საქმე # 330310014504640
საქმე #ბ-491-4(ა-17) 22 ივნისი, 2017 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2017წ. №ბს-260-258(კ-17) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-ემ 21.05.2014წ. სარჩელით მიმართა თვილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის - 1 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.10.2015 წ. გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 1 (ერთი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.09.2016 წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2017 წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჩივრებდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან სააპელაციო პალატის ასლი სამინისტროს ჩაბარდა 08.02.2017წ., საკასაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 02.03.2017წ., ამასთამავე, საკასაციო საჩივარი ან თანდართული კონვერტი არ შეიცავდა მითითებას საკასაციო საჩივრის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის სხვა თარიღის შესახებ.
24.04.2017წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 01.03.2017წ., რაც დასტურდება საფოსტო გზავნილების N2 რეესტრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე თანდართულია ... ფოსტის საფელდეგრო სამსახურში გადასაგზავნად ჩაბარებულ კორესპონდენციაზე შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის მიერ შედგენილი 01.03.2017წ. N2 რეესტრი (ტ.2, ს.ფ. 85), რომელზეც განთავსებულია შსს-ს იურიდიული დეპარტამენტისა და შპს „...“ შტამპები, ფოსტის მიერ პაკეტების მიღების თარიღად მითითებულია 01.03.2017წ., ამასთანავე, კორესპონდენციათა ჩამონათვალში მითითებულია პაკეტი - საკასაციო საჩივარი ნომრით ნ/გ, ხოლო აღნიშნული კორესპონდენცის მიმღებად დასახელებულია თბილისის სააპელაციო სასამართლო. საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე, მართალია აღნიშნული არ არის ფოსტაში ჩაბარების თარიღი, თუმცა პაკეტის ნომრად მითითებულია ნ/გ (ტ.2,, ს.ფ 74).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა ეწურებოდა 01.03.2017წ. 24 საათზე. კასატორის მიერ წარმოდგენილი N2 რეესტრით დასტურდება, რომ კორესპონდენცია ფოსტას ჩაბარდა 01.03.2017წ.. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი 21-დღიანი ვადის დაცვით არის შემოტანილი, ამასთანავე, საკასციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო შპს „...“ მიერ დაშვებული ხარვეზის შედეგად, რადგან კონვერტზე არ მიეთითა გზავნილის (საკასაციო საჩივრის) ფოსტაში შეტანის თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.03.2017წ. განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქარელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.03.2017წ. №ბს-260-258(კ-17) განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. ვაჩაძე