სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ „საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებამდე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს აპარატის დროებითი სტრუქტურის და საშტატო ერთეულის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 30.01.1992წ. N85 დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესის გამოყენებაზე, რომელიც შეიცავს მითითებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოსადმი დეპუტატებისათვის სახელფასო დავალიანების გადახდის თაობაზე. ხსენებული ნორმით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსს დაევალა მუდმივ კომისიებში გაერთიანებულ, ყოფილ უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების მოხდენა 1992 წლის 01 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული დადგენილების პირობის შესრულება. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ ის გარემოება მიუთითა, რომ ხსენებული დადგენილებით ანგარიშსწორების დავალება ვრცელდებოდა არა უზენაესი საბჭოს ყველა ყოფილ წევრზე, არამედ მხოლოდ მათზე, რომლებიც გაერთიანებული იყვნენ მუდმივმოქმედ კომისიებში. სასამართლომ მიუთითა სამართლებრივ ნორმაზე, თუმცა არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გამორიცხავდა ამ ნორმის სადავო სამართალურთიერთობაზე გავრცელების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა მუდმივმოქმედი კომისიების წევრობის საკითხის გარკვევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიების შექმნის შესახებ“ 15.11.1990წ. უზენაესი საბჭოს დადგენილება, ასევე 27.12.1990წ. კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დროებითი დებულება“. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების დროებითი დებულების“ მე-4 მუხლის, აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების შექმნის შესახებ“ უზენაესი საბჭოს 15.11.1990წ. დადგენილების თანახმად, შექმნილი იყო ათი მუდმივი კომისია. დეპუტატს შესაძლებლობა ჰქონდა ყოფილიყო რამოდენიმე (არაუმეტეს ორი) კომისიის წევრი, განსაზღვული იყო პირები, რომლებსაც არ ჰქონდათ მუდმივი კომისიის შემადგენლობის უფლება (დებულების მე-5 მუხ.). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ არცერთი კომისიის წევრი არ ემყარება რაიმე მტკიცებულებას და არ არის დასაბუთებული. სასამართლოს ეს დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს (ასე მაგ. საქმეში დაცული თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.03.07წ. გადაწყვეტილებით ერთ-ერთი მოსარჩელე გ. ო-ი იყო ხელოვნების, მეცნიერების და კულტურის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი (ტ.1, ს.ფ. 58)). იმჟამად მოქმედი 15.04.1978წ. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 116-ე, 117-ე მუხლების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო თავისი წევრებისგან ირჩევდა მუდმივ მოქმედ კომისიებს, რათა მათ ეწარმოებინათ საკანონპროექტო მუშაობა, წინასწარ განეხილათ და მოემზადებინათ უზენაესი საბჭოს გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ხელი შეეწყოთ კანონებისა და უზენაესი საბჭოს სხვა გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის, კონტროლი გაეწიათ სახელმწიფო ორგანოებისა და საქმიანობისათვის, ამასთანავე კანონების მიღება ხდებოდა შესაბამისი მუდმივი კომისიების მიერ მისი განხილვის შემდეგ, მუდმივი კომისიის თანხმობა იყო უზენაესი საბჭოს სხდომაზე კანონპროექტის განხილვის სავალდებულო პირობა. მუდმივი კომისიების უფლებამოსილებათა ფართო წრე, დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის საჭიროდ ხდიდა იმდროინდელ ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნებული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებების გაცნობას, რომლითაც დაკომპლექტდა კომისიის შემადგენლობები (იხ. მაგ. 22.11.1990წ. N29- Iს დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის მუდმივი კომისიის არჩევის შესახებ, 22.11.1990წ. N31-Iს დადგენილება ეკონომიკური რეფორმის მუდმივი კომისიის არჩევის შესახებ, 22.11.1990წ. N32-Iს დადგენილება ჰუმანიტარული და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის არჩევის შესახებ, 22.11.1990წ. N33-Iს დადგენილება მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მუდმივი კომისიის არჩევის შესახებ, 22.11.1990წ. N36-Iს დადგენილება თავდაცვის, ეროვნული უშიშროების და მართლწესრიგის მუდმივი კომისიის არჩევის შესახებ და სხვ.), აღნიშნული დადგენილებების მიხედვით მოსარჩელეები არჩეული იყვნენ მუდმივი კომისიების წევრებად. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ მუდმივი კომისიების წევრები დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატის შეფასების მიღმა დარჩა აგრეთვე საქმეში დაცული (ტ.2., ს.ფ. 78) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ზოგიერთი მოსარჩელის, კერძოდ ნ. ბ-ის, ა. კ-ის, შ. წ-ის, დ. ფ-ის, ბ. ა-ის, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ზ. ბ-ას 15.07.13წ. განცხადება, რომელშიც განმცხადებლები აღიარებენ 1991 წლის დეკემბრის თვის უზენაესი საბჭოს წევრობის ხელფასის და სადეპუტატო დანამატის მიღებას და ითხოვდნენ შემდგომში უფლებამოსილების განუხორციელებლობის გამო თანხის გაცემას. საქმეში დაცულია (ტ.1, ს.ფ. 80) აგრეთვე იმავე პირების 07.03.14წ. განცხადება, სადაც უთითებენ, რომ არ მიუღიათ 1991 წლის დეკემბრის თვის უზენაესი საბჭოს წევრობის ხელფასი და დანამატი. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია მითითებული ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე.
სააპელაციო პალატა უთითებს 20.12.1990წ. კანონით დამტკიცებულ „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულებით“ განსაზღვრულ ხელფასის ოდენობაზე (ხელფასი - 600 მანეთი, ყოველთვიური დანამატი - 200 მანეთი) და აღნიშნავს, რომ დროებით განსაზღვრული ხელფასი შეიცვალა უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. N311 დადგენილებით დაწესებული უზენაესი საბჭოს წევრის ხელფასით (1400 მანეთი). სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობა არ არის დასაბუთებული.საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები ითხოვენ 1991 წლის დეკემბრის თვის ხელფასის ანაზღაურებას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991 წ. დადგენილების საფუძველზე, რომლის მიხედვით უზენაესი საბჭოს წევრის ხელფასი შეადგენდა 1400 მანეთს თვეში. საქართველოს რესპუბლიკის 20.12.1990 წ. კანონით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულების“ მე-2 მუხლის თანახმად, უზენაესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, საქმიანობის შეწყვეტის დღიდან ეძლეოდათ ყოველთვიური ხელფასი 600 მანეთის ოდენობით, დებულების მე-7 პუნქტი უზენაესი საბჭოს ყველა წევრისათვის, დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად ხარჯების ანაზღაურების სახით, ითვალისწინებდა 200 მანეთს. საქმის მასალებით არ დასტურდება უზენაესი საბჭოს წევრების მიერ ხელფასის მიღება პრეზიდიუმის 19.11.91 წ. N311 დადგენილების საფუძველზე, ამასთანავე, „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულება“ საკანონმდებლო კოლეგიური ორგანოს -უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული 20.12.1990 წ. კანონით არის დამტკიცებული, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ ხელმოწერილი უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება იერარქიულად ნაკლები ძალის მქონე აქტია, ის ვერ შეცვლიდა კანონით დადგენილ დანაწესს, ამასთანავე, სესიებს შორის პერიოდში გამოცემული უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 19.11.1991წ. დადგენილება დასამტკიცებლად სესიაზე არ წარდგენილა. სააპელაციო პალატამ, უარი თქვა რა მთლიანად ყველა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არ იქონია მსჯელობა ხელფასის სამართლებრივ საფუძველზე, მის ოდენობაზე, არ დაუდგენია თვითოეული მოსარჩელის ხელფასის ოდენობა („საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის საქმიანობის უზრუნველყოფის დროებითი დებულების“ მე-2 მუხლი ითვალისწინებდა ხელფასის ოდენობის გრადაციას თანამდებობის მიხედვით), სასამართლოს არ დაუდგენია მანეთის, კუპონისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით მანეთის ლართან კურსის შესაბამისობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასის მოთხოვნა წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფო მოსამსახურის კანონით დაცულ უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხ., „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 23-ე მუხ., „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-4 მუხ., „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტის“ მე-6 მუხ.). 15.04.1978 წ. კონსტიტუციის 104-ე მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო წარმოადგენდა სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“ 27.10.1990წ. კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად უზენაესი საბჭოს წევრს, რომელიც წყვეტდა საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას, აუნაზღაურდებოდა ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა ხორციელდება წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, ქვედა სასამართლო ინსტანციების მიერ 1991 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების სადეპუტატო დანამატთან ერთად ანაზღაურებაზე უარის თქმა არის დაუსაბუთებელი, დავის ამ ნაწილთან მიმართებით სასამართლოს მსჯელობა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული არ არის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ 1991 წლის დეკემბრის ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით საჭიროა საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო სასაართლოსათვის დაბრუნებას, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა სცილდება საკასაციო სასამართლოს იურისდიქციის სფეროს.
სააპელაციო პალატამ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიჩნევის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებების არსებობა მიიჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად და მითითებული მსჯელობა გაავრცელა ყველა მოსარჩელეზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული ყველა მოსარჩელის მიმართ, მოცემულ დავაში უზენაესი საბჭოს 20 დეპუტატის მოთხოვნაზე არის 26 განმცხადებელი (საქმის მასალების მიხედვით ვ. ფ-ის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე ხ. ქ-ა-ფ-ე; თ. ბ-ის უფლებამონაცვლეა მოსარჩელე მ. ბ-ე; ბ. დ-ის უფლებამონაცვლეები არიან მოსარჩელეები: მ. დ-ე, ლ. დ-ე-ა-ი, ლ.დ-ე და ნ. დ-ე; ა. კ-ის უფლებამონაცვლეა - მოსარჩელე ა. კ-ე; ი. კ-ის უფლებამონაცვლეები არიან მოსარჩელეები: ნ. ნ-ი, ე. კ-ე, ს. კ-ე, ე. კ-ე; ა. ქ-ის უფლებამონაცვლეა - გ. ქ-ი; ვ. დ-ის უფლებამონაცვლეა რ. კ-ი), 20 დეპუტატიდან შვიდს აქვს წარმოდგენილი მათი/მათი მამკვიდრებლის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე გადაწყვეტილება (სასამართლო გადაწყვეტილებებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიჩნეულ იქნა რამოდენიმე მოსარჩელე, კერძოდ ნ. ბ-ე, შ. წ-ი, ი. კ-ე, ბ.დ-ე, ა. კ-ე, ვ. ფ-ე და გ. ო-ი). სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ასეთი სტატუსით დანარჩენი მოსარჩელეების მიმართ გავრცელების სამართლებრივ საფუძვლებზე. აღნიშნულის მიუხედავად სააპელაციო სასამართლო მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონზე აფუძნებს თავის განჩინებას მაშინ, როდესაც აპელანტები სააპელაციო საჩივარში საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თავიანთ მოთხოვნებს არც ერთ ნაწილში არ აფუძნებენ ამ კანონის ნორმებს. უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტების ქონებრივი უფლებების აღდგენა მოხდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება შემდგომში იძლევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII7 თავით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
საქართველოს პარლამენტის მიერ 11.03.2005წ. დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების ლეგიტიმურობის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ლეგიტიმურობის ცნობა ქმნის უზენაესი საბჭოს წევრების პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პირობას („საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონში 24.06.05წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად პოლიტიკური რეპრესირებულის სტატუსის მიღების შესაძლებლობა მიეცა არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაპირისპირებულ პირებს, არამედ 1991-92 წლების მოვლენების შედეგად რეპრესირებულ პირებს), კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვით სარგებლობის შესაძლებლობას („სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, ენიშნებათ კომპენსაცია, რომელიც შეადგენს მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედს). „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონს მოსარჩელეები განიხილავენ როგორც მათ უკანონოდ დათხოვნის დადასტურებას და არა სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად. უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეები მსჯელობენ სხვადასხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებზე, არ ეთანხმებიან ზოგი მათგანის გამოყენებას მათ მიმართ, თუმცა მკვეთრად არ უთითებენ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.
ხელფასის და დანამატის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეები უთითებენ აგრეთვე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე. ხსენებული მუხლიდან გამომდინარე, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც დადებითი ანუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა უკავშირდება ისეთი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, რომელსაც პირი აუცილებლად მიიღებდა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის არარსებობის შემთხვევაში. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სადავო პერიოდში მოქმედი 26.12.1964წ. სამოქალაქო კოდექსის 212-ე მუხლი მიუღებელ შემოსავლად მიიჩნევდა შემოსავალს, რომელსაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. საქმის მასალებით არ დასტურდება მოგების არსებობა. ზიანისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სავალდებულო პირობაა მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობა, რაც არ დასტურდება. პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობა ფულადი ანაზღაურების მიცემის მოთხოვნას (სკ-ის 409-ე მუხ.) ადასტურებს იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოპასუხის მიერ ზიანის მიყენება. ამდენად, მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით დადგენას საჭიროებს საქართველოს პარლამენტის კავშირი დამდგარ ზიანთან. მიუღებელი ხელფასის და დანამატის მოთხოვნილი თანხის ზიანის სახით ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ზიანი. საქმეზე არ დასტურდება მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის მიერ ზიანის მიყენება. მოცემულ შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს მოთხოვნის საფუძველი, დასაბუთებას საჭიროებს უკანონო შეიარაღებული გადატრიალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე საქართველოს პარლამენტის სათანადო მოპასუხეობა. უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოხდა გადატრიალების შედეგად, სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით. შემდგომ პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ მრავალჯერ გამოხატა თავისი ნება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გზით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები რეალურად მოითხოვენ არა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, არამედ ხელფასისა და სადეპუტატო დანამატის გაცემის დაყოვნებისთვის დაყოვნებული პერიოდის შესაბამისი პროცენტის ანაზღაურებას, რაც გათვალისწინებულია ამჟამად მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 31.3 მუხლით, რომელიც სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. ამასთანავე, ხელფასის და სადეპუტატო დანამატის გაცემის დაყოვნებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებდა სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კანონთა კოდექსი. უფლებამოსილების შეჩერების და საქართველოს პარლამენტის 20.04.2000წ. და 11.03.05წ. დადგენილებების მიღების პერიოდში მოქმედი 28.06.1973წ. შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც ძალადაკარგულად 25.05.06წ. კანონით გამოცხადდა, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა (13.08.92წ. სეტანილი ცვლილებების შედეგად, სამთვიანი ვადა ერთ წლამდე გაიზარდა). აღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტს,-სახეზე უნდა ყოფილიყო სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და უნდა მომხდარიყო პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა (სუს 22.10.2009წ. Nბს-708-674(კ-09)). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია, სააპელაციო პალატა განჩინებაში ერთის მხრივ აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს იმ დროს მოქმედი 28.06.1973 წ. „შრომის კანონთა კოდექსი“, ხოლო შემდგომ ასკვნის, რომ სადავო სამართალურთიერთობის მიმართ შრომის კანონმდებლობის მიხედვით ვერ იმსჯელებს. აღნიშნულის საფუძვლად სააპელაციო სასამართლო უთითებს კონკრეტული შემთხვევის განსაკუთრებულობას, საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტის, მათდამი დაქვემდებარებული სტრუქტურების ლეგიტიმურობის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ლეგიტიმურობის ცნობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 1991-1992 წლებში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება განიხილება როგორც საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი, როცა ერთმანეთს გადაეჯაჭვა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ-სამართლებრივი პრობლემები. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული თანხმობის პროცესის ხელშეწყობის, სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების მიზნით დაგმო შეიარაღებული ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილების მიღების დროს მოქმედი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 29.10.1996წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კანონთან მიმართებაში წარმოადგენდა იერარქიულად ქვემდგომ ნორმატიულ აქტს, მას არ შეეძლო შეეცვალა ან შეეწყვიტა შრომის კოდექსის ნორმების მოქმედება. საქართველოს პარლამენტის 11.03.05წ. დადგენილებით არ გაუქმებულა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი. ამდენად, დაზუსტებას საჭიროებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა შრომის კოდექსის ნორმები, თუმცა დავის გადაწყვეტის არც სხვა რაიმე ნორმაზე მიუთითა. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება ანალოგიურ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან (სუს 24.02.2014წ. № ბს-302-293(კ-13), 08.12.2015წ. №ბს-583-576(2k-15); 15.09.16წ. Nბს-144-143(2კ-16) განჩინებები). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზისა და მათგან მიღებული დასკვნების გარეშე შეუძლებელია დავის სწორი გადაწყვეტა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების და შეფასების შესაძლებლობას, იგი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნულის გამო სახეზეა განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ბ-ის, ხ. ქ-ა-ფ-ის, ა. კ-ის, მ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის, ლ. დ-ის, ნ. ნ-ის, ე. კ-ის, ს. კ-ის, ე. კ-ის, შ. წ-ის, ა. კ-ის, ზ. ბ-ას, ტ. ფ-ის, თ. გ-ის, ნ. ბ-ის, ბ. დ-ის, დ. ფ-ის, გ. ქ-ის, გ. ო-ის, ზ. გ-ის, რ. კ-ის, გ. ჩ-ის, ი. ბ-ის, გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2014წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ვ. როინიშვილი