საქმე # 330310014638088
საქმე №ბს-874-866(კ-16) 25 აპრილი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - მ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის თბილისის სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირი - პ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-მა 2014 წლის 4 ნოემბერს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის თბილისის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის თბილისის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილება, ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის 2014 წლის 8 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება და გამოცემულ იქნეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც ცვლილება/შესწორება განხორციელდება დაბადების მოწმობაში (მოწმობა №...) და გაუქმდება (სამოქალაქო აქტის ჩანაწერი - დაბადების სააქტო ჩანაწერი) საჩივრის ავტორის, როგორც სუროგატი დედის დაბადების მოწმობაში მითითების ნაწილში.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2011 წლის 27 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ირლანდიის მოქალაქე პ. კ-სა და შპს „...“ შორის. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე სააგენტოს პ. კ-ისთვის უნდა მოეძიებინა და შეერჩია სუროგატი დედა. შედეგად, სუროგატ დედად შეირჩა მ. მ-ი, რომელთანაც სააგენტომ 2010 წლის 3 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება. შეთანხმება იქნა გაფორმებული ასევე თვით პ. კ-სა და მ. მ-ს შორის. თავის მხრივ, გაფორმდა ხელშეკრულება მ. მ-სა (სუროგატი დედა) და შპს „...“ შორის.
2011 წლის 1 ოქტომბერს სომხეთში განხორციელდა განაყოფიერებული ემბრიონის გადატანა სუროგატ დედაში. 2012 წლის 29 ივნისს სუროგატმა დედამ დაბადა ბავშვი, მ. ჯ. კ-ი, რომლის დაბადებაზეც გაიცა შესაბამისი დაბადების მოწმობა №... სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ, სადაც მამად ფიქსირდება პ. კ-ი, ხოლო დედად მ. მ-ი (სუროგატი დედა).
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სწორედ დაბადების მოწმობაში არის დაფიქსირებული შეცდომა დედის ნაწილში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს სუროგატი დედის ჩაწერას დაბადების მოწმობაში. მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაშვებული ხარვეზის შესწორება, რაც გულისხმობს სუროგატი დედის ამოწერას ბავშვის დაბადების მოწმობიდან, რადგან სუროგატ დედას არც გენეტიკური თუ ბიოლოგიური და არც სამართლებრივი კუთხით არანაირი კავშირი არ გააჩნია ექსტრაკორპორული გზით დაბადებულ ბავშვთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 143-ე მუხლი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება №18-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი) სუროგატ დედას არ აქვს დაბადებულ ბავშვზე მშობლად ცნობის უფლება და დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად სუროგატი დედის მითითება დაუშვებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინების თანახმად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა პ. კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ 2010 წლის 3 ნოემბერს შპს „...“ და სუროგატ დედა მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მასზედ, რომ სააგენტო უწევს მომსახურებას სუროგატს საკუთარი მონაცემების დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, შეიყვანოს სუროგატი სააგენტოს სუროგატთა მონაცემთა ბაზაში და ბიოლოგიური მშობლების სურვილის შემთხვევაში დააკავშიროს პოტენციურ მშობლებთან. მითითებული ხელშეკრულების შინაარსი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული წყვილის თაობაზე. მ. მ-მა ასევე განაცხადა თანხმობა იყოს პოტენციური მშობლის სუროგატი დედა და მის მიმართ კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება სამედიცინო ცენტრ „...“ (... რესპუბლიკა) მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აღნიშნულ ცენტრთან არსებული ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, 2011 წლის 1 ოქტომბერს წარმოებულია 4 ემბრიონის გადატანა სუროგატი დედისათვის - მ. მ-ისათვის. ამავე საზოგადოების მიერ 2014 წლის 24 ოქტომბერს გაცემული №... ცნობის თანახმად, 2011 წლის 1 ოქტომბერს ხსენებულ ცენტრში წარმოებულია ოთხი ემბრიონის გადატანა პ. კ-ისაგან სუროგატი დედისათვის - მ. მ-ისათვის.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2012 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის თანახმად, მ. ჯ. კ-ნ დაიბადა 2012 წლის 29 ივნისს, თბილისში. მისი მშობლების მონაცემებს წარმოადგენს: მამა - პ. კ-; დედა - მ. მ-ი. ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველს წარმოადგენს მამის განცხადება, ხოლო დაბადების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტია შპს „ი...“ მიერ 2012 წლის 1 ივლისს გაცემული №... ცნობა. შპს „ი...“ მიერ 2012 წლის 1 ივლისს გაცემული №... დაბადების შესახებ ცნობის თანახმად, 2012 წლის 29 ივნისს დაბადებული ბავშვის, სახელია მ. ჯ., გვარი კ-ნ, მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) წარმოდგენენ - პ. კ-ი და მ. მ-ი. აღნიშნულ ცნობაზე დაფიქსირებულია მოსარჩელე მ. მ-ის ხელმოწერა. ზემოხსენებული დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია დაბადების მოწმობა, სადაც მ. ჯ. კ-ის მშობლებად მითითებულია მამა- პ. კ-ი და დედა -მ. მ-ი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2014 წლის 17 აპრილს მ. მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოთხოვა №... დაბადების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სუროგატი დედის - მ. მ-ის დაბადების მოწმობიდან ამოწერა. მითითებული განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად გაეგზავნა ამავე სააგენტოს თბილისის სრ სამსახურს. 2014 წლის 14 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სრ სამსახურს, დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა დაბადების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა დედის ჩანაწერის ნაწილში. სამშობიარო „...“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობა, რომ 2012 წლის 29 ივნისს ... იმშობიარა მ. მ-მა. მშობლების მონაცემები განისაზღვრა მშობლების მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობების საფუძველზე. მოძიებული საბუთების საფუძველზე არ იკვეთება, რომ მ. მ-ი არის სუროგატი დედა. ამავე კლინიკამ სააგენტოს 2014 წლის 10 ივნისის წერილით დამატებით აცნობა, რომ კლინიკაში მოძიებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მ. მ-ი წარმოადგენდა სუროგატ დედას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენლის განცხადება მ. ჯ. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 22 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა №... დაბადების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სუროგატი დედის - მ. მ-ის დაბადების მოწმობიდან ამოწერა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის №... წერილით მოსარჩელეს ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება. მ. მ-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა მ. ჯ. კ- დაბადების სააქტო ჩანაწერის, კერძოდ, დედის- მ. მ-ის ნაწილში ბათილად ცნობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 15 აგვისტოს №... წერილით მიმართა სამშობიარო ,,...’’ და მოითხოვა დოკუმენტების დამოწმებული ასლების მიწოდება, სადაც მითითებულია, რომ 1977 წლის 2 სექტემბერს დაბადებული მ. მ-ი წარმოადგენს 2012 წლის 29 ივლისს დაბადებული მდედრობითი ახალშობილის სუროგატ დედას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 15 აგვისტოს ასევე №... წერილით მიმართა შპს „...“ და მოითხოვა ინფორმაცია განხორციელდა თუ არა მისი დახმარებით 19... წლის 14 ივნისს დაბადებული პ. კ-ის მიერ 19... წლის 2 სექტემბერს დაბადებული მ. მ-ის სუროგატ დედად დაქირავება, ასევე ეთხოვა შესაბამისი დოკუმენტების ასლების მიწოდება. სამშობიარო ,,...’’ სააგენტოს აცნობა, რომ მ. მ-ის სუროგატ დედად ყოფნის ფაქტი დადგინდა მშობიარობის თანხის გადახდის მონაცემების შემოწმების საფუძველზე, კერძოდ, თანხის გადახდისას აღნიშნულ პაციენტზე მითითებულია, რომ იგი სუროგატი დედაა, თუმცა ეს ინფორმაცია დოკუმენტის სახით არ გააჩნიათ. ხოლო შპს „...“ სააგენტოს გაუგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალებში უკვე არსებული 2010 წლის 03 ნოემბრის ხელშეკრულება, 2011 წლის 17 ივლისს პ. კ-თან დადებული ხელშეკრულება და დანართი (ინგლისურენოვანი) და ცნობა სამედიცინო ცენტრ „...“. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 06 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პ. კ-ი, როგორც მ. ჯ. კ-ის მშობელი, დაბადების რეგისტრაციის თანხმობას აძლევს მ. ჯ. კ-ის მშობელ დედას - მ. მ-ს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, კერძოდ, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება; „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ნებადართულია ექსტრაკორპორული განაყოფიერება, ესენია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან ,,სუროგატულ დედას" არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
აპელანტი სწორედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის მე-2 პუნქტში, ასევე „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტში არსებულ რეგულაციაზე მითითებით ითხოვს მ. ჯ. კ-ის დაბადების აქტის ჩანაწერში მ. მ-ის შესახებ მონაცემების ბათილობას.
პალატა აღნიშნავს, რომ სააგენტოს მიერ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ან უკვე რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემების კანონიერების შესწავლისას შემოწმებული უნდა იქნეს იმ წინაპირობის არსებობა, რაც შესაძლებელს ხდის დაბადების ზემოაღნიშნული წესით რეგისტრაციას.
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის 15-ე მუხლით, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია, ბავშვის/პირის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა დაერთოს შესაბამისი საბუთები. მე-16 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილი ცნობის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისთანავე, მაგრამ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება საერთო წესით. ამავე წესის მე-19 მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს: ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე; ბ) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება: ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის ან ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.
ზემოხსენებული წესის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან: ა) გენეტიკური მშობლები; ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი; გ) წყვილი. ხოლო მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია. ამ შემთხვევაში მ. ჯ. კ-ის დაბადების რეგისტრაციისას სამედიცინო დაწესებულების მიერ არ იქნა მითითებული, რომ ბავშვი დაიბადა ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დოკუმენტები დაურთია ცნობისათვის, რომლებსაც ითვალისწინებს ზემოთ მითითებული მე-19 მუხლი. მოგვიანებით, 2014 წლის 11 ივნისს „...“ N... წერილში შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ მოძიებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე მ. მ-ი წარმოადგენს სუროგატ დედას, თუმცა არ დაუზუსტებია კონკრეტულად რა მასალები იქნა დამატებით მოპოვებული და არც დაურთია ისინი. პალატის აზრით, კლინიკის მიერ შეცვლილი პოზიცია სწორად არ იქნა გაზიარებული ადმინისტრაციული ორგანოსა და სასამართლოს მიერ, რამდენადაც იგი წინააღმდეგობაშია, ჯერ ერთი, მათ მიერვე გაცემულ ცნობასთან, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დაბადების აქტის ჩანაწერი და მეორე, 2014 წლის 2 ივნისის N... წერილთან, რომლითაც დადგენილია, რომ მ. მ-ი, რომ სუროგატი დედა იყო, მოძიებული საბუთების საფუძველზე არ იკვეთებოდა.
აპელანტის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცენტრ „...“ გაცემული ცნობის ასლზე არ ფიქსირდება სარეგისტრაციო ნომერი, გაცემის თარიღი, ასევე არ არის მითითებული თუ ვისი ემბრიონის გადატანა მოხდა ქალის საშვილოსნოში. შესაბამისად, იგი არ იქნა მიჩნეული სუროგაციის დამადასტურებელ საბუთად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობა უნდა გაიცეს ემბრიონის იმპლანტაციისთანავე, რაც წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება.
ასევე 2011 წლის 17 ივლისს დადებული ხელშეკრულება, მასზე თანდართული „თანხმობა“, მხოლოდ ასლის სახით არის წარმოდგენილი და დამოწმებული არ არის სანოტარო წესით. თანხმობაში პოტენციური მშობლის მონაცემის გრაფა შეუვსებელია, არ არის დათარიღებული, მასზე მხოლოდ 2010 წელია მითითებული. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მ. მ-ის მიერ პ. კ-ის შვილის სუროგატ დედობაზე გამოხატულ თანხმობად. პ. კ-ის მიერ 2011 წელს გამოხატული ნებისა და მ. მ-ის 2010 წელს გაცემული ზოგადი ხასიათის თანხმობის შედეგად სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა არ დასტურდება.
ასევე აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ და მ. მ-ს შორის დადებული 2010 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულების დანართად არსებული „თანხმობა“ წარმოადგენს მ. მ-ის ნების გამოვლენას მასზე, რომ იგი იყო პ. კ-ის შვილის სუროგატი დედა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული ხელშეკრულებაც მხოლოდ ასლის სახითაა წარმოდგენილი და სანოტარო წესით დადასტურებული ეგზემპლარის არსებობა არ დასტურდება. აპელანტს ასევე არ წარმოუდგენია ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წყვილის წერილობითი თანხმობა. ამასთან, პ. კ-ი, როგორც მ. ჯ. კ-ის მშობელი, დაბადების რეგისტრაციის თანხმობას აძლევს მ. ჯ. კ-ის მშობელ დედას - მ. მ-ს.
პალატა გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ. კ-ის დაბადების რეგისტრაციისას, ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დოკუმენტები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ. მ-ის საშვილოსნოში სხვა ქალის ემბრიონის გადატანის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ჯ. კ-ის მიმართ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 2012 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული დაბადების აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას, კერძოდ, დედის მონაცემების მითითებისას, დაცულ იქნა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რადგან არ არსებობდა ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.
შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილება - მ. ჯ. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია კანონიერად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილება მ. მ-ის წარმომადგენლის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე კანონიერია მითითებულ აქტზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გამოცემული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებაც. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა სარჩელის მოთხოვნა - მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ
სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ.
დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე
უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება (სსკ 102-ე მუხლი), იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
მ. მ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული და გამოყენებული სამართლებრივი ნორმები, რამდენადაც სუროგატი დედა არ შეიძლება იყოს სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობაში დაფიქსირებული ან/და თუ ასეთად რეგისტრაცია მაინც განხორციელდა, მაშინ გატარებული უნდა იქნეს კანონით დადგენილი ყველა ის ღონისძიება (მათ შორის უპირველესად ადმინისტრაციული ორგანოს და სასამართლოს მიერ), რომლის შემდეგაც უპირობოდ მოხდება მსგავსი ჩანაწერის გაუქმება.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო და სასამართლო განსახილველ შემთხვევაში უმთავრეს აქცენტს აკეთებენ სარეგისტრაციოდ ისეთი სამართლებრივი ხასიათის/შინაარსის დოკუმენტების (სანოტარო ფორმით დამოწმებული ხელშეკრულება, თანხმობა და სხვა, მაშინ როცა განსახილველ შემთხვევაში, სუროგაციის გზით ორსულობის მიღება საქართველოში არ მომხდარა და შესაბამისად ასეთი ტიპის დოკუმენტების სრული კომპლექტაცია ფიზიკურად შეუძლებელია არსებობდეს სხვა ქვეყნების განსხვავებული საკანონმდებლო მოთხოვნების გამოც) წარუდგენლობაზე, რომელთა არსებობაც/წარდგენაც აუცილებელია სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის სახელზე დაბადების მოწმობის გაცემისა და დაბადების მოწმობაში არსებული წყვილის - დედისა და მამის სტატუსით მითითებისათვის. ცალსახაა, რომ აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია შექმნილი პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო საფუძველს, ვინაიდან მსგავსი მსჯელობის/შეფასების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ ფაქტობრივად, სუროგატი დედა დარჩება ბავშვის დაბადების მოწმობის დედის გრაფაში და აღნიშნული ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მით უმეტეს, ეწინააღმდეგება კასატორის უფლებებს, რადგან დოკუმენტურად არსებული/დადასტურებული დედის სტატუსი იწვევს დედის მიმართ შვილის მხრიდან (რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს მხრიდანაც) უამრავი პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი (მშობლის, მზრუნველის, კანონიერი წარმომადგენლის და სხვა) საკითხის წინ წამოწევას, მაშინ როცა სუროგაციის შინაარსიდან/პრინციპიდან გამომდინარე კასატორი - სუროგატი დედა კატეგორიული წინააღმდეგია მსგავსი ურთიერთობების წარმოშობისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 25 აპრილის სასამართლო სხდომაზე კასატორის - მ. მ-ის წარმომადგენელმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ 2010 წლის 3 ნოემბერს შპს „...“ და სუროგატ დედა მ. მ-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მასზედ, რომ სააგენტო უწევს მომსახურებას სუროგატს საკუთარი მონაცემების დაფიქსირების სურვილის შემთხვევაში, შეიყვანოს სუროგატი სააგენტოს სუროგატთა მონაცემთა ბაზაში და ბიოლოგიური მშობლების სურვილის შემთხვევაში დააკავშიროს პოტენციურ მშობლებთან. ხელშეკრულება არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული წყვილის თაობაზე. მ. მ-მა ასევე განაცხადა თანხმობა იყოს პოტენციური მშობლის სუროგატი დედა და მის მიმართ კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. სომხეთის რესპუბლიკის სამედიცინო ცენტრ დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „...“ მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ დახურული სააქციო საზოგადოება სამედიცინო ცენტრ „...“ არსებული ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, 2011 წლის 1 ოქტომბერს წარმოებულია 4 ემბრიონის გადატანა სუროგატი დედისათვის - მ. მ-ისთვის. ამასთანავე, დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება სამედიცინო ცენტრ „...“ (... რესპუბლიკა) მიერ 2014 წლის 24 ოქტომბერს გაცემული №... ცნობის თანახმად, აღნიშნულ ცენტრთან არსებული ადამიანის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრში, 2011 წლის 1 ოქტომბერს წარმოებულია ოთხი ემბრიონის გადატანა ბ-ნ პ. კ-ისგან (პასპორტის ნომერი: R ..., ბრიტანეთის მოქალაქე) სუროგატი დედისათვის - მ. მ-ისათვის, ... წლის, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი ....
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ 2012 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული დაბადების აქტის №... ჩანაწერის თანახმად, მ. ჯ. კ-ი დაიბადა 2012 წლის 29 ივნისს, თბილისში. მისი მშობლების მონაცემებს წარმოადგენს: მამა - პ. კ-; დედა - მ. მ-ი. ბავშვის მამის შესახებ მონაცემების მითითების საფუძველს წარმოადგენს მამის განცხადება, ხოლო დაბადების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტია შპს „ი...“ მიერ 2012 წლის 1 ივლისს გაცემული №... ცნობა. შპს „ი...“ მიერ 2012 წლის 1 ივლისს გაცემული დაბადების შესახებ №... ცნობის თანახმად, 2012 წლის 29 ივნისს დაბადებული ბავშვის, სახელია მ. ჯ., გვარი კ-ნ, მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) წარმოდგენენ - პ. კ-ი და მ. მ-ი. აღნიშნულ ცნობაზე დაფიქსირებულია მოსარჩელე მ. მ-ის ხელმოწერა. ზემოხსენებული დაბადების სააქტო ჩანაწერის საფუძველზე გაცემულია დაბადების მოწმობა, სადაც მ. ჯ. კ-ის მშობლებად მითითებული არიან მამა - პ. კ-ი და დედა - მ. მ-ი.
დადგენილია ასევე, რომ მ. მ-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 17 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომლითაც №... დაბადების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სუროგატი დედის - მ. მ-ის დაბადების მოწმობიდან ამოწერა მოთხოვა. მითითებული განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად გაეგზავნა ამავე სააგენტოს თბილისის სრ სამსახურს. 2014 წლის 14 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სრ სამსახურს, დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა დაბადების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა დედის ჩანაწერის ნაწილში. სამშობიარო სახლ „...“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობა, რომ 2012 წლის 29 ივნისს ... იმშობიარა მ. მ-მა. მშობლების მონაცემები განისაზღვრა მშობლების მიერ წარმოდგენილი პირადობის მოწმობების საფუძველზე. მოძიებული საბუთების საფუძველზე არ იკვეთება, რომ მ. მ-ი არის სუროგატი დედა. ამავე კლინიკამ სააგენტოს 2014 წლის 10 ივნისის წერილით დამატებით აცნობა, რომ კლინიკაში მოძიებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მ. მ-ი წარმოადგენდა სუროგატ დედას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2014 წლის 18 ივნისის №... გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენლის განცხადება მ. ჯ. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა 2014 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა №... დაბადების მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სუროგატი დედის - მ. მ-ის დაბადების მოწმობიდან ამოწერა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 25 ივლისის №... წერილით მოსარჩელეს ეთხოვა მოთხოვნის დაზუსტება. მ. მ-ის წარმომადგენელმა 2014 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა მ. ჯ. კ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერის, კერძოდ, დედის - მ. მ-ის ნაწილში ბათილად ცნობა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 15 აგვისტოს №... წერილით მიმართა სამშობიარო „...“ და მოითხოვა დოკუმენტების დამოწმებული ასლების მიწოდება, სადაც მითითებულია, რომ 1977 წლის 2 სექტემბერს დაბადებული მ. მ-ი წარმოადგენს 2012 წლის 29 ივლისს დაბადებული მდედრობითი ახალშობილის სუროგატ დედას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2014 წლის 15 აგვისტოს ასევე №... წერილით მიმართა შპს „...“ და მოითხოვა ინფორმაცია განხორციელდა თუ არა მისი დახმარებით 19... წლის 14 ივნისს დაბადებული პ. კ-ის მიერ 19... წლის 2 სექტემბერს დაბადებული მ. მ-ის სუროგატ დედად დაქირავება, ასევე ეთხოვა შესაბამისი დოკუმენტების ასლების მიწოდება. სამშობიარო „...“ 2014 წლის 22 აგვისტოს წერილით სააგენტოს აცნობა, რომ მ. მ-ის სუროგატ დედად ყოფნის ფაქტი დადგინდა მშობიარობის თანხის გადახდის მონაცემების შემოწმების საფუძველზე, კერძოდ, თანხის გადახდისას აღნიშნულ პაციენტზე მითითებულია, რომ იგი არის სუროგატი დედა, თუმცა ეს ინფორმაცია დოკუმენტის სახით არ გააჩნიათ. ხოლო შპს „...“ სააგენტოს გაუგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალებში უკვე არსებული 2010 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულება, 2011 წლის 17 ივლისს პ. კ-თან დადებული ხელშეკრულება, დანართი (ინგლისურენოვანი) და ცნობა სამედიცინო ცენტრ „...“. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2014 წლის 6 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით მ. მ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მონაწილეობით სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის რეგისტრაციის შესახებ სამოქალაქო აქტში დედის შესახებ განხორციელებული ჩანაწერი. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არ არსებობს რაიმე საერთაშორისო შეთანხმება ან სტანდარტი, რომელიც სახელმწიფოთა შორის დაარეგულირებდა სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სუროგატი დედა, არის ქალი, რომელიც ორსულდება ხელოვნური ან ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით და უჩენს ბავშვს სხვა პირს ან წყვილს. სამედიცინო ლიტერატურაში განსახვავებენ სუროგაციის შემდეგ ფორმებს: ტრადიციულს და გესტაციურს. ტრადიციული სუროგაციის შემთხვევაში მეუღლის ბიოლოგიური მასალით ხდება სუროგატი დედის კვერცხუჯრედის განაყოფიერება. გესტაციური სუროგაციას გააჩნია შემდეგი სახეები: ქმრის ბიოლოგიური მასალით დონორი ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში; დონორის ბიოლოგიური მასალით ცოლის კვერცხუჯრედის განაყოფიერება და ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში; წყვილის გამეტების შერწყმის შედეგად მიღებული ემბრიონის გადატანა სუროგატი დედის საშვილოსნოში. მოცემულ შემთხევაში საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ფაქტის დადგენას - ზემოაღნიშნულ რომელი სახის სუროგატ დედას წარმოადგენს მ. მ-ი, რამდენადაც დადგენილია, რომ შპს „...“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მ. მ-ი იმყოფება სააგენტოს სუროგატთა მონაცემთა ბაზაში და სარგებლობს სააგენტოს მომსახურებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც ნებადართულია ექსტრაკორპორული განაყოფიერება, ესენია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე, ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის (სუროგატული დედის) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით. წყვილის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბავშვის დაბადების შემთხვევაში წყვილი ითვლება მშობლებად, აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით და უფლებამოსილებით; დონორს ან „სუროგატულ დედას“ არა აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება.
სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვის სამოქალაქო რეგისტრაციის საკითხი მოწესრიგებულია „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესით, რომლის მე-15 მუხლით, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია, ბავშვის/პირის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა დაერთოს შესაბამისი საბუთები. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების ნუსხას ადგენს მითითებული წესის მე-19 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს: ა) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის იმპლანტაციისთანავე; ბ) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება: ბ.ა) ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის ან ბ.ბ) ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან ბ.გ) ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის. მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან: ა) გენეტიკური მშობლები; ბ) გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი; გ) წყვილი. ამასთან, მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან „სუროგატული დედის“ მითითება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ ჩანაწერის გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მ. ჯ. კ-ის დაბადების რეგისტრაციისას სამედიცინო დაწესებულების მიერ არ იქნა მითითებული, რომ ბავშვი დაიბადა ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად და არც კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დოკუმენტები იყო დართული ცნობაზე, რომლებსაც ითვალისწინებს ზემომითითებული ნორმატიული აქტის მე-19 მუხლი.
საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ისე სასამართლო ფორმალურად მიუდგა, შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოში და ვერც სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთები. საგულისხმოა, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის ზემოაღნიშნული აქტის მე-19 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის მიზანს წარმოადგენს ფაქტის დადგენა ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გამოიკვლია და არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. მ-ი წარმოადგენდა ბიოლოგიურ თუ სუროგატ დედას და მ. ჯ. კ-ი დაბადებულია ტრადიციული თუ გესტაციური სუროგაციის საფუძველზე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისთვის, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელესთან მიმართებაში 2011 წლის 1 ოქტომბერს განხორციელდა ექსტრაკორპორული განაყოფიერება, რის შედეგადაც 2012 წლის 29 ივნისს დაიბადა მ. ჯ. კ-ი. მოსარჩელე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვთან გენეტიკური კავშირი არ აქვს. 2014 წლის 10 ივნისის „...“ წერილში მითითებულია, რომ კლინიკაში მოძიებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მ. მ-ი წარმოადგენს სუროგატ დედას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მ. ჯ. კ-ის დაბადების რეგისტრაციისას, ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონმდებლობით გათვალისწინებული ის დოკუმენტები, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ. მ-ის საშვილოსნოში სხვა ქალის ემბრიონის გადატანის ფაქტი, რომ არ გამორიცხა და არ დაასაბუთა, შეესაბამებოდა თუ არა მ. მ-ის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა საკუთარი უფლებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად მიმართულ საშუალებას.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. თუმცა მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არასებობის დადგენა - მ. მ-ის ბიოლოგიური დედობის არარსებობის დადგენა ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული მ. ჯ. კ-ის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, თუმცა არ არის შეზღუდული მოთხოვნის ფორმულირებით და შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას – მიზანშეწონილი და შესაძლებელია თუ არა სარჩელის ტრანსფორმირება, რაც მოთხოვნის არა გაზრდად, არამედ დაზუსტებად უნდა ჩაითვალოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ტრანსფორმირება არის ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შეჯერების ერთ-ერთი გამოხატულება. ერთი მხრივ, ადმინისტრაციული პროცესი გულისხმობს სასამართლოს აქტიურობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო, მიუხედავად მისი აქტიური როლისა, უფლებამოსილი არ არის, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათისა და სარჩელის ტრანსფორმირების შესაძლებლობისა, სასამართლოები შეზღუდული არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე და მე-3 მუხლების მოქმედებით, რომელთა მიხედვითაც, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს მხარეებს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მაშინ როდესაც მხარე პროცესუალურად სწორად ვერ აყალიბებს თავის მოთხოვნას პროცესის დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსამართლემ სარჩელის ტრანსფორმირებისას სწორად უნდა დაადგინოს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი – რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა არის მისი საბოლოო ინტერესი. რამდენადაც, პროცესუალური უფლებები და მატერიალური მოთხოვნები არ უნდა იქნეს უარყოფილი მოსარჩელის გამოუცდელობისა და სადავო საკითხზე ერთგვაროვანი პრაქტიკის არარსებობის გამო, არამედ მოსამართლეს შეუძლია ხელი შეუწყოს მოთხოვნის ტრანსფორმირებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ. მ-ის წარმომადგენელი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე სადავოდ ხდიდა და აპელირებდა მ. მ-სა და ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული მ. ჯ. კ-ს შორის გენეტიკური კავშირის არარსებობაზე. ამდენად, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მოთხოვნის მიზანი, სარჩელის შინაარსი, ის სამართლებრივი შედეგი, რისი დადგომაც სურდა მას და სასამართლოს, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელისათვის უნდა მიეცა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირების შესაძლებლობა და დავის საგნის დაზუსტების შემდეგ, ემსჯელა როგორც გასაჩივრებული აქტების კანონიერების, ისე მ. მ-ის გენეტიკური დედობის არსებობა-არარსებობის შესახებ ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული მ. ჯ. კ-ის მიმართ. ამდენად, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო, რომ მოსარჩელის მიერ ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნა არ შეესაბამებოდა სარჩელის შინაარსსა და მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს - რა უფლების აღსადგენად მიმართა მან სასამართლოს და რა იყო მისი ინტერესი, რამდენადაც დოკუმენტურად დადასტურებული დედის სტატუსი იწვევს დედის მიმართ შვილის მხრიდან პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მთელი რიგი (მშობლის, მზრუნველის, მეურვის, კანონიერი წარმომადგენლის და სხვა) ვალდებულებების დაკისრებას, როდესაც სუროგაციის საკითხის მომწესრიგებელი ნორმებიდან გამომდინარე - სუროგატ დედას არ გააჩნია რაიმე სახის უფლება-მოვალეობები ეექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობები და მექანიზმები, რასაც მას კანონმდებლობა ანიჭებს. იგი ფორმალურად მიუდგა სადავო საკითხს და დავის საგანი არსებითი განხილვის გარეშე დატოვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების დაუცველობის პირობებში დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ამასთან, იგნორირებულია დავის საგანი და მოსარჩელის ინტერესი, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულყოფილად არ არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ იმის ნაცვლად, რომ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არსებითად განეხილა საქმე, დამატებით გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სამართლებრივი შეფასება მიეცა სადავო საკითხისათვის და მიეღო სათანადო გადაწყვეტილება, სრულად გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულყოფილად არ იმსჯელეს დავის საგანზე; ისე გაიზიარეს მოპასუხე მხარის მსჯელობა წარდგენილი დოკუმენტების არასაკმარისობის თაობაზე, რომ არ გამოიკვლიეს სადავო შემთხვევაში არსებობდა თუ არა სამოქალაქო აქტში (დაბადების მოწმობაში) მ. მ-ის მ. ჯ. კ-ის გენეტიკურ დედად მითითების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რისი დადგენაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელი იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის გამოყენებით - გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად (იხ. „მაია ოყროშიძე და გიორგი ოყროშიძე საქართველოს წინააღმდეგ“ 11.12.12წ. №60596/09, §§3-4) .
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მე-16 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარდგენილი ცნობის საფუძველზე, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში მითითებულია ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადების შესახებ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენისთანავე, მაგრამ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის წარდგენიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში საბუთების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია განხორციელდება საერთო წესით. ამასთან, წესის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების წარუდგენლობის შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება. ამ შემთხვევაში, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე, რა დროსაც მიგვაჩნია აღნიშნული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე (ბავშვის უფლებათა კონვენცია მე-3 მუხ.) ამდენად, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეებს ასევე წარმოადგენენ სამედიცინო დაწესებულება - სამშობიარო „...“, რომელშიც მ. მ-ს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე მოცემულ საქმეში მათი საპროცესო სუბიექტად ჩაბმის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე თავისი ინიციატივით არ მოიპოვა, ხოლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ მისცა ობიექტური შეფასება, რის შედეგადაც გაიზიარა და უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე განხილულია ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს, მისი შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებლობა აკისრებს წამყვან როლს ადმინისტრაციული საქმის განხილვისას. ამასთან, სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია საქმის სრულყოფილი და კომპლექსური განხილვისათვის.
შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს მითითებული სადავო გარემოებები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში სამართალურთიერთობის მონაწილე მხარეების ჩართვის, დავის საგნის დაზუსტებისა და ტრანსფორმირების შემდეგ, უნდა გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დაადგინოს სადავო შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას - მ. მ-სა და მის მიერ 2012 წლის 29 ივნისს დაბადებულ მ. ჯ. კ-ს შორის გენეტიკური კავშირის არსებობას და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჭიროა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, საქმეში ყველა მხარის ჩართვა, დავის გადასაწყვეტად საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს ქმნის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე