№ბს-622-618(კ-17) 03 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „...“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „...“ 2016 წლის 25 მარტს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორის დ. ც-ს მიერ, 2015 წლის 16 დეკემბერს შედგენილი საჯარიმო ქვითრის -N 006865 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და შესაბამისობის შეფასების აქტის N286/ბ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივლისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ 2015 წლის 16 დეკემბერს შედგენილი საჯარიმო ქვითრის -N 006865 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და 2016 წლის 18 თებერვლის შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 დეკემბრის N006865 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაევალა მოპასუხეს - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკამყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმე განხილული იქნა საქმის სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი ინსპექტორის დ. ც-ს მოწმის სახით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვევით იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საჯარიმო ოქმის შემდგენლის, დ. ც-ს დაკითხვას, რაც გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას. ასევე სამოქალქო საპროცესო კოდექსის 223-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სამართლო იღებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომებს,რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, რაც სააპელაციო სასამართლომ არ განახორციელა.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაირღვა ზემოაღნიშნული კოდექსის 244-ე მუხლი, რადგან უშუალოდ ოქმის შემდგენელი პირის დაკითხვის გარეშე შეუძლებელი იყო სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ადგილზე განხორციელებული ქმედებების სრულად გამოკვლევა და გადაწყვეტილების გამოტანა, შესაბამისად სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად, სააპელაციო სასამართლოს დაბრუნების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტსო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მე-4 მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის 2015 წლის 14 დეკემბრის N1419-მ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გეგმიური ინსპექტირების დროს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის გადამოწმება. აღნიშნულის შედეგად შედგა შესაბამისობის შეფასების აქტი N286/ბ, რომლითაც დადგინდა რომ არაკრიტიკული შეუსაბამობის გამოსასწორებლად დადგენილ ახალ გონივრულ ვადაშიც არ იქნა გამოსწორებული შეუსაბამობები, მოსარჩელეს განესაზღვრა ახალი გონივრული ვადა 2016 წლის 16 აპრილამდე და დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე არაკრიტიკულ შეუსაბამობაზე გაცემული რეკომენდაციების ახალი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებლობის გამო.
არასწორია კასატორის მითითება, რომ ადგილი ჰქონდა მოწმის დაკითხის შუამდგომლობის განხილვაზე სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელ უარს, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე დაკითხულია უშუალოდ გასაჩივრებული ოქმის შემდგენელთან ერთად მყოფი პირი - ნ. ჯ-ე, რომელმაც დაადასტურა, რომ იგი დ. ც-სთან ერთად იმყოფებოდა შპს „...“ ობიექტზე. თავად მას უშუალოდ არ შეუმოწმებია ის შეუსაბამობები, რაც ასახულია შესაბამისობის შეფასების აქტში. მან მხოლოდ დაინახა, რომ სამზარეოლოს შესასვლელში არ იყო მოწყობილი დეზობარიერი, რაც საკმარისი იყო დარღვევის დასადასტურებლად. შპს „...“ მიერ წარმოდგენილმა მოწმემ - ნ. თ-ემ დაადასტურა, რომ შემმოწმებელი პირები მცირე ხნით გაჩერდნენ მათი კვების ობიექტში, რაიმე დოკუმენტაცია არ მოუთხოვიათ, რაიმე არ შეუმოწმებიათ, მხოლოდ იკითხეს შპს-ს დირექტორი.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ 2015 წლის 16 დეკემბერს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მიერ შემოწმება განხორციელდა არაჯეროვნად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინება;
3. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 205142200) დაუბრუნდეს 17.05.2017 წელს საგადახდო მოთხოვნა N08280 საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე