Facebook Twitter
№ბს-407-404(ს-17) 8 მაისი, 2017 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძემ


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე ადვოკატ რ. ლ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დ. გ-ის 2017 წლის 18 აპრილის განჩინების (საურავის დარიცხვის შესახებ) თაობაზე.



აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:


2017 წლის 1 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილი განჩინებით რ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეიცვალა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - მიხეილ ბებიაშვილის 2016 წლის 10 ოქტომბრის მე-2, მე-3 და მე-4 განკარგულებები ადვოკატ რ. ლ-ის 100 ლარით, 250 ლარით და 500 ლარით დაჯარიმების თაობაზე; რ. ლ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე წესრიგის არაერთგზის დარღვევისათვის, გაიზარდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - მიხეილ ბებიაშვილის 2016 წლის 10 ოქტომბრის 1-ლი განკარგულებით დაკისრებული ჯარიმის (50 ლარი) ოდენობა 500 ლარამდე და, საბოლოოდ, რ. ლ-ეს დაეკისრა ჯარიმის სახით 500 (ხუთასი) ლარის გადახდა; განემარტა რ. ლ-ეს, რომ ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში მისთვის დაკისრებული ჯარიმის - 500 (ხუთასი) ლარის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხებოდა საურავი 300 (სამასი) ლარის ოდენობით (ს.ფ. 54-55). აღნიშნული განჩინება რ. ლ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 7 მარტს (ს.ფ. 57).


2017 წლის 6 აპრილს რ. ლ-ემ წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ჯარიმის გადახდის ვადის გაგრძელება 2017 წლის 1 მაისამდე (ს.ფ. 59).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით რ. ლ-ის 2017 წლის 6 აპრილის განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დადგინდა ზეპირი მოსმენის გარეშე 2017 წლის 18 აპრილს. ამავე განჩინებით დადგინდა რ. ლ-ისთვის 2017 წლის 1 მარტის განჩინებით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო საურავის შესაძლო დარიცხვის საკითხის განხილვაც ზეპირი მოსმენის გარეშე 2017 წლის 18 აპრილს (ს.ფ. 60). აღნიშნული განჩინება რ. ლ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 10 აპრილს (ს.ფ. 62).

2017 წლის 18 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განიხილა სამოქალაქო საქმეზე 2017 წლის 1 მარტს გამოტანილი განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ რ. ლ-ის მიერ 2017 წლის 6 აპრილს წარდგენილი განცხადება და 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი (ს.ფ. 63). ამასთან, იმავე დღეს - 2017 წლის 18 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განიხილა სამოქალაქო საქმეზე 2017 წლის 1 მარტს გამოტანილი განჩინებით დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო საურავის დარიცხვის საკითხი და 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით რ. ლ-ეს დააკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა, 2017 წლის 1 მარტის განჩინებით განსაზღვრულ ჯარიმაზე დარიცხული საურავის სახით (ს.ფ. 64). აღნიშნული განჩინებები რ. ლ-ეს ჩაბარდა 2017 წლის 21 აპრილს (ს.ფ. 67).

2017 წლის 18 აპრილის განჩინება საურავის დარიცხვის შესახებ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ადვოკატმა რ. ლ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 69-73). საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2017 წლის 8 მაისს შემოვიდა.

გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ ადვოკატ რ. ლ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა; ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლის საფუძველზე დაჯარიმებულ პირს ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი: ა) 150 ლარის ოდენობით – 50-დან 250 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში; ბ) 300 ლარის ოდენობით – 250-დან 500 ლარამდე დაჯარიმების შემთხვევაში.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9011 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შემთხვევაში დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) მიერ განკარგულების გამოცხადებიდან ან ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ რ. ლ-ემ ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე, 2017 წლის 6 აპრილს, წარადგინა განცხადება ჯარიმის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ. აღნიშნული განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დასაშვებად ცნო და მისი ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა. 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განიხილა რა რ. ლ-ის განცხადება, არ დააკმაყოფილა იგი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 1 მარტის განჩინებით დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვადა ჯერ კიდევ 2017 წლის 7 აპრილს ამოიწურა, აღნიშნული განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განმცხადებელს ჯარიმის გადახდის ვადა არ განუსაზღვრა, უფრო მეტიც, იმავე დღეს - 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რ. ლ-ეს დააკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა, 2017 წლის 1 მარტის განჩინებით განსაზღვრულ ჯარიმაზე დარიცხული საურავის სახით.

მივიჩნევ, რომ საურავის დარიცხვის შესახებ 2017 წლის 18 აპრილის განჩინების გამოტანამდე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს რ. ლ-ისთვის დამატებით უნდა განესაზღვრა ჯარიმის გადახდის გონივრული ვადა, არანაკლებ 3 დღისა, ვინაიდან 2017 წლის 1 მარტის განჩინებით რ. ლ-ისთვის ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის დადგენილი ვადა, წარდგენილი განცხადების განხილვისას უკვე გასული იყო, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული საურავის დარიცხვის წინაპირობა არ არსებობდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ რ. ლ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დ. გ-ის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება - რ. ლ-ისთვის საურავის დარიცხვის შესახებ.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილით

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე :

1. ადვოკატ რ. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დ. გ-ის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება - რ. ლ-ისთვის საურავის დარიცხვის შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე