Facebook Twitter
№210310014501970








№ბს-729-721(კ-16) 23 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ბ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 16 მაისს დ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისა და ბ. თ-ის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2001 წლის 27 მარტიდან სოფელ ... ... მდებარე 24348 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია მისი საკუთრების უფლებით, დაუზუსტებელი, საკადასტრო კოდით #.... მოსარჩელის განმარტებით, საკუთრება უძრავ ქონებაზე წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ 7 წლის შემდეგ 2007 წელს პირდაპირ დაზუსტებული წესით საკადასტრო კოდით #... გადაწყვეტილებით დაურეგისტრირა ბ. თ-ს, რის გამოც მოხდა მისი საკუთრების უკანონო ხელყოფა. მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელ ... მდებარე ბ. თ-ის უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 14 ივნისს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერით დედოფლისწყაროს სოფელ ... ... დ. გ-ის საკუთრებაში ერიცხება შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდი ..., ხოლო მიწის ნაკვეთი ფართობით 24348.00 ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებად.
2012 წლის 24 აპრილს დ. გ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე. დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის #882012171160-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებში საკადასტრო კოდით ..., ხოლო დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის #882012171160-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 იანვრის #882013013998-03 გადაწყვეტილებით დ. გ-ის განცხადებაზე სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტების შესახებ კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებში საკადასტრო კოდით ..., ხოლო დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 28 თებერვლის #88201301998-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ბ. თ-ს შორის სასოფლო-
სამეურნეო მიწის იჯარის #1010/03 ხელშეკრულებით ბ. თ-ზე დარეგისტრირდა იჯარა დედოფლისწყაროში, ... მდებარე 12.79 ჰა საძოვარზე.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე ბ. თ-ს გადაეცა დ/წყაროს რაიონში სოფელ ... 12.79 ჰა მიწის ნაკვეთი - საძოვარი, რომელიც 2007 წლის 14 ივნისს განცხადების რეგისტრაციის #1175/07 აღირიცხა ბ. თ-ის სახელზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით დადგენილია, რომ დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა დ. გ-სა და სს „...“ შორის 1997 წლის 24 იანვრის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც მან შეიძინა ... კუთვნილი მშრალი ღორის ბინა. აღნიშნული განჩინებით დ. გ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამოს საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დატოვა უზენაესმა სასამართლომ.
დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საკადასტრო კოდი - #... მოხდა ბ. თ-ზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ცვლილებების რეგისტრაცია, რომლის თანახმადაც დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ..., ..., ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო საძოვარი 127831.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ... და შენობა ნაგებობები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის #85832 გადაწყვეტილებით დ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა ბ. თ-ის საკუთრების უფლების გაუქმებას - საკადასტრო კოდი ... .
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დ. გ-მა გაასაჩივრა 2007 წლის 13 ივნისის გაცემული „მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი“ და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 მაისის #9/14168 წერილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს #1-1/213 ბრძანებით დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2007 წლის 13 ივნისის გაცემული „მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის“ ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად. ხოლო 2013 წლის 25 სექტემბრის #1-1/272 ბრძანებით დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით საკადასტრო კოდზე ... ნაკვეთის საკუთრების ტიპი სასოფლო-სამეურნეო ფართით 24348 კვ.მ აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებად, შენობა-ნაგებობის მესაკუთრე კი არის დ. გ-ი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ ირკვევა დ. გ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების შენობა-ნაგებებოს ფართობი, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული თუ რა ფართის შენობა-ნაგებობას ფლობს დ. გ-ი. საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე ბ. თ-ს გადაეცა დ/წყაროს რაიონში სოფელ ... 12.79 ჰა მიწის ნაკვეთი - საძოვარი, რომელიც 2007 წლის 14 ივნისს (განცხადების რეგისტრაციის #1175/07) აღირიცხა ბ. თ-ის საკუთრებად. ხოლო დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საკადასტრო კოდი - #... მოხდა ბ. თ-ზე აღრიცხული უძრავ ქონებაზე ცვლილებების რეგისტრაცია, რომლის თანახმადაც დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ..., ..., ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო საძოვარი 127831.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ... და შენობა ნაგებობები. დადგენილია, რომ ბ. თ-ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთზე - მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი ძალაშია.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე დ. გ-ის მიერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #...) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, დ. გ-ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 29.01.2010წ.) კი დგინდება, რომ მას არ ერიცხება საკუთრებად მიწის ნაკვეთი და რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრებაში.
სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას. ამავე საკანონმდებლო აქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულია რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები. ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ)ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ)ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით საკადასტრო კოდზე ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი სასოფლო-სამეურნეო ფართით 24348 კვ.მ, აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებად, შენობა-ნაგებობის მესაკუთრე კი არის დ. გ-ი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ ირკვევა დ. გ-ის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონების შენობა-ნაგებებოს ფართობი, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული თუ რა ფართის შენობა-ნაგებობას ფლობს დ. გ-ი და აღნიშნული უძრავი ქონება ფარავს თუ არა ბ. თ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე ბ. თ-ს გადაეცა დ/წყაროს რაიონში სოფელ ... 12.79 ჰა მიწის ნაკვეთი - საძოვარი, რომელიც 2007 წლის 14 ივნისს (განცხადების რეგისტრაციის #1175/07) აღირიცხა ბ. თ-ის საკუთრებად - მიწის უძრავი ქონების #.... ხოლო დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებით უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საკადასტრო კოდი - #... (ნაკვეთის წინა #...) მოხდა ბ. თ-ზე აღრიცხულ უძრავ ქონებაზე ცვლილებების რეგისტრაცია, რომლის თანახმადაც დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ..., ..., ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო საძოვარი 127831.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ... და შენობა ნაგებობები. დადგენილია, რომ ბ. თ-ზე უფლების დამდგენი დოკუმენტი სადავო მიწის ნაკვეთზე-მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი ძალაშია.
ამასთან, სასამართლოს მითითებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე დ. გ-ის მიერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი #...) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, დ. გ-ის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მომზადების თარიღი 29.01.2010 წელი კი დგინდება, რომ მას არ ერიცხება საკუთრებად მიწის ნაკვეთი და რომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცება, რომ დ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე მოხდა ბ. თ-ის ქონების რეგისტრაცია, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და მიუთითა, რომ იგი არ გამომდინარებს საქმეზე დადგენილი მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის დროს ვერ იქნა დადასტურებული გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, ასევე მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის კანონშეუსაბამობა, ასევე აღნიშნული არ დადასტურდა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის რეგისტრაცია (ს.კ. ...) ბ. თ-ის სახელზე 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ (ს.კ. ...) 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისიასა და დ. გ-ს შორის 1997 წლის 24 იანვრს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც დ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონში ... ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმის შენობა. აღნიშნული ხელშეკრულება 1997 წლის 24 იანვარს დამოწმდა დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მ.ა-ის მიერ.
შპს „... - ...“ დირექტორმა ბ. თ-მა 1997 წლის 27 მაისს სარჩელი შეიტანა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების - კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისია, დ. გ-ისა და დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსი მ.ა-ის წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს სანოტარო მოქმედების გაუქმებას, რომლითაც დამოწმდა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისიასა და დ. გ-ს შორის დადებული 1997 წლის 24 იანვრის ხელშეკრულება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „... - ...“ დირექტორმა ბ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დ. გ-სა და კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ შორის 1997 წლის 24 იანვრის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, თუმცა დ. გ-ის მიერ შეტანილი იქნა განცხადება ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება დაშვებული იქნა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის განჩინებით, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით დ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „... - ...“ დირექტორის ბ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით კანონიერად იქნა მიჩნეული დ. გ-სა და კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ შორის 1997 წლის 24 იანვრის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც დ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონში ... ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმის შენობა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, 2001 წლის 27 მარტის განჩინება და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შპს „... - ...“ დირექტორმა ბ. თ-მა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით ბ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინებები. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინება შპს „... - ...“-ს დირექტორმა ბ. თ-მა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამარლოში. საქართველოს უზენაეს სასამარლოს 2004 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამდენად, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინება და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 24 ოქტომბრის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა დედოფლისწყაროს სოფელ ... ... მდებარე მშრალი ღორის ფერმა საკადასტრო კოდი ..., ხოლო მიწის ნაკვეთი ფართობით 24348.00 ირიცხებოდა სახელმწიფოს საკუთრებად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგისტრაცია ნაწილობრივ ეწინააღმდეგება კანონს, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლს, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილს.
გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებით 127831 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ ...) დარეგისტრირდა ბ. თ-ის სახელზე. აღნიშნული უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი. დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის #882012171160-03 გადაწყვეტილებითა და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 იანვრის #882013013998-03 გადაწყვეტილებით იმ მოტივით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება დ. გ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებში საკადასტრო კოდით ..., ანუ ბ. თ-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2010 წლის 29 იანვარი), რომლითაც დასტურდება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ... ... ტერიტორიაზე არსებული 24348.00 მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი #...) წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო შენობა-ნაგებობა 2008 წლის 24 ოქტომბერს დარეგისტრირდა დ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით. ამონაწერის თანახმად, უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.
მითითებული ფაქტობრივი გარემოების თანახმად დ. გ-ს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისიასა და დ. გ-ს შორის დადებული 1997 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ... ... ტერიტორიაზე არსებული 24348.00 მიწის ნაკვეთზე მდებარე ღორების ფერმის შენობაზე, რომელიც საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად განთავსებული იყო 147 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150–ე მუხლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. გ-ი არის მის საკუთრებაში არსებული ღორების ფერმის შენობის ქვეშ არსებული 147 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის განხორციელებისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებები სრულყოფილად არ შეისწავლა, კერძოდ, მოპასუხეს არ გაუთვალისწინებია მასთან დაცული დოკუმენტები, რომლითაც დგინდებოდა, რომ დ. გ-ს დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და 1997 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ... ... ტერიტორიაზე არსებული 24348.00 მიწის ნაკვეთზე მდებარე ღორების ფერმის შენობაზე და აღნიშნული შენობის ქვეშ არსებული ფართი უკანონოდ დაარეგისტრირა ბ. თ-ის სახელზე, რითაც დაარღვია მოსარჩელის საკუთრების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან დაირღვა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლოს აქტი სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული აღმასრულებლის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი, მათ შორის დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვისაც და დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურისთვისაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით კი დადასტურებულია დ. გ-ის საკუთრების უფლება ღორების ფერმის შენობაზე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული რეგისტრაციის მიმართ ბ. თ-ს არ გააჩნია კანონიერი ნდობა, ვინაიდან ის მონაწილეობდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოში განხილულ საქმეში და იცოდა, რომ აღნიშნული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადასტურებული იყო დავით გარსენიშნიშვილის საკუთრების უფლება ღორების ფერმის შენობაზე. ეს გადაწყვეტილება ბ. თ-მა გაასაჩივრა ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში, თუმცა ძალაში დარჩა 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და შევიდა კანონიერ ძალაში. მიუხედავად ამისა, დავით გარსენიშნიშვილმა დაირეგისტრირა სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის რეგისტრაცია (ს.კ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილება ბ. თ-ის სახელზე 147 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული რეგისტრაცია მთლიანად იქნეს ბათილად ცნობილი, ამ ნაწილში სარჩელი სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მოსარჩელეს უფლება უდგინდება მხოლოდ 147 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობაზე. ამდენად, ამ ფართის ნაწილში უნდა იქნეს ბათილად ცნობილი გასაჩივრებული რეგისტრაცია.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა ბ. თ-ის საკუთრების უფლების გაუქმებას - საკადასტრო კოდი .... „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. ამდენად, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო 2014 წლის 24 აპრილის #85832 გადაწყვეტილებთ უარი ეთქვა დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ 127831 კვ.მ. საძოვარი (საკადასტრო კოდი ...) რეგისტრირებულია მის საკუთრებად და იგი არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც შეიძინა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე, რომელიც 2007 წლის 14 ივნისს აღირიცხა საჯარო რეესტრში მის სახელზე საკადასტრო კოდით ....
კასატორის განმარტებით, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით განხორციელდა უძრავ ქონებაზე ცვლილების რეგისტრაცია, რომლის თანახმად საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა მასზე 127831.00 კვ.მ. საძოვარი დაზუსტებული წესით, საკადასტრო კოდით ... (წინა ნომერი ...).
კასატორის მითითებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 2014 წლის 5 სექტემბრის წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მის მიერ 2007 წლის 13 ივნისს პირდაპირი მიყიდვის წესით გამოსყიდულია „...“ მდებარე 127831 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საძოვარი), მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი ... (მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი #1388, გაცემული 13.06.2007 წელს) და აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა პირზე გასხვისება არ მომხდარა. ამდენად, მიწის ნაკვეთი (საძოვარი) საკადასტრო კოდით ... არ წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და იგი არც დ. გ-ის საკუთრება არ ყოფილა არასდროს.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება მის სახელზე სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული რეგისტრაციის 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ და ისე ჩათვალა ამ ფართის მესაკუთრედ დ. გ-ი, რომ შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის 14.06.2007 წლის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი მისი საკუთრების უფლების შესახებ არ შეცვლილა, არ არის გაუქმებული მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი ძალაშია, ასევე ძალაშია და არ გაუქმებულა სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ მის მიერ 1998 წლის 6 მარტს სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულება ნაგებობების, მათ შორის მშრალი ღორის ბინის შეძენის შესახებ. კასატორის მითითებით, აღნიშნული ოქმი დ. გ-მა გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ხოლო მისი საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასება არ მისცა მის მიერ მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ მშრალი ღორის ბინა აღარ არსებობს 1998 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა აღნიშნული მის საკუთრებას წარმოადგენდა. იგი შეძენისთანავე დანგრეული იყო.
ამასთან, კასატორის მითითებით, გაუგებარია რა ფართობია მითითებული საკადასტრო ნახაზში, როცა დ. გ-ს მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არასდროს ჰქონია და ფერმის შენობაც სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას უკვე აღარ არსებობდა. გარდა ამისა, არც სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში და არც 1997 წლის 24 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ არის ნახსენები თუ რა ფართობ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ფერმის შენობა და მათ შორის არც იმის შესახებ, რომ ფერმის შენობა მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 24348.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამასთან, მან ადრეც მომართა უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, როდესაც უკანონოდ განახლდა საქმე, მაგრამ მაშინ მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 60 ლარს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ დ. გ-ი არის მის საკუთრებაში არსებული ღორის ფერმის შენობის ქვეშ არსებული 147.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. სასამართლომ მიწა მიიჩნია შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილად მაშინ, როცა პირიქით, აღნიშნული მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობები და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მასთან. ამასთან, არ არსებობს მიწასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობა, ვინაიდან 1998 წელს მან გაასუფთავა ტერიტორია და 2001 წელს, როცა გარსენიშვილის განცხადებით განახლდა საქმე, ამ დროისათვის მშრალი ღორის ბინა უკვე აღარ არსებობდა.
ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრმა კანონიერად განახორციელა მის სახელზე რეგისტრაციები და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 იანვრის ამონაწერით დედოფლისწყაროს სოფელ ..., ... დ. გ-ს საკუთრებაში ერიცხება შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდი ..., ხოლო მიწის ნაკვეთი ფართობით 24348.00 ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებად.
2012 წლის 24 აპრილს დ. გ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაზე. დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 30 აპრილის #882012171160-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან თანდართული აზმოვითი ნახაზის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებში საკადასტრო კოდით ..., ხოლო დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 13 ივნისის #882012171160-05 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 22 იანვრის #882013013998-03 გადაწყვეტილებით დ. გ-ის განცხადებაზე სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტების შესახებ კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან თანდართული აზომვითი ნახაზის მიხედვით არსებული მიწის ნაკვეთი იჭრებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საზღვრებში საკადასტრო კოდით ..., ხოლო დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 28 თებერვლის #88201301998-04 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ბ. თ-ს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის #1010/03 ხელშეკრულებით ბ. თ-ზე დარეგისტრირდა იჯარა დედოფლისწყაროში, ... მდებარე 12.79 ჰა საძოვარზე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე ბ. თ-ს გადაეცა დ/წყაროს რაიონში, სოფელ ... 12.79 ჰა მიწის ნაკვეთი - საძოვარი, რომელიც 2007 წლის 14 ივნისს (განცხადების რეგისტრაციის #1175/07) აღირიცხა ბ. თ-ის სახელზე.
უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებით (საკადასტრო კოდი - #...) მოხდა ბ. თ-ზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ცვლილებების რეგისტრაცია, რომლის თანახმადაც დარეგისტრირდა უძრავი ქონება მდებარე დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელი ..., ..., ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო საძოვარი 127831.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ... და შენობა ნაგებობები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის #85832 გადაწყვეტილებით დ. გ-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე, რომლითაც იგი ითხოვდა ბ. თ-ის საკუთრების უფლების გაუქმებას - საკადასტრო კოდი ....
დ. გ-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაასაჩივრა 2007 წლის 13 ივნისის გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის 2013 წლის 29 მაისის #9/14168 წერილი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს #1-1/213 ბრძანებით დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2007 წლის 13 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად; ხოლო 2013 წლის 25 სექტემბრის #1-1/272 ბრძანებით დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები დ. გ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
ასევე დადგენილია, რომ კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისიასა და დ. გ-ს შორის 1997 წლის 24 იანვრს დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც დ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონში ... ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმის შენობა. აღნიშნული ხელშეკრულება 1997 წლის 24 იანვარს დამოწმდა დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მ. ა-ის მიერ.
შპს „... - ...“-ს დირექტორმა ბ. თ-მა 1997 წლის 27 მაისს სარჩელი შეიტანა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების - კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისიის, დ. გ-ისა და დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს მ.ა-ის წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა დედოფლისწყაროს რაიონის სანოტარო ბიუროს სანოტარო მოქმედების გაუქმებას, რომლითაც დამოწმდა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ სალიკვიდაციო კომისიასა და დ. გ-ს შორის დადებული 1997 წლის 24 იანვრის ხელშეკრულება. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „... - ...“ დირექტორის ბ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა დ. გ-სა და კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო ,,...“ შორის 1997 წლის 24 იანვარს დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, თუმცა დ. გ-ის მიერ შეტანილი იქნა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადება დაშვებულ იქნა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 მარტის განჩინებით, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინებით დ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 1997 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „... - ...“-ს დირექტორის ბ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით კანონიერად იქნა მიჩნეული დ. გ-სა და კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო საწარმო „...“ შორის 1997 წლის 24 იანვრის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლითაც დ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა დედოფლისწყაროს რაიონში ... ტერიტორიაზე არსებული ღორების ფერმის შენობა. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, 2001 წლის 27 მარტის განჩინება და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შპს „... - ...“ დირექტორმა ბ. თ-მა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინებით ბ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინებები. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 20 აპრილის განჩინება შპს „... -...“ დირექტორმა ბ. თ-მა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამარლოში. საქართველოს უზენაეს სასამარლოს 2004 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 14 ივნისს ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 14 ივნისის რეგისტრაცია (ს.კ. ...) ბ. თ-ის სახელზე 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ (ს.კ. ...) 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ნაწილში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
წარმოდგენილი სარჩელის ობიექტია საკუთრების უფლების დაცვა და, შესაბამისად, იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, რომლებითაც მოსარჩელის მოსაზრებით, შეილახა მისი საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას („უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 20.2 მუხლი და მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი -14.06.2007წ. მდგომარეობით). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს, მაგ: კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას, ან სხვა სახის რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საჯარო რეესტრში ბ. თ-ის სახელზე განხორციელებულ საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი, რომელიც გაიცა ბ. თ-ზე მასზედ, რომ მან შეიძინა მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება დ/წყაროს რაიონში, სოფელ ... 12.79 ჰა მიწის ნაკვეთი - საძოვარი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ახამვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით დ. გ-მა დედოფლისწყაროს რაიონი, სოფელ ... მდებარე ბ. თ-ის უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 14 ივნისს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის, დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 18 მაისის #882011202108 გადაწყვეტილებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი. აღნიშნული ოქმი დ. გ-მა გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს #1-1/213 ბრძანებით დ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივარი 2007 წლის 13 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად. ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. გ-ს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება 147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ, რომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ძალაშია და არ გაუქმებულა ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის საფუძველი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ რეგისტრაციის საფუძვლების მოქმედების პირობებში გააბათილა უძრავი ქონების მესაკუთრეზე რეგისტრაცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად ცხადდება, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. უძრავი ქონების სახელმწიფოდან ბ. თ-ზე გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის პირობებში, რომელთა კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა.
საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში დაუშვებლად მიიჩნევს სამართლებრივი საფუძვლების კანონიერ ძალაში არსებობის პირობებში ბ. თ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციების გაბათილებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 მაისის კანონით „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მითითებული ნორმით განისაზღვრა უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ძირითადი ნივთისაგან დამოუკიდებლად უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე ცალკე უფლების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, უძრავი ნივთია – მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური საკუთრების საგანი, ცალკე უფლების ობიექტი; ხოლო „დ“ პუნქტის თანახმად, ცალკე უფლების ობიექტია – ხაზობრივი ნაგებობა ან მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი სხვა შენობა-ნაგებობა (მშენებარე ან აშენებული), რომელიც ცალკე უფლების ობიექტია.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ 2008 წლის 12 დეკემბრის კანონით, რომლის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავი ნივთი განმარტებულია, როგორც: „მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა“.
ამდენად, კანონმდებლობის თანახმად, შენობა-ნაგებობა შესაძლოა დარეგისტრირდეს ცალკე უფლების ობიექტად, ხოლო მითითებული ცვლილებების განხორციელებამდე იგი ითვლებოდა მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად და ფაქტობრივად იზიარებდა მიწის ნაკვეთის სამართლებრივ ბედს, მისი განკარგვა შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთთან ერთად.
ბ. თ-ის სახელზე უძრავ ქონებაზე (ს.კ. ...), საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია 2007 წლის 14 ივნისს, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა უშვებდა ძირითად ნივთსა და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უფლების არსებობის შესაძლებლობას.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილება სადავო უძრავი ქონების ბ. თ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე მიიღო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 ივნისის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი #1388 ოქმის საფუძველზე, რომელიც ძალაშია და არ გაუქმებულა. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით, დ. გ-ს ბ. თ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 300 ლარის გადახდა მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და




გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. დ. გ-ს ბ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი