№ბ-859-6(ა-17) 19 ოქტომბერი, 2017 წელი
№ბს-140-138(კ-17) ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ
განცხადების ავტორები _ შპს „...“, შპს „G...“, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის №ბს-140-138(კ-17) განჩინება
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 10 ივლისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ მიმართ.
მოსარჩელემ საქპატენტის სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 4 დეკემბრის №1552/03 ბრძანების, საქპატენტის სააპელაციო პალატის 2015 წლის 13 მაისის №24-03/15 გადაწყვეტილებისა და საქპატენტის სააპელაციო პალატის თავმჯდომარის 2015 წლის 13 მაისის №119 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „G...“.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.
2017 წლის 20 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „...“, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „...“ განცხადება დაკმაყოფილდა და შპს „...“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – შპს „...“ უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
2017 წლის 3 აგვისტოს შპს „...“, შპს „G...“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
განმცხადებელთა განმარტებით, 2017 წლის 20 აპრილს წარმოადგინეს განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა მხარეთა შორის 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტი. ამ უკანასკნელის საფუძველზე შპს „G...-მა“ იკისრა მის მიერ საქპატენტში წარდგენილი სასაქონლო ნიშნის განაცხადის „...“ (განაცხადის №...) საქონლის ჩამონათვალის შეზღუდვის და მომავალში მისი მხოლოდ ბრენდისთვის რეგისტრაციის ვალდებულება. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ თავის მხრივ იკისრა სასამართლოს მიერ დამტკიცებული წარმოდგენილი მორიგების აქტის აღსრულების ვალდებულება, ხოლო შპს „...“ - საქპატენტის მიმართ №ბს-140-138(კ-17) საქმეზე არსებულ სამართლებრივ პრეტენზიებზე უარის თქმა. ყოველივე ზემოაღნიშნულს საფუძვლად უნდა ჰქონოდა სასამართლოს მიერ დამტკიცებული 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტი.
განმცხადებელთა მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებით საქმეზე №ბს-140-138(კ-17) შპს „...“ საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, განჩინება კი არ მოიცავს მითითებას მხარეთა შორის გაფორმებულ მორიგების აქტზე, როგორც შპს „...“ მიერ საჩივარზე უარის თქმის საფუძველზე.
ვინაიდან 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტის სასამართლოს მხრიდან დამტკიცება მაღალი სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია მხარეთათვის, რათა თითოეულმა მხარემ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მათ შორის მიღწეულმა შეთანხმებამ იქონიოს შესაბამისი სამართლებრივი ძალა, განმცხადებლებმა №ბს-140-138(კ-17) საქმეზე მორიგების დამტკიცების მიზნით წარმოების განახლება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 აგვისტოს განჩინებით შპს „...“, შპს „G...“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი განხილვის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შპს „...“, შპს „G...“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ განცხადებას, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 20 აპრილს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „...“, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით შპს „...“ განცხადება დაკმაყოფილდა და შპს „...“ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორი – შპს „...“ უარს ამბობდა საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს.
2017 წლის 3 აგვისტოს შპს „...“, შპს „G...“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ მხარეთა რეალურ ინტერესს მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტის დამტკიცება წარმოადგენდა, რომელიც თან ერთვოდა 2017 წლის 20 აპრილს შპს „...“ მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების, მხარეთა შორის 2017 წლის 27 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტისა და მხარეთა რეალური ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შპს „...“, შპს „G…“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება, წარმოდგენილი მორიგების აქტის დამტკიცების მიზნით.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „...“, შპს „G...“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის №ბს-140-138(კ-17) განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;
3. შპს „...“, შპს „G...“ და სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ თანაბარწილად დაეკისროთ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი – 100 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი