#ბს-578-575(2კ-17) 14 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 5 ივნისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ასებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ შპს „…“ მიერ შპს „ა…“ გაცემულ სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის საკითხის არ დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის #51018 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის #094-216 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 მარტის #6543 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების (საჩივარი #9830/2/15) ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „…“ (ს/კ #...) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება (საჩივარი #9830/2/15); ასევე ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის #51018 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 მარტის #6543 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბრის #094-216 საგადასახადო მოთხოვნა შპს „ა…“ გაცემულ სესხზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის საკითხის არ დაკმაყოფილების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური საკასაციო საჩივრებს აფუძნებენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს „...“ და შპს „ა...“ საგადასახადო მიზნებისათვის წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.
დადგენილია, რომ 2008 წლის 10 იანვარს ურთიერთდამოკიდებულ პირებს - შპს „…“ და შპს „ა…“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #241/08, რომლის თანახმად, გამსესხებელმა (შპს „…“) ასესხა, ხოლო მსესხებელმა (შპს „ა…“) ისესხა და აიღო ვალდებულება დაუბრუნოს გამსესხებელს თანხა (შემდგომში „სესხი“) იმ ოდენობითა და პირობებით, რაც განისაზღვრა ხელშეკრულებით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, სესხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 7 600 000 ლარს, ხოლო 3.3. პუნქტის თანახმად, სესხისთვის გათვალისწინებული იქნა პროცენტი, რაც შეადგენდა წლიურ 12%-ს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 1 სექტემბრამდე სესხისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 12%-ს, ხოლო 2010 წლის 1 სექტემბრიდან სესხისთვის გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი გახლდათ 18%.
შპს „…“ საქმიანობის სადავო ნაწილის შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე გაცემულ იქნა სესხი საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე დაბალი განაკვეთით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ ფაქტობრივი გარემოებების სათანადო შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე დაადგინა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შედეგებზე მათი ურთიერთდამოკიდებულების გავლენის ფაქტი, რამაც შედეგობრივად გამოიწვია მოსარჩელეზე გადასახადების დამატებით დარიცხვა. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადების გადამხდელის სადავო პერიოდში განხორციელებული გარიგების „საბაზრო ფასის“ დადგენისა და დაბეგვრის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული სს „ბ…“ და სს „თ…“ მონაცემები, რომლის თანახმად, ურთირთდამოკიდებულ პირებს შორის გაცხადებული სესხის საპროცენტო განაკვეთის ოდენობა შესაბამისობაში მოდის არსებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რაც წარმოადგენს სარწმუნო ინფორმაციას. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული, რომ შპს „…“ წარმოადგენს შპს „ა…“ დამფუძნებელსა და 100% წილის მესაკუთრეს. არ იქნა გათვალისწინებული შპს „ა…“ საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება. ამასთანავე, არ იქნა გათვალისწინებული სავალო ვალდებულების პროცენტის გადასახდელის ვადა და ოდენობა და ის გარემოება, რომ გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, მსესხებელს შეეძლო სესხი აეღო საბანკო დაწესებულებებიდანაც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირებს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის, „ანალოგიური საქონელი/მომსახურება“ გულისხმობს იმგვარ საქონელს/მომსახურებას, რომლის მიწოდება ხდება შესადარის პირობებში. შესადარისობის განსაზღვრისათვის უნდა მოხდეს ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია, სეზონურობა, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის პირობები და სხვა გონივრული პირობები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გარიგების ფასზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთი დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე არსებული გარიგებების ანალიზის საფუძველზე და თუკი საბაზრო ფასსა და ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული ოპერაციით დაფიქსირებული გარიგების ფასს შორის სხვაობა აღემატება 10%-ს, დაბეგვრის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს, კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი საბაზრო ფასი. იმ შემთხვევაში, თუ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდებოდა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გაცხადებული სასესხო საპროცენტო განაკვეთი რეალურად არ წარმოადგენდა საბაზრო ფასს, ადმინისტრაციული ორგანოს კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო ფასთა შორის სხვაობა აღემატებოდა თუ არა 10%-ს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იყო უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო გაევრცელებინა საბაზრო საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შორის არსებულ სესხის ხელშეკრულებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „…“ და შპს „ა…“ შორის დადებული ხელშეკრულებით დადგენილი სესხის საპროცენტო განაკვეთი შესაბამისობაში მოდის სესხის ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების პერიოდში არსებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რაც გამორიცხავს მათ შორის დადებულ გარიგების შედეგებზე ურთიერთდამოკიდებულების გავლენის ფაქტს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი