Facebook Twitter
საქმე Nბს-838-834(კ-17) 5 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. გ-ე, ი. ძ-ი, კ. მ-ე, გ. მ-ი, ო. მ-ი, ს. მ-ი, მ. ლ-ე, დ. მ-ი, გ. ლ-ე, ო. მ-ე, კ. ჩ-ე, ო. მ-ე, გ. მ-ი, გ. ლ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ, ი. ძ-მა, კ. მ-ემ, გ. მ-მა, ო. მ-მა, ს. მ-მა, მ. ლ-ემ, დ. მ-მა, გ. ლ-ემ, ო. მ-ემ, კ. ჩ-ემ, ო. მ-ემ, გ. მ-მა და გ. ლ-ემ 2015 წლის 06 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს მოსარჩელეთათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 21 მარტის სხდომის ოქმების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის, ი. ძ-ის, კ. მ-ის, გ. მ-ის, ო. მ-ის, ს. მ-ის, მ. ლ-ის, დ. მ-ის, გ. ლ-ის, ო. მ-ის, კ. ჩ-ის, ო. მ-ის, გ. მ-ის და გ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 21 მარტის სხდომის ოქმები გ. გ-ის, ი. ძ-ის, კ. მ-ის, გ. მ-ის, ო. მ-ის, ს. მ-ის, მ. ლ-ის, დ. მ-ის, გ. ლ-ის, ო. მ-ის, კ. ჩ-ის, ო. მ-ის, გ. მ-ისა და გ. ლ-ისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ფაქტის დამდგენ კომისიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინებით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სწორად ცნო ისინი ბათილად და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაავალა, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხის მიმართ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-ემ, ი. ძ-მა, კ. მ-ემ, გ. მ-მა, ო. მ-მა, ს. მ-მა, მ. ლ-ემ, დ. მ-მა, გ. ლ-ემ, ო. მ-ემ, კ. ჩ-ემ, ო. მ-ემ, გ. მ-მა, გ. ლ-ემ განცხადებით მიმართეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვეს ვეტერანის სტატუსის მინიჭება. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ განცხადებებს დაერთო სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევები, სადაც ნიქოზის მოხალისეთა ასეულის მეთაურის ი. ლ-ისა და ოცმეთაურთა და ათმეთაურთა მიერ ხელმოწერით დადასტურებულ იქნა ის ფაქტი, რომ თითოეული მოსარჩელე, როგორც მოხალისე, მონაწილეობდა ნიქოზში ქართულ-ოსური კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებებში. სსიპ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელები საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ, იყვნენ სოფელში არსებულ პირობით ,,პოსტებზე“ განმწესებულნი. აღნიშნული კი კომისიის მიერ არ ჩაითვალა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებად, შესაბამისად, არ მიენიჭათ ვეტერანის სტატუსი.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განსაზღვრულია იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ვეტერანის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მიერ 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით დამტკიცდა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის თაობაზე თანდართული ინსტრუქციის მე-4 მუხლის თანახმად, ვეტერანის აღრიცხვაზე აყვანის დროს მის შესახებ მონაცემები შეიტანება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დამტკიცებულ ანკეტაში. ამავე ინსტრუქციის მე-6 მუხლით განისაზღვრა ანკეტირებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამდასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთების დედნები და ანკეტაზე დასართავად დედნების კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლები: მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილი უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები; საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი. ხელმოწერები დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მოხალისედ მონაწილე პირები განეკუთვნებიან ასეთ მოქმედებებში მონაწილე ვეტერან პირებთან გათანაბრებულ პირებს და წარმოადგენენ ვეტერანის სტატუსის მინიჭების უფლების მქონე პირებს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაადგინა მოსარჩელეთა მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში და მიიჩნია, რომ მოსარჩელეები განთავსებულნი იყვნენ მხოლოდ სოფელში არსებულ ე.წ. ,,პოსტებზე“ - საგუშაგოებზე. საქმეში წარმოდგენილია საბრძოლო მოკვლევები თითოეულ მოსარჩელესთან დაკავშირებით, რომლებზეც ასმეთაურის, ოცმეთაურისა და ათმეთაურის ხელმოწერები დადასტურებულია სანოტარო წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული საბრძოლო მოკვლევებში მეთაურთა მიერ დაფიქსირებული პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები იღებდნენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ყურადღება სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის 1991-1992 წლებში ნიქოზში, დაძაბული ვითარების გამო, მოხალისეთა ასეულის შექმნის ფაქტს, რომელსაც მეთაურობდა ი. ლ-ე. უფრო მეტიც, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ფაქტის დამდგენილი კომისიის მიერ ი. ლ-ის ასეულში შემავალ ცალკეულ პირებზე დადასტურებულ იქნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მიენიჭათ ვეტერანის სტატუსი. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ი. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის ანკეტა-განაცხადები, საბრძოლო მოკვლევები და კომისიის ოქმები. აღსანიშნავია, რომ მითითებულ პირთა მიერ კომისიისთვის წარდგენილ იქნა მოსარჩელეების მიმართ შედგენილი საბრძოლო მოკვლევების ანალოგიური საბრძოლო მოკვლევები ხელმოწერილი იმავე მეთაურთა მიერ. საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ერთი და იმავე ასეულის შემადგენლობაში შემავალი მოხალისეების მიმართ, რომლებიც ერთი და იმავე პერიოდში, ერთიდაიგივე ტერიტორიაზე არსებულ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა, თუ რა არსებითი განსხვავება არსებობს წარმოდგენილ პირთა შორის, რამაც შესაძლებელია განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების კანონიერება დაადასტუროს. მოპასუხე მიუთითებს მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ერთ-ერთმა სტატუს მინიჭებულმა პირმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, რა დროსაც საკუთარი ძმა გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ ჭრილობების მიღების ან/და სხვა დაჭრილი პირების საბრძოლო ველიდან გამოყვანის შესახებ განმარტებების გაკეთების საფუძველზე. კანონმდებლობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს საბრძოლო მოკვლევას, წარდგენილს უფლებამოსილი პირის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ იქნა. აღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული საბრძოლო მოკვლევაში მითითებული გარემოებები მოსარჩელეებთან მიმართებაში და გაზიარებულ იქნა სხვა პირთა მიმართ, რომლებიც ასევე იღებდნენ იმავე მოქმედებებში მონაწილეობას. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელეებსა და ი., მ. და თ. მ-ეებს შორის არსებული განსხვავებული ფაქტობრივი მდგომარეობა, რამაც გამოიწვია მათ მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოცემული პირები არიან არსებითად ერთმანეთის მსგავს ფაქტობრივ გარემოებებში.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე 103-105-ე მუხლებზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ იმ მოხალისე პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ნიქოზში. იმ პირობებში, როდესაც ასეულის მეთაურის მიერ გაცემულია იდენტური საბრძოლო მოკვლევები მის შემადგენლობაში მყოფ პირთა მიმართ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მამაცურად იბრძოდნენ, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება არ არის დასაბუთებული, ვერ იქნა განმარტებული, დამატებით რა ფაქტობრივი გარემოებების არსებობამ განაპირობა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რასაც ადგილი არ ჰქონია მოსარჩელეების შემთხვევაში. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფნა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს, რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის დანაწესების უგულებელყოფით, საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და ამგვარად ზღუდავს მოსარჩელეთა უფლებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე - 3 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის როგორც გონივრული, ასევე სიტყვა-სიტყვით განმარტებისას ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ომის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად საჭიროა მაძიებელი იყოს საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე ან მუშაკი, რომლებსაც მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. კასატორის მითითებით, მოსარჩელეებს როგორც სასამართლოში, ასევე სამსახურში წარდგენილი არა აქვთ რაიმე საბუთი ან ინფორმაცია, საიდანაც დასტურდებოდა, რომ ისინი როგორც მოხალისეები შიდა ქართლში საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდნენ რომელიმე ოფიციალურ სამხედრო ფორმირებაში. ასევე ვერ დგინდება, ზემო ნიქოზის გარდა რომელ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდნენ, ამდენად, სამსახური თავისი გადაწყვეტილების გამოტანისას ხელმძღვანელობდა ლიახვის ხეობის მოხალისეთა 2006 წელს შედგენილი სიებით, რომელშიც მოსარჩელეები არ ფიგურირებენ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქცია და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილება ,,ვეტერანის მოწმობის ნუმუშისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" . სასამართლოს უნდა ემსჯელა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 აგვისტოს N37/ს ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსისაა, მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობებისა და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები. ასევე, საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი – ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად. მოყვანილი ნორმიდან გამომდინარე, საბრძოლო მოქმედებების მონაწილის ვეტერანის სტატუსის მაძიებელმა, რომელიც არ ყოფილა ჩარიცხული ოფიციალურად სამხედრო ფორმირებაში, უნდა წარმოადგინოს - მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საბუთი ან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწლეობას, განსახილველ შემთხვევაში კი საბრძოლო მოკვლევა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულება, საქმეში კი საბრძოლო მოკვლევის გარდა არ არსებობს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელეთა საბრძოლო მოქმედებეში მონაწილეობას. ამასთან კომისიაზე, ისევე როგორც 2017 წლის 18 მაისს გამართულ სხდომაზე მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა გადმოცემული საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა აწარმოა ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა გამოკითხვა, ასევე გამოიკითხა სოფლის მოხალისეთა შენაერთის მეთაური ი. ლ-ე, მათ მიერ მიცემული განმარტებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხველი, რის გამოც კომისიის წევრები, რომელთაც აწარმოეს გამოკითხვა და რომლის შემადგენლობაში შედიან საველე მეთაურები და პირები რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ხელმძღვანელობდნენ საბრძოლო მოქმედებებს, მივიდნენ საერთო დასკვნამდე, მოსარჩელეთა საბრძოლო მოქმედებეში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით სსპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს და აცნობეს, რომ იბრძოდნენ სამაჩაბლოში, კერძოდ, ნიქოზის ასეულის შემადგენლობაში. განმცხადებლებმა მოითხოვეს მოხალისეთა კომისიაზე გატარება. მათ მიერ წარდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლის თანახმად, მოსარჩელეებს უდასტურდებათ, რომ აქტიურად მონაწილეობდნენ მოხალისედ 1991-1992 წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის საბრძოლო მოქმედებებში, კერძოდ, სოფელ ზემო ნიქოზის მისადგომებთან. საბრძოლო მოკვლევას ხელს აწერენ მოხალისეთა ასეულის მეთაური ი. ლ-ე, ოცმეთაური ს. მ-ი და ათმეთაური ვ. მ-ი. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 21 მარტის სხდომის ოქმის თანახმად, მოსარჩელეთა საკითხის განხილვისას პასუხისმგებელ პირად მოწვეულ იქნა ი.ლ. ლ-ე - ნიქოზის მოხალისეთა ასეულის მეთაური, რომელმაც დაადასტურა მათი ნიქოზის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. დადგენილია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდნენ და განმწესებული იყვნენ სოფელში არსებულ პირობით ,,პოსტებზე“.
დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით ი. მ-ეს დაუდგინდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, იმ საფუძვლით, რომ ი. მ-ეს მოუხდა მტერთან შეტაკება, რომელ პოზიციაზეც იმყოფებოდა. მტერთან შეტაკებისას მის გვერდით დაიჭრა მისი ძმა, რომელიც პირადად მან და სხვა თანამებრძოლებმა ერთად გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან.
სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით მ. მ-ეს დაუდგინდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, თუმცა ოქმში არ არის განმარტებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველები. ანალოგიურად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა დაუდასტურდა თ. მ-ეს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 21 მარტის სხდომის ოქმის თანახმად, თ. მ-ის საკითხის განხილვისას პასუხისმგებელ პირად მოწვეულ იქნა ი. ლ. ლ-ე - ნიქოზის მოხალისეთა ასეულის მეთაური, რომელმაც დაადასტურა მისი ნიქოზის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. კომისიის გადაწყვეტილებით თ. მ-ეს დაუდგინდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. ოქმში განიმარტა, რომ თ. მ-ეს მონაწილეობა აქვს მიღებული მტერთან უშუალო შეტაკებაში.
პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნეს გასაჩივრებული აქტები, ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდიდა 1991-1992 წლებში ნიქოზში, დაძაბული ვითარების გამო, მოხალისეთა ასეულის შექმნის ფაქტს, რომელსაც მეთაურობდა ი. ლ-ე. უფრო მეტიც, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებლის ფაქტის დამდგენილი კომისიის მიერ ი. ლ-ის ასეულში შემავალ ცალკეულ პირებზე დადასტურებულ იქნა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და მიენიჭათ ვეტერანის სტატუსი. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ი. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის ანკეტა-განაცხადები, საბრძოლო მოკვლევები და კომისიის ოქმები. მითითებულ პირთა მიერ კომისიისთვის წარდგენილ იქნა მოსარჩელეების მიმართ შედგენილი საბრძოლო მოკვლევების ანალოგიური საბრძოლო მოკვლევები ხელმოწერილი იმავე მეთაურთა მიერ.
საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად განსაზღვრავს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს ამ კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებს, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებებს. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ,,ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს". ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ) სამხედრო ძალების ვეტერანები. ამავე კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ჩამონათვალი რომლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, აგრეთვე დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები. ვეტერანების სოციალური დაცვა გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლით და მოიცავს ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N2-ის პირველი მუხლის თანახმად, „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული პირების აღრიცხვა, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, ვეტერანის მოწმობების (შემდგომში - მოწმობა) გაცემა ხორციელდება სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის (შემდგომში - სამსახური) დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით, მოწმობების გაცემის, სტატუსის შეწყვეტის და აღდგენის შესახებ ინსტრუქცია, რომლის მე-6 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის ,,დ.ბ.’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია, რომ ვეტერანის სტატუსის მოსაპოვებლად, მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები. საბრძოლო მოკვლევა, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს იმავე ქვედანაყოფის არანაკლებ სამი პირი - ერთი მეთაურთა შემადგენლობიდან და ორი თანამებრძოლი, ხელმოწერები დადასტურებულ უნდა იქნეს ნოტარიულად. საქართველოს ტერიოტიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის ოქმი. ასევე, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა. კანონმდებლობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ერთ-ერთ დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს საბრძოლო მოკვლევას, წარდგენილს უფლებამოსილი პირის მიერ ნოტარიულად დამოწმებული ხელმოწერით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ იქნა.
ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლით განისაზღვრა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ვეტერანის მოწმობის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვენ ვეტერანი სტატუსის დადგენას (შესაბამისად, ვეტერანის მოწმობის გაცემას), ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე - საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე. როგორც აღინიშნა მოხალისეთა მიერ წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა დადგენილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციითა და სადავო პერიოდში მოქმედი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით. მოსარჩელეთა მიერ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა ფაქტის დამდგენ კომისიაში წარდგენილ იქნა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასაკმარისად იქნა მიჩნეული. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული საბრძოლო მოკვლევაში მითითებული გარემოებები მოსარჩელეებთან მიმართებაში. საკასაციო პალატის მოსაზრებით მხოლოდ საბრძოლო მოკლევის არსებობა არ წარმოადგენს სტატუსის მინიჭებისათვის საკმარის მტკიცებულებას და არ არის ერთადერთი და უტყუარი მტკიცებულება ვეტერანის სტატუსის მინიჭებისათვის, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულების გარდა გათვალისწინებულია, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობებისა და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ვეტერანის სტატუსის მაძიებელს ანიჭებს ფართო შესაძლებლობას შესაბამისი სტატუსის მოპოვებისათვის და აძლევს შესაძლებლობას, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულებით დაადასტურონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 77-ე მუხლისა და 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი იქნა მხოლოდ საბრძოლო მოკვლევა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით არ უნდა იქნეს მიჩნეული ერთადერთ საკმარის მტკიცებულებად მაშინ, როდესაც უშალოდ გამოკითხული მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა მითითებული საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო პალატამ კი ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახლა განსახილველად ისე დაუბრუნა საქმე რომ სასამართლოს მიერ საქმეზე არ არის გამოკვლეული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები, როგორიცაა მოსარჩელეებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების საფუძველი და მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საკმარისობა აღნიშნული სტატუსის მოსაპოვებლად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრვი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელეთა და სტატუსმინიჭებულ პირთა იდენტური ფაქტობრივი მდგომარეობა არ არის სახეზე, ვინაიდან იმ პირების მიერ, რომელთა განაცხადებაც დაკმაყოფილდა, სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი იქნა მეტი და სარწმუნო მტკიცებულება, კერძოდ, საბრძოლო მონაწილეობის ამსახველი ფაქტების გადმოცემა, საბრძოლო მოქმედებებიდან დაჭრილი ძმის გამოყვანა, რაც საფუძვლად დაედო ი. მ-ის, მ. მ-ისა და თ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებას, ამდენად არამართებულია სააპელაციო პალატის მითითება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი პრინციპების უგულებელყოფის შესახებ. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ რომელი ფაქტობრივი გარემოება უნდა გამოიკვლიოს საკითხის ხელახლა განხილვისას. როგორც აღინიშნა ვეტერანის სტატუსის მაძიებლის მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა არ არის შეზღუდული და ითვალისწინებს როგორც საბრძოლო მოკვლევის, ასევე მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნებისა და სათანადოდ დამოწმებული ასლების წარდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელიც არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ამ გარემოების გამოკვლევას არსებითი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისათვის, ამასთანავე, ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სამართლოწარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე მსჯელობას, განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევასთან დაკავშირებით, იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესწავლილია მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, საბრძოლო მოკვლევა, ასევე გამოკითხულია თითოეული მათგანი, რომელთაც ვერ გაიხსენეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ამსახველი კონკრეტული გარემოებები, (რა ვითარებაში იბრძოდნენ). სააპელაციო პალატა არ მიუთითებს რა კონკრეტული საკითხი არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რამაც განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები. ასევე ადმინისტრაციული სასამართლო წარმოების ინკვიზიციური საწყისების გათვალისწინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენების გარეშე, სადავო აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება არ არის დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს გაჩინება არ შეიცავს მითითებას ზემოაღნიშნული მუხლების დანაწესების მიუხედავად სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე. სააპელაციო პალატამ ისე დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა გამოკვლევა, რომ არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და სათანადო მტკიცებულებების მოძიების თაობაზე, ამასთან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასათანადო გამოკვლევის საფუძველზე მიიჩნია, რომ პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო მოქმედებებში და ასახავდნენ უშუალოდ საბრძოლო მოქმედების ფაქტებს,(ი. მ-ე, მ. მ-ე და თ. მ-ე) იმავე სამართლებრივ რეჟიმში უნდა მოქცეულიყვნენ როგორც პირები რომელიც ვერ იხსენებდნენ (მოსარჩელეები) სად და რა ვითარებაში მოუხდათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა და საბრძოლო მოკვლევის გარდა არ გააჩნდათ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სადავო აქტების დაუსაბუთებლობის შესახებ და განმარტავს, რომ მართალია, არ არსებობს პირთა თანასწორობა უკანონობაში, თუმცა ამ შემთხვევაში სახეზე არ არის უკანონობა, რამდენადაც მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საბრძოლო მოკვლევები ემყარება მათი გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რაც მოპასუხის მიერ ახსნა - განმარტების სახით წარდგენილი იქნა სასამართლოში. ამასთან, სახეზე არ არის იდენტური ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელეთა და მათ მიერ მითითებულ პირებთან მიმართებაში, (მ. მ-ე, თ. მ-ე) საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა სტატუს მინიჭებულმა პირმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, რა დროსაც დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი საკუთარი ძმა გამოიყვანა ბრძოლის ველიდან, შესაბამისად, სხვა პირის მიმართ მის მიერ მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, რაც არ ქმნის აუცილებელ პირობას მოსარჩელეთა მიმართ მოპასუხემ მიიღოს ანალოგიური გადაწყვეტილება, იმის გათვალისწინებით, რომ საბრძოლო მოკვლევა, რომელზედაც მიუთითებენ მოსარჩელეები შედგენილია უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების განხორციელებიდან დიდი პერიოდის გასვლის შემდეგ და არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ერთი და იმავე პირების მიერ, როგორც მოსარჩელეთა ასევე სხვა პირთა მიმართ,(რომელთა საკითხიც დადებითად გადაწყდა) ზემოაღნიშნული მტკიცებულების ხელმოწერა თავისთავად არ ქმნის სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
საკასაციო პალატა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის N871 ბრძანებით დამტკიცებული „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციის მე-6 მუხლი ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტსა და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2014 წლის 24 მარტის N37/ს ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის ,,დ" პუნქტის ,,დ.ბ.’’ ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ სხვა შესაძლო დოკუმენტებში კანონმდებელი მოიაზრებს ნებისმიერ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს ვეტერანის სტატუსის მაძიებლის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებეში, ასეთი შესაძლოა იყოს ადგილზე დათვალიერებისა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე მოსარჩელეთა გამოკითხვა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ამსახველ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ერთ - ერთ უტყუარ მტკიცებულებად, მსგავსი კატეგორიის დავებზე, საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისა და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასაკმარისად მიჩნევისა და იმის გათვალისწინებით, რომ ვერ იქნა მითითებული საკითხის ხელახლა განხილვისას რა გარემოება უნდა გამოიკვლიოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მოახდინოს სწორი სამართლებრივი შეფასება, გამოიკვლიოს საკითხი მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმის მიღების, იარაღის, ფორმა-ტანსაცმლის, სურსათის, ხელფასის მიღების შესახებ საბუთები, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსაგან დამატებითი განმარტების მოთხოვნის, მოსარჩელეთა უშუალოდ გამოკითხის, (რომელთაც უნდა გააჩნდეთ ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, თუ სახეზე არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესხიერების შეზღუდვის ფაქტი) საქმეში დაცული მტკიცებულებების შეფასებისა და მათი ანალიზის გზით სააპელაციო პალატას აქვს შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არის გამოკვლეული არსებობდა თუ არა მოსარჩელეების მიერ 1991-1992 წლებში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების დედნები და სათანადოდ დამოწმებული ასლები, ამასთან განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა სიმრავლის გათვალისწინებით, მათი გამოკითხვის შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა წინააღმდეგობა მათ განმარტებებში რაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს ქმნის.
საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მართებულად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთა მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარდგენილი ვერ იქნა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, მათი სამხედრო ფორმირებაში სამსახურს და კონფლიქტურ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება საბრძოლო მოკვლევის აქტს, იგი წარმოადგენს კომისიისათვის წარსადგენ ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომლითაც პირს უნდა მიენიჭოს ვეტერანის სტატუსი.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (სსკ-ის 377.1 მუხ.), განსხვავებით საკასაციო სასამართლოსგან, რომელიც არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი ინსტანცია, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეში არ მოიპოვება საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დასადასტურებლად საბრძოლო მოკვლევის გარდა სხვა რაიმე მტკიებულება, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსგან გამოთხოვილი მტკიცებულებების, ადგილზე ჩატარებული გამოკითხის ოქმებისა და დათვალიერების ამსახველი ოქმების, მოსარჩელეთა განმარტებების შესწავლის შემდეგ სადავო აქტების კანონიერების გარკვევის მიზნით სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელეებისათვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.
იქიდან გამომდინარე, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს ახალი მტკიცებულებები და დაადგინოს მითითებული სადავო გარემოებები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: მ. ვაჩაძე




ნ. სხირტლაძე