Facebook Twitter
საქმე №ბს-183-181(2კ-17) 16 მაისის, 2017 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: დ. კ-ია; მ. კ-ია (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი); ს. კ-ია (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი); ალ. კ-ია (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოპასუხე)
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-იამ, მ. კ-იამ (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი), ს. კ-იამ (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იამ (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) 2015 წლის 16 მარტს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 12 თებერვლის №133 ბრძანების, 2015 წლის 12 თებერვლის №128, №134, №135 ბრძანებებისა და 2015 წლის 11 თებერვლის №168, №130, №131 ბრძანებების ბათილად ცნობა, დ., ს., ალ., ნა., ნ. , მ. და სა. კ-იებისთვის და ა. და გ. ჩ-ებისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება .
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების დ. კ-იას, მ. კ-იას (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი), ს. კ-იას (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იას (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 12 თებერვლის №133 ბრძანება, 2015 წლის 12 თებერვლის №128, №134, №135 ბრძანებები და 2015 წლის 11თებერვლის №168, №130, №131 ბრძანებები და დაევალა მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადებში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. კ-იას, მ. კ-იას (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი), ს. კ-იას (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იას (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-იამ, მ. კ-იამ (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი), ს. კ-იამ (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იამ (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი), რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორმები მიუთითებენ, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითიტებული არცერთი უტყუარი მტკიცებულება და საკანონმდებლო ნორმა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. მოპასუხე მხარე სასამართლოს მიერ გათავისუფლებულია მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან. მაშინ, როცა მოსარჩელეს ჰქონდა უტყუარი მტკიცებუელები, მათ შორის: მხარის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, რომელიც საერთოდ არ გამოკვლეულა და შეფასებულა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის 2014 წლის 11 ივნისის წერილი, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ დ. კ-ია 1992 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა გაგრაში; საზღვარგარეთის პასპორტი, რომელიც აფხაზეთშია აღებული და ადასტურებს, რომ დ. კ-იას 1990 წელს აფხაზეთის ბანკიდან გამოტანილი თანხით გადაკვეთილი აქვს საქართველოს საზღვარი აფხაზეთიდან თურქეთისკენ; დ. კ-იას მეუღლის აფხაზეთის ომში მონაწილეობის, ვეტერანობისა და ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა. შ. ამ მტკიცებულებათა საპირისპიროდ სასამართლო იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდს და შესაძლებლობას, რითაც ცდილობს დაადასტუროს დ. კ-იას 1992 წლამდე თბილისში მუდმივად ცხოვრებისა და რეგისტრაციის ფაქტი. არგუმენტად მოჰყავს დ. კ-იას სარეგისტრაციო ბარათი, რომლის მიხედვით მას 2001 წლამდე წინა რეგისტრაციაც უფიქსირდება თბილისში. აღნიშნული სარეგისტაციო ბარათი სასამართლოზე არ გამოკვლეულა და არც სამინისტროს გაუხდია სადავოდ. კასატორის მოსაზრებით აღნიშნული სარეგისტრაციო ბარათი უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ჩანაწერში კონკრეტულად არ არის მითიტებული წლები და შესაბამისად, 1992 წლამდე დ. კ-იას რეგისტრაცია თბილისში ერთმნიშვნელოვნად გამორიცხულია.
კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ დ. კ-იას თბილისში რეგისტრაციისა და მუდმივად ცხოვრების ფაქტი სასამართლომ დაადგინა 1992 წელს მოქმედი სსსრ საბინაო კოდექსის ზოგადი მიმოხილვით და ვერ მიუთითა ვერცერთი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა და შესაბამისი მტკიცებულება. დ. კ-იას მეუღლე მუშაობდა თბილისში და იმყოფებოდა ბინის მიღების აღრიცხვაზე. სასამართლომ სსსრ საბინაო კოდექსის ზოგადი მიმოხილვით დაადასტურა ის გარემოება, რმელიც ეხებოდა სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოების საბინაო ფონდის მარეგულირებელ ნორმებს, სადაც მოქალაქის აღრიცხვაზე აყვანა ხდებოდა საცხოვრებელი ადგილისა და სულადობის მიხედვით და არა საუწყებო ფონდს, რომელსაც სულ სხვა რეგულაციები ჰქონდათ, რამდენადაც რეგისტრაცი და საცხოვრებელი ადგილის ცნება ორი სხვადასხვა ინსტიტუტია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ რეგისტრაცია ჰქონდეს სხვა საცხოვრებელ მისამართზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო უტყუარად დაადგენდა დ. კ-იას რეგისტრაციას თბილისში, ეს გარემოება ვერ იქნებოდა უტყუარი მტკიცებულება მისი მუდმვი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირებისათვის. მართალია, დ. კ-იას მეუღლის სამსახურის მდებარეობის გათვალისწინებით, თბილისში ჰქონდა ეტაპობრივად დროებითი ცხოვრების მოტივი, თუმცა მისი სამი მშობიარობა და ქორწინების რეგისტრაცია მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით დ. კ-იას, მ. კ-იას (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი),ს. კ-იას (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იას (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-იას, მ. კ-იას (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი),ს. კ-იას (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იას (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება; ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და ამ ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-1896-1849(კ-10) და №ბს-1227-1213(კ-11) ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ დ. გ. კ-ია დაიბადა ქ. ..., ... წელს; 1972 წელს დაამთავრა ქ. გაგრის №1 საშუალო სკოლა, 1980 წლიდან-1982 წლამდე მუშაობდა გაგრის აღმასკომის საბინაო- კომუნალურ სამმართველოში, ..., 1982 წლიდან - 1984 წლამდე სწავლობდა გაგრაში არსებული სოხუმის ფილიალის სამედიცინო ტექნიკუმში, 1984 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ს. კ-იასთან, რომელიც არ ატარებს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; გასაუბრების კითხვარში დ. კ-ია ქორწინების თარიღად და ადგილად მიუთითებს 1984 წელს, ქ. …ს, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის საფუძველზე (ს.ფ.239) დასტურდება, რომ ქორწინება ს. კ-იასა და დ. კ-იას შორის რეგისტრირებულია 1984 წელს, ქ. თბილისში; მისი შვილები ალ. კ-ია დაბადებულია 1985 წელს ქ. თბილისში, ს. კ-ია დაბადებულია 1986 წელს ქ. თბილისში, ასევე 1991 წელს ქ. თბილისშია დაბადებული მე-3 შვილი მ. კ-ია. ალ. კ-იამ სწავლა დაიწყო 1991 წელს, ქ. თბილისში და დაამთავრა 2002 წელს თბილისში, თუმცა, გასაუბრების მასალებში მიუთითებს, რომ მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო …, ... ქ.49/2, ბ10. ს. კ-ია სკოლაში შევიდა ქ. თბილისში 1992 წელს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ დაადასტურეს 1984 წლიდან დ. კ-იას და მისი შვილების ჩვეულებრივი, ყოველდღიური, ყოფითი კავშირი ქ. გაგრასთან, რის გამოც სასამართლოს მოსაზრებით დ. კ-იას და მისი ოჯახის წევრების მიერ გასაუბრების კითხვარში არასწორი ინფორმაციის მითითება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის საფუძველს.
კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-იას, მ. კ-იას (ამავე დროს სა.კ-იას კანონიერი წარმომადგენელი), ს. კ-იას (ამავე დროს ა. და გ. ჩ-ების კანონიერი წარმომადგენელი), ალ. კ-იას (ამავე დროს ნ. და ნა. კ-იების კანონიერი წარმომადგენელი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე