საქმე # 330310016001212577
ბს-617-613(კ-17) 08 თებერვალი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 11.01.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მოპასუხის 23.10.2015წ. №240 წინასწარი გადაწყვეტილების და 23.12.2015წ. №49508 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.07.2016წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.10.2015წ. №240 წინასწარი გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.12.2015წ. №49508 ბრძანება; შპს „...“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან დაუბრუნდა 4900 ლარი, სსიპ შემოსავლების სამსახურს „...“ სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2017წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს „...“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩა 250 ლარი და მასვე დაუბრუნდა ზედმეტად გადახდილი 4750 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...“ მიერ.
კასატორი უთითებს 2017 წლის იანვრიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსის 981-ე მუხლში შესულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად საქონლის მიწოდება ან მომსახურება, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლო მიწოდებად ითვლება. სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.02.2017წ. №2609 სიტუაციური სახელმძღვანელოს მითითების თანახმად როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ სარეკლამო მიზანს წარმოადგენს შემდგომში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც გააჩნია, აღნიშნული არ მიიჩნევა უსასყიდლო საქონლის მიწოდებად. არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება შპს-ს მიერ პირველად გაცემული უპროცენტო სესხის უსასყიდლო მიწოდებად მიჩნევის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია პირველ სესხს გასცემს უპროცენტოდ, შპს მაინც იღებს შემოსავალს მითითებული სესხიდან, მსესხებლის მხრიდან მისივე იდენტიფიკაციისათვის განსაზღვრული 1 თეთრის ჩარიცხვით, გადავადების საკომისიოსა და პირგასამტეხლოს მიღებით. მითითებული შემოსავლები ჯამურად უნდა იქნას მიჩნეული შპს-ს მიერ მიღებულ სარგებლად, რის გამოც შპს-ს მიერ სესხის უპროცენტოდ გაცემა არ უნდა იქნას მიჩნეული უსასყიდლო მიწოდებად. სააპელაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება გაიზიარა უპროცენტოდ გაცემულ სესხზე, როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილზე, რომელსაც კომპანიისათვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს, მსჯელობის გარეშე. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან უპროცენტო სესხის გაცემასთან დაკავშირებული მიუღებელი შემოსავლის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი მოსაჩელეს არ გააჩნია იმის გამო, რომ ეს ხარჯი ფაქტობრივად არ გაწეულა, ვერ მოხდება აღნიშნული ხარჯის გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან. აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ კასატორი აღნიშნავს, რომ კომპანიის მხრიდან მარკეტინგული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობს კომპანიასა და სესხის მიმღებს შორის გაფორმებული კონტრაქტის სახით. ამასთანავე, კომპანიის მიერ პირველი სესხის უპროცენტოდ გაცემა თავისთავად ადასტურებს ხარჯის გაწევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული იქნა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას არ იყო მითითებული. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებივი თვალსაზრისით (სსკ-ის 377.1 მუხ.), შესაბამისად, სააპელაციო პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მათზე, ხოლო საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ ინსტანციას.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მიუხედავად კომპანიის მიერ პირველი სესხის უპროცენტოდ გაცემისა, შპს მაინც იღებს შემოსავალს მითითებული სესხიდან, მსესხებლის მხრიდან მისივე იდენტიფიკაციისათვის დადგენილი 1 თეთრის ჩარიცხვით, გადავადების საკომისიოსა და პირგასამტეხლოს მიღებით. საქმეში დაცული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად იდენტიფიკაცია არის მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვა ან გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, მათ შორის ტელეფონით, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიკაცია (ს.ფ.21-29). შესაბამისად, დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მსესხებლის იდენტიფიკაციის სხვადასხვა საშუალებები, რის გამოც კომპანიის ანგარიშზე 1 თეთრის ჩარიცხვა სავალდებულო პირობას არ წარმოადგენს. ყოველ უპროცენტოდ გაცემულ სესხზე პირგასამტეხლოსა და გადავადების საკომისიოს გადახდა არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას პირველი სესხის უსასყიდლო მიწოდებად მიჩნევისა და საგადასახადო კოდექსის 102.2 მუხლის შესაბამისად ამ მომსახურების ერთობლივ შემოსავალში საბაზრო ფასით ასახვის თაობაზე.
ამასთანავე, კასატორის მიერ მითითებული საგადასახადო კოდექსის 981 მუხლში ცვლილება ამოქმედდა 2017 წლის იანვრიდან, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის №2609 სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიცა 2017 წლის 23 თებერვალს, ხოლო გასაჩივრებული აქტები მიღებულია 23.10.2015წ. და 23.12.2015წ., შესაბამისად კასატორის მიერ მითითებული ნორმათა დანაწესები ვერ იქნებოდა გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, შპს „...“ (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2017წ. N1497953273 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.03.2017წ. განჩინება;
3. შპს „...“ (ს.კ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.06.2017წ. N1497953273 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი