№ბს-720-712(კს-16) 8 დეკემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ჯ. ჰ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინება
დავის საგანი - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 21 ივლისს ჯ. ჰ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 19 მაისის #882014240946-03 გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 მაისის #7/16342 მიმართვის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ჰ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ჰ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა საქმის განხილვის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იშუამდგომლა, ვინაიდან ოჯახური პირობების გამო არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ 2016 წლის 30 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ჯ. ჰ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მიიჩნია, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 368-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არ იყო წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 30 მაისის განჩინებით ჯ. ჰ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, აპელანტს ჯ. ჰ-ს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსია. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
2016 წლის 8 ივლისს ჯ. ჰ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით ჯ. ჰ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება აპელანტ ჯ. ჰ-ს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივნისს, რომელიც ვალდებული იყო განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ანუ (2 და 3 ივლისი იყო დასვენების დღეები) 2016 წლის 4 ივლისის ჩათვლით შეევსო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მას არ გაუკეთებია და არ შეუვსია ხარვეზი. ასევე, მას დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს შუამდგომლობით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტ ჯ. ჰ-ს დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია ხარვეზი, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას და წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ჰ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება ქართულ ენაზე პირადად ჩაჰბარდა 2016 წლის 22 ივნისს. ჯ. ჰ-ი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო განჩინების შინაარსი, ვინაიდან ვერ ფლობს ქართულ ენას და ეგონა, რომ განჩინება ეხებოდა მის საჩივარს, რომელიც სხვა საქმეზე ჰქონდა შეტანილი სასამართლოში. 2016 წლის 8 ივლისს მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა ჯ. ჰ-ის წარმომადგენელს - დ.ნ-ს და განუცხადა, რომ ხარვეზი არ იყო შევსებული, რის შემდეგაც მან იმავე დღეს, 2016 წლის 8 ივლისს ჩარიცხა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით და ქვითარი წარუდგინა სასამართლოს. ამდენად, ხარვეზის შევსება დაგვიანებით მოხდა აპელანტისათვის სასამართლო განჩინების ქართულ ენაზე ჩაბარების გამო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა და ჯ. ჰ-ს განჩინება არ ჩააბარა მისთვის გასაგენ ენაზე, კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ჰ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ჰ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ 2016 წლის 30 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ჯ. ჰ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მიიჩნია, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 367-ე და 368-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ახლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე არ იყო წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 30 მაისის განჩინებით ჯ. ჰ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი და მის შესავსებად განუსაზღვრა ვადა, კერძოდ, აპელანტს ჯ. ჰ-ს დაევალა განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით და სააპელაციო საჩივრის ელ. ვერსია. ამასთან, საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება აპელანტ ჯ. ჰ-ს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივნისს, რომელიც ვალდებული იყო განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ანუ (2 და 3 ივლისი იყო დასვენების დღეები) 2016 წლის 4 ივლისის ჩათვლით შეევსო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მას არ გაუკეთებია და არ შეუვსია ხარვეზი. ასევე, მას დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს შუამდგომლობით ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტ ჯ. ჰ-ს დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია ხარვეზი, აღნიშნული გარემოება გამორიცხავდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას და წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მაისის განჩინება 2016 წლის 22 ივნისს მას პირადად ჩაჰბარდა ქართულ ენაზე. ჯ. ჰ-მა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობი იყო განჩინების შინაარსი, ვინაიდან იგი არ ფლობდა ქართულ ენას და ეგონა, რომ განჩინება ეხებოდა მის საჩივარს, რომელიც სხვა საქმეზე ჰქონდა შეტანილი სასამართლოში. ხარვეზის შევსება დაგვიანებით მოხდა აპელანტისათვის სასამართლო განჩინების ქართულ ენაზე ჩაბარების გამო.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი - ჯ. ჰ-ი სადავოდ ხდის მისთვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარების წესს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს, რომელიც არ ფლობს სამართალწარმოების ენას, სასამართლო დოკუმენტი ჩაბარდა ქართულ ენაზე. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ ჯ. ჰ-ი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სარგებლობდა თარჯიმნით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას შეფასება უნდა მიეცეს, რამდენად შესაძლებელია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იმ პირობებში, როცა მხარე არ ფლობს სამართალწარმოების ენას, რის გამოც საქმეზე მოწვეული იყო თარჯიმანი, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს - ჯ. ჰ-ს მისთვის გასაგებ ენაზე არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს მიერ მის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინება, ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ჯ. ჰ-ის მიერ წარმომადგენელზე გაცემულ მინდობილობას მოქმედების ვადა ჰქონდა გასული (რწმუნებულებას მოქმედების ვადა გაუვიდა 30.12.2015წ.; ს.ფ. 176).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეფასება უნდა მიეცეს მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფილია თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, არამედ საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების მარეგულირებელი ძირითადი ნორმაა და შეიცავს მნიშვნელოვან საპროცესო სამართლებრივ გარანტიებს. ამასთან, უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვას. კონსტიტუციური ნორმის ანალოგიურად, აღნიშნული უფლება გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. მითითებული ნორმის მიხედვით, სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი, რომლის მეშვეობით მას შეუძლია სრულად განახორციელოს ყველა ის უფლება, რაც მას აქვს მინიჭებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. აღნიშნული უფლება გარანტირებულია რიგი საერთაშორისო აქტებით (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3(ე) პუნქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-3(ვ) პუნქტი, ევროპის კავშირის „პროცედურულ უფლებათა შესახებ გზამკვლევის“ დირექტივა) და აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებით.
მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა უშუალოდ სასამართლო პროცესზე სამართალწარმოების განხორციელება, არამედ პროცესის გარე ურთიერთობა, რაც სასამართლო დოკუმენტების, კანონით დადგენილი წესით, გაგზავნაში გამოიხატება.
აღსანიშნავია, რომ უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი კომუნიკაციის დროს თარჯიმნის დახმარებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა, რომ მე-6 მუხლის მე-3 (ე) პუნქტი უზრუნველყოფს თარჯიმნის უფასო დახმარებას. თარგმნის მომსახურეობის ხელმისაწვდომობის უფლება არა მხოლოდ სასამართლოში გაკეთებულ ზეპირ განცხადებებზე ვრცელდება, არამედ ნებისმიერ დოკუმენტაციასთან და წინასასამართლო პროცესთან მიმართებაშიც (ECtHR 28 ნოემბერი 1978, Luedicke, Belkacem and Koç v. Germany, Nos. 6210/73; 6877/75; 7132/75, პარაგრაფი 48; ECtHR 19 დეკემბერი 1989, Kamasinski v. Austria, No. 9783/82, პარაგრაფი 74; ECtHR 18 ოქტომბერი 2006, Hermi v. Italy, No. 18114/02, პარაგრაფი 69).
ამასთან, თარჯიმნით სარგებლობის უფლება არის არა მხოლოდ დაცვის უფლება, არამედ მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების აუცილებელი წინაპირობაც. თარჯიმნის უფლება ექვემდებარება მხოლოდ იმ მოთხოვნას, რომ პირმა, რომელსაც არ ესმის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით მიმდინარე სასამართლო სამართალწარმოებისას.
საკასაციო საამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-15 მუხლის (საპროცესო დოკუმენტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ენა) მიხედვით: „საპროცესო დოკუმენტები და სასამართლო გადაწყვეტილებები ყველა შემთხვევაში გადაიცემა იმ ენაზე ან იმ ენებზე, რა ენაზეც ისინი არის შედგენილი...თუ დოკუმენტის გამომცემ ორგანოს აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ადრესატი ფლობს სხვა ენას, დოკუმენტებს ან სულ ცოტა მათი მნიშვნელოვან ნაწილებს თან სდევს თარგმანი ამ ენაზე... საპროცესო დოკუმენტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს თან სდევს მოკლე რეზიუმე თავის შინაარსთან ერთად, რომელიც ნათარგმნია მხარის ერთ-ერთ ენაზე, მოთხოვნის მიმღები მხარის მოხერხებულობისთვის“. აღნიშნული დებულებები მოქმედებს სასამართლოს მიერ დოკუმენტების ფოსტით გაგზავნის შემხვევაშიც (მუხლი 16).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჯ. ჰ-ი არ ფლობს სამართალწარმოების ენას, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მიწვეული იყო თარჯიმანი. აღნიშნულის მიუხედავად, ჯ. ჰ-ს მისთვის გასაგებ ენაზე არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რაც დაკავშირებული იყო მისი საპროცესო უფლებების განსახორციელებლად. მოცემული საქმის გარემოებები კი სააპელაციო სასამართლოს აძლევდა ვარაუდის საფუძველს, რომ აპელანტი არ ფლობდა სამართალწარმოების ენას, რაც მისთვის გასაგებ ენაზე დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულებას წარმოშობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ჰ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩნება და საქმე ჯ. ჰ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ჰ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე ჯ. ჰ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი