#ბს-155-153(კს-17) 8 ივნისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) _ ო. და ჯ. ჯ-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის მოძღვარი - ს. დ-ა
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ეკლესიის გარშემო მდებარე 6,419 ჰა მიწის ფართობი, აქედან: სახნავი _ 1,7 ჰა, ნაგებობის ქვეშ განთავსებული _ 0,15 ჰა, გზები _ 0,07 ჰა, პარკ-ხეივანი _ 1,299 ჰა, ეზო _ 2,70 ჰა, სხვა დანარჩენი _ 0,50 ჰა; სათანადო თანხმობის საფუძველზე მოპასუხეების: ი. ს-ას საკუთრებაში არსებული 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი, ო. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,169 ჰა მიწის ნაკვეთი, გ. ც-ას საკუთრებაში არსებული 0,85 ჰა მიწის ნაკვეთი, გ. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,131Hჰა მიწის ნაკვეთი, ა. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი და ნ. ს-ას საკუთრებაში არსებული 0,168 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცა სოფელ ... ... ეკლესიას და საჯარო რეესტრში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში გაუქმდა მოპასუხეებზე აღნიშნული ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მოსარჩელეს უარი ეთქვა სოფელ ..., ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაზე უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას წარმომადგენლის ე. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სოფელ ... ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჯ. ჯ-ას სახელზე მარტვილის რაიონის სოფელ ... მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის 2006 წლის 4 იანვრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს მარტვილის რაიონის სოფელ ... მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის სახელზე აღრიცხვა დაევალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინებით ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
2016 წლის 29 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ო. და ჯ. ჯ-ებმა, რომლებმაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების დადიანების სასახლის კუთვნილი მარნის ნაწილში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მტკიცებულებები, რომელთაც მოსარჩელე ამყარებდა მოთხოვნებს და რომელთაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინება, ყალბი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით (#ბ-1103-5 (ა-16)) ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. და ჯ. ჯ-ებს დაუდგინდათ ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი განცხადების წარსადგენად განესაზღვრათ 5-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამასთან, განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ ო. და ჯ. ჯ-ებს საქმეში მითითებულ მისამართებზე, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარება.
სასამართლო მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მხარესთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით გაირკვა, რომ ო. და ჯ. ჯ-ები არიან მამა-შვილი და ცხოვრობენ ერთ მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. #25/4, ბინა #88. 2016 წლის 12 ოქტომბერს ო. და ჯ. ჯ-ებს მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინების ასლი, რომელიც იმავე წლის 15 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა ო. ჯ-ას.
2016 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „...“ თავმჯდომარემ - ო. ჯ-ამ და მოითხოვა განცხადების დასაშვებად ცნობა, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის LLII თავის – „განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი“, ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს: 1. განცხადების დასაშვებობა; 2. განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427.1. მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სსსკ-ის 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. და ჯ. ჯ-ებს განცხადებაზე, რომლითაც ისინი ითხოვდნენ კანონიერ ძალაში შესული მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებების გაუქმებას, დაუდგინდათ ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი განცხადების წარმოსადგენად, განესაზღვრათ ვადა 5 (ხუთი) დღე - ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ხარვეზის განჩინება ჩაბარდათ განმცხადებლებს 2016 წლის 15 ოქტომბერს (კერძოდ, ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა ო. ჯ-ამ, ჯ. ჯ-ას მამამ). ჯ. ჯ-ას ხარვეზი არ გამოუსწორებია, მას რაიმე განცხადებით სასამართლოსთვის არ მოუმართავს.
ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2016 წლის 21 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „...“ თავმჯდომარემ, ო. ჯ-ამ და მოითხოვა განცხადების დასაშვებად ცნობა, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ო. ჯ-ა ადმინისტრაციულ საქმეში (რომელზეც მიღებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.12.2007წ. გადაწყვეტილება) არ წარმოადგენდა მხარეს, ის მხოლოდ ჯ. ჯ-ას წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა მარტვილის რაიონულ სასამართლოში (იხ. მარტვილის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ს.ფ. 66-73). სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შეტანაზე უფლებამოსილნი არიან საქმეში მონაწილე მხარეები (მოსარჩელე/მოპასუხე), მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) და სხვა დაინტერესებული პირები. ამდენად, ო. ჯ-ა არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირს, ჯ. ჯ-ას კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგულისხმოა ისიც, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან - განცხადების შეტანამდე გასული იყო 5 წელზე მეტი. შესაბამისად, განცხადება (რომც ყოფილიყო წარმოდგენილი შესაბამისი სუბიექტის მიერ) არ აკმაყოფილებდა განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ო. და ჯ. ჯ-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არის აშკარად უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. მათი მოსაზრებით, განცხადების მოთხოვნა საფუძვლიანია და არ არსებობს მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
2017 წლის 18 აპრილს ო. და ჯ. ჯ-ებმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინეს განცხადება, რომლითაც იშუამდგომლეს მოცემული ადმინისტრაციული საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ.
განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება არის აშკარად უკანონო. განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა. ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შეტანაზე უფლებამოსილნი არიან საქმეში მონაწილე მხარეები და სხვა დაინტერესებული პირები მაშინ, როცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ასეთი მინიშნება არ არის. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო პალატა ასევე აპელირებს სსკ-ის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნაზე, რაც არასწორად არის განმარტებული, რადგან კანონში შეტანილ ცვლილებას უკუქცევითი ძალა არ აქვს.
კერძო საჩივრის ავტორების აზრით, საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. მოცემულ საქმეზე სასამართლოებმა მოქალაქეებს ჩამოართვეს საკუთრებაში არსებული და მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონება. მითითებული საქმე ასევე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რის გამოც იგი განსახილველად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით ო. და ჯ. ჯ-ების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, შუამდგომლობის გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. და ჯ. ჯ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით, მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის მოძღვრის - ს. დ-ას სარჩელით დაწყებული საქმის წარმოება ჯ. ჯ-ასა და მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დასრულდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მარტვილის რაიონის სოფელ ... ... ეკლესიის მოძღვრის - ს. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, შევიდა კანონიერ ძალაში.
2016 წლის 29 აგვისტოს ო. და ჯ. ჯ-ების წარმომადგენელმა - ვ. წ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების (ნაწილობრივ) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების (ნაწილობრივ) გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით (#ბ-1103-5 (ა-16)) ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. და ჯ. ჯ-ებს დაუდგინდათ ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი განცხადების წარმოსადგენად, განესაზღვრათ ვადა 5 (ხუთი) დღე - ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ განმცხადებლებს - ო. და ჯ. ჯ-ებს, საქმის მასალებში მითითებულ მისამართებზე, მაგრამ ვერ მოხერხდა მათთვის განჩინების ასლების ჩაბარება. საბოლოოდ, განმცხადებელთა მისამართის გარკვევის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინების ასლი 2016 წლის 15 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა ო. ჯ-ას.
2016 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „...“ თავმჯდომარემ, ო. ჯ-ამ და მოითხოვა განცხადების დასაშვებად ცნობა, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მართებულად დარჩა განუხილველად ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავზე, რომელიც განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესს. განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს - განცხადების დასაშვებობა და განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს - განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და განცხადების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. მითითებული ნორმა განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ო. და ჯ. ჯ-ებს დაუდგინდათ ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის ან მათ მიერ ხელმოწერილი განცხადების წარმოსადგენად განესაზღვრათ 5-დღიანი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ხარვეზის განჩინება განმცხადებლებს ჩაბარდათ - 2016 წლის 15 ოქტომბერს (კერძოდ, ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა ო. ჯ-ამ, ჯ. ჯ-ას მამამ). ჯ. ჯ-ას ხარვეზი არ გამოუსწორებია, მას რაიმე განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
2016 წლის 21 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „...“ თავმჯდომარემ - ო. ჯ-ამ და მოითხოვა განცხადების დასაშვებად ცნობა, მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ო. ჯ-ა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენდა მხარეს. ის მხოლოდ ჯ. ჯ-ას წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდა მარტვილის რაიონულ სასამართლოში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლების, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადების შეტანაზე უფლებამოსილნი არიან საქმეში მონაწილე მხარეები (მოსარჩელე/მოპასუხე), მესამე პირები (ასკ-ის 16.2 მუხ.) და სხვა დაინტერესებული პირები. ამდენად, ო. ჯ-ა არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირს, ჯ. ჯ-ას კი, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, განცხადება არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს საპელაციო სასამართლოს დასაბუთებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან განცხადების შეტანამდე, კერძოდ, 2016 წლის 29 აგვისტომდე, გასულია ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა, რის გამოც განცხადება არ აკმაყოფილებს განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს. კანონით დადგენილი ვადა გასულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ განცხადებას წარადგენდა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.
რაც შეეხება შუამდგომლობას საქმის განსახილველად დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისადმი დიდი ინტერესის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროების, იშვიათი სამართლებრივი პრობლემის არსებობის საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვითაც სასამართლო თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. საკასაციო პალატა დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ დამოუკიდებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ო. და ჯ. ჯ-ების შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911-ე მუხლის მოთხოვნებს და საქმე განსახილველად არ უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. და ჯ. ჯ-ების კერძო საჩივარი, ასევე, შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. და ჯ. ჯ-ების შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის საქმის განსახილველად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ო. და ჯ. ჯ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი