Facebook Twitter
საქმე Nბს-13-13(კ-18) 15 მაისი, 2018 წელი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - შ. ს-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ს-ემ 2016 წლის 20 სექტემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს N04/63833 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელეს დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით.
მოსარჩელის განმარტებით, მან 1991 წლის 19 მარტს გაიარა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა და დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, ყოველწლიურად 1997 წლამდე უტარდებოდა სამედიცინო ექსპერტიზა და უდგინდებოდა იგივე სტატუსი 1 წლის ვადით. 1997 წლის მაისში დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ. დღეის მდგომარეობით იღებს სოციალურ პაკეტს 100 ლარის ოდენობით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძველზე. 2016 წლის 19 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 20 ივნისის 04-15/1408 აქტის ბათილად ცნობა და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რადგანაც თავის დროზე ინვალიდობა დაუდგინდა სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს 04/63833 გადაწყვეტილებით სააგენტომ უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე და განმარტა, რომ საჩივარი უსაფუძვლოა ვინაიდან მას არ ერთვის ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად და ასევე ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი სამხედრო სამსახურის გავლასა და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელ დოკუმენტს შორის.
შ. ს-ის სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მისთვის კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს წარმოადგენდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, კერძოდ, ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში N3/717-16 თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის მომსახურების ცენტრი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით შ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის მომსახურების ცენტრის მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ს-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს N04-06/63833 გადაწყვეტილება შ. ს-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის №04-15/1498 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე შ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებები, რომელსაც არც სააპელაციო საჩივრის ავტორი ხდიდა სადავოდ. პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი მხარეებზე გაანაწილა სწორად, ასევე სწორად დადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი შეფასება მისცა მათ და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენდა სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება; კერძოდ მოსარჩელის მიმართ „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის რეგულირების სფეროსა და საგანს; კერძოდ ამ ნორმის თანახმად, კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა წარმოადგენს ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძველს. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან. პალატის განმარტებით, კანონის მე-8 მუხლი კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით დათქმას აკეთებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეზე. ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში. დ) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ს-ე მსახურობდა ყოფილ სსრ კავშირის სავალდებულო სამხედრო სამსახურში. სამსახურის გავლის დროს სარატოვის საოლქო ფსიქიატრული საავადმყოფოს სამხედრო სამედიცინო კომისიის მიერ დაუდგინდა დაავადება ,,მდგრადი ისტერიკული რეაქციები ინტელექუალურ- პრიმიტიული პიროვნების“. საქმეში წარმოდგენილი პენსიის დამნიშვნელი კომისიისა და საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის დასკვნების თანახმად, აღნიშნული დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას, შესაბამისად შ. ს-ეს, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი უვადოდ. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ შესაბამისი სამუშაო სტაჟის მქონე პირებს, თუმცა ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%. ამასთანავე, ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონის განმარტება მისი ბუნდოვანი ადგილების დაზუსტებას და ტექსტის მნიშვნელობის დადგენას გულისხმობს. საკანონმდებლო სივრცის არასრულობის ან ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლომ შეავსოს იგი განმარტების საფუძველზე, რამდენადაც სასამართლო აღჭურვილია ნორმის განმარტების უფლებამოსილებით. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია განმარტოს კანონი მაშინ, როდესაც ამისი საჭიროება არსებობს და საკანონმდებლო დანაწესით დასარეგულირებელი საკითხის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა ვერ ხდება. კანონის ინტერპრეტაციის არსი, კანონის ტექსტის საფუძველზე კანონის აზრისა და მიზნის დადგენაა, რაც მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთი მნიშვენლოვან ფორმას წარმოადგენს, ხოლო კანონის ინტერპრეტაციის აუცილებლობას კანონში არსებული ხარვეზი განაპირობებს. ასეთი ვითარება იქმნება მაშინ, როდესაც კანონი პირდაპირ არ იძლევა პასუხს ამა თუ იმ საკითხზე და სასამართლო ხარვეზიანი ნორმის - კანონის ტექსტსა და სამართლის ძირითად პრინციპებთან შეჯერებით ადგენს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დადგენაც კანონმდებელს სურდა, ანუ რაშიც გამოიხატება კანონმდებლის მიზანი. ზემოთ მოყვანილი კანონების სისტემური განმარტებიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ შ. ს-ეს, როგორც ყოფილ სსრ კავშირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ფსიქიკური ტრამვის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს, უფლება გააჩნდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოეთხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას შ. ს-ესთან მიმართებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული იქნა და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე მათი ბათილად ცნობის წინაპირობას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კომპენსაციის გაანგარიშება ნამსახურებისა და წოდების, ასევე ხელფასის საფუძველზე გამოიანგარიშება, ამ ინფორმაციის მოპოვებისა და შეფასების გარეშე შეუძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ ურთიერთობაზე გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის დანაწესი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე შ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალმა და ამავე სააგენტოს შუახევის რაიონულმა განყოფილებამ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და კომპენსაციის მიღების საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრის ჩამონათვალში აქცენტი კეთდება ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე და სამხედრო სამსახურის ოფიცრებზე, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, სსრკ კავშირისა და დამოუიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში და სხვა კანონიერ სამხედრო ფორმირებებში. აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიაზრებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის , „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების ერთ - ერთ საფუძველს წარმოადგენს შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსის დადგენა, ხოლო ამ საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშების ფორმულას ადგენს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი რომელიც ამავდროულად განსაზღვრავს, შესაძლებლობების შეზღუდვის იმ ხარისხს (სტატუსი), რომლითაც ზევადიანი სამხედრო სამსახურდან დათხოვნილი მოსამსახურეები იპოვებენ სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნის უფლებას(იგულისხმება მკვეთრად გამოხატული ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები.)
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი პირდაპირ არ მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე და ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიაზე, როგორც ეს აღნიშნულია ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, ზემოაღნიშნულ ნორმაში იგულისხმება ზუსტად ის პირობები, რომლებიც წარმოადგენენ ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც კანონით დადგენილი ნსამსახურების ვადის ამოწურვის საფუძვლით და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენის გამო იპოვებენ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლებას. ამდენად ცალსახაა, რომ კანონმდებელმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში იგულისხმა სწორედ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი ზევადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, რომელთა სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფა 2012 წლის 1 სექტემბრამდე ხორციელდებოდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად.
2006 წლის 1 იანვრიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დღიდან, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, გასაცემლის გაანგარიშებისათვის მხედველობაში მიიღებოდა სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო. შესაბამისად, აქედან დასტურდება, რომ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში, მე-16 მუხლში, მე-17 მუხლის მე-4 პუნქტში საუბარია ზევადიან სამხედრო მოსამსახურეებზე, ვიანიდან ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიელური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების თანახმად სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ეძლევათ ფულადი სარგოები და არა თანამდებობრივი სარგოები.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 22 მარტს განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიცავალა სამსახურიდან და სხვადასხვა ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციების გაანგარიშების წესი (ფორმულა), რომლის თანახმად, წელთა ნამსახურობის, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენისა და მარჩენალის დაკარგვის გამო კომპენსაციის გაანგარიშებისას, ტანამდებობრივი სარგოს კომპონენტი აღარ გამოიყენება.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა - ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%, ხოლო მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ამავე ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%. ამასთან სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივ დასაბუთებაში მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, მაშინ როდესაც აღნიშნული საფუძველი ეხება შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირებს. ხოლო, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ ყოფილ სსრ კავშირის და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა შეიარაღებულ ძალებში, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შ. ს-ე სახელმწიფო გასაცემლის მიმღებად აღრიცხულია 1991 წლიდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით განსაზღვრული მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის საფუძვლით, ხოლო 1997 წლის 14 მაისს მორიგ სამედიცინო შემოწმებაზე განესაზღვრა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი უვადოდ და მიზეზობრივი კავშირი „სამხედრო სამსახურის გავლა“ საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტში არ ფიქსირდება. აღნიშნული სტატუსის საფუძვლით მას დანიშნული აქვს სოციალური პაკეტი, რომლის ოდენობა დღეის მდგომარეობით შეადგენს 100 ლარს. შ. ს-ის სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) ადმინისტრირება 2012 წლის 1 სექტემბრამდე ხდებოდა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხოლო 2012 წლის 1 სექტემბრიდან მისი ადმინისტრირება გაგრძელდა ,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთვარობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად, სოციალური პაკეტის სახით.
საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ რუსულ ენაზე შედგენილი შ. ს-ის საპენსიო საქმის მასალები, სასამართლოს დავალების მიუხედავად არ იქნა ნათარგმნი მოსარჩელის მიერ სრულად. შეგნებულად არ იქნა წარდგენილი საპენსიო საქმეში არსებული ბოლო სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის თარგმანი, რომელშიც მიზეზობრივი კავშირი, სამხედრო სამსახურის გავლა არ არის მითითებული და რომლითაც ის დღემდე იღებს სოციალურ პაკეტს. აღნიშნულის ნაცვლად შ. ს-ემ სასამართლოს წარუდგინა ნოტარიულად თარგმნილი სამედიცინო დოკუმენტი, რომლის დედანი მას აქვს ხელზე. აღნიშნულ დოკუმენტში მითითებულია, რომ მას 1997 წელს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტი არის არასრული, არ არის მითითებული მასში მისი დიაგნოზი, ასევე არ აქვს ნომერი. სასამართლო სხდომებზე მოსარჩელის მიერ განიმარტა რომ აღნინული დოკუმენტი გადასცა სამედიცინო კომისიამ, თუმცა ის პენსიის დამნიშნავ ორგანოში არ წარდგენილა. საქმეზე წარმოდგენილ საპენსიო საქმეში არსებული სამედიცინო ისტორიის ასლებით დასტურდება, რომ შ. ს-ეს 1997 წელს უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი და მასში მიზეზი სამხედრო სამსახურის გავლა მითითებული არ არის. ორივე დკუმენტი კი გაცემულია ერთი და იმავე დროს, შესაბამისად კასატორებისთვის გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს შ. ს-ისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, მაშინ როდესაც საპენსიო საქმეში არსებულ ბოლო სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში და სამედიცინო ისტორიაში, რომლითაც მას უვადოდ დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი, არ არის მითითებული, რომ მას აღნიშნული სტატუსი დაუდგინდა სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლებელია, პირს შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის გამო დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია, თუ შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი არ არის მიღებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისა და ამავე სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, არ ეფუძნება ფაქტობრივი გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე შ. ს-ეს 1991 წლის 18 მარტს შუახევის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომთან არსებული პენსიების დამნიშვნელი კომისიის N37 ოქმით დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით (ს.ფ 36). 1991 წლის 22 თებერვლის სამხედრო სამედიცინო კომისიის N31 დადგენილებით შ. ს-ის მიმართ დადასტურდა დაავადება ,,მდგრადი ისტერიკული რეაქციები ინტელექუალურ-პრიმიტიული პიროვნების“. დადგენილების მიხედვით დაავადება მიღებულია სამხედრო სამსახურის გავლისას (ს.ფ 126-127 და 133-134). 1997 წლის 14 მაისს იმერეთის სპეციალური ტექნიკური საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ცნობით შ. ს-ეს დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი უვადოდ. ინვალიდობის მიზეზად მითითებულია ,,სამხედრო სამსახურის გავლის დროს“ (ს.ფ. 24). სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის N04-15/1498 წერილით დადგენილია, რომ შ. ს-ე სოციალური მომსახურეობის სააგენტოს შუახევის განყოფილებიდან იღებს სოციალურ პაკეტს შშ სტატუსით-მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი განსაზღვრული აქვს უვადოდ. ამავე წერილით შ. ს-ეს ეცნობა, რომ მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დადგენილია უვადოდ, ღებულობს შესაბამის კომპენსაციას 100 ლარს და სხვა სახის სახელმწიფო გასაცემლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს (ს.ფ 22). დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №04/63833 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. ს-ის 2016 წლის 19 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის N04-15/1498 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგეტოს 2016 წლის 19 აგვისტოს N04/63833 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა წარმოადგენს. სადავო აქტის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ის სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიღებული ტრავმის შედეგად გახდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რისთვისაც უნდა დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია როგორც „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველი მუხლის ,,ა" ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის სუბიექტს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ქმნის საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს, კერძოდ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია სამართლიანობა; კანონის წინაშე თანასწორობა; მუდმივობა; კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების სახელმწიფო გარანტია, ხოლო კანონმდებლობა კომპენსაციისა (გარდა ერთჯერადი კომპენსაციებისა) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. გასაჩივრებულ 2016 წლის 20 ივნისის N04-15/1498 წერილით შ. ს-ეს ეცნობა, რომ მის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დადგენილია უვადოდ, იღებს შესაბამის კომპენსაციას 100 ლარს და სხვა სახის სახელმწიფო გასაცემლის კანონიერი საფუძველი არ არსებობს, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 აგვისტოს №04/63833 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შ. ს-ის 2016 წლის 19 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2016 წლის 20 ივნისის N04-15/1498 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის შესაბამისდაც განისაზღვრება კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას განიხილავს კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სუბიექტთა წრე, რომელთაც აქვთ ამ კანონის საფუძველზე კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება. 2017 წლის 7 დეკემბერს ზემოაღნულ მუხლში განხორციელებული ცვლილებით მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, ხოლო ცვლილებებამდე არსებული ,,ე“ ქვეპუნქტის რედაქციით კომპენსაციის მიღების უფლება მინიჭებული ჰქონდათ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს;
ანალოგიური საფუძვლით (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები) კომპენსაციის დანიშვნას ითვალისწინებს ასევე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი, რომლის პირველი მუხლით განსაზღვრულია კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, კერძოდ ,,ა" ქვეპუნქტით კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში მოიაზრებიან ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში. ხოლო ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად - სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ შ. ს-ე ექცევა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრეში რასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა და განმარტავს, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში ნამსახურების გაიგივების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველი მულის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნტებითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით ჩამოთვლილ პირებთან, რადგან ზემოაღნიშნული ,,ა“ ქვეპუნტი არ შეიცავს დათქმას სსრ კავშირის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი პირების მიმართ კომპენსაციის გაცემის თაობაზე და მოიაზრებს მხოლოდ კონკრეტულად განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ხოლო რაც შეეხება „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის პირველი მულის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დეფინიციას, რომელიც მიუთითა სააპელაციო პალატამ, განსაზღვრულია, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ იმ პირებს რომელთაც იმსახურეს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში და არა სსრ კავშირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში, შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე ამომწურავად არის ჩამოყალიბებული მითითებულ მუხლებში და სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიმართ, შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის გაცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამასთან, გაურკვეველია რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა სააპელაციო პალატამ, რომ შ. ს-ე მსახურობდა ყოფილ სსრ კავშირის სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ასევე არ დგინდება მისი სამხედრო წოდება, რაც როგორც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომპენსაციის გაცემისათვის აუცილებელ კრიტერიუმს წარმოადგენს.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლი განსაზღვრავ სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობებსა და სამხედრო წოდებებს, მითითებულ ჩამონათვალში სამხედრო სავალდებულო სამსახურში მიღებულ პირთა წოდებები იწყება რიგითის წოდებით, მსგავსი წოდების ენიჭებოდათ საბჭოთა არმიის შემადგენლობაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულ პირებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა - განმარტების საფუძველზე მიიჩნია შ. ს-ე სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირად, რაც არ არის საკმარისი მტკიცებულება, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები არ შეიცავს სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით ინფორმაციას და ზოგადად კეთდება მითითება სამხედრო სამსახურზე. საქმეზე წარმოდგენილი სარატოვის საოლქო ფსიქიატრიული ს/ნ 1768 უფროსის 1982 წლის 8 აგვისტოს ცნობით (ს.ფ. 129-130) შ. ს-ის დიაგნოზი ჯერ კიდევ 1982 წელს იყო ,,მდგრადი ისტერიული რეაქციები ინტელექტუალურ-პრიმიტიულ პიროვნებასთან". ამასთან, ამავე ცნობაში მითითებული იყო, რომ ,,დაავადება დაკავშირებული არაა სსრკ ჯარში სამსახურთან". სასამართლო დაეყრდნო საქმეზე წარმოდგენილ ორ დადგენილებას, კერძოდ მე-16 სამხედრო საექიმო კომისიის 1991 წლის 22 თებერვლის N31 დადგენილებებს (ს.ფ. 126-127 და ს.ფ. 133-134), რომელთა გაცემის თარიღი და ნომერი იდენტურია, თუმცა ერთი ცნობა (ს.ფ. 126-127) ხელმოწერილია აჭარის ავტონომიური რესპიბლიკის სამხედრო კომისრის პოლკოვნიკი ნ.ი. თ-ის მიერ და ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია 1991 წლის 22 თებერვლის N31 ოქმი, ხოლო ანალოგიური მეორე ცნობა ხელმოწერილია ვიცე პოლკოვნიკი შ-ის მიერ, ცნობის გაცემის საფუძვლად ამ შემთხვევაშიც მითითებულია 1991 წლის 22 თებერვლის N31 ოქმი. საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებებით გაუქმებულად ჩაითვალა სარატოვის საოლქო ფსიქიატრიული N137 საავადმყოფოს სამხედრო საექიმო კომისიის 1982 ლის 2 აგვისტოს დადგენილების ის ჩანაწერი, რომლითაც დგინდებოდა, რომ შ. ს-ის ,,დაავადება არაა დაკავშირებული სსრკ ჯარში სამსახურთან", თუმცა გაურკვევევლია რა უფლბამოსილების ფარგლებში მოხდა თითქმის ათი წლის უკან გაცემული ცნობის გაუქმება და რა საფუძვლით. ამასთან, ბუნდოვანებას იწვევს საქმეზე წარმოდგენილი 1991 წლის 22 თებერვალს გაცემული ორი ცნობის იდენტურობა, რაც დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია სწორედ 1982 წლის 2 აგვისტოს სარატოვის საოლქო ფსიქიატრიული ს/ნ … უფროსის ცნობა (ს.ფ. 129-130), რომელიც მეტად რელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს, მისი თარიღისა და მომხდარი ფაქტის აღწერის (შესაძლებლობების შეზღუდვა) გათვალისწინებით, რაც ასევე სათანადო კვლევის გარეშე იქნა დატოვებული სააპელაციო პალატის მხრიდან. რაც შეეხება 1997 წლის 14 მაისის იმერეთის სპეციალური ტექნიკური საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ცნობას, (ს.ფ. 203-205) რომლითაც შ. ს-ეს დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი უვადოდ, გაცემულია სშსკ შემოწმების აქტი N175 -ის საფუძვლზე, რომელიც საქმეზე წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად დგინდება, რომ სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულყოფილად გამოკვლეული, არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მას შემდეგ რაც დადგინდება მოსარჩელის სამხედრო წოდება, მისი სამხედრო სამსახურში ნამსახურების საფუძვლები, უნდა დადგინდეს რამდენად არის კავშირი შესაძლებლობების შეზღუდვის ფაქტსა და სამხედრო სამსახურში მიღებულ ტრავმასთან, რამდენადაც, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო კადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ლ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს - რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს ,,სამედიცინო - სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებული ტრავმით ან დაავადებით დაუდგინდება თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირებს, თუ იგი უკავშირდება საქართველოს და ყოფილი სსრ კავშირის ინტერესების, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას ან სხვა სამხედრო ან ოპერატიულ მოვალეობათა შესრულებას, აგრეთვე სხვა ქვეყნების ლოკალურ ომებში მიღებულ ჭრილობას, დასახიჩრებას, კონტუზიას ან დაავადებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს ქმნის იმ შემთხვევაში, თუ პირი განეკუთვნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ პირთა წრეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობის შეზღუდვა ქმნის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დამატებით საშეღავათო პირობებს. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის მე-3 და მე-17 მუხლები ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის გამო, სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას სამხედრო მოსამსახურეებისათვის. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ მისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა დაადგინოს წარმოადგენს თუ არა შ. ს-ე თადარიგის სამხედრო მოსამსახურეს ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებულ პირს და მიღებული ტრავმა უკავშირდება თუ არა კანონით განსაზღვრულ ინტერესებს. იმ პირობებში როდესაც საქმეზე არ არის დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, საკასაცო პალატა მართებულად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას საქმეზე წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებების შეფასებით მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დაუსაბუთებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებივი თვალსაზრისით (სსკ-ის 377.1 მუხ.), განსხვავებით საკასაციო სასამართლოსგან, რომელიც არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი ინსტანცია, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. პირველი ინსტანციის სასამართლო შემოიფარგლა შ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით მის მიერ წარდგენილი მასალების შეფასებით, ისე რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაცული ინფორმაცია შ. ს-ის საქმესთან დაკავშირებით საქმეზე არ იქნა გამოთხოვილი, საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული მასალების წარმოდგენის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე მტკიებულება, ასევე არ იქნა გამოთხოვილი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან ინფორმაცია შ. ს-ის სამხედრო სამსახურში ნამსახურებასთან დაკავშირებით, მისი პერიოდულობის, ნამსახურების ნუსხის თნამდებობრივი სარგოების განსაზღვრის მიზნით. შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას, არსებული საპენსიო საქმის (რომლითაც დღეის მდგომარეობით იღებს სოციალურ პაკეტს) გამოთხოვის, სამხედრო სამსახურში ნამსახურებასთან დაკავშირებით საქმის მასალების სრულყოფილად გამოთხოვისა და მოძიებულ მტკიცებულებებში არსებული დოკუმენტების შესწავლისა და შეფასების შემდეგ სადავო აქტების კანონიერების გარკვევის მიზნით სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს შ. ს-ის სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირად მიჩნევისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლების არსებობა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები და გაუქმდა ამ კანონით გათვალისწინებული პენსიის დანიშვნისა და გაცემის, ასევე პენსიების გადაანგარიშების ძირითადი წესები. შესაბამისად, მითითებული წესები „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით საერთო გახდა როგორც სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე, ისე ამ კანონით გათვალისიწნებულ სხვა სუბიექტებისათვის. სახელმწიფო კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობებს და პროცედურას არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი“, რომლის მე-9 მუხლი ასევე შეიცავს კომპენსაციის მიმღებ პირთა ჩამონათვალს და მიუთითებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ კომპენსაციის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს შესაძლებლობების შეზღუდვა სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში, რაც განსახილველ საქმეზე არ არის გამოკვლეული და დადგენილი. ამავე წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულია კომპენსაციის დასანიშნად მიმართვის საჭიროება და წარსადგენი დოკუმენტები, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა" ქვეპუნქტი შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირისათვის კომპენსაციის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხაში ითვალისწინებს სხვა აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშების, სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების წარდგენის ვალდებულებას, რაც მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენის დროს არ იქნა დართული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შ. ს-ის სასარჩელო განცხადება ისე დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლოს არ გაურკვევია მითითებული დანაწესის შესაბამისად ზემოაღნიშნული შინაარსის ცნობის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენის ფაქტის არსებობა.
სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ისეთი გარემოებების გამოკვლევა, რაც განმცხადებლის მიერ უნდა იქნეს წარდგენილი კომპენსაციის მიღების შესახებ განცხადებასთან ერთად. კერძოდ სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა შ. ს-ე სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირად, კომპენსაციის გაანგარიშების მიზნით, (რაც ამ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ ყოფილა) ნამსახურებისა და წოდების, ასევე ხელფასის შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და შეფასების გარეშე, შეუძლებლად მიიჩნია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მულის მე-4 ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე შ. ს-ის განცხადებასთან დაკავშირებით.
ამასთან სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში სრულად გაიზიარა პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ნორმის განმარტების საჭიროებაზე მიუთითა, რაც გამორიცხავს საკითხის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესაძლებლობას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში როდესაც დავის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლო მიიჩნევს ნორმის განმარტების საჭიროებას, იქმნება სასამართლოს მიერ დავის არსებითად გადაწყვეტის საფუძველი, ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით გამოყენებით აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები წინააღმდეგობრივია, ამასთან, დაუსაბუთებელია რატომ იყო შეზღუდული თავად გამოეკვლია ის გარემოებები, რაზედაც მიუთითა ადმინისტრაციულ ორგანოს, შესაბამისად, გაუგებარია, სააპელაციო პალატის პოზიცია, იმ შემთხვევაში თუ სწორი სამართლებრივი შეფასებები იქნა საქმეზე გაკეთებული, რამ განაპირობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე საქმის დაბრუნების აუცილებლობა, იმ პირობებში როდესაც სადავო არ არის კომპენსაციის ოდენობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ხოლო ამის შემდგომ მათი სწორი სამართლებრივი შეფასება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმება, რისი უფლებამოსილებაც უპირობოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს მითითებული სადავო გარემოებები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი



მოსამართლეები: მ. ვაჩაძე



ნ. სხირტლაძე