საქმე Nბს-784-780(კ-17) 12 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ჩ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ლ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე მხარეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი, მ. ჩ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ამ 2016 წლის 23 თებერვალს სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ჩ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ოზურგეთის მერიის 2015 წლის 24 დეკემბრის N1269 ბრძანებისა და 2015 წლის 29 დეკემბრის საკუთრების უფლების N21 მოწმობის ბათილად ცნობა და მ. ჩ-ას სახელზე, ოზურგეთში, ... ქ. N6, ბინა N7-ში მდებარე 107.40 კვ.მ ფართზე, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ლ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მ. ჩ-ას კანონიერ სარგებლობაში არსებული სახცოვრებელი ფართის (მდებარე: ქ.ოზურგეთი, ... ქუჩა №6, ბინა №7, საცხოვრებელი ფართი 107,4 კვ.მ.) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ოზურგეთის მერიის 2015 წლის 24 დეკემბრის №1269 ბრძანება და 2015 წლის 29 დეკემბრის №21 საკუთრების უფლების მოწმობა 25 კვ.მ. ნაწილში (საცხოვრებელი ბინის გეგმაზე მითითებული ოთახი A:15.578 კვ.მ. და ოთახი A:10.397 კვ.მ.); ბათილად იქნა ცნობილი ქ.ოზურგეთში, ... ქუჩა №6, ბინა №7-ში მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართი - 107,4 კვ.მ.; ს/კ: ...) მ. ჩ-ას საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 06 იანვრის №...-03 გადაწყვეტილება 25 კვ.მ. ნაწილში (საცხოვრებელი ბინის გეგმაზე მითითებული ოთახი A:15.578 კვ.მ. და ოთახი A:10.397 კვ.მ.)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ დაირღვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპი, ასევე დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მოთხოვნები. ლ. ლ-ას მიერ ვერ იქნა წარდგენილი მისი საკუთრების ადგილმდებარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ექსპერტიზამ დასმულ კითხვას, მოიცავდა თუ არა მ. ჩ-ას საკუთრებაში არსებული ფართობი ლ. ლ-ას საკუთრებას, ვერ უპასუხა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლი, კერძოდ, არ შეამოწმა ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობები, რომელთაგან 2010 წლის 6 იანვარს გაცემულ ცნობაში წერია, რომ ... ქუჩა N3, დღეის მდგომარეობით, არის ... N6, ხოლო 2013 წლის 19 ივნისს გაცემულ ცნობაში კი მითითებულია, რომ ოზურგეთის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2010 წლის 6 იანვარს გაცემულ ცნობაში დაშვებულ იქნა უზუსტობა, რომელიც გასწორებულ იქნა აღმოჩენისთანავე და 2010 წლის 5 თებერვლის ცნობა N5-ში დაზუსტებულ იქნა, რომ ... ქუჩა N6 არ გადანომრილა და ის დღემდე რჩება ... ქუჩა N6-ად. სასამართლომ არასწორად გაცემული ცნობით იხელმძღვანელა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის წესის" მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და დაასკვნა, რომ პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის საჭიროა კუმულაციურად ორი პირობის არსებობა: 1. პირს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა.) და 2. ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს ამ ფართით და დაადგინა, რომ მ. ჩ-ას ფართმა მოიცვა ლ. ლ-ას საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ. ფართი, რაც არასწორია, გარდა ამისა, ლ. ლ-ას მემკვიდრეობით მიღებული ფართი შეადგენს 13 კვ.მ ფართს, და არა 25 კვ. მ - ს. კასატორი განმარტავს, რომ ლ. ლ-ამ მემკვიდრეობით მიიღო კ. მ-ის სახელზე 1992 წლის 7 მაისის ბინის პრივატიზების N2-143 ხელშეკრულებით გადაცემული უძრავი ქონება, თუმცა სააპელაციო პალატამ ყურადღების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში კ. მ-ისათვის გადაცემული ფართი მდებარეობდა ოზურგეთში, ... ქ. N3-ში, ხოლო მ. ჩ-ას საკუთრებაში არსებული 107.40 კვ.მ. ფართი მდებარეობს ოზურგეთში, ... ქ. N6-ში, რაც გამორიცხავს, იმ ფაქტს, რომ მ. ჩ-ას საკუთრება მოიცავს ლ. ლ-ას საკუთრებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილზე და არ შეაფასა არსებობდა თუ არა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ას მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ჩ-ას ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 24 დეკემბრის №1269 ბრძანებით და 2015 წლის 29 დეკემბრის N21 საკუთრების მოწმობით, წარმოეშვა დედის - მ. თ-ისათვის გამოყოფილ ფართზე საკუთრების უფლება. ქ.ოზურგეთის მერიამ საცხოვრებელ ფართზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნია საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო კომისიის 1982 წლის 10 იანვრის №1 სხდომის ოქმი. საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო კომისიის 1982 წლის 10 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე კი მიღებულ იქნა მ-ის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1982 წლის 12 იანვრის №17 გადაწყვეტილება (საგარანტიო წერილი), რომლის თანახმად, ოზურგეთში, ... ქ.№6-ში, მე-2 სართულის მე-2 სადარბაზოში ნ. კ-ას გამოთავისუფლებული ფართი, საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაეცა მ. თ-ს, რომლის ოჯახი შედგება 4 სულისაგან.
დადგენილია, რომ კ. მ-ისათვის 1992 წლის 07 მაისის ბინის პრივატიზების №2-143 ხელშეკრულებით გადაცემული, ქ.ოზურგეთში, ... ქ.№6, ბინა №7ა-ს განაშენიანების ფართობია 33,45 კვ.მ; საერთო ფართობია 25,39 კვ.მ; საცხოვრებელი ფართი შეადგენს 15,19 კვ.მ. დამხმარე ფართი - 10,2 კვ.მ. კ. მ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 15 მაისს, ხოლო 2009 წლის 05 თებერვლის №2-37 სამემკვიდრეო მოწმობით მისი დანაშთი ქონება მიიღო ძმამ - შ. მ-ემ. ქ.ოზურგეთში, ... ქ.№6, ბინა №7ა-ში მდებარე უძრავი ქონება, 25 კვ.მ. ფართით, 2015 წლის 24 აგვისტოს დაზუსტებული მონაცემით დარეგისტრირდა ლ. ლ-ას საკუთრებად, მამის - შ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ მიღებული, 2015 წლის 10 ივლისის №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის წესის" მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის არასწორ განმარტებასთან დაკავშირებით და მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (1982 წლის 12 იანვრის №17 გადაწყვეტილება) არ განსაზღვრულა მ. თ-ისათვის გადაცემული ფართის ოდენობა. ქ.ოზურგეთის მერიამ კი მ. ჩ-ას (გარდაცვლილი მ. თ-ის მემკვიდრე) საკუთრებაში გადასცა 107,4 კვ.მ. ფართი, რომელმაც მოიცვა იმავე მისამართზე რეგისტრირებული (... ქ.№6, ბინა №7ა) ლ. ლ-ას საკუთრებაში არსებული 25 კვ.მ. ფართი. მ. ჩ-ას უფლების რეალიზაცია, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 107,4 კვ.მ. ფართის გადაცემით, განხორციელდა ლ. ლ-ას საკუთრების უფლების ხარჯზე, რამეთუ მას, როგორც კ. მ-ის მემკვიდრეს, 25 კვ.მ. ფართზე მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება და ეს უფლება გაუქმებული არ არის. იგი მითითებული ფართის მესაკუთრედ ამჟამადაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება, ამავე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. პალატა ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის მიმართ ვერ გავრცელდება დაცვის ღირსი უფლება, თუ გასაჩივრებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლება ან ინტერესი. აღნიშნულ შემთხვევაში, ილახება ლ. ლ-ას კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, მალხაზ ჩიჩუას სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას და შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ, მართებულად დაკმაყოფილდა ლ. ლ-ას სარჩელი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - მ. ჩ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2.09.2017წ. №14097736 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე