Facebook Twitter
საქმე #330310016001373301







#ბს-750-746(კ-17) 30 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 25 მაისს ა.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 27 აპრილის #MES 4 16 00449227 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ა.გ-ის მიერ უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 27 აპრილის #MES 4 16 00449227 გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.გ-ის მიერ უცხოეთში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტში მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების მოთხოვნები. ამავდროულად, არ გამოიყენა სსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სასამართლომ არ გამოიყენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მტკიცებულებები, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, რითაც უხეშად დაირღვა აღნიშნული საერთაშორისო აქტის მითითებული ნორმის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის არც ფაქტობრივ და არც სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა - „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული, „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში „წესი“) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ პალატამ სწორად მიუთითებს „წესის“ რელევანტურ მუხლებზე, თუმცა მის მიერ გადაწყვეტილების მიღება არ ეფუძნება არც ხსენებულ ნორმებსა და არც მათი სწორი განმარტების შედეგს, რაც სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით კანონის არგამოყენების ტოლფასია.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს არ მოუხდენია აღნიშნულ ნორმათა ანალიზი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა „უმაღლესი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონით, რომლის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც უცხოეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკიაციის, ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარებისას ხელმძღვანელობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
კასატორი მიუთითებს, „ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის ცნობის შესახებ“ ლისაბონის 1997 წლის კონვენციის (ლისაბონის კონვენცია) VI.1 კარზე, რომლის შესაბამისად, ყოველი მხარე ცნობს კვალიფიკაციებს გაცემულს სხვა მონაწილე მხარის მიერ მათი ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად და მის მფლობელს აძლევს თავისი უმაღლესი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამაში დაშვების ნებას, იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნების წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.
ამასთან, კასატორის მითითებით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხის მიმართ, კანონმდებლის მიერ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკითხი განიმარტა „წესის“, მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, სადაც „უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში“.
კასატორის მითითებით, სწორედ ზემოაღნიშნული ნორმები არეგულირებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესს, რომლითაც იხელმძღვანელა ცენტრმა და მატერიალური კანონიერების დაცვით გამოსცა აქტი.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „წესისა“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის“ ნორმები, რომლის თანახმად, განათლების აღიარებისათვის აუცილებელ სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს პირის მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენა. ასევე, ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას შეამოწმა ეს სავალდებულო ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები და იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, მან ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია, სადავო საკითხი კომპლექსურად შეაფასა და შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მივიდა სამართლებრივ შედეგამდე.
კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ცენტრის მიერ გამოცემული სადავო აქტი წინააღმდეგობაშია „წესის“ მოთხოვნებთან და პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით მიიჩნია იგი არაკანონიერად, არასწორი და კანონთან შეუსაბამოა.
კასატორის მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის საჭიროა სტუდენტის პერიოდული ჩასვლა უკრაინის ტერიტორიაზე. ხოლო, ა.გ-ი ოთხწლიანი სწავლების პერიოდში, უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მხოლოდ 2012 წელს და 2016 წელს.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (შემდგომში - „წესი“) იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო ა.გ-ის მიერ წარმოდგენილ ცნობას, სწავლის პერიოდში მისი თითქოსდა 2012 წლის 23 ივლისიდან 2016 წლის 1 აპრილამდე უკრაინაში ცხოვრების შესახებ, ისე რომ თავად ა.გ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობის ავთენტურობა არც შეუფასებია. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კორესპონდენცია, რომლის თანახმადაც ა.გ-ის მიერ უკრაინაში გასვლის ფაქტები დაფიქსირებულია მხოლოდ 2012 წელს (23/07/2012-14/08/2012) და 2016 წელს (14/02/2016-21/02/2016-01/04/2016).
კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის #98/ნ ბრძანება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლითაც განმტკიცებულია ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი; აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში იმ მოცემულობით განათლების აღიარება, რომელიც აღიარებული უნდა იქნეს როგორც უცხოეთში მიღებული განათლება წინააღმდეგობაშია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნიერსიტეტსა და ა. ტ. ძე გ-ს შორის 2012 წლის 13 აგვისტოს დაიდო #3-ზდპო/12 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, სწავლების ფორმად განსაზღვრულია დაუსწრებელი - ელექტრონული (დისტანციური) ფორმა. უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის C16 #015971 დიპლომის თანახმად, ა.გ-მა 2016 წელს დაამთავრა უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტი, მიიღო სრული უმაღლესი განათლება სპეციალობით - „საერთაშორისო სამართალი“ და მიენიჭა კვალიფიკაცია: იურისტი - საერთაშორისო სამართალმცოდნე.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლი ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას. აღნიშნული მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში - განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება მოიცავს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების, პროფესიული განათლების, აკადემიური კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარებას. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით ცენტრი ახდენს უცხო ქვეყნის დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასა და საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს, გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას. ამ მიზნით ცენტრი უკავშირდება შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოს ან/და საგანმანათლებლო დოკუმენტის გამცემ დაწესებულებას. მე-7 პუნქტის თანახმად, შესაბამისობის დადგენისას ცენტრი ადგენს უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის, სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ამავე წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საკითხის გადაწყვეტისათვის ცენტრი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი, მათ შორის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის, პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
გასაჩივრებულ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 27 აპრილის #MES 4 16 00449227 ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაადგინა და შესაბამისად, ვერ დაადასტურა სწავლის პერიოდში (2012-2016 წლები) ა.გ-ის უკრაინაში ჩასვლის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #98/ნ ბრძანების ანალიზისა და საფუძვლიანი შესწავლის შედეგად, ელექტრონული/დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული დიპლომის აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენდა კონკრეტული დისტანციური განათლების მიმღები პირის კონკრეტულ სახელმწიფოში ან ლოკალურ ტერიტორიაზე ყოფნა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკასაციო საჩივარზე 17.08.2017წ. №05624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინება;
3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ს/კ 202330566) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.08.2017წ. №05624 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი