Facebook Twitter
საქმე # 150310015001084639









საქმე Nბს-451-446 (კ-16) 24 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მ. გ-ის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 30 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №342 ოქმის ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წელს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის, თ. ა-ის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კერძოდ, თ. ა-მა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცა ნინოწმინდისა და ასპინძის რაიონებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საძოვრის ტიპის მიწის ნაკვეთი. „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2012 წლის 7 აგვისტოს დადგენილების შესაბამისად, საქმეზე შეკრებილია საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ თ. ა-ს ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, არსებობს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტულ
შემთხვევაში არ ქმნის მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, მას ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ერთობლიობა, აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თ. ა-ს შეეთავაზა განრიდება, მის მიერ შესრულებული იქნა განრიდების პირობები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ დაადგინა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა თ. ა-ის მიმართ არ დაიწყოს, ვინაიდან განრიდების სუბიექტმა შაესრულა განრიდებით გათვალისწინებული პირობა და მის მიმართ დევნის დაწყება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პოლიტიკას. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 13/34-7815531/ივლისი/2013წ. წერილით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა ზემოაღნიშნული დადგენილება, გამოძიების ეტაპზე გამოთხოვილი საპრივატიზებო საქმეები და ეთხოვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 2 დეკემბრის №1-1/354 ბრძანების თანახმად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა უფლებამოსილება 2013 წლის 31 ივლისის №13/34-78155 წერილში მითითებული 2007-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კანონდარღვევით განხორციელებული პრივატიზების საკითხის განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაზე.
მ. გ-ის საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე მ. გ-ს შორის 2002 წლის 30 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მდებარე ნინოწმინდა, ... №2, საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში მხოლოდ 2006 წლის 30 აგვისტოს. საიჯარო ხელშეკრულებას საფუძველი მითითებული არ აქვს.
მ. გ-მა 2007 წლის 26 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო რაიონის ტერიტორიულ ორგანოს, იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების თაობაზე. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მ. გ-ზე 2007 წლის 30 ოქტომბერს გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №342, რომლის საფუძველზეც მას საკუთრებაში გადაეცა ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250,0 ჰა მიწის ნაკვეთი. იჯარის ხელშეკრულება დადებულია 2002 წლის 30 ივლისს, რომელიც რეგისტრირებულია 2006 წლის 29 აგვისტოს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა საძოვარი, ამ კანონის ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2005 წლის 8 ივლისს) იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესის შესაბამისი სახელმწიფო ამ ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საქმეზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნინოწმინდის რაიონის მიწის იჯარის კომისიის 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N2) მ. გ-ს იჯარით გადაეცა 250 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე მ. გ-ს შორის 2002 წლის 30 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში 2006 წლის 30 აგვისტოს, სარეგისტრაციო ნომერი ... . ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ნამდვილად 2002 წელში დაიდო და ამოქმედდა დადსტურდება იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. აღნიშნული ქვითრები გაცემულია 2002, 2003 და 2004 წლებში. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას თითქოს საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 29 აგვისტოს. მართალია, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტში მითითებულია საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღად 2006 წლის 29 აგვისტო, აღნიშნული ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს, რადგან ამავე გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტის თანახმად დადგენილია, საიჯარო ურთიერთობის დაწყების თარიღი და მითითებულია 2002 წლის 30 ივნისი, რაც სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან - იჯარის ხელშეკრულებასა და იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებთან.
აღნიშნული 2002 წლის 30 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მ. გ-ზე 2007 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიულმა ორგანომ (სამმართველომ) გასცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №342, რომ მ. გ-მა შეიძინა ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით, რომლის საფუძველზე მ. გ-მა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება ... საკადასტრო კოდით (წინა ნომერი ... ). ამდენად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2002 წლის 30 ივნისიდან მ. გ-ი უწყვეტად და ხელშეუშლელად ფლობს და სარგებლობს ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთით, 2002 წლის 30 ივნისიდან 2007 წლის 30 ოქტომბრამდე იჯარის უფლებით, ხოლო შემდეგ საკუთრების უფლებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
სადავო მიწის ნაკვეთის პრივატიზების დროს მოქმედი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი, (ძალადაკარგულია ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით) განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. მითითებული კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კანონის შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. ამავე მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონის შესაბამისად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე.
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ნიშნავს სახელმწიფოს მიერ პირდაპირი მიყიდვის გზით, იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემას მიწის ნაკვეთის მოიჯარისათვის. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად. ეს კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში აღნიშნული კანონი გამოქვეყნდა 2005 წლის 29 ივლისს.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე (2005 წლის 29 ივლისი) იჯარით გაცემული საძოვარი.
კანონმდებლობა კრძალავდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრის პრივატიზებას იმ შემთხვევაში თუ ის იჯარით გაცემულია 2005 წლის 29 ივლისის შემდეგ ან საერთოდ არ არის იჯარით გაცემული.
დადგენილია, რომ ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მ. გ-ს შორის იჯარის ხელშეკრულება დადებულია 2002 წლის 30 ივნისს, ანუ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.
შესაბამისად, მ. გ-ის მიერ იჯარით აღებული საძოვარი ექვემდებარებოდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციას. ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ამოქმედებულია აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე დადასტურებულია ამ ხელშეკრულებითა და იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. აღნიშნული ქვითრები გაცემულია 2002, 2003 და 2004 წლებში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იჯარის ხელშეკრულების ამოქმედებისათვის აუცილებელი იყო მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ასეთ დათქმას არ აკეთებდა არც ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონი და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581–ე 592–ე, 593–ე მუხლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 592–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწა იჯარის ხელშეკრულებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით გადაეცემა პირს სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე. ამავე კოდექსის 593–ე მუხლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.
,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა იჯარის რეგისტრაციას ადგენს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელ პირობად პრივატიზაციის დროისთვის და არ ადგენს კანონის ამოქმედებამდე იჯარის რეგისტრაციის პირობას. ამ მოსაზრებას ამყარებს კანონის მე–2 მუხლის მე-3 პუნქტის დეფინიცია, რომელიც პრივატიზების უფლების წარმოშობას უკავშირებს მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემას ამ კანონის ამოქმედებამდე და არა იჯარის უფლების რეგისტრაციას.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უნდა გაიმიჯნოს საძოვრის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა და ამ უფლების რეალიზაციისათვის კანონით დადგენილი აუცილებელი პირობები. საძოვრის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის უფლების წარმოშობა დაკავშირებულია კანონის ამოქმედებამდე საიჯარო ხელშეკრულების დადებასთან, ხოლო ამ უფლების რეალიზაციისათვის კი აუცილებელ პირობას წარმოადგენს პრივატიზაციის პროცესის მომენტისათვის ამ იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ უფლებამოსილ პირს. აღნიშნული საჯარო რეესტრს წარმოაჩენს, როგორც უფლებათა უტყუარობისა და სისრულის გარანტს. სწორედ ამიტომ უკავშირებს კანონმდებელი პრივატიზების უფლების რეალიზებას იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას.
განსახილველ შემთხვევაში მ. გ-ს იჯარის მიწის ნაკვეთზე უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა 2006 წლის 30 აგვისტოს, ხოლო პრივატიზება განხორციელდა 2007 წლის 30 ოქტომბერს. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელის - თ. ა-ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდი
ეხება მ. გ-ის სახელზე საძოვრის პრივატიზებას, აღსანიშნავია, რომ მითითებული საქმის წარმოება შეწყდა და თ. ა-ის მიმართ არ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა განრიდების გამო. უდანაშაულობის პრეზუმფციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება არ ადასტურებს მ. გ-ის სახელზე პრივატიზების პროცესში კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პრივატიზებას მ. გ-ის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება დაედო საფუძვლად, რასაც თავად მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2007 წლის 30 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №342 ოქმი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, 2006 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2006 წლის 30 აგვისტოს და ძალაში შედიოდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და დაადგინა, რომ 2002 წლის 30 ივნისიდან პირვატიზებამდე მ. გ-ი უწყვეტად და ხელშეუხებლად ფლობდა და სარგებლობდა ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა. მიწის ნაკვეთით. იმ შემთხვევაშიც თუ „ტექნიკური შეცდომით“ დადგენილად იქნებოდა მიჩნეული საიჯარო ხელშეკრულების დადების თარიღად 2002 წლის 30 ივნისი, საიჯარო ურთიერთობის მოქმედება და ძალაში შესვლა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობის შესაბამისად უკავშირდება საჯარო რეესტრში მის რეგისტრაციას, რაც 2006 წლის 30 აგვისტოს განხორციელდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, ეს კი, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე გამორიცხავდა საძოვრის პრივატიზების შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
ნინოწმინდის რაიონის მიწის იჯარის კომისიის 2002 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N2) ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მოქალაქე მ. გ-ს იჯარით გამოეყო 250 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული კომიიის გადაწყვეტილების საფუძველზე ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მ. გ-ს შორის 2002 წლის 30 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2006 წლის 30 აგვისტოს, სარეგისტრაციო ნომერი ... . ის გარემოება, რომ ხელშეკრულება ნამდვილად 2002 წელში დაიდო და ამოქმედდა დასტურდება იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით. აღნიშნული ქვითრები გაცემულია 2002, 2003 და 2004 წლებში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტის თანახმად, საიჯარო ურთიერთობის დაწყების თარიღად მითითებულია 2002 წლის 30 ივნისი, რაც სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან - იჯარის ხელშეკრულებასა და იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელ ქვითრებთან.
2002 წლის 30 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მ. გ-ზე 2007 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიულმა ორგანომ (სამმართველომ) გასცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №342 ოქმი, რომლის თანახმად, მ. გ-მა შეიძინა ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით. აღნიშნულის საფუძველზე მ. გ-მა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება ... საკადასტრო კოდით (წინა ნომერი ... ).
მ. გ-ი უწყვეტად და ხელშეუშლელად ფლობს და სარგებლობს ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთით, 2002 წლის 30 ივნისიდან 2007 წლის 30 ოქტომბრამდე იჯარის უფლებით, ხოლო შემდეგ საკუთრების უფლებით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 30 ოქტომბრის №342 ოქმი - ინდივიდიულური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და მოქალაქე მ. გ-ს შორის 2002 წლის 30 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ხელშეკრულება 10 წლის ვადით, ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მ. გ-ზე 2007 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიულმა ორგანომ (სამმართველომ) გასცა მიწის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი №342, რომ მ. გ-მა შეიძინა ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო იჯარით გაცემული საძოვრების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება და აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე პრივატიზაციის თაობაზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა სწორედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი იყო.
გასაჩივრებული აქტის გამოცემისას მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება საძოვარი, გარდა ამ კანონის ამოქმედებამდე (კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2005 წლის 08 ივლისს) იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული აქტით მიმაგრებულია მასზე მდებარე, ფიზიკური და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ ვინაიდან სადავო იჯარის ხელშეკრულება 2006 წლის 30 აგვისტომდე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა, მას იურიდიული ძალა არ გააჩნია; ასევე ხელშეკრულებას არ ერთვოდა საიჯარო მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა (ექსპლიკაცია); შესაბამისად, სამხარეო სამმართველოს უფლება არ ჰქონდა განეხორციელებინა აღნიშნული საიჯარო მიწის პრივატიზაცია, ხოლო აქტი გამოცემულია სათანადო გამოკვლევის გარეშე. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას არსებობდა სახელმწიფოსა და მ. გ-ს შორის დადგენილი წესით გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 2002 წლის 30 ივნისს დადებული საიჯარო ხელშეკრულება. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში საიჯარო ხელშეკრულება დარეგისტრირებულია 2006 წელს, ანუ 2007 წლის 30 ოქტომბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №342 ოქმის გამოცემამდე. კანონი არ არეგულირებს თუ როდის უნდა დარეგისტრირდეს საიჯარო ხელშეკრულება, მთავარია მიწის პრივატიზებისას არსებობდა იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საკადასტრო გეგმა. მართალია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირობა, რომ ხელშეკრულება შედის ძალაში საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუტარებლობა გამოიწვევდა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების/შეცილების საფუძველს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში 2002 წლის 30 ივნისიდან პრივატიზებამდე მ. გ-ი უწყვეტად და ხელშეუშლელად ფლობდა და სარგებლობდა ნინოწმინდის რაიონში, ... №2-ში მდებარე 250 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლებით, რის საფუძველზეც გადახდილი იყო შესაბამისი გადასახადები. ხოლო თვით საიჯარო ხელშეკრულება დავის საგანი არ არის. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას მ. გ-ის საიჯარო ხელშეკრულება არსებობდა და მოქმედებდა.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების დანაწესიდან გამომდინარე, კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის განმარტება უნდა განხორციელდეს კანონმდებლის მიზნის შესაბამისად. ფიზიკური პირის კუთვნილი იჯარის უფლების წარმოშობისათვის და, შესაბამისად, არსებობისათვის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულოობის დადგენა განპირობებულია ამ უფლებათა მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, ამგვარი რეგისტრაციის არარსებობა ხელშეკრულებას, ავტომატურად, იურიდიულ ძალას არ უკარგავს. იგი მოქმედებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, მაგრამ ძალა ვერ ექნება მესამე პირებთან ურთიერთობაში, თუ რა თქმა უნდა, მათთვის ცნობილი არ არის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან ძალაში შესვლის თაობაზე. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან საიჯარო მიწის პრივატიზებისას მ. გ-ს არ ჰქონდა სიტუაციური გეგმა (ექსპლიკაცია) და საჯარო რეესტრში საიჯარო ხელშეკრულება რეგისტრირებულია 2006 წელს, ამით დარღვეულია კანონის მოთხოვნა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება მოქმედი კანონის ნორმების არსებითად დარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია აქტი გამოტანილი იყო სათანადო გამოკვლევის გარეშე. მართალია, თ. ა-ის მიმართ დაწყებული იყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება მ. გ-ს, ამასთან თ. ა-მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა თ. ა-ის მიმართ არ იქნა დაწყებული სისისხლისსამართლებრივი დევნა განრიდების გამო. პროკურორის „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ“ დადგენილებაში მითითებულია, რომ დანაშაულებრივი ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში არ ქმნის მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას, თუნდაც დანაშაულთა ერთობლიობით, ამასთან გამოძიებით არ დადგენილა დაზარალებულთა წრე. ამავდროულად ვერ იქნა დადგენილი ის, რომ მ. გ-ისათვის ცნობილი იყო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (აქტის გამოტანა) კანონსაწინააღმდეგოა; ამასთან არ დგინდება სადავო აქტის გამოცემისას მ. გ-ის, როგორც დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ა-ის მიერ გაცემული გასაჩივრებული №342 ოქმი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მ. გ-თან დაკავშირებით არსებითად არ არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ასევე, აქტის შედგენისას მ. გ-ს, როგორც დაინტერესებული მხარეს, უკანონო მოქმედება არ განუხორციელებია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. გასაჩივრებული ოქმის საფუძველზე მ. გ-მა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება ... საკადასტრო კოდით. ამდენად, გასაჩივრებული აქტის გაუქმების საპროცესო და მატერიალური სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული არგუმენტები სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორ დადგენასთან და კანონის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის იურიდიულად დასაბუთებული და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, შესაბამისად, ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივი შეფასებები სწორია, რის გამოც მოცემული დავა გადაწყვეტილია ობიექტურად და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე