Facebook Twitter
საქმე # 330310016001220932








საქმე Nბს-802-794(კ-16) 28 მარტი, 2017 წელი, ქ. თბილისი




ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


ნ. ბ-მა 2016 წლის 20 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინპექციის 2016 წლის 11 იანვრის დასკვნის ბათილად ცნობა; თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის სახელფასო განაცდურის მიცემა სამსახურში აღდგენამდე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 7 მაისის №3196პ/შ ბრძანებით იგი გათავისუფლდა №19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობიდან, მის მიერ ამავე დღეს სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნით წარდგენილი პატაკის საფუძველზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნ. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 7 მაისის N3196პ/შ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა, ნ. ბ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. მოსარჩელის მოსაზრებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მიზანმიმართულად ახორციელებს ნ. ბ-ის მიმართ უკანონობას და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, კვლავ ხდება ერთიდაიმავე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოპასუხის მხრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 იანვრის №MOC11600000209 ბრძანება 2014 წლის 7 მაისიდან ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა, ნ. ბ-ი აღადგინოს №19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორის (კონტროლიორის) თანამდებობაზე; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 7 მაისიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არა მარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის, ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეწყვეტის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამ უფლების შეზღუდვა. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და საჯარო სამსახურში ურთიერთობები უნდა შეესაბამებოდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ შემდეგ პრინციპებს: ა) საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება; ბ) საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; დ) საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) საქვეყნოობა; ზ) საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი; თ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ი) მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დავალების მიუხედავად, სათანადოდ არ გამოუკვლევია, ნ. ბ-ის პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შეესაბამებოდა თუ არა მის ნამდვილ ნებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 11 იანვრის NMOC1160000209 ბრძანების გამოცემის საფუძველი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დადგენილი სათანადო წესით, შესაბამისად, მითითებული ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დავალების შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გამოეკვლია და დაედგინა, 2014 წლის 7 მაისს N19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორის (კონტროლიორი), იუსტიციის ზემდეგი ნ. ბ-ის მიერ სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე პატაკის დაწერა შეესაბამებოდა თუ არა მის ნამდვილ ნებას. გათავისუფლების შემდეგ და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ნ. ბ-ი ამტკიცებდა, რომ მან 2014 წლის 7 მაისს პატაკის დაწერა გადაწყვიტა დაწესებულების დირექტორის მოადგილის - გ. პ-ის ზეგავლენით, როდესაც მორიგეობის შემდეგ, დილით, დაწესებულებიდან გასვლისას ამ უკანასკნელისაგან შესაბამისი მოთხოვნა მიიღო . სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, დასკვნაში ასახულია და სადავო არ არის ფაქტები, რომ 2014 წლის 7 მაისს, მორიგეობის დასრულების შემდეგ ნ. ბ-ი სახლში ა. კ-ესა და ვ. ხ-თან ერთად ბრუნდებოდა, როდესაც დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გ. პ-თან სასაუბროდ შეყოვნდა, რასაც გ. პ-თან ერთად შენობაში შესვლა და პატაკის დაწერა მოჰყვა. გენერალური ინსპექციის დასკვნის შესაბამისად, ნ. ბ-ის განმარტებები არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ იმაზე მითითებით, რომ ისინი სხვადახვა დროს სხვადასხვა სახით ასახავდნენ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან, საწინააღმდეგო ფაქტები იქნა დადგენილი N19 დაწესებულების თანამშრომლების - ა. კ-ისა და ვ. ხ-ის, ასევე, გ. პ-ის ჩვენებების საფუძველზე. ა. კ-ისა და ვ. ხ-ის განმარტებების მიხედვით, მათ არ გაუგიათ, თუ რაზე საუბრობდნენ გ. პ-ი და ნ. ბ-ი და იძულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გ. პ-ის განმარტების მიხედვით კი, ნ. ბ-მა მას ოჯახური პირობების გამო მოსთხოვა სამუშაოდან წასვლა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ დასახელებული მოწმეების ჩვენებები არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო სადავო გარემოების ობიექტურად ამსახველ, უტყუარ მკიცებულებებად. გამომდინარე იქიდან, რომ სადავო სწორედ გ. პ-ის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა იყო, შესაბამისი ფაქტის გ. პ-ის მიერ უარყოფა სრულიად ლოგიკურია, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოლოდინი კი - ნაკლებად გონივრული. რაც შეეხება ა. კ-ესა და ვ. ხ-ს, მათ არ გაუგიათ, თუ რაზე საუბრობდნენ ნ. ბ-ი და გ. პ-ი, ამდენად, ისინი ვერც დაადასტურებდნენ და ვერც უარყოფდნენ იძულების ფაქტს. საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ როგორც ა. კ-ის, ასევე, ვ. ხ-ის ჩვენებების მიხედვით, მათ ნ. ბ-ისაგან 2015 წლის 7 მაისს, დილით ნ. ბ-ის გ. პ-თან გასაუბრებამდე არ გაუგიათ, რომ ნ. ბ-ი სამუშაოდან წასვლას აპირებდა, რაც სარწმუნოს ხდის ნ. ბ-ის განმარტებას მასზე, რომ ამგვარი განზრახვა სწორედ გ. პ-თან საუბრისას წარმოიშვა. რაც შეეხება ნ. ბ-ის ჩვენების სარწმუნოობის გამომრიცხავ დასკვნაში ასახულ მოსაზრებებს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, იგი ვერ ხასიათდება დამაჯერებლობით, ვინაიდან შესაბამისი მსჯელობა არ ეფუძნება ნ. ბ-ის განმარტებებს შორის არსებით განსხვავებებზე მითითებას. ამის გარდა, ნ. ბ-ის მიერ საკუთარი ნებით სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერას საეჭვოს ხდის ის გარემოება, რომ 2014 წლის 7 მაისს იგი უკვე გასული იყო შენობიდან და სახლში ბრუნდებოდა ისე, რომ პატაკის დაწერასა და სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით არავისთვის უთქვამს რაიმე, დაწესებულების ეზოში მსგავსი საკითხების შეთანხმების განზრახვაზე მითითება კი არ გამოირჩევა დასაბუთებულობით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, თუ ნ. ბ-ი აპირებდა პატაკის დაწერას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, ის ამ პატაკს დაწერდა სამსახურის შენობაში ყოფნის პერიოდში და საეჭვოა ის, რომ მას მხოლოდ სამსახურის ეზოში გ. პ-ის დანახვისას გაახსენდა, რომ პატაკი ჰქონდა დასაწერი. ამასთან, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან, ასევე მოწმეთა ჩვენებებიდან ირკვევა, პატაკის დაწერამდე ნ. ბ-ი მთელი ღამის განმავლობაში იყო მორიგე, რა დროსაც მას არც მის ცვლაში მყოფ პირებთან და არც სამსახურის ადმინისტრაციასთან არ უთქვამს, რომ აპირებდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერას. უფრო მეტიც, ნ. ბ-ის განმარტებით, რაც სადავოდ არც მოპასუხე მხარეს არ გაუხდია, მან პატაკის დაწერამდე, იმავე დღეს სამსახურში აიღო დაზღვევის ბარათი და რამდენიმე დღით ადრე ბანკში გააკეთა განაცხადი სესხის აღების თაობაზე, რაც სააპელაციო პალატას უქმნის შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ ნ. ბ-ი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკის დაწერას საკუთარი ნებით არ აპირებდა. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ ნ. ბ-მა პატაკი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაწერა 2014 წლის 7 მაისს, ხოლო იმავე წლის 14 მაისსა და 21 მაისს განცხადებით (საჩივრით) მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს სახალხო დამცველს, სადაც მიუთითებდა პატაკის იძულებით დაწერის თაობაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ ნ. ბ-ი აპირებდა სამსახურიდან თავისი ნებით წასვლას, მაშინ ის ერთ კვირაში აღარ დაიწყებდა ჩივილს პატაკის მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწერის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა საფუძველი არ გაეზიარებინა ნ. ბ-ის განმარტებები, რომელთა სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში შეფასება გამორიცხავდა იმ ფაქტს, რომ ნ. ბ-მა 2014 წლის 7 მაისს, პატაკის დაწერისას ნამდვილი ნება გამოავლინა. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ ნ. ბ-ის მიერ პატაკის იძულებით დაწერის საკითხზე მსჯელობისას ფაქტობრივად დაადგინა, რომ გ. პ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რაც ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა ნამდვილად არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ დაადგინა არა ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არამედ ნ. ბ-ის მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ პატაკის დაწერის ფაქტი, რისი უფლებაც საქალაქო სასამართლოს ჰქონდა. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებულ იქნა. მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-ი სადავო ბრძანებით დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორის (კონტროლიორის) თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გათავისუფლების უკანონოდ ცნობიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია ნ. ბ-ი აღადგინოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორის (კონტროლიორის) თანამდებობაზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მოხელეს აღადგენს სამსახურში. იმავე კანონის 112-ე მუხლის მიხედვით, სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებით გაცდენილი დროის შრომითი გასამრჯელო. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სამსახურიდან სადავო ბრძანებით 2014 წლის 7 მაისიდან გათავისუფლდა. აქედან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია ნ. ბ-ს აუნაზღაუროს მის მიერ გამოცემული უკანონო აქტით განპირობებული, იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2014 წლის 7 მაისიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნ. ბ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური დაეკისრებინა 2014 წლის 7 მაისიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდის განმავლობაში, ვინაიდან შესაბამის პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი ითვალისწინებდა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მხოლოდ სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო ბრძანების გამოცემის პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი, მართალია, ითვალისწინებდა უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისათვის მხოლოდ სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, მაგრამ ეს ნორმა გაუქმდა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს იძულებითი განაცდურის მხოლოდ სამი თვის ანაზღაურების თაობაზე არსებული შემზღუდველი ნორმა აღარ არსებობდა, ამიტომ საქალაქო სასამართლოს უფლება ჰქონდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრებინა მთლიანი იძულებითი განაცდური ხელფასი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის ასახული, თუ რის საფუძველზე იზიარებს სასამართლო მხოლოდ ნ. ბ-ის ახსნა-განმარტებას და რატომ არ იზიარებს იმ თანამშრომლების ახსნა-განმარტებას, რომლებიც მეტნაკლებად ინფორმირებულები არიან ნ. ბ-ის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პატაკის დაწერის შესახებ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ არსებითად შესწავლისას იძულების ფაქტი ვერ დადგინდა, რაც დასტურდება 2016 წლის 11 იანვრის დასკვნით. არნიშნულ დასკვნაზე სასამართლომ განმარტა, რომ დასკვნა გამოტანილია საქმის გარემოებათა არასწორი შეფასების შედეგად და სასამართლოს არასწორ შეფასებად მიაჩნია ის გარემოება, რომ გენერალური ინსპექციის მიერ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიღებულ დასკვნაში არ იქნა გაზიარებული ნ. ბ-ის ახსნა-განმარტება, სადაც ის უთითებს, რომ მან 2014 წლის 7 მაისს პატაკი დაწერა დაწესებულების დირექტორის მოადგილის პ-ის ზეგავლენით, როდესაც მორიგეობის შემდეგ, დილით დაწესებულებიდან გასვლისას ამ უკანასკნელისგან შესაბამისი მოთხოვნა მიიღო. აღნიშნული არ გაიზიარა გენერალურმა ინსპექციამ, რადგან საქმის არსებითად შესწავლისას იძულების ფაქტის დამადასტურებელი გარემოებების მტკიცებულება გენერალურ ინსპექციას არ ჰქონდა და ვერც მხოლოდ ნ. ბ-ის ახსნა-განმარტებამ დაარწმუნა გენერალური ინსპექცია იმაში, რომ ნ. ბ-ის მიმართ, რაიმე სახის იძულებას ჰქონდა ადგილი. ნ. ბ-ის საქმეზე გამოკითხულ იქნა არაერთი მოწმე, რომლებიც 2014 წლის 7 მაისს იმყოფებოდნენ მასთან ერთად და მიუთითებენ, რომ ეზოში იდგან გ. პ-ი და მასთან ყოველგვარი დაძახების გარეშე თავად ნ. ბ-ი მივიდა, თუმცა რა თემაზე საუბრობდნენ ისინი არ ესმოდათ. თავად ნ. ბ-ი კი სხვადასხვა ორგანიზაციებისადმი მიმართვისას განცხადებებში ფაქტობრივ გარემოებებს უთითებდა განსხვავებულად, რაც ადასტურებს, რომ ნ. ბ-ი არ ამბობს სიმართლეს რა მოხდა. ნ. ბ-ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ადასტურებენ ა. კ-ე და ვ. ხ-ი და სრულიად განსხვავებულად გადმოსცემენ ფაქტობრივ გარემოებებს. ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ნ. ბ-ის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს მყარი მტკიცებულება და არც დასაბუთება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მხოლოდ ნ. ბ-ის ახსნა-განმარტებაზეა დამყარებული და არ არის ასახული თუ რატომ არ გაიზიარა ა. კ-ისა და ვ. ხ-ის ახსნა-განმარტება სააპელაციო სასამართლომ და რატომ მოხდა მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ნ. ბ-ის ახსნა-განმარტების საკმარის მტკიცებულებად განხილვა სააპელაციო სასამართლოსათვის განჩინების მისაღებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში ასახულ შემდეგ ფაქტორბივ გარემოებებზე:
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 7 მაისის №3196პ/შ ბრძანებით ნ. ბ-ი გათავისუფლდა №19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის თანამდებობიდან, მის მიერ ამავე დღეს სამუშაოდან გათავისუფლების მოთხოვნით წარდგენილი პატაკის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნ. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 7 მაისის N3196პ/შ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაევალა, ნ. ბ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ... სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის - ც. ტ-ის 2015 წლის 8 აპრილის წერილით განიმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად, გამოკითხულ იქნა ნ. ბ-ი და N19 დაწესებულების თანამშრომლები - ... განყოფილების უფროსი ზ. ო-ე, ... განყოფილების ინსპექტორი (კონტროლიორი) ა. კ-ე და ამავე თანამდებობაზე მყოფი ვ. ხ-ი. ც. ტ-ის განმარტებით, წარმოებული გამოკითხვებით ნ. ბ-ის მიმართ 2014 წლის 7 მაისის პატაკის დაწერისას იძულების ფაქტი არ დადასტურდა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 8 აპრილის №MCLA71500001492 ბრძანებით სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ზემდეგი ნ. ბ-ი 2014 წლის 7 მაისიდან დათხოვნილ იქნა სისტემის ორგანოდან პირადი პატაკის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 8 აპრილის №MLA71500001492 ბრძანება ნ. ბ-ის სისტემის ორგანოდან დათხოვნის შესახებ და მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ნ. ბ-ის მიმართ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ ნ. ბ-ის მიმართ 2014 წლის 7 მაისს სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერისას რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. დასკვნის მიხედვით, აღნიშნული გარემოება დადასტურებულად იქნა მიჩნეული ა. კ-ის, ვ. ხ-ისა და გ. პ-ის ახსნა-განმარტებებით, რომლებმაც ჩვენება სასამართლოსაც მისცეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. რაც შეეხება ნ. ბ-ის განმარტებებს, იგი ხსენებული დასკვნით არ იქნა გაზიარებული, რადგან სხვადასხვა დროს შეიცავდა ფაქტების სხვადასხვა სახით აღწერას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 11 იანვრის NMOC1160000209 ბრძანებით N19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორი (კონტროლიორი), იუსტიციის ზემდეგი ნ. ბ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 7 მაისიდან, გენერალური ინსპექციის 2016 წლის 11 იანვრის №22899 დასკვნის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ სადავო აქტის გაუქმების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პატაკი ნ. ბ-მა დაწერა დაწესებულების დირექტორის მოადგილის ზეწოლით და აღნიშნული არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენლი გარემოება ნ. ბ-ზე ზეწოლის განხორციელების საფუძვლეზე განცხადების დაწერის თაობაზე არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად, პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება. აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიზნით მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუქტით გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ერთეულებს შორის გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო, რომელიც დებულების მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუქტის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლს, შესაძლო დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას ამ დებულებით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებული გენერალური ინსპექციის 2016 წლის 11 იანვრის №22899 დასკვნა გამოცემულია სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გენერალური ინსპექციისათვის დებულების 21-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საფუძველზე. სადავო პერიოდში მოქმედი დებულების 27-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში გენერალური ინსპექციის მიერ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებით დადგენილი წესით სასამართლოს მითითების საფუძველზე ჩატარებული შემოწმებით - გენერალურმა ინსპექციამ უტყუარად და სარწმუნოდ დაადგინა პირის ნების გამოხატვის ნამდვილობის საკითხი. გენერალური ინსპექციის უფლებამოსილების ფარგლებში ჩატარებული შემოწმემბით დადგენილია, რომ ნ. ბ-ის მიერ სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკის დაწერა არ იყო პროვოცირებული ძალადობის, იძულების, მუქარის, შანტაჟის, დაპირისპირებისა და სხვა პირის არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებით ჩამოყალიბებული ან განპირობებული და პატაკის დაწერისას იგი თავისუფლად გამოხატავდა მის ნებას. ამდენად, პირის სურვილი, აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში გენერალური ინსპექციის მიერ, მიჩნეულ იქნა მისი კონსტიტუციური ნების გამოვლენად და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მიეცა რეკომენდაცია გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №19 დაწესებულების ... განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორის ნ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ - წერილობითი განცხადების (პატაკის) საფუძველზე თავისი ინიციატივით, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 95-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. სადავო არ არის, რომ ნ. ბ-ის 2014 წლის 7 მაისის განცხადება (პატაკი) დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 7 მაისის №3196 პ/შ ბრძანებით, რაც 2014 წლის 14 მაისს გახადა სადავო ნ. ბ-მა. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ნ. ბ-ის მიერ ერთ კვირაში მისი გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება მიჩნეულ უნდა იქნეს იმ გარემოების დადასტურებად, რომ ნ. ბ-ი არ აპირებდა თავისი ნებით სამსახურიდან წასვლას, რამდენადაც მოსარჩელე არ უთითებს რა შინაარსის ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე მიმართა ადმინისტრაციას გათავისუფლების მოთხოვნით, ხოლო მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ განხორციელდა ზეწოლა, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნული გარემოებები უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებით, რაც მოცემულ შემთხვევაში ემყარება მხოლოდ ნ. ბ-ის მითითებას მის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, რაც საქმეზე დაკითხული არც ერთი მოწმის ჩვენებით არ დგინდება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას მტკიცების ტვირთან მიმართებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს: უდავოა, რომ პირის პირადი განცხადების საფუძველზე საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის გათავისუფლებამდე ხორციელდება საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევა, რაც, თავის მხრივ, მუშაკის უფლებათა დაცვის გარანტიაა და უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვას, მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობას და ა. შ. საკასაციო სასამართლო ამ ტიპის აქტების კანონიერების შემოწმების პროცესში არ არის კატეგორიული და საჭიროდ არ მიიჩნევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის უპირობო დაცვას, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. აღნიშნულის მიუხედავად, პირადი განცხადების საფუძვლეზე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული აქტის კანონიერების შემოწმების პროცესში სასამართლო ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზოგადი პრონციპის - შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რომლის შესაბამისადაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას უზრუნველყოფს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა უზრუნველყო ნ. ბ-ის სამსახურიდან გათავისულების შესახებ გამოცემული ბრძანების კანონიერების დასაბუთება, რამდენადაც მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მისი სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების (პატაკის) დაწერის იძულების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იძულება არ არის ფაქტი, იძულება არის სამართლებრივი შეფასება ფაქტებისა, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე და წარადგენს მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არათუ არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, სამართლებრივი შეფასებისათვის შესაბამის ფაქტებსა და მტკიცებულებებზეც არ ჰქონია მითითება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, ასევე არასწორად განმარტა „საჯარო სამასახურის შესახებ“ კანონის ნორმები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო სარგებლობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოცემულ საქმეზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მოხელეს აღადგენს სამსახურში. მოცემულ შემთხვევაში ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის გამო, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ნ. სხირტლაძე