საქმე # 110310016001355820
№ბს-790-786(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...“
მოწინააღმდეგე მხარე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 10 მაისს შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების №..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილების №... ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებით შპს „...“ საკუთრებად დარეგისტრირდეს ... შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 03 თებერვლის №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის №... გადაწყვეტილებები, იმ ნაწილში, რომლითაც შპს „...“ უარი ეთქვა თერჯოლის რაიონის სოფელ ... ... შენობებისა და ამ შენობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე და დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 12) შესაბამისად განიხილოს შპს „...“ საკუთრებად თერჯოლის რაიონის სოფელ ... ... შენობა-ნაგებობებისა და ამ შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად რეგისტრაციის საკითხი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ 2015 წლის 17 ნოემბრის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, 1996 წლის 26 აპრილს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შპს „...“ და თერჯოლის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის და ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...“ (უფლებამოსილი პირი ქ. კ-ე) მიერ თერჯოლის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, კერძოდ, შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების შეძენა, შპს „...“ საკუთრების უფლება მოიპოვა ამ შენობა - ნაგებობებისთვის გამოყოფილ (მისი სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელ) მიწის ნაკვეთზე, რომელიც განისაზღვრა თერჯოლის რაიონის რაიაღმასკომის გადაწყვეტილებით და რომელზედაც შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრის სამსახურში.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ მიერ შეძენილი შენობა - ნაგებობებისათვის განსაზღვრული მიწის ნაკვეთი დღემდე არ გასხვისებულა და არ გადასცემია რაიმე სამართლებრივი ფორმით სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს ქმნიდა.
კასატორის განმარტებით სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან არანაირი შეფასება არ მიეცა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებას, კერძოდ, რაიაღმასკომის 1985 წლის 4 მარტის N73-ე გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დამტკიცდა ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1985 წლის 01 მარტის დადგენილება (ოქმი 2) და შეირჩა ... მშენებლობისათვის 0.8 ჰა საძოვარი, აღნიშნული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემთხვევაში, სასამართლო უდავოდ მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ არა მარტო ... შენობა - ნაგებობა და ამ შენობის მიერ დაკავებული მიწის განაშენიანების ფართობის შესაბამისი რეგისტრაციის, არამედ მთლიანად სარჩელის მითითებული, რაიაღმასკომის გადაწყვეტილებითა და საკოლმეურნეო კრების გადაწყვეტილებით, ... გამოყოფილი მთლიანი მიწის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზესტაფონის არქივში დაცული თერჯოლის რაიაღმასკომის საარქივო მასალების მიხედვით 1985 წლის 04 მარტის №73 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ... კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების 1985 წლის 1 მარტის დადგენილება და შეირჩა სოფელ ... ... მშენებლობისათვის 0.8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც აშენდა ...; თერჯოლის რაიკოოპერატივის გამგეობას ცეკავშირის გამგეობის 1996 წლის 25 აპრილის №22 დადგენილებით ნება დაერთო გაესხვისებინა სოფელ ... .... 1996 წლის 26 აპრილს თერჯოლის რაიკოოპერატივის გამგეობასა და შპს „...“ უფლებამოსილ პირს - ქ. კ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ცეკავშირის გამგეობის 1996 წლის 25 აპრილის №22 დადგენილების სისრულეში მოყვანის მიზნით, თერჯოლის რაიკოოპერატივის გამგეობამ იკისრა თერჯოლის რაიონის სოფელ ... მდებარე ... მიყიდვის ვალდებულება შპს „...“, ხოლო შპს „...“ ვალდებულებად განისაზღვრა შესასყიდი ქონების ღირებულების 42638 ლარის გადახდა, რომელის დაფარვის დღიდან მყიდველს გადაეცემოდა საკუთრებაში .... 1996 წლის 30 აპრილს შპს „...“ მიერ თერჯოლის რაიკოოპერატივის ანგარიშზე შეტანილ იქნა 42638 ლარი; 1996 წლის 04 ივნისს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც თერჯოლის რაიკოოპერატივის უფლებამოსილმა პირებმა მოახდინეს შპს „...“ მიერ შესყიდული სოფელ ... ... შენობის გადაბარება მინდობილ პირზე - ა. გ-ზე; 1998 წლის 20 ოქტომბერს თერჯოლის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ შედგა ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, საინვენტარიზაციო და სართულებრივი გეგმები, შესაბამისად, მოხდა ტექ.ბიუროში უძრავი ქონების რეგისტრაცია. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „... “ სარჩელი და დადგენილ იქნა სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, 1996 წლის 26 აპრილს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადება შპს „... “ და თერჯოლის რაიკოოპერატივის გამგეობას შორის და ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...“ მიერ თერჯოლის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე, კერძოდ, შენობა - ნაგებობაზე საკუთრების უფლების შეძენა. შპს „...“ 2016 წლის 03 თებერვლის №... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ იურიდიულ პირზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლება არ ექვემდებარება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას, ვინაიდან ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა შპს „...“ მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 08 აპრილის №... გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლზე მითითებით სწორი სამართლებრივი შეფასებები გაკეთდა, კერძო შენობა - ნაგებობა წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელზედაც ის არის განლაგებული. აღნიშნული ურთიერთკავშირის გამო, საკუთრების უფლება ვრცელდება აგრეთვე შენობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზეც, რაც არ არის დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. ამდენად, ცალკე შენობა და ცალკე მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეს შენობა დგას არ არსებობს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესს, ამდენად საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზია, საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, იმ პირობებში როდესაც მარეგისტრირებელ ორგანოს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ განუხორციელებია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა შპს „..." სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით განაშენიანების ფართის შესაბამისად, რეგისტრაციის თაობაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - შპს „...“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 31.08.2017წ. №12 საგადახდო დავალებით ნ. ა-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე