საქმე #080310015001186435
საქმე ბს-967-963(კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 2015 წლის 14 დეკემბერს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 მარტის №9628 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საგადასახო შემოწმების პროცესში, მარწმუნებელმა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა ინფორმაცია სადავო პერიოდისათვის ქართული ბანკებისგან აღებული სესხების შესახებ, რომლითაც დასტურდებოდა რომ სადავო პერიოდში სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეესაბამებოდა სადავო ხელშეკრულებებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობას. არც შპს „...“ და არც „ბ...“ არ არიან მითითებული ბანკების ურთიერთდამოკიდებული პირები და კომპანიის მიერ გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთები სრულად შეესაბამებოდა საქართველოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული სესხების განაკვეთებს, მაგრამ ვინაიდან კომპანიები წარმოადგენდნენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული, რომ „საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას უნდა ეხელმძღვანელათ სესხის გაცემის მომენტისათვის დადგენილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით უცხოურ ვალუტაში“.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლი განსაზღვრავდა საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს, შესაბამისად, შემმოწმებელი ვალდებული იყო 22-ე მუხლის მიხედვით დაედგინა გაცემულ სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი. ხოლო შემმოწმებლის მიერ გამოყენებული საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიით, წარმოადგენს საშუალო-შეწონილ მონაცემებს და მათი განსაზღვრის მიზანია საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთების დადგენა, კომერციული ბანკების მიერ სხვადასხვა სახეობის ეროვნული/უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ ბანკებიდან მიღებული სესხების პროცენტებისა და შპს „ბ...“ გაცემული სესხების პროცენტების მაჩვენებლებიც წარმოადგენს საბაზრო პროცენტებს და მონაწილეობენ ეროვნული ბანკის მიერ საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრაში. შემფასებელი ვალდებული იყო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საშუალო შეწონილი პროცენტის ნაცვლად აეღო ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან მხოლოდ იმ სესხებზე ინფორმაცია, რომლებიც გაცემულია სადავო პერიოდის 30 დღის დიაპაზონში ისეთ არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე, რომლებიც მოღვაწეობენ „ბ...“ რეგისტრირებული ტერიტორიის მახლობლად. გარდა ამისა, სესხის ხელშეკრულების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს სესხის ხელშეკრულებებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთები, შემმოწმებელს უნდა შეედარებინა ყოველი ხელშეკრულების დადების თარიღის მიხედვით.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანების N996-ის 29-ე მუხლი ადგენს ფასთა შორის განსხვავების ისეთ გონივრულ ზღვარს, რომელიც დამატებითი და ღრმა შესწავლის გარეშე, ცხადყოფს რომ მხარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ხელშეკრულების პირობებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივრი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა, რამდენადაც,
საქმეზე დადგენილია, რომ შპს „...“ 2008 წელს სასესხო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „...“ წლიური საპროცენტო განაკვეთით 12,5%. შემოწმებით საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ეროვნული ბანკის მიერ იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაზე დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით გაზრდილი იქნა საწარმოს 2008 და 2009 წლის ერთობლივი შემოსვალი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს. იმავე კოდექსის 22-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გამოიტანოს მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ, თუ: ა) გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე; ბ) საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია. ამასთან, 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად პირის მიერ სხვა პირისაგან ქონების ან სარგებლის მიღების შემთხვევაში, ერთობლივ შემოსავლებში შესატანი ქონების ან სარგებლის ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება თანხა, დაქირავებულის მიერ ამ ნაწილით განსაზღვრული ოდენობით მიღებული სარგებლისათვის, გადახდილი თანხის გამოკლებით, მათ შორის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საშუალო საბაზრო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საბაზრო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, რამდენადაც საგადასახადო ორგანოს მიერ ორ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის სასესხო ურთიერთობის შეფასებისას დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საბაზრო ფასის განსაზღვრა განხორციელდა ოფიციალური წყაროს - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მსგავს პროდუქტზე (სესხი) გამოყენებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთის დადგენა კი სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენციაა და მისი დადგენა ხდება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების გაანალიზებით, რისი დამატებითი გადამოწმებისა და შეფასების ვალდებულების საგადასახადო ორგანოსათვის დაკისრების კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა არ არსებობს. შესაბამისად, ორ ურთიერთდამოკიდებულ პირს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების (გარიგების) შეფასებისას საგადასახადო ორგანომ მართებულად გამოიყენა გარიგების დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. კასატორს - შპს „...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 09.11.2017წ. №99005 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის, 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე