საქმე № ბს-217-216 (3კ-us-16) 13 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. დ-ის და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.15წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა ნ. დ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის, ვ. კ-ის და დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არარად აღიარება, ასევე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.03.2011წ., 18.03.2011წ. და 13.06.2011წ. აქტების არარად აღიარებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2012წ. N191513 და 19.02.2013 წ. №26444 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.04.2013წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ბ-ე და ვ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.09.2014წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2012 წ. №191513 და 19.02.2013 წ. №26444 გადაწყვეტილებები და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 13.08.2012წ. N1/921- 12 (N007111431) განაჩენის და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ... მდებარე ნ. დ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე №... (ძველი №...) მ. გ-ის, ვ.კ-ის და დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არარად აღიარების თაობაზე მსჯელობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ნ. დ-მა და დ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.2015წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.12.2012წ. N191513 და19.02.2013წ. N26444 გადაწყვეტილებები იმ ნაწილში, რომლითაც ნ. დ-ს უარი ეთქვა თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.03.2011წ. N882011090436-03 აქტის (მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ) არარად აღიარების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო რეესტრი შესახებ“ კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 13.08.2012 წ. N1/921-12 (007111431) განაჩენისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, დიდ დიღომში მდებარე ნ. დ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არარად აღიარების თაობაზე მსჯელობა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; ნ. დ-ის სარჩელი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 18.03.2011წ. N882011103279-03 და 13.06.2011წ. N882011279953-03 აქტების არარად აღიარების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ნ. დ-მა და დ. ბ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. დ-ის და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 13.08.2012წ. განაჩენით მ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ როგორც დოკუმენტის გაყალბებისათვის (სსკ-ის 362.2 მუხლის „ბ“ ქვ.პ.), ასევე თაღლითობის ჩადენისათვის (სსკ-ის 180.3 მუხლის „ბ“ ქვ.პ.), რომელიც მატერიალური დანაშაულია, ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ასეთ დროს დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას და წარმოშობს დამნაშავის შესაძლებლობას ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი. კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენით დადგენილია, რომ მ. გ-ემ გააყალბა მიღება-ჩაბარების აქტი და ყალბი დოკუმენტის საფუძველზე საჯარო რეესტრს მოსთხოვა რეალურად ნ. დ-ის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაც თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.03.2011წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და მ. გ-ე აღირიცხა ქ. თბილისში დიდ დიღომში მდებარე 2100 კვ. მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. სწორედ რეესტრში საკუთრების აღრიცხვით მიადგა ნ. დ-ს ზიანი, სწორედ რეგისტრაციის შედეგად მოიპოვა მ. გ-ემ ნივთზე ქონებრივი უფლებები და მისი გასხვისების შესაძლებლობა. ამდენად, სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის განხორციელება დასრულდა სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მ. გ-ის მესაკუთრედ აღრიცხვით, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება მ. გ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 07.03.2011წ. გადაწყვეტილების არარა აქტად მიჩნევის საკითხის ხელახლა განხილვასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ვითარებას ვერ ცვლის ის გარემოება, რომ განაჩენი დადგა საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის განხორციელების შემდგომ, რადგან, როგორც აღინიშნა, სწორედ რეგისტრაციის შედეგად შესრულდა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა, ამდენად ნაკლებშესაძლებელია, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე მ. გ-ის ქმედება დაეკვალიფიცირებინათ სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლებით და დამდგარიყო იმავე შინაარსის განაჩენი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ნ. დ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დანაშაული გამოიწვია, როგორც მ. გ-ის სახელზე, ასევე ვ. კ-ისა და დ. ბ-ის სახელზე რეგისტრაციების განხორციელებამ, რადგან აღნიშნული რეგისტრაციები განხორციელებულია სხვადასხვა უფლებადამდგენი დოკუმენტების საფუძველზე, კერძოდ, მ. გ-ის რეგისტრაციის საფუძველი იყო 06.10.1992წ. N56 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის სიყალბეც სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, ხოლო ვ. კ-ისა და დ. ბ-ის რეგისტრაციის საფუძვლები იყო ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებიც ნ. დ-ს გასაჩივრებული ჰქონდა სამოქალაქო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.11.2013წ. გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი მ. გ-ესა და ვ. კ-ს შორის 12.03.2011წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ვ. კ-სა და დ. ბ-ეს შორის 13.06.2011წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და კანონიერ ძალაში შევიდა ნ. დ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.12.2015წ. განჩინებით. აღნიშნული დავის ფარგლებში დადგენილ იქნა ვ. კ-ისა და დ. ბ-ის საკუთრების რეგისტრაციების საფუძვლებად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობა და დ. ბ-ის კეთილსინდისიერება. ამდენად, ვინაიდან იმავე მხარეების მიმართ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას პრეიუდიცული მნიშვნელობა აქვს განსახილველი დავისთვის (სსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვ.პ.), საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ვ. კ-ისა და დ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციების საფუძვლები კანონიერი ნასყიდობის ხელშეკრულებებია და არ არსებობს აღნიშნული აქტების არარა აქტებად ცნობის საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე, ნ. დ-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, კერძოდ, 28.02.2013წ. N ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების გამო კასატორის მიერ მითითებული საქმისა და განსახილველი დავის გაიგივება უმართებულოა, Nბს-367-363(კ-12) საქმეში არ იდგა კეთილსინდისიერი შემძენის პრობლემა, რადგან მიწის შემძენი არ იყო საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების წინააღმდეგი და თანახმა იყო საკუთრების ნაცვლად მიეღო სათანადო კომპენსაცია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუს 02.07.2015წ. Nბს-30-30(2კ-15) განჩინება), შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება დივერგენტული კასაციის არსებობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. დ-ის და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.04.16წ. №07236 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, ნ. დ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.05.16წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი და დ. ბ-ეს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასციო საჩივარზე 05.02.16წ. №9228772 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ნ. დ-ის და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.07.15წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.04.16წ. №07236 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. ნ. დ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.05.16წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
5. დ. ბ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასციო საჩივარზე 05.02.16წ. №9228772 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი