Facebook Twitter
№330310014435130










№ბს-168-165(კ-15) 10 სექტემბერი, 2015 წელი თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ზ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს პრეზიდენტი

მესამე პირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ სამართლებრივი მდგომარეობის აღიარება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 18 თებერვალს ზ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ.
მოსარჩელემ იმ ფაქტის აღიარება მოითხოვა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ - მას - ზ. ბ-ეს (მ-ს) 1992 წელს (საომარი მოქმედების დროს) გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 1992-1993 წლებში აფხაზეთის ცნობილი მოვლენების დროს იყო საქართველოს ... სამსახურის უფროსი, რომელიც შეიქმნა ... გასამხედროებული დაცვის განყოფილების ბაზაზე ... ობიექტზე გახშირებული თავდასხმების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მოსარჩელის მითითებით, გასამხედროებული 600 კაციანი ჯგუფები ომის დროს ექვემდებარებოდნენ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს და ასრულებდნენ მის უშუალო დავალებებს. 1992 წლის დეკემბერში აღნიშნულმა ჯგუფებმა არაერთხელ დაიცვეს ... უსაფრთხოება. ამ ჯგუფებმა გახსნეს გზა სამეგრელოს, გალის და ოჩამჩირის რაიონში - სოხუმამდე.
მოსარჩელის განმარტებით, იგი როგორც ... სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მეთაური 1993 წლის 30 ივნისიდან 6 ივლისამდე ...-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ გ. ა-ას დავალებით იმყოფებოდა ... დასაცავად, სადაც 6 ივლისს ბრძოლის დროს ჩავარდა ტყვედ აფხაზი სეპარატისტების ხელში. ტყვეობაში იმყოფებოდა გაცვლამდე 1993 წლის 19 დეკემბრამდე.
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის მერიის 1995 წლის 1 მარტს №52 განკარგულებით, რაზმის 5 მებრძოლის სახელი ეწოდა თბილისის 5 ქუჩას, ხოლო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დასტურით თბილისის გადასასვლელ ხიდს მიენიჭა „...“ სახელი.
მოსარჩელის განმარტებით, ... და ... გახსნის დროს პრეზიდენტის მიერ მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა, რომელიც, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი დოკუმენტურად არ გაფორმებულა. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ბ-ეს ჰქონდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული წერილობითი განმარტება, ზ. ბ-ისათვის (მ-ისათვის) სამხედრო (გენერლის) წოდების მინიჭების შესახებ, არც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და არც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (შესაბამისი კომპეტენციის არარსებობაზე მითითებით) მას გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების ფაქტი არ დაუდასტურა, რის გამოც მან აღიარებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და იმ ფაქტის აღიარება მოითხოვა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ - მას - ზ. ბ-ეს (მ-ს) 1992 წელს (საომარი მოქმედების დროს) გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაბმული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად სათანადო მოპასუხედ ჩაება საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის მიერ 2011 წლის 5 აპრილს გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ზ. ბ. ძე მ-მა შეიცვალა გვარი და გახდა ზ. ბ. ძე ბ-ე.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ. ბ-ე 1992-1993 წლებში აფხაზეთის ცნობილი მოვლენების დროს იყო საქართველოს ... სამსახურის უფროსი, რომელიც შეიქმნა ... გასამხედროებული დაცვის განყოფილების ბაზაზე ... ობიექტზე გახშირებული თავდასხმების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალურ საკითხების ... კომისიის 1992 წლის 8 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით დასტურდებოდა, რომ მიღებული იქნა საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსის ზ. მ-ის წინადადება რესპუბლიკაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ... დაცვის ცალკე ბატალიონის შექმნის შესახებ. ასევე შეიქმნა შტაბი, რომელიც უხელმძღვანელებდა ბატალიონს ჩამოყალიბების სამუშაოებში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 9 პირი, მათ შორის ზ. მ-ი - შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსი.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს ,,...’’ მიერ 2006 წლის 21 ივლისს გაცემული №აპ-5347 საარქივო ცნობის შესაბამისად დასტურდებოდა, რომ ზ. ბ. ძე მ-ი 1992 წლის 8 ივლისს დაინიშნა საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 1994 წლის 1 ივლისს დაინიშნა საქართველოს ... დეპარტამენტის საუწყებო დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და გათავისუფლდა საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყვანის წესით. 1996 წლის 23 მაისიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის მიერ 1994 წელს გაცემული საბრძოლო მოკვლევით ასევე დასტურდებოდა, რომ ... სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მეთაური ზ. ბ. ძე მ-ი 1993 წლის 30 ივნისიდან 06 ივლისამდე იმყოფებოდა ...-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ გ. ა-ას დავალებით ... დასაცავად, სადაც 6 ივლისს ბრძოლის დროს ჩავარდა ტყვედ აფხაზი სეპარატისტების ხელში. ტყვეობაში იმყოფებოდა გაცვლამდე 1993 წლის 19 დეკემბრამდე.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ე ... ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 30 ივნისის №231 ბრძანებით შეყვანილი იქნა ...-ე ... ბრიგადის შემადგენლობაში და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სპეციალიზირებული ასეულის პირადი შემადგენლობა, გენერალ ზ. მ-ის მეთაურობით 1993 წლის 15 ივნისიდან.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემულ წერილობით განმარტებაზე, რომელიც ადასტურებდა, რომ ზ. ბ-ეს სამხედრო (გენერლის) წოდება სიტყვიერად მიანიჭა, უბრალოდ ვერ იხსენებდა რატომ არ გაფორმდა ეს განკარგულება წერილობით.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 11 აპრილის №7/1884 წერილით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის 22 მარტს წარდგენილ №1620 წერილზე ეცნობა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებებს ანიჭებდა საქართველოს პრეზიდენტი, რის გამოც საკითხის გადაწყვეტა სცილდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპენტენციას. ასევე განემარტა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოძიებული იქნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოკვლეული მასალები დამატებით გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოკვლეული მასალების ფარგლებში დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1992 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში შეიქმნა მუდმივმოქმედი შტაბი, რომელიც ხელმძღვანელობდა ... დაცვის შესაბამის სამსახურებს. ზემოთ აღნიშნული შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო პოლიციის პოლკოვნიკი - ზ. მ-ი, ... პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ამასთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის №3/4-8284 წერილით დადასტურდა, რომ ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, 1996 წლის ივლისის №433 ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოს მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალები ზ. ბ-ის (მ-ის) შესახებ არ მოიპოვებოდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონი 1993 წლის რედაქციით განსაზღვრავდა - სამხედრო და სპეციალურ წოდებებსა და დიპლომატიურ რანგებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში. სამხედრო და სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები ენიჭებოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურევი წლების, სამხედრო და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურობისათვის დაწესებული იყო შემდეგი სამხედრო წოდებები: რიგითი (სამხედრო-საზღვაო ძალებში- მატროსი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი (სამხედრო-საზღვაო ძალებში - მიჩმანი) და ოფიცერთა შემადგენლობის წოდებები. წოდებათა მინიჭების წესი განისაზღვრებოდა შესაბამისი წესდებებით. სამხედრო წოდებებს ანიჭებდა: საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, საინფორმაციო - სადაზვერვო სამსახურის უფროსი და სასაზღვრო ჯარების სარდალი. ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობისა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის დაწესებული იყო უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები. გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება კი უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას განეკუთვნებოდა. მე-6 მუხლის თანახმად, არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებები მიენიჭებოდათ მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის. სასაზღვრო ჯარების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლებს, აგრეთვე ჯარების სახეობათა სარდლებს მიენიჭებოდათ სამხედრო წოდება არა უმაღლეს გენერალ-ლეიტენანტისა (ვიცე-ადმირალი), ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის მეორე წინადადების თანახმად - უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას, აგრეთვე სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს სამხედრო წოდებებს ანიჭებდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე გარდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ხელწერილისა (იმის თაობაზე, რომ ზ. ბ-ისათვის სამხედრო (გენერლის) წოდების სიტყვიერად მინიჭებას ადასტურებდა), სხვა სახის მტკიცებულება ხსენებული ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ იყო.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ხელწერილი ვერ განიხილებოდა საკმარის მტკიცებულებად - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად, რამდენადაც აღნიშული ხელწერილის გაცემის დროისათვის იგი არ წარმოადგენდა არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც მის ხელმძღვანელს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარეს უნდა დაემტკიცებინა მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომელთაც ემყარებოდა მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალებოდა იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობოდა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე არ ცნობდა სარჩელს და არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნას.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 134-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განმარტება იმის თაობაზე, რომ ზ. ბ-ეს სიტყვიერად მიანიჭა გენერლის წოდება სასამართლოს მიერ საკმარის მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარდგენილი მისთვის გენერლის წოდების მინიჭების შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რის გამოც მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა მოითხოვა მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მოწმეთა დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 დეკემბრის საოქმო განჩინებით ზ. ბ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ. ბ-ის აღიარებითი სარჩელის მოთხოვნა – განეკუთვნებოდა არა სამართლებრივი მდგომარეობის დადგენას, არამედ, უფლების აღიარების (გენერალ-მაიორის წოდების ტარების უფლების დადგენა) შემთხვევას. კერძოდ, ზ. ბ-ე ითხოვდა დადასტურებულიყო ის ფაქტი, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ მას - ზ. ბ-ეს (მ-ს) გენერალ-მაიორის წოდება 1992 წელს (საომარი მოქმედების დროს) მიანიჭა და აღიარებულიყო მისი უფლება გენერალ-მაიორის წოდების ტარებაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ უფლების აღიარებისათვის, საქმეზე წარდგენილი უნდა ყოფილიყო იმგვარი მტკიცებულებები, რაც უტყუარს გახდიდა, რომ ზ. ბ-ეს გენერლის წოდება მიენიჭა, წოდებათა მინიჭების შესაბამისი კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ’’სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (1993 წლის რედაქცია) თანახმად, სამხედრო და სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები ენიჭებოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების, სამხედრო და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურობისათვის დაწესებული იყო შემდეგი სამხედრო წოდებები: რიგითი (სამხედრო-საზღვაო ძალებში -მატროსი), უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი (სამხედრო- საზღვაო ძალებში - მიჩმანი) და ოფიცერთა შემადგენლობის წოდებები. წოდებათა მინიჭების წესი განისაზღვრება შესაბამისი წესდებებით. სამხედრო წოდებებს ანიჭებდა: საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი და სასაზღვრო ჯარების სარდალი. ხოლო აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობისა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის დაწესებული იყო უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები. გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება კი უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას განეკუთვნებოდა. მე-6 მუხლის თანახმად, არმიის გენერლის და ადმირალის სამხედრო წოდებები მიენიჭებოდათ მხოლოდ ომის დროს, განსაკუთრებული საბრძოლო დამსახურებისათვის. სასაზღვრო ჯარების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდლებს, აგრეთვე ჯარების სახეობათა სარდლებს მიენიჭებოდათ სამხედრო წოდება არა უმაღლეს გენერალ-ლეიტენანტისა (ვიცე- ადმირალი). ხოლო ამავე კანონის მე-9 მუხლის მეორე წინადადების თანახმად- უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას, აგრეთვე სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს სამხედრო წოდებებს ანიჭებდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა გენერალ-მაიორის წოდების ტარების უფლების აღიარება. მოთხოვნის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებად, კი მითითებული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ხელწერილი (იმის თაობაზე, რომ ის ზ. ბ-ისათვის სამხედრო (გენერლის) წოდების სიტყვიერად მინიჭებას ადასტურებდა); ასევე დოკუმენტები, რომლებშიც ზ. ბ-ე მოხსენიებული იყო გენერლად, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ე ... ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 30 ივნისის №231 ბრძანება, სადაც მითითებული იყო, რომ გენერალ ზ. მ-ის მეთაურობით საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სპეციალიზირებული ასეულის პირადი შემადგენლობა, შეყვანილი იქნა ...-ე ... ბრიგადის შემადგენლობაში და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე 1993 წლის 15 ივნისიდან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა სახის მტკიცებულება ხსენებული ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ ყოფილა. აპელანტის მიერ წარდგენილი იყო მისი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების და დამსახურებების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდებოდა ზ. ბ-ისათვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლის ნორმის არსებობა, რომელიც პირს კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაბამის წოდებას ანიჭებდა, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ამ პირს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი წარმოშვობოდა. სამართლებრივი ურთიერთობის ან უფლების არსებობა- არარსებობის დადგენა იურიდიულ ფაქტებთან იყო დაკავშირებული. თუ სადავო ურთიერთობაში სამართლებრივი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი და აუცილებელი ელემენტები არ იყო სახეზე, მაშინ იგი ვერანაირ სამართლებრივ შედეგს ვერ შეუქმნიდა ამ ურთიერთობაში მონაწილე პირს. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, აპელანტი სამხედრო წოდების მინიჭების ფაქტს ადასტურებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ხელწერილით, იმის თაობაზე, რომ მან ზ. ბ-ეს სამხედრო (გენერლის) წოდება ზეპირსიტყვიერად მიანიჭა, მაგრამ სასამართლომ აღნიშნული გარემოება ვერ მიიჩნია სამართლებრივი მნიშვნელობის მქონედ, რადგანაც ზეპირსიტყვიერად მინიჭებული წოდება ამ ფაქტის სამართლებრივი კვალიფიკაციის საშუალებას არ იძლეოდა, ის მოითხოვდა სამართლებრივ რეგულირებას. კერძოდ, სამხედრო წოდების მინიჭება ხორციელდებოდა უფლებამოსილი პირის წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ზ. ბ-ისათვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების საკითხის დასადგენად, აპელანტს, მინიმუმ, უნდა წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ზ. ბ-ე იყო გენერალ-მაიორის წოდების მატარებელი და რომლითაც ეჭვქვეშ არ დადგებოდა წოდების კანონით დადგენილი წესით მინიჭების ფაქტი. ხოლო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ხელწერილით დასტურდებოდა, რომ ზ. ბ-ესთან მიმართებაში არ გაცემულა სათანადო ბრძანება/განკარგულება წოდების მინიჭების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით აპელანტი ასევე სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებას მოწმეთა დაკითხვის თაობაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ მითითებული განჩინება იყო კანონიერი და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძვლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, რომლის მიხედვითაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, სწორედ, აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლით არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რაც სრულიად მართებული იყო, ვინაიდან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელებულიყო განკუთვნებადობისა და დასაშვებობის პრინციპების გათვალისწინებით. კანონი დაუშვებელ მტკიცებულებათა რიგს, გარდა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისა, მიაკუთვნებდა ასევე ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც, მიუხედავად მათი შინაარსისა, არ იყო ვარგისი კონკრეტული გარემოების დასამტკიცებლად. მოცემულ საქმეზე, მოწმეთა დაკითხვა, სწორედ ამგვარ მტკიცებულებად განიხილებოდა, რადგან მათ, რომც დაედასტურებინათ ზ. ბ-ისთვის გენერლის წოდების მინიჭების ფაქტი, ეს იქნებოდა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის და ის ვერც ცალკე და ვერც სხვა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ვერ გამოიწვევდა იმ სამართლებრივ შედეგს, რომელსაც აპელანტი მოითხოვდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლზე, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და განმარტა, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავდა აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულ მხარეს უნდა მიეთითებინა თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდებოდა, უნდა დაემტკიცებინა ამ გარემოების არსებობა ან არარსებობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე, აპელატმა (მოსარჩელე) მხარემ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ზ. ბ-ის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი იყო უსაფუძვლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება და საკასაციო წესით საქმის განხილვისას მოწმეთა დაკითხვის თაობაზე იშუამდგომლა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ დადგენილად არ ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ბ-ე სხვადასხვა ოფიციალურ დოკუმენტებში მოიხსენიებოდა გენერლად, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილებაში, ასევე №231 ბრძანებაში. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა გავლენას იქონიებდა სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან დასახელებული გარემოებები არაპირდაპირ ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ზ. ბ-ეს მიენიჭა გენერლის წოდება, სხვა შემთხვევაში, ოფიციალურ დოკუმენტებში ზ. ბ-ის გენერლად მოხსენიება არ მოხდებოდა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განმარტების გარდა, რომელიც ადასტურებდა ზ. ბ-ესთვის გენერლის წოდების მინიჭების ფაქტს, მოსარჩელის მხრიდან სხვა მტკიცებულება სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სრულყოფილად ვერ იქნა წარდგენილი მისი გენერლის წოდების მინიჭების შესახებ დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებდა ზ. ბ-ის გენერლობას. საუბარია ზემოთ დასახელებულ დოკუმენტებზე. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ-მოწმეების დაკითხვა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, მსგავსად ზ. ბ-ისა, და რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ზ. ბ-ისთვის გენერლის წოდების მინიჭების ფაქტს. აღნიშნული პირების ჩვენებით დადასტურდებოდა ზ. ბ-ისთვის გენერლის წოდების მინიჭების ფაქტი, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ მტკიცებულებითი ძალა არ მიანიჭა ედუარდ შევარდნაძის განმარტებას და არასწორად მიიჩნია, რომ ვინაიდან, ედუარდ შევარდნაძე ხელწერილის გაცემის დროისთვის არ იყო ადმინისტრაციული ორგანო და არც მისი ხელმძღვანელი-აღნიშნულის გამო ვერ ჩაითვლებოდა მისი ქმედება ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებად და შესაბამისად, საჭირო მტკიცებულებად.
კასატორმა აღნიშნა, რომ მას არც ჰქონდა ინტერესი, ედუარდ შევარდნაძის ხელწერილი აღიარებულიყო ადმინისტრაციულ დაპირებად. ასე რომ ყოფილიყო, ის წარადგენდა არა აღიარებით სარჩელს, არამედ - სარჩელს ქმედების განხორციელების თაოაბაზე. შესაბამისად, მისი განმარტებით, მან აღნიშნული ხელწერილი წარადგინა ერთ-ერთ მტკიცებულებად, რომელიც უნდა განხილულიყო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო დაუსაბუთებელი და არსებობდა მისი გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო; ზ. ბ-ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა ცნობილი ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენლად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის მიერ 2011 წლის 5 აპრილს გაცემული საინფორმაციო ბარათით დასტურდება ის გარემოება, რომ ზ. ბ. ძე მ-მა შეიცვალა გვარი და გახდა ზ. ბ. ძე ბ-ე (ტ. I, ს.ფ. 35-36). 1992-1993 წლებში აფხაზეთის ცნობილი მოვლენების დროს ზ. ბ-ე იყო საქართველოს შეიარაღებული ... სამსახურის უფროსი, რომელიც შეიქმნა ... გასამხედროებული დაცვის განყოფილების ბაზაზე ... ობიექტზე გახშირებული თავდასხმების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად (ტ. I, ს.ფ. 1-13). სოციალურ საკითხების საგზაო კომისიის 1992 წლის 8 ოქტომბრის №3 სხდომის ოქმით დასტურდება, რომ მიღებული იქნა საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსის ზ. მ-ის წინადადება რესპუბლიკაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ... დაცვის ცალკე ბატალიონის შექმნის შესახებ. ასევე შეიქმნა შტაბი, რომელიც უხელმძღვანელებდა ბატალიონს ჩამოყალიბების სამუშაოებში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 9 პირი, მათ შორის ზ. მ-ი - შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსი (ტ. I, ს.ფ. 14-16).
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,...’’ მიერ 2006 წლის 21 ივლისს გაცემული №აპ-5347 საარქივო ცნობის შესაბამისად დასტურდება, რომ ზ. ბ. ძე მ-ი 1992 წლის 8 ივლისს დაინიშნა საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სამსახურის თანამდებობაზე. 1994 წლის 1 ივლისს დაინიშნა საქართველოს ... დეპარტამენტის საუწყებო დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და გათავისუფლდა ... შეიარაღებული დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყვანის წესით. 1996 წლის 23 მაისიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით (ტ. I, ს.ფ. 17).
საქმეში წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის მიერ 1994 წელს გაცემული საბრძოლო მოკვლევით ასევე დასტურდება, რომ ... სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის მეთაური ზ. ბ. ძე მ-ი 1993 წლის 30 ივნისიდან 06 ივლისამდე იმყოფებოდა ...-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ გ. ა-ას დავალებით ... დასაცავად, სადაც 6 ივლისს ბრძოლის დროს ჩავარდა ტყვედ აფხაზი სეპარატისტების ხელში. ტყვეობაში იმყოფებოდა გაცვლამდე 1993 წლის 19 დეკემბრამდე (ტ. I, ს.ფ. 22).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ე ... ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 30 ივნისის №231 ბრძანებით შეყვანილი იქნა ...-ე ... ბრიგადის შემადგენლობაში და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე ... შეიარაღებული დაცვის სპეციალიზირებული ასეულის პირადი შემადგენლობა, გენერალ ზ. მ-ის მეთაურობით 1993 წლის 15 ივნისიდან (ტ. I, ს.ფ. 23).
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემულ წერილობითი განმარტების თანახმად, იგი ადასტურებს, რომ ზ. ბ-ეს სამხედრო (გენერლის) წოდება სიტყვიერად მიანიჭა, უბრალოდ ვერ იხსენებს რატომ არ გაფორმდა ეს განკარგულება წერილობით (ტ. I, ს.ფ. 27).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 11 აპრილის №7/1884 წერილით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს მის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის 22 მარტს წარდგენილ №1620 წერილზე ეცნობა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად, უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებებს ანიჭებდა საქართველოს პრეზიდენტი, რის გამოც საკითხის გადაწყვეტა სცილდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპენტენციას. ასევე განიმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ მოძიებული იქნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ინახებოდა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტროს მიერ მოკვლეული მასალები დამატებით გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას (ტ. I, ს.ფ. 34).
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოკვლეული მასალების ფარგლებში დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1992 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისში შეიქმნა მუდმივმოქმედი შტაბი, რომელიც ხელმძღვანელობდა ... დაცვის შესაბამის სამსახურებს. ზემოაღნიშნული შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო პოლიციის პოლკოვნიკი - ზ. მ-ი, ... პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. (ტ. I, ს.ფ. 114-115). ამასთან, საქართველოს რესპუბლიკის ... შინაგან საქმეთა სამმართველოს 1993 წლის 13 იანვრის ბრძანებით პირად შემადგენლობასთან მუშაობის სრულყოფისათვის, სამმართველოს ცენტრალური აპარატის პირად შემადგენლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განახლდა საქართველოს საატესტაციო კომისიის შემადგენლობა, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო - პოლიციის პოლკოვნიკი ზ.მ-ი (ტ.1. ს.ფ. 113).
გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის №3/4-8284 წერილით დასტურდება ის გარემოება, რომ ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, 1996 წლის ივლისის №433 ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალები ზ. ბ-ის (მ-ის) შესახებ არ მოიპოვება (ტ. I, ს.ფ. 171).
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას, როგორც უფლების აღიარების, ასევე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის მიზნით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული უფლების არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული უფლების არსებობის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ. ბ-ის აღიარებითი სარჩელის მოთხოვნა განეკუთვნება უფლების აღიარების (გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების ტარების უფლების დადგენა) შემთხვევას, კერძოდ, ზ. ბ-ე ითხოვს დადასტურდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ედუარდ შევარდნაძემ 1992 წელს (საომარი მოქმედების დროს) მას - ზ. ბ-ეს (მ-ს) გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ფაქტის აღიარებისათვის, საქმეზე წარმოდგენილი უნდა იყოს იმგვარი მტკიცებულებები, რომელიც უტყუარს გახდის, რომ ზ. ბ-ეს (მ-ს) გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა, წოდებათა მინიჭების შესაბამისი კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელის ძირითად ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მითითებული არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის 2011 წლის 18 ოქტომბერს გაცემული ხელწერილი (ზ. ბ-ისათვის სამხედრო (გენერლის) წოდების სიტყვიერად მინიჭების ფაქტის დადასტურების შესახებ) და საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ე ... ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 30 ივნისის №231 ბრძანება (სადაც მითითებული არის, რომ გენერალ ზ. მ-ის მეთაურობით საქართველოს ... შეიარაღებული დაცვის სპეციალიზირებული ასეულის პირადი შემადგენლობა, 1993 წლის 15 ივნისიდან შეყვანილი იქნა ...-ე ... ბრიგადის შემადგენლობაში და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის დასადგენად, თუ შესაბამისი ფაქტის დასადასტურებლად რამდენად არის საკმარისი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, აუცილებელია შეფასება მივცეთ სადავო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს და წოდებათა მინიჭების შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო და სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების შესახებ“ კანონის თანახმად, სამხედრო და სპეციალური წოდებები და დიპლომატიური რანგები ენიჭებოდათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს მათი სამსახურებრივი მდგომარეობის, ნამსახურები წლების, სამხედრო და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების, სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის თანამდებობრივი მდგომარეობისა და ნამსახურობისათვის დაწესებული იყო შემდეგი სამხედრო წოდებები: რიგითი (სამხედრო-საზღვაო ძალებში -მატროსი), უმცროსი - სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი (სამხედრო- საზღვაო ძალებში - მიჩმანი) და ოფიცერთა შემადგენლობის წოდებები. წოდებათა მინიჭების წესი განისაზღვრებოდა შესაბამისი წესდებებით. სამხედრო წოდებებს ანიჭებდა: საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი და სასაზღვრო ჯარების სარდალი. ხოლო აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობისა და მათთან გათანაბრებულ პირთათვის დაწესებული იყო უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას განეკუთვნებოდა და ზემოაღნიშნული კანონის მე-9 მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად - უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას, აგრეთვე სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს სამხედრო წოდებებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ანიჭებდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უმაღლესი რანგის ოფიცრისათვის წოდების მინიჭების ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ სახელმწიფო მეთაურს გააჩნდა (დღეს მოქმედი კანონმდებლობითაც მხოლოდ სახელმწიფო მეთაურის კომპეტენციაა).
უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ სახელმწიფო მეთაურის - ედუარდ შევარდნაძის მიერ არც უშუალოდ ზ. ბ-ისათვის გენერალ-მაიორის წოდების მინიჭების შესახებ შესაბამისი აქტი და არც სხვა რაიმე სახის საერთო ხასიათის დოკუმენტი 1991-1993 წლებში საომარი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო მეთაურის მიერ ზეპირსიტყვიერად მინიჭებული წოდებების დადასტურების შესახებ არ გამოცემულა, როგორც ეს მაგალითად საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის ივლისის №433 ბრძანებით განხორციელდა, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი მტკიცებულებების (მეთაურების, თანამებრძოლების ახსნა-განმარტებები, ამონაწერები უწყისებიდან, ბრძანების ამონაწერი თანამდებობაზე დანიშვნაზე ან გადაადგილებაზე, როგორც ოფიცრისა და სხვა) წარდგენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეებს დაუდასტურდათ თავდაცვის მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და საარმიო კორპუსის მეთაურების მიერ მათთვის სამხედრო წოდების ზეპირსიტყვიერად მინიჭების ფაქტი. ზოგიერთ შემთხვევაში კი მტკიცებულებების არასაკმარისობის შემთხვევაში საკითხის ყოველმხრივ შესწავლის მიზნით დაიწყო მოკვლევა (ტ. I, ს.ფ. 37-38).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2012 წლის №3/4-8284 წერილის თანახმად, ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, 1996 წლის ივლისის №433 ბრძანების შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული მოკვლევის მასალები ზ. ბ-ის (მ-ის) შესახებ არ მოიპოვება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ზ. ბ-ისათვის სამხედრო (გენერლის) წოდების მინიჭების ფაქტზე მიუთითებს ეს არის ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განმარტება, რომელიც ადასტურებს ზეპირსიტყვიერად ზ. ბ-ისათვის სამხედრო გენერლის წოდების მინიჭების ფაქტს და თუმცა, ზუსტად ვერ იხსენებს შესაბამისი ბრძანების გამოუცემლობის მიზეზს.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის განმარტების მიმართ არ შეიძლება არსებობდეს კანონიერი ნდობა, რადგან იგი შესაბამისი განმარტების მიცემის დროს თანამდებობის პირს აღარ წარმოადგენდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს კანონიერი ნდობა წარმოადგენს. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.
კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეუძლებელია კანონიერი ნდობა არსებობდეს იმ პირის ქმედების მიმართ, რომელიც ამ ქმედების განხორციელების ეტაპზე არც ადმინისტრაციულ ორგანოს და არც შესაბამის თანამდებობის პირს აღარ წარმოადგენს და ბუნებრივია მის ქმედებას თუ დაპირებას ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის ახსნა-განმარტება უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების ზეპირსიტყვიერად მინიჭების თაობაზე არ შეიძლება განხილული იქნეს იმ საკმარის მტკიცებულებად, რომელიც თუნდაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ...-ე ... ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 30 ივნისის №231 ბრძანებასთან ერთად შეიძლება გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების მინიჭების ფაქტის უდავოდ დადასტურების საფუძველი გახდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზ. ბ-ისათვის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების მინიჭების შესაძლებლობის განსასაზღვრად აუცილებელია შეფასდეს ის კრიტერიუმები, თუ რა უნდა დაეკმაყოფილებინა მოსამსახურეს, რომ მას შესაბამისი წოდება მინიჭებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო და სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე, რომლის თანახმადაც სამხედრო წოდების მინიჭება ხორციელდებოდა თანმიმდევრულად და სამხედრო წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელი იყო (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). ამავე კანონის მე-8 მუხლით განისაზღვრებოდა შესაბამისი წოდებისათვის სამსახურის გავლის ვადები, თუმცა უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდებოდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „სამხედრო და სპეციალური წოდებების და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმადაც, გენერალ-მაიორის წოდების წინა საფეხურს პოლკოვნიკის წოდება წარმოადგენდა. ამდენად, გენერალ-მაიორის წოდების მისანიჭებლად აუცილებელი იყო, რომ ზ. ბ-ეს პოლკოვნიკის წოდება ჰქონოდა.
საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში - საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 1992 წლის 23 დეკემბრის №34 დადგენილების შესაბამისად შტაბის შემადგენლობის განსაზღვრის 1993 წლის 4 იანვრის აქტში (ტ. I, ს.ფ. 114-115) და საქართველოს რესპუბლიკის ... შინაგან საქმეთა სამმართველოს 1993 წლის 13 იანვრის ბრძანებაში (ტ. I, ს.ფ. 113) ზ. ბ-ე (მ-ი) მოხსენიებულია არა პოლკოვნიკად (სამხედრო წოდება), არამედ „პოლიციის“ პოლკოვნიკად, რაც საერთოდ ცალკე სპეციალურ წოდებას მიეკუთვნებოდა (მიეკუთვნება) და განსხვავებულ რეგულირებას ექვემდებარებოდა, მართალია მასზე ვრცელდებოდა აღნიშნული კანონი, მაგრამ სპეციალური წოდების მინიჭების საკითხს სულ სხვა მუხლი კერძოდ, მე-13 მუხლი არეგულირებდა. ამასთან, მართალია სპეციალური წოდების მქონე პირებს უმაღლესი ოფიცრის (მოცემულ შემთხვევაში, გენერალ-მაიორის) სტატუსს სახელმწიფო მეთაური ანიჭებდა/ანიჭებს (მე-13 მუხლი), მაგრამ იმ განსხვავებით, რომ შესაბამის წოდებას წინ უნდა დაემატოს სიტყვა „პოლიციის“. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ზ. ბ-ე სწორედ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებას ითხოვს და მას „პოლიციის“ გენერალ-მაიორობის მინიჭების თაობაზე არსად არ მიუთითებია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სპეციალური წოდების მქონე პირისათვის სამხედრო წოდების მინიჭება დაუშვებელია, გარდა, შესაბამისი წოდებების გათანაბრებისა, რაც რეალურად „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2008 წლის 19 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების შემდგომ გახდა შესაძლებელი, კერძოდ, კანონს დაემატა 463 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე გადასულ პირთა სპეციალური წოდებები გაუთანაბრდა შესაბამის სამხედრო წოდებებს და მიენიჭათ მათი სპეციალური წოდების შესაბამისი სამხედრო წოდება. ამდენად, ზემოაღნიშნული კანონი (1997 წლის კანონი) და შესაბამისი ცვლილებები (2008 წელს განხორციელებული) ზ. ბ-ეზე ვერანაირად ვერ გავრცელდებოდა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი ზ. ბ-ის (მ-ის) წოდების სამხედრო წოდებასთან გათანაბრების ან ზოგადად სპეციალური წოდების მქონე პირთა სამხედრო წოდების მქონე პირებთან გათანაბრების თაობაზე, ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ყოფილი სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე ადასტურებდა ზ. ბ-ისათვის სწორედ სამხედრო (გენერლის) წოდების მინიჭების ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში შეუძლებელია დადგინდეს ის ფაქტი, რომ „პოლიციის“ პოლკოვნიკ ზ. ბ-ეს (მ-ს) გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა, რადგან ეს თავისთავად ეწინააღმდეგება როგორც სადავო პერიოდში მოქმედ, ისე ამჟამად მოქმედ კანონმდებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ (კასატორმა) ვერ წარმოადგინა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი თავის მხრივ წინააღმდეგობრივია, რის გამოც ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ლ. მურუსიძე