Facebook Twitter
საქმე # 010310015781654








საქმე Nბს-631-627 (კ-17) 27 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. შ-ი (მოსარჩელე)

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი (მოპასუხე)

მესამე პირები - მ. ზ-ე, გ. ტ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. შ-მა 2015 წლის 17 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა 2015 წლის 17 იანვრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და გ. შ-ის სახელზე 2010 წლის 27 დეკემბერს ხელვაჩაურში სოფელ ..., ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი 1757 კვ. მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 თებერვლის N... ,,რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირდა 1757 კვ. მ. მიწის ნაკვეთი; ასევე მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 იანვრის N... „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის N65174 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისათვის დავალება, განახორციელოს 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გ. შ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია უძრავი ქონებაზე - 1757.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურში, სოფელი ....
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 27 დეკემბერს მ. ზ-ისაგან შეიძინა ხელვაჩაურში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთი 1757 კვ.მ ფართით. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 14 ივლისს მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უძრავი ქონების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურმა 2011 წლის 20 ივლისის N... გადაწყვეტილებით, შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ წარსადგენი იყო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, ვინაიდან წარდგენილ განცხადებას ერთვოდა რამდენიმე აზომვითი ნახაზი. 2011 წლის 22 ივლისს მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია და აღმოფხვრილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მიზეზი, რის შემდეგაც სარეგისტრაციო სამსახურს 5 დღის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების დასრულების შესახებ, ან სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ან უარი რეგისტრაციაზე, მაგრამ სარეგისტრაციო სამსახურმა მიუხედავად აღნიშნულისა, 5 დღის განმავლობაში არანაირი პასუხი არ აცნობა განმცხადებელს და ყოველგვარი ვადის დარღვევის შემდეგ, დაახლოებით 4 წლის შემდეგ 2015 წლის 18 იანვარს მოსარჩელის წარმომადგენელს - თ. ჭ-ეს, რომელსაც უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა, ,,სმს“ სახით ეცნობა, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო გადაწვეტილება, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის შესახებ თ. ჭ-ემ მოსარჩელეს აცნობა 2015 წლის 25 იანვარს, რომელმაც რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2015 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება - რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან ის მიღებულია ვადის დარღვევით, ასევე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მიზეზი იყო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის წარდგენა, იმ პერიოდისათვის სარეგისტრაციო სამსახური საერთოდ არ მსჯელობდა, რომ არსებობს ზედდება სხვის საკუთრებასთან. ამასთან, რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომელი პერიოდიდან არის სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ქონებაზე სხვისი საკუთრება რეგისტრირებული, რადგან იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელემ მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მ. ზ-ეს და სხვის საკუთრება არ იყო, შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდეგ სარეგისტრაციო სამსახურს 5 დღის ვადაში უნდა მიეღო გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის შესაბამისი სამსახურმა კი 4 წლის გასვლის შემდეგ აცნობა მოსარჩელეს, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციაზე ეთქვა უარი.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ 2015 წლის 18 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის უნდა იქნეს ბათილად ცნობილი, რადგან გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თითქოს 2012 წლის 15 თებერვალს მესაკუთრემ - მ. ზ-ემ განაცხადა საკუთრების მიტოვების შესახებ, იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრეს წარმოადგენდა გ. შ-ი რომელმაც 2011 წლის ივლისის თვეში მიმართა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების დასარეგისტრირებლად მარეგისტრირებელ ორგანოს, თუმცა სარეგისტრაციო სამსახურმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებით განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის წარმომადგენელმაც სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ზ-ე, რომელიც დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. შ-მა და მ. ზ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმულ იქნა მესამე პირად გ. ტ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გ. შ-ისა და მ. ზ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 29 თებერვლის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 იანვრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. შ-ის 2011 წლის 14 ივლისის №... განცხადებასთან (საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) დაკავშირებით;
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. ზ-ის 2012 წლის 15 თებერვლის განცხადება - სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე, უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...), განიხილა და გადაწყვიტა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ვინაიდან არ დასტურდებოდა, რომ წარმოების პროცესში შესწავლილ და გამოკვლეულ იქნა ყველა გარემოება, რასაც მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის კანონიერად გადაწყვეტისთვის, კერძოდ, დადგენილია, რომ გ. შ-ი სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით 2011 წლის დეკემბრიდან ითხოვდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას სწორედ მ. ზ-ესა და გ. შ-ს შორის 2010 წლის 27 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მ. ზ-ემ (შემდგომში - გამყიდველი) გ. შ-ს (შემდგომში მყიდველი) მიჰყიდა უძრავი ქონება- 1757.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...). დადგენილი და უდავოა, რომ გ. შ-ის 2011 წლის 14 ივლისის №... განცხადებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში, ან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გადაწყვეტილების ვადის გასვლამდე (20.08.2011 წ.) უნდა მიეღო გადაწყვეტილება და არა 2015 წლის 17 იანვარს, ანუ 3 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის შემდეგ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების დროს (20.07.2011 წ.) შეჩერების საფუძველი იყო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიის წარდგენა, ხოლო 2015 წლის 17 იანვრის რეგისტრაციაზე უარის თქმის გადაწყვეტილების საფუძვლად კი მიეთითა ზედდება სხვა მიწის ნაკვეთთან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 06 და 15 თებერვლის მ. ზ-ის განცხადებების - საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ სარეგისტრაციოდ მიღებით და 2012 წლის 29 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილების მიღებით დაირღვა საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ (20.12.2011 წლის რედაქცია), საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია“ (24.10.2011 წლის რედაქცია) და სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ: პალატამ აღნიშნა, რომ 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის/გარიგების ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველმა - მ. ზ-ემ მყიდველს - გ. შ-ს ორმხრივად გამოხატული და გამოვლენილი ნების შედეგად მიჰყიდა ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი - 1757, 00 კვ.მ (დაზუსტებული ფართობით), საკადასტრო კოდით - N..., ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნება-სურვილით და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან, რაც გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების გამოვლენას და დადგენას. სააპელაციო პალატამ საქმეზე იმის მტკიცების ვალდებულება, რომ სარეგიტსრაციო სამსახურსა და ფიზიკურ პირს (მ. ზ-ეს) შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ ნორმებს, სახელმწიფოს (სარეგისტრაციო სამსახურს) დააკისრა. ამ გარემოების სამტკიცებლად მხოლოდ იმაზე მითითება, რომ სახელმწიფო (სარეგისტრაციო სამსახური) არ იყო ვალდებული გამოეკვლია რა მოტივი გააჩნდა მ. ზ-ეს ერთხელ უკვე გასხვისებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას არის მოკლებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას (29.02.2012წ. N... გადაწყვეტილება) დაარღვია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, კერძოდ: 1.თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ; 2. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ ამ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად. 3. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად. 4. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. დადგენილია, რომ გ. შ-მა საჯარო რეესტრში განცხადება და თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, მათ შორის, 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება სარეგისტრაციოდ წარადგინა 2011 წლის 14 ივლისს. აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება (№... განაცხადზე) მიმდინარეობდა 2011 წლის 14 ივლისიდან 2015 წლის 17 იანვრამდე. საჯარო რეესტრმა 2012 წლის 06 თებერვალს და 15 თებერვალს, ანუ გ. შ-ის განაცხადის სარეგისტრაციო წარმოების შუალედში მიიღო მ. ზ-ის განცხადებები მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, რაც დააკმაყოფილა იმავე წლის 29 თებერვალს №... გადაწყვეტილებით და სადავო ნაკვეთი იმავე გადაწყვეტილებით აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული რიგითობიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო სამსახურს ჯერ უნდა დაემთავრებინა გ. შ-ის მიერ 2011 წლის 14 ივლისს სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სარეგისტრაციო წარმოება და მხოლოდ შემდეგ ემსჯელა მ. ზ-ის განცხადებაზე. საქმის მასალებით სააპელაციო პალატამ დადგენილად და უდავოდ მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 4 აგვისტოს №01-1012797 მიმართვიდან 7 (შვიდი) თვის შემდეგ, 2012 წლის 29 თებერვალს დაასრულა აღნიშნული მიმართვით მოთხოვნილი, სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია. კერძოდ, ეს რეგისტრაცია განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მ. ზ-ემ მის მიერ ერთხელ უკვე გაყიდული მიწის ნაკვეთზე, 2012 წლის 6 და 15 თებერვალს დაწერა განცხადებები საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ. სახელმწიფოს სახელზე მხოლოდ აღნიშნული რეგისტრაციის შემდეგ მოხდა ზედდებაში სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ კიდევ მ. ზ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ს/კ .... აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურმა ისე გაატარა რეგისტრაციაში მ. ზ-ის განცხადებები საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ და ისე აღრიცხა უძრავი ქონება სახელმწიფოს სახელზე, რომ აღნიშნულ წარმოებაში არ მიიწვია გ. შ-ი, რომელსაც 2011 წლის 14 ივლისიდან მიმართული ჰქონდა საჯარო რეესტრისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით და აღნიშნულ განაცხადზე არ იყო დასრულებული სარეგისტრაციო წარმოება. შესაბამისად,, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შესაბამისად, დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ობიექტურად უნდა შეაფასოს მხარეთა მიერ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარდგენილი ყველა დოკუმენტი და სათანადოობის, საკმარისობის, პრიორიტეტულობისა და საბოლოო ჯამში, გაზიარების თვალსაზრისით განსაზღვროს მათი მტკიცებულებითი მნიშვნელობა, ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს ადამიანის ძირითადი უფლებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმეზე დადგენილია, რომ 2012 წლის 15 თებერვალს მ. ზ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების მიტოვების რეგისტრაცია მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ... (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდზე N.... აღნიშნული განცხადების წარდგენის დროს მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. ზ-ე, რომელსაც სადავო ქონება შეძენილი ჰქონდა ხ. კ-ისგან. მისთვის ცნობილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 05 მარტის N9 საოქმო გადაწყვეტილების შესახებ. მ. ზ-ემ იცოდა, რომ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ხ. კ-ის სახელზე გაცემული N6232 საკუთრების უფლების მოწმობა და მისი გაცემის საფუძველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 20 თებერვლის N20 საოქმო გადაწყვეტილება ხ. კ-ის ნაწილში, და ამავე მიწის ნაკვეთზე გაცემული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შესაბამისად, გამოხატა ნება სახელმწიფოს სასარგებლოდ უძრავი ნივთის მიტოვების თაობაზე. მ. ზ-ის ქმედება სრულ შესაბამისობაშია ხ. კ-ის მიმართ დამდგარ სამართლებრივ შედეგებთან. მ. ზ-ისათვის ცნობილი იყო რა შეძენილი ქონების უსაფუძვლობა, უფრო მეტიც, რომ უსაფუძვლობა დადასტურებული იქნა აღიარების კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებით, მ. ზ-ის ნების ნაკლთან დაკავშირებით მსჯელობა სრულიად დაუსაბუთებელია და მისი ქმედება, კერძოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაკეთებული მიტოვების შესახებ განცხადება, სრულ შესაბამისობაშია შექმნილ სამართლებრივ პირობებთან. აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შინაარსს.
რაც შეეხება უშუალოდ მ. ზ-ის განცხადების საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, კასატორს მიაჩნია, რომ 29.02.2012 წლის N... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც მისი ბათილობის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, არ არსებობდა წარმოების შეჩერების ან/და სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი. კერძოდ: მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები რეგლამენტირებულია "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლში, სადავო ურთიერთობის დროს არსებული ჩანაწერით სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ზემოაღნიშნული ჩამონათვალის არც ერთი კრიტერიუმი არ გამოვლენილა მ. ზ-ის მიერ გაკეთებული განცხადების (15.02.2012) რეგისტრაციისას, რაც შესაძლებელს გახდიდა მიტოვების რეგისტრაციაზე უარის თქმას, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ ის არგუმენტი და შეფასება, რომ უკვე გასხვისებული ჰქონდა მ. ზ-ეს მის სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება და მარეგისტრირებელი ორგანოსთვის ცნობილი იყო გ. შ-ის განცხადების საფუძველზე უკვე დასრულებული სარეგისტრაციო წარმოების შესახებ, წინააღმდეგობაშია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიზნებთან. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს გადაწყვეტილება გ. შ-ის განცხადებასთან დაკავშირებით უნდა მიეღო 2011 წლის 14 ივლისის N... განცხადებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრიდან ოთხი სამუშაო დღის ვადაში და არა 2015 წლის 17 იანვარს, თუმცა აქ სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ანალოგიური საფუძვლით (სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს არაერთი გადაწყვეტილება) გ. შ-სა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის ნაწარმოები სასამართლო დავის და 18.01.2012 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობა. ამავდროულად სააპელაციო სასამართლომ შეფასება გააკეთა მ. ზ-ის მიერ გამოვლენილ ნებასთან დაკავშირებით და მარეგისტრირებელ ორგანოს დააკისრა იმის მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს მ. ზ-ეს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგება, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ ნორმებს. აქ სასამართლომ სახელმწიფოს სრული ფუნქცია და უფლება - მოვალეობები მთელი თავისი შინაარსით დააკისრა მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელიც მხოლოდ კონკრეტული მიზნით არის შექმნილი და სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მიტოვების შემთხვევაში არ წარმოადგენს სახელმწიფოს იმ სუბიექტს, რომლის ვალდებულებასაც მიტოვებული ქონების მიღება ევალება. ასევე სააპელაციო სასამართლო ზოგადი განმარტებით შემოიფარგლა და მსგავსი არასწორი მტკიცების ტვირთის დაკისრების პარალელურად მარეგისტრირებელი ორგანოს ქმედებაზე მიუთითა, რომ მ. ზ-ის მიტოვების მოტივში არსებითად უნდა ჩარეულიყო მარეგისტრირებელი ორგანო, თუმცა სამართლებრივი ნორმა და მისი შესაბამისი განმარტება მითითებული არ არის გადაწყვეტილებაში. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ მ. ზ-ეს ერთხელ უკვე გასხვისებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვება ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია და განმარტავს, რომ ასეთი შეფასების საპირწონედ სააპელაციო პალატა არ მიუთითებს შესაბამის სამართლებრივ დასაბუთებას, რომელიც მარეგისტრირებელ ორგანოს დაავალდებულებდა მ. ზ-ის ნების გამოვლენის ნამდვილობის ( მოტივების) შემოწმებას.
კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამარლო ასევე არ იყენებს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მ. ზ-ის მიერ ხელშეკრულების დადება გ. შ-თან არ ნიშნავს საკუთრების უფლების გადასვლას, სახელმწიფოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებით მიმართვის დროს საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო ისევ მ. ზ-ე და მისი უფლებამოსილება- სახელმწიფოს სასარგებლოდ განეკარგა მის საკუთრებად რეგისტრირებული ქონება, სრულად შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგების ცნებას. სასამართლომ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა ის კონკრეტული კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რაც აქტის ბათილობის საფუძვლად შეიძლებოდა განეხილა.
კასატორის განმარტებით საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ,,საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის მე-13 მუხლს და მიიჩნია, რომ გ. შ-ის უფლება უპირატესია ვიდრე მ. ზ-ის მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება. არასწორი შეფასება ვლინდება სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ გ. შ-ის უფლებების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, მართალია, რეგისტრირებულია უფრო ადრე, თუმცა მისი რეგისტრაცია შეჩერების, შეწყვეტისა და შემდგომ უკვე რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის გამო ვერ გამორიცხავდა მ. ზ-ის განცხადების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სახელმწიფოს სასარგებლოდ, რა დროსაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების/ შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი არ გამოვლენილა და ამაზე ვერც სააპელაციო სასამართლო მიუთითებს. მსჯელობა, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს ევალებოდა რიგითობით წინ დაეყენებინა გ. შ-ის უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვა და მხოლოდ ამის შემდგომ მიეღო მ. ზ-ის განცხადება წინააღმდეგობაშია, სწორედ რეესტრის შესახებ კანონის მე-13 მუხლთან, რომელიც აწესრიგებს რამდენიმე უფლების რიგითობას, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, თუმცა ასეთი ერთი რანგის ერთი კატეგორიის უფლებასთან არ გვაქვს საქმე და მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის სწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და თუ ამ დარღვევის არარსებობისას სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ანუ ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება და შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული მუხლი გამოიყენა იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადგენილია და ამასთან არ არის დასაბუთებული სხვა გადაწყვეტილების მიღების ალბათობაც კი, მ. ზ-ეს 15.02.2012 წლის განცხადება ნამდვილია და მისი ნაკლთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ახსნა - განმარტების გაზიარების, მისი არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლომ არსებითად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 21 თებერვალს გაცემულ იქნა N6232 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც ხ. კ-ეს საკუთრებაში გადაეცა 1757 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი .... შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ხ. კ-ის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...).
2008 წლის 11 მარტს ხ. კ-ესა და მ. ზ-ეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ხ. კ-ემ (შემდგომში - გამყიდველი) მ. ზ-ეს მიჰყიდა უძრავი ქონება - 1757.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი .... შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ზ-ის სახელზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...).
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 5 მარტის N9 საოქმო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სხვა პირებთან ერთად ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ხ. კ-ის სახელზე გაცემული N6232 საკუთრების უფლების მოწმობა და მისი გაცემის საფუძველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 20 თებერვლის N20 საოქმო გადაწყვეტილება ხ. კ-ის ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2010 წლის 27 დეკემბერს მ. ზ-ესა და გ. შ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. ზ-ემ გ. შ-ს მიჰყიდა უძრავი ქონება - 1757.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...).
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 31 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით, გ. შ-ის განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. კერძოდ: განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო არსებულ მონაცემებთან, შესაბამისად, წარსადგენი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული ვერსია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 21 იანვრის N... გადაწყვეტილებით, გ. შ-ის განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. კერძოდ: განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან (...), შესაბამისად, წარსადგენი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული ვერსია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 თებერვლის N... გადაწყვეტილებით, გ. შ-ის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 23 თებერვლის N... გადაწყვეტილებით, გ. შ-ის განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მიწის ნაკვეთის ფართი მითითებულია 1757 კვ.მ, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილია 1677 კვ.მ ფართზე. განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო წარმოებაში მყოფ მონაცემებთან (გან. N...). შესაბამისად, წარსადგენი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული ვერსია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 24 მარტის N... გადაწყვეტილებით, გ. შ-ის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 30 მარტის N... გადაწყვეტილებით, გ. შ-ის განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. კერძოდ: განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო წარმოებაში მყოფ მონაცემებთან (გან. N...). შესაბამისად, წარსადგენი იყო საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირებული ელექტრონული ვერსია.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის N... გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი /ინფორმაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე N3-488/11), გ. შ-ის სარჩელი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 11 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 ივლისის N...-03 გადაწყვეტილებით, გ. შ-ის 2011 წლის 14 ივლისის განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა 30 კალენდარული დღე. კერძოდ: განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენია მიწის აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, ვინაიდან მითითებულ განცხადებაში რამდენიმე ელექტრონული ვერსია იყო მიმაგრებული.
2012 წლის 15 თებერვალს მ. ზ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს და სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია მოითხოვა უძრავ ქონებაზე, მდებარე ხელვაჩაური, სოფელი ... (მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი: N...). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს მიღებულ იქნა N... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ“, რომლითაც მ. ზ-ის განცხადება საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უძრავი ქონება - 1757.00 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურში, სოფელ ... (მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი: N...), საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილებით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“, 2015 წლის 17 თებერვალს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებულ იქნა გ. შ-ის მიერ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 18 მარტის N65174 გადაწყვეტილებით, გ. შ-ს უარი ეთქვა 2015 წლის 17 თებერვლის N21607/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.” ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“ ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების მიტოვების შესახებ მ. ზ-ის სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას გ. შ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის აუცილებლობის თაობაზე, ასევე არ იზიარებს განცხადების რიგითობისა და მ. ზ-ის ნების ნაკლთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს და განმარტავს, რომ მ. ზ-ის მიერ 2012 წლის 6 თებერვალს და 15 თებერვალს გაკეთებული განცხადებები საკუთრების მიტოვების თაობაზე, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული ორმხრივი გარიგებაა, რომელიც გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისკენაა მიმართული, თავის მხრივ, გარიგების საფუძველი ნება, როგორც სუბიექტური კატეგორია, სამართლებრივ ძალას იძენს მისი გარეგანი ფორმირების პროცესის დასრულების შემდგომ, შესაბამისად, ნების კანონთან შესაბამისობის საკითხის განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს აღნიშნული საკითხი, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნული განცხადებების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა და ნების ნაკლის თაობაზე შეფასებები არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, მარტოოდენ მხარის ახსნა განმარტება, იმ პირობებში როდესაც სადავო არ არის მიტოვების შესახებ განცხადების კანონიერება, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ. ამასთან, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე, ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს, რაც განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა მ. ზ-ის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი მისი ხელმოწერილი განცხადებით.
2012 წლის 29 თებერვლის N... ,,რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. ზ-ეს გაცნობიერებული ჰქონდა საკუთრების მიტოვების შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი, ამასთან რეგისტრაციის დროს და მას შემდეგაც მას რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია, შესაბამისად, მ. ზ-ის მიერ წარდგენილი განცხადება შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რის შედეგადაც განხორციელდა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში მიტოვების რეგისტრაცია.
საკასაციო პალატის მოსაზრებით სადავო აქტების მარეგისტრირებელი ორგანოსათვის სადავო საკითხის გადაუწყვეტელად ბათილად ცნობა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მითითებით დაბრუნება არ იძლევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისათვის გ. შ-ის 2011 წლის 14 ივლისის განცხადების საფუძველზე ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ამავე კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ასევე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 17 იანვრის N... გადაწყვეტილებით ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გ. შ-ის განცხადებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლების საგანზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს მიღებული N... გადაწყვეტილებით მ. ზ-ის მიტოვების განცხადების საფუძველზე, უძრავი ქონებაზე - 1757.00 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ხელვაჩაურში, სოფელი ... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...), რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის და რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობით ვერ მიიღწევა ის იურიდიული ინტერესი რაც მოსარჩელეს გააჩნია, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციისას წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სადავო ნაკვეთზე სახელმწიფოს უფლების დამდგენი დოკუმენტია მ. ზ-ის განცხადება საკუთრების მიტოვების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას და მისი კანონიერება უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს სახელზე სადავო ფართის საჯარო რეესტრში აღრიცხვას, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი გ. შ-ის 2011 წლის 14 ივლისის №... განცხადებასთან (საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე) დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ძალაშია სახელმწიფოს სახელზე განხორციელებული რეგისტრაციისას წარდგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე N3-488/11), გ. შ-ის სარჩელი მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 აპრილის N... გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 11 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებზე და განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ის უნდა შესრულდეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებით იქნა ნამსჯელი და გაკეთდა შესაბამისი განმარტება, ასეთ პირობებში დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა გ. შ-ის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს სახელზე სარეგისტრაციო განაცხადის მიღებისას გ. შ-სა და მარეგისტრირებელ ორგანოს შორის არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ის მოთხოვნა 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ იქნა დაკმაყოფილებული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის განხორციელებამდე, უნდა მოეხდინა მარეგისტრირებელ ორგანოში 2011 წლის 14 ივლისის გ. შ-ის სარეგისტრაციო განცხადების განხილვა, წინააღმდეგობაშია საკუთრების უფლების წარმოშობისათვის კანონმდებლობით დადგენილ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებთან, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, შესაბამისად, 2012 წელს 6 თებერვალს და 15 თებერვალს მ. ზ-ის მიერ საკუთრების მიტოვების შესახებ განცხადებების წარდგენისას, ის წარმოადგენდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს, ხოლო საკითხი იმის თაობაზე თუ როდის იყო ნება ნამდვილი გ. შ-თან დადებული გარიგებისას თუ საკუთრების მიტოვებისას, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა. საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს. (იხ. სუსგ. 02.07.2015 №ბს-30-30(2კ-15). საკასაციო პალატა განმარტავს , რომ საჯარო რეესტრში განცხადების წარდგენა არ შეიძლება შეფასდეს საკუთრების წარმოშობის საფუძვლად, მით უფრო როდესაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არაერთხელ შეჩერდა და შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც მიუთითებს სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადის არასრულყოფილებაზე.
რაც შეეხება საქმეზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, საკასაციო საჩივარი არ არის წარმოდგენილი იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რომელსაც სააპელაციო პალატამ დააკისრა მტკიცების ტვირთი, თუმცა საკასაციო პრეტენზია აღნიშნულ საკითხზე წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ საქმეში ამგვარად ჩაბმული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. განსახილველ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასაციის არარსებობა, გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირის უფლებაზე - სრულფასოვნად დაიცვას საკუთარი ინტერესები, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოადგენს ქონების მმართველს, რომელსაც კანონით მისთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში განსაზღვრული აქვს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშრებით, სახელმწიფოს ინტერესის დაცვა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად, განმარტავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, აღნიშნული მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, მომზადება, მიღება, გამოცემა, შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტება მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მტკიცების ტვირთის დაკისრება იმის თაობაზე, რომ მასსა და ფიზიკურ პირს, მ. ზ-ეს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგება, როგორც სამართლებრივ, ისე ზნეობრივ ნორმებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგება დაიდო სახელმწიფოსა და მ. ზ-ეს შორის, გარიგების საფუძველზე მესაკუთრედ აღირიცხა სახელმწიფო, ქონების - მართვა განკარგვის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და არა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამასთან „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მართალია, ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე, თუმცა აღნიშნული გულისხმობს რეგისტრირებული უფლების გადამოწმებას და არა წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადების არსებობის გამო, შემდგომში წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის უარყოფას და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის უარყოფას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახელმწიფოს მიერ სადავო ფართის შეძენისას უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ. ზ-ის საკუთრების უფლება და აღნიშნული ჩანაწერის საწინააღმდეგოდ საჩივარი შეტანილი არ ყოფილა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა უზრუნველყო მტკიცება მის მიერ გამოცემული აქტების კანონიერების თაობაზე, ხოლო გარიგების ნამდვილობის დადასტურება, მისი მტკიცების ფარგლებს სცილდება.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს არ წარმოადგენს უფლების დამდგენი დოკუმენტი, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გადაწყვიტოს საკითხი, რომელიც არ ყოფილა სადავო აქტებით გადაწყვეტილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე