Facebook Twitter
საქმე # 330310016001220081










საქმე №ბს-294-292(კ-17) 19 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ააიპ ... სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ ... სააგენტომ 2016 წლის 20 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოპასუხისათვის ააიპ ... სააგენტოსათვის მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის, კერძოდ, სსიპ ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლის წესდების ასლის ელექტრონული ფორმით გადაცემა და მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯის - წარმომადგენლობით მომსახურების - 550 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლას დაევალა ა(ა)იპ ... სააგენტოს გადასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლის წესდების ასლი ელექტრონული ფორმით; მოსარჩელეს უარი ეთქვა წარმომადგენლობით მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმომადგენლობითი მომსახურების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ... სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ... სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის წარმომადგენლობით მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ ქ. თბილისის N130 საჯარო სკოლას ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა, ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დავის საგანი, თავისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება იმგვარ დავათა კატეგორიას, რომელზეც აუცილებელია კვალიფიცირებული საადვოკატო მომსახურების გაწევა. ამგვარი მსჯელობა სურათს წარმოაჩენს იმგვარად, რომ სხვა შემთხვევაში, თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დავა არ არის რთული კატეგორიის და მასზე აუცილებელი არაა ადვოკატის მომსახურების გაწევა, პალატის მოსაზრებით, გამოიწვევს მხარის უფლების შეზღუდვას, სასამართლოში წარმოდგენილი იყოს კვალიფიციური ადვოკატით, ნებისმიერ (რთულ თუ ისეთ დავებზე, რომელიც სასამართლოს აზრით, არ განეკუთვნება რთულ დავათა კატეგორიას) საქმეზე. შესაბამისად, ვერ იქნება რეალიზებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, მეორე მხარისათვის დაკისრება, სასამართლოს მიერ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა დაეკისროს 2 000 ლარამდე ოდენობით.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს და სასამართლო არ უნდა შეუდგეს იმის მტკიცებას, რომ დავის კატეგორიიდან გამომდინარე, საქმეზე საერთოდ არ იყო საჭირო ადვოკატის მომსახურების გაწევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ Nბს-1330-1315(კ-11) საქმეზე 2012 წლის 9 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებსა და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია“.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა ან თუნდაც წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, ქველმოქმედების სახით. საქმეში „ფადეევა, რუსეთის წინააღმდეგ“ (Fadeyeva v. Russia) სასამართლომ ადვოკატის მომსახურებისათვის ხარჯის დაკისრებასთან დაკავშირებით განმარტა, „სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს არ წარმოუდგენია მასსა და მის ადვოკატებს შორის დადებული რაიმე წერილობითი ხელშეკრულება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს. ხელშეკრულება იურიდიული, საკონსულტაციო-საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ შეიძლება დაიდოს ზეპირი ფორმითაც და არაფერი აჩვენებს, რომ ეს ასე არ იყო განმცხადებელსა და წარმომადგენლების შემთხვევაში. მაშასადამე, ადვოკატების ჰონორარები ანაზღაურებადია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და რეალურია. ამ დასკვნაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ განმცხადებელს არ ეკისრებოდა ამ თანხების წინასწარ გადახდის მოვალეობა“.
საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს 2016 წლის 19 იანვარს, „ … ბიუროსათვის“ გადარიცხული აქვს - 550 ლარი წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის.
პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულების გათვალისწინებით, სსიპ ქ. თბილისის N130 საჯარო სკოლას ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
იმ პირობებში, როცა საცილოდ არავის გაუხდია დავალების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია სააგენტოსა და გ. ტ-ს შორის, იმაზე აპელირებით, რომ გ. ტ-ი ერთიდაიგივე პერსონაა, მოწინააღმდეგე მხარისათვის ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების უსაფუძვლოდ მიჩნევა დაუსაბუთებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლამ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მართალია, სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით, თუმცა არასწორად განმარტა იგი. მაშინ, როცა მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს, მაგრამ იმისათვის რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯების გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით განსაზღვრულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები, რომელიც ადგენს შემდეგს: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
კასატორი მიუთითებს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ა(ა)იპ ... სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გ. ტ-ი, რომელიც ა(ა)იპ-ის დებულების გათვალისწინებით წარმოადგენს სააგენტოს უფროსს. დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უმაღლეს მმართველობითი, ასევე წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირია სააგენტოს უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ერთპიროვნულად. დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის ფუნქციები. კერძოდ, სააგენტოს უფროსი ახორციელებს: სააგენტოს მართვას, წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სხვა. იმავე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფროსი წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლო და ადმინისტრაციულ, ასევე საგამოძიებო და საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ მის მიერ არ არის გაცემული შესაბამისი დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა მიმართ ზემოთ მოცემული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. დადგენილია, რომ გ. ტ-ს არ გაუცია დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეზე - წარმოედგინა სააგენტოს ინტერესები სასამართლოში. ასევე დადასტურებულია, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა - გ. ტ-მა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო წარმომადგენლობით უფლებამოსილება მიანიჭა „ ... ბიუროს“, რომლის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსაც თვითონ წარმოადგენს. გ. ტ-ი ითხოვს სააგენტოს იმ „წარმომადგენლობაზე" გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც მან გასწია სასამართლოში და რაც მისი, როგორც სააგენტოს უფროსის (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) უშუალო (სააგენტოს მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე დებულებით განსაზღვრულ) ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სახეზეა იმ „პირის“ მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „იურიდიული დახმარება“, როგორც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების აუცილებელი პირობა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ მხარე გადახდისუუნაროა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ამ საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილია, სასამართლოს უფლება აქვს, აღნიშნული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლით დადგენილ ფარგლებში დანიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. სასამართლომ გადაწყვეტილების 4.2.1 პუნქტში არასწორად მიუთითა, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს 2016 წლის 19 იანვარს, „ ... ბიუროსთვის გადარიცხული აქვს 550 ლარი წარმომადგენლობითი მომსახურებისათვის. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი, რაც გულისხმობს არა გადარიცხვას, არამედ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას, მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. დადასტურებულია, რომ „... ბიუროს“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - გ. ტ-ი არ არის ადვოკატი. აქედან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება, რომ მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეულ ხარჯებს. ამასთან, მართალია, როგორც სააპელაციო სასამართლო უთითებს, სსიპ ქალაქ თბილისის N130 საჯარო სკოლას ამ ეტაპზე საცილოდ არ გაუხდია დავალების ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია სააგენტოსა და ... ბიუროს შორის, ცალსახაა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების მხარეებად ერთი და იგივე პიროვნება ფიგურირებს, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ ხელშეკრულება არის მოჩვენებითი გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ვინაიდან, გ. ტ-ი არის როგორც სააგენტოს წარმომადგენელი (თავმჯდომარე), ასევე ბიუროს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მოთხოვნილი წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს აუცილებელ ხარჯს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ააიპ ... სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა და სსიპ ქ. თბილისის №130 სკოლას დაევალა ააიპ ... სააგენტოს გადასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, სსიპ ქალაქ თბილისის №130 საჯარო სკოლის წესდების ასლი ელექტრონული ფორმით, სსიპ ქ. თბილისის №130 სკოლის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლისთვის ა(ა)იპ ... სააგენტოს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 550 ლარის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მეორე მხარეს. ამასთან, მხარისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებისას, აუცილებელია შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით, რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
განსახილველ შემთხვევაში კასაციის ძირითად მოტივს სწორედ ის გარემოება წარმოაგდგენს, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს თავმჯდომარე - გ. ტ-ი და „... ბიუროს“ წარმომადგენელი - გ. ტ-ი ერთი და იგივე პიროვნებაა, რომლის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა სააგენტოს წარმომადგენლობა, ამასთან, კასატორის მტკიცებით, აღნიშნული ბიურო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე მოძიებული ინფორმაციით, არ ფიქსირდება როგორც საადვოკატო ბიურო და გ. ტ-ი არ არის ადვოკატი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლით განსაზღვრულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები, რომლის თანახმად, 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი/წევრი უფლებამოსილია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა; 2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც; 3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციული სტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს მისი წესდებით (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებით), რომელიც საჭიროებს სათანადო წესით დამოწმებას; 4. არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ამონაწერზე მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად, ა(ა)იპ ... სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია გ. ტ-ი (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან), რომელიც წარმოადგენს სააგენტოს უფროსს. ამასთან, ... სააგენტოს დებულების მე-12 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უმაღლეს მმართველობითი, ასევე წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირია სააგენტოს უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ერთპიროვნულად. დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფროსის ფუნქციები, კერძოდ, სააგენტოს უფროსი: ახორციელებს სააგენტოს მართვას; წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და სხვ. ამავე მუხლის მე-21 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფროსი წარმოადგენს სააგენტოს ყველა ინსტანციის სასამართლო და ადმინისტრაციულ, ასევე საგამოძიებო და საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუ მის მიერ არ არის გაცემული შესაბამისი დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეთა მიმართ ზემოთ მოცემული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. ამდენად, ა(ა)იპ ... სააგენტოს კანონისმიერ წარმომადგენელს სააგენტოს უფროსი - გ. ტ-ი წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში გ. ტ-ი ითხოვს სააგენტოს იმ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც მან გასწია სასამართლოში და რაც მისი, როგორც სააგენტოს უფროსის (ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) უშუალო კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა. ამდენად, სახეზეა იმ პირის მიერ წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელმაც კანონისმიერი ვალდებულების საფუძველზე სააგენტოს ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა სასამართლოში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „იურიდიული დახმარება“, როგორც ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების დაკისრების აუცილებელი პირობა.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ... სააგენტოს დებულების მე-3 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სააგენტოს სტრუქტურა, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია იურიდიული განყოფილება; ამავე მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს სააგენტოს სრულ იურიდიულ მომსახურებას, წარმოადგენს სააგენტოს სასამართლო, საგამოძიებო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ადგენს სააგენტოს უფროსის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების პროექტებს, ახორციელებს კანონით და სააგენტოს უფროსის ბრძანებით მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააგენტოს უფროსს - გ. ტ-ს არ გაუცია დავალება სააგენტოს სხვა მოსამსახურეზე - წარმოედგინა სააგენტოს ინტერესები სასამართლოში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ა(ა)იპ ... სააგენტომ სასამართლოში წარმომადგენლობით უფლებამოსილება მიანიჭა „ ... ბიუროს“ (ს/კ ...), რომლის იურისტს თავად გ. ტ-ი წარმოადგენს. ამდენად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ა(ა)იპ ... სააგენტოს დებულების თანახმად, სააგენტოს აქვს იურიდიული განყოფილება, მოსარჩელემ სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლის წინააღმდეგ საქმის სასამართლოში წარმოების მიზნით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა სხვა კომპანიას - „... ბიუროს“, კერძოდ, ა(ა)იპ ... სააგენტოს სახელით სასამართლოში საქმის წარმოების უფლება მიეცა ბიუროს იურისტს - გ. ტ-ს, რომელიც, იმავდროულად, არის სააგენტოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საფუძველი. სააგენტოს უფროსმა - გ. ტ-მა განახორციელა მასზე დაკისრებული სააგენტოს წარმომადგენლობის კანონისმიერი ვალდებულება, რის გამოც მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ „... ბიურო“ არ წარმოადგენს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საადვოკატო ბიუროს, ხოლო თავად გ. ტ-ი არ არის გაწევრიანებული ადვოკატთა ასოციაციაში. ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობა ეჭვქვეშ არ აყენებს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს არა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი, არამედ სააგენტოს უფროსის მიერ მასზე კანონით დაკისრებული კანონისმიერი ვალდებულების განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის №130 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების - 550 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ ქ. თბილისის #130 საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა(ა)იპ ... სააგენტოს სარჩელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე