Facebook Twitter
# 330310016001496015










საქმე #ბს-511-511(კ-18) 11 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე.
2016 წლის 7 სექტემბერს თ. ვ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2016 წლის 9 აგვისტოს #3622 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სს ,,..."; ნ. ჯ-ი და გ. კ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით თ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ვ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო თ. ვ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია წარმომადგენლის მეშვეობითაც, იმ პირობით, თუ მას ექნება ამაზე სპეციალური უფლებამოსილება. გადაწყვეტილებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მხარე, რომელიც წინასწარ, წერილობით განაცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სააპელაციო წესით. სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა კი გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას, ვინაიდან წერილობითი უარის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ვ-ის წარმომადგენლის - ა. ჯ-ის მიერ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი.
2018 წლის 2 მარტს თ. ვ-ის წარმომადგენელმა - ა. ჯ-ემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინების გასაჩივრებაზე (ტ.2; ს.ფ. 92).
2018 წლის 5 მარტს თ. ვ-ის წარმომადგენელმა - ა. ჯ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც დამატებით უარი განაცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებაზე იმ მოტივით, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღნიშნული საკითხის განხილვაშია თბილისის საქალაქო სასამართლოში (ტ.2; ს.ფ. 93).
ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 10 წლის ვადით გაცემული მინდობილობა თ. ვ-ის მიერ ა. ჯ-ისათვის სასარჩელო მოთხოვნების მთლიანად ან ნაწილობრივ ცნობისა და უარყოფის მინიჭების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დაუშვებელია, რის გამოც განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან თ. ვ-ის საკასაციო საჩივარზე ავ. ჯ-ს 2018 წლის 29 მარტს #65 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ. ვ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 370-ე, 285-ე მუხლებით და






დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. თ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;
2. თ. ვ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ავ. ჯ-ის მიერ 2018 წლის 29 მარტს #65 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი