#ბს-708-704(კ-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 23 დეკემბერს ქ. თბილისის მერიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 15 ნოემბრის #2990/2667-05 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 26 ივლისის #1037 განკარგულების შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 მაისის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ა. მ-ე, შპს „…“, თ. ქ-ე, ნ. დ-ე, ბ. წ-ა, ნ. თ-ე, დ. გ-ე, ნ. დ-ა, მ. გ-ი, ა. ჩ-ი, თ. შ-ა, ნ. ნ-ა და ზ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით საქმეზე ქ.თბილისის მერიის სარჩელისა გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები - დ. გ-ე, შპს „...“, ა. მ-ე და სხვები, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მესამე პირების: ა. მ-ის, შპს „...“, თ. ქ-ის, ნ. დ-ის, ნ. თ-ის, ნ. დ-ას, მ. გ-ის, ა. ჩ-ისა და ნ. ნ-ას ნაწილში შეჩერდა წარმოება ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 26 ივლისის #1037 განკარგულების კანონიერების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის განჩინებით საქმე ქ.თბილისის მერიის სარჩელისა გამო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები - დ. გ-ე, შპს „...“, ა. მ-ე და სხვები, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე, შეჩერდა ბ. წ-ას უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2011 წლის 2 აგვისტოს ქ.თბილისის მერიამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და სარჩელის უზრუნველყოფის სახით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... მიმდებარედ მდინარის კალაპოტში, ფართით 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...), ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, მდინარის კალაპოტში, რესტორან „...“ სამხრეთით, ფართით 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...), ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... მიმდებარედ მდინარის კალაპოტში, ფართით 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...), ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... და ... საცხოვრებელ სახლს შორის, ფართით 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...) ნებისმიერი რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ქ.თბილისის მერიის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... მიმდებარედ მდინარის კალაპოტში, ფართით 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...), ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, მდინარის კალაპოტში, რესტორან „...“ სამხრეთით, ფართით 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...), ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... მიმდებარედ მდინარის კალაპოტში, ფართით 260 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...), ქ.თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... და ... საცხოვრებელ სახლს შორის, ფართით 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ #...) უფლების რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ბ. წ-ას უფლებამონაცვლედ დაშვებულ იქნენ დ. წ-ა და გ. წ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მოსარჩელე ქ.თბილისის მერიის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; ქ.თბილისის მერიის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ნ. თ-ის, ნ. დ-ას, ნ. ნ-ას, დ. გ-ის, ზ. მ-ის, თ. შ-ას, ბ. წ-ას უფლებამონაცვლეების დ. წ-ას და გ. წ-ას ნაწილში დარჩა განუხილველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... მიმდებარედ მდინარის კალაპოტში, ფართით 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #...), ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე მდინარის კალაპოტში, რესტორან „...“ სამხრეთით ფართით 900.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #....), ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... მიმდებარედ მდინარის კალაპოტში ფართით 260.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...), ქ. თბილისში, მდინარე მტკვრის ... სანაპიროზე, ... და ... საცხოვრებელ სახლს შორის ფართით 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. #...) უფლების რეგისტრაციის განხორციელება - გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, მოცემულ დავის ფარგლებში უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქ.თბილისის მერიის 2005 წლის 26 ივლისის #1037 განკარგულება წარმოადგენს კანონშესაბამის აქტს.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ გაიზიარა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხთა განხილვა და გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სზაკ-ის 70-ე მუხლი.
კასატორის მითითებით, მოცემულ პირობებში, ნივთის შეძენა დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების სზაკ-ის ნორმების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
კასატორის განმარტებით, ქ.თბილისის მერიის მიერ ქ.თბილისის პრემიერის განკარგულებები ბათილად იქნა ცნობილი მათი ძალაში შესვლის დღიდან, რაც გულისხმობს, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის, ამავე ხელშეკრულების საფუძვლად არსებული განკარგულებები რეალურად არ არსებობდა, რაც უცილოდ ბათილს ხდის რეგისტრაციების საფუძვლად მითითებულ ხელშეკრულებებს.
კასატორმა მიუთითა განკარგულებების გამოცემის დროისათვის მოქმედ „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ ქ.თბილისის პრემიერის 2000 წლის 29 თებერვლის #104, 2001 წლის 16 აგვისტოს #835, 2001 წლის 29 ნოემბრის #1073, 2001 წლის 19 თებერვლის #135, 2002 წლის 19 ივლისის #539, 2001 წლის 13 დეკემბრის #1122, 2001 წლის 10 ივლისის #722 განკარგულებებით განკარგული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა მდინარე მტკვრის კალაპოტს, შესაბამისად, მიეკუთვნებოდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, რომელთა განკარგვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართით იყო შესაძლებელი. ზემოაღნიშნული განკარგულებები ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი კანონიერ ძალაში შესული ქ.თბილისის მერის 2005 წლის 26 ივლისის #1037 განკარგულებით, ვინაიდან სახეზე არ იყო „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.4 მუხლით გათვალისწინებული პირობა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი რეგისტრაცია განეხორციელებინა იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ზღუდავდა მესამე პირის - საქართველოს მთავრობის უფლებებსა და ინტერესებს.
კასატორის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტი არის დაუსაბუთებელი, არ შეიცავს შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებას, უცნობია სზაკ-ის 61-ე მუხლით გათვალისწინებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების გამომრიცხავი რომელი გარემოება არსებობდა.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება გამოკვლეულ იქნა თუ არა რეგისტრირების ბათილად ცნობის საფუძვლები, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საერთოდ უარი უთხრა საკითხის განხილვაზე და მიუთითა, რომ საკითხის განხილვა არ მიეკუთვნებოდა მის უფლებამოსილებას და წარმოადგენდა სასამართლოს განსჯადს, სახეზეა აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2005 წლის 15 ნოემბრის #2990/2667-05 წერილით უარი განაცხადა თბილისის მერიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ უძრავ ქონებაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა განხილვა და გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგი განისაზღვრებოდა საქართველოს კანონმდებლობით და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავდა სასამართლო. ასევე დადგენილია, რომ დაინტერესებული პირების მიერ თბილისის მერიის ადმინისტრაციული აქტით განსაზღვრულ ვადაში მართლაც მოხდა მისი სასამართლოში გასაჩივრება, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საქმე ქალაქ თბილისის მერიის სარჩელისა გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირები - დ.გ-ე, შპს „...“, ა. მ-ე და სხვები, საჯარო რეესტრის ჩანაწერში ცვლილებების შეტანის თაობაზე, შეჩერდა ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 26 ივლისის #1037 განკარგულების კანონიერების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ასევე დადგენილია, რომ როდესაც თბილისის მერიამ (2005 წლის 15 სექტემბერს) შესაბამისი ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს, დაინტერესებული პირების მიერ სასარჩელო დავა უკვე აღძრული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის მიმართ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 26 ივლისის #1037 განკარგულების არარა აქტად აღიარების მოთხოვნით იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 16 აგვისტოს #835, 2002 წლის 19 ივლისის #539, 2001 წლის 13 დეკემბრის #1122 და 2001 წლის 10 ივლისის #722 განკარგულებები, რაც წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთების გასხვისების სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 15 ნოემბრის #2990/2667-05 პასუხი თბილისის მერიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ იყო კანონიერი და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილობის საფუძვლები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, თბილისის მერის 2009 წლის 31 მარტის #06-7/3235 განმეორებითი მიმართვის საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა და არ იქნა გამოცხადებული ძალადაკარგულად გასხვისებულ და იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციები, არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ისინი დღეისათვის ძალაშია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განსახილველ საქმეზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას. ასევე, წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ სადავო აქტის მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შესაბამისად, მოცემულ პირობებში, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი