Facebook Twitter
№ბს-1160-1154(კ-17) 14 ივნისი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი - რ. რ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრი (დიდუბე-ჩუღურეთი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურების დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 29 ნოემბერს რ. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2001 წლის მაისიდან 2014 წლის მარტამდე უწყვეტლივ იღებდა სახელმწიფო კომპენსაციას იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით. 2014 წლის 1 მარტიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 22 მარტს შესული ცვლილებებიდან გამომდინარე (გაიზარდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა), მოსარჩელეს თავისი განცხადების საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით და 2014 წლის მარტის თვიდან სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. 2014 წლის 16 აპრილს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან. მითითებულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მოსარჩელეს განცხადების საფუძველზე წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის პერიოდი - შეღავათიანი გაანგარიშებით და 2015 წლის თებერვლის თვიდან სახელმწიფო კომპენსაცია კვლავ დაენიშნა სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით.
2016 წლის 27 აპრილს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით 2015 წლის 1 იანვრიდან და მის შემდგომ პერიოდში, ვისი საქმეებიც გადაისინჯა და წელთა ნამსახურებიდან ამოურიცხეს სწავლის, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის პერიოდი და შეუმცირეს გასაცემელი თანხა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეტანილ იქნა კორექტირება და ყველა ამ კატეგორიის ბენეფიციარს ნამსახურების სტაჟში ჩაუთვალეს სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით და ყველას აუნაზღაურეს 2015 წლის ივნისიდან დაკავებული თანხა. მოსარჩელის მითითებით, თანხის ანაზღაურებაზე მას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრეს უარი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ უარის თქმის თაობაზე, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ამავე დროს არის დისკრიმინაციული ხასიათის.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) 2016 წლის 26 სექტემბრის #04-00-დ/41721 აქტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის #04/83909 აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კომპენსაციის თანხის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით რ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) 2016 წლის 26 სექტემბრის #04-00-დ/41721 წერილობითი პასუხით, რ. რ-ს მისი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მას დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით 2001 წლის 1 მაისიდან (კომპენსაციის საქმის #11-29-2-00697, წელთა ნამსახურება შეადგენდა 35 წელს, 3 თვესა და 8 დღეს), რომლის გაცემა შეწყდა 2014 წლის მარტიდან და რ. რ-ს 2014 წლის 5 თებერვლის საკუთარი განცხადების საფუძველზე დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. მის მიერ წარდგენილ იქნა ახალი წელთა გაანგარიშების ნუსხა 37 წელი, 6 თვე და 28 დღე. სახელმწიფო გასაცემელმა შეადგინა 520 ლარი.
2015 წლის 23 თებერვალს რ. რ-მა განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრს, წარადგინა საბუთები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. წელთა ნამსახურობამ შეადგინა 39 წელი, 6 თვე და 28 დღე. რ. რ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 2015 წლის მარტიდან თვეში 540 ლარის ოდენობით.
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამავე პერიოდიდან ამოქმედდა „პატიმრობის კოდექსი“, რომელიც ზემოაღნიშნული კანონების შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემიდან დათხოვნილი მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას აღარ ითვალისწინებდა. 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე, აღნიშნული უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო გასაცემლით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა მხოლოდ სამოქალაქო პირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. კერძოდ, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ შესაბამისად.
2015 წლის 1 იანვრიდან, სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოებიდან დათხოვნილ სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხები მოწესრიგდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (ცვლილება #2242, 16.04.2014წ.), ხოლო აღნიშნულ კანონში სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა ნამსახურობის სტაჟის, სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლაზე საუბარი არ არის. ამდენად, იმ პირებს, რომლებსაც სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოების ხაზით 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ კომპენსაცია და დღემდე უწყვეტად იღებენ სახელმწიფო გასაცემელს, მათ შეუნარჩუნდათ ნამსახურობის სტაჟზე ადრე მოპოვებული უფლება (მათ შორის, სწავლაზე და შეღავათიან პერიოდებზე), ხოლო პირებს, რომლებმაც 2015 წლის 1 იანვრიდან დაინიშნეს ან ხელახლა მოიპოვეს სახელმწიფო კომპენსაციაზე უფლება, მათ წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლის სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია. ამასთან, განმცხადებელს დამატებით განემარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება, მხოლოდ ამავე მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ ორგანოებში ნამსახურები წლები, შესაბამისად, თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლის წლები და შეღავათიან პირობებში ნამსახურება ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ კალენდარულ ნამსახურებად.
სასამართლოს მითითებით, სააგენტოში დაცული ინფორმაციით დგინდებოდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით დანიშნული კომპენსაციის გაცემა მოსარჩელეს შეუწყდა 2015 წლის მარტიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 16 აპრილს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან), 2015 წლის 1 მარტიდან ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი, თუმცა სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მხრიდან ბენეფიციარისათვის კომპენსაციის დანიშვნა და მის წელთა ნამსახურობაში სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლა, გამოიწვია სამართლებრივი აქტის არასწორად გაგებამ, შესაბამისად, ამ აქტის არასწორად გამოყენებამ. ამდენად, 2015 წლის 1 აგვისტოდან რ. რ-ს შეუწყდა კომპენსაციის გაცემა სასჯელაღსრულების სამინისტროს ხაზით და მისივე 2015 წლის 30 ივლისის #03/3328 განცხადების საფუძველზე დაენიშნა კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით თვეში 520 ლარის ოდენობით.
2016 წლის 30 მაისს რ. რ-მა განცხადებით მიმართა სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა შსს-ს ხაზით და დანიშვნა სასჯელაღსრულების სამინისტროს ხაზით. ამჟამად, რ. რ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხაზით და მისი ოდენობა შეადგენს 560 ლარს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის #04/83909 წერილით რ. რ-ს მისი 2016 წლის 10 ოქტომბრის #105044 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით (ცვლილება განხორციელდა 2016 წლის 27 აპრილს), მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც). კანონის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება შეეხოთ მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. რ. რ-ს განემარტა, რომ იგი 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე მისივე განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით და კომპენსაციის ოდენობაც გაანგარიშებული იყო ასევე კანონის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე სხვა რაიმე სხვაობის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს. „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში - 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე მოსარჩელე სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ამასთან, მოსარჩელე ვერ უთითებდა, თუ რა პერიოდის ნამსახურობა არ იქნა გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემისას, ან რა რაოდენობით სარგებელი ვერ იქნა მიღებული. მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე რ. რ-ი პირადი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, ხოლო კომპენსაციის არასწორი დაანგარიშება მოსარჩელის მიერ დასაბუთებული არ არის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები მიღებული იყო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით რ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა მათზე და დამატებით განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც).
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში - 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე აპელანტი სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ არასწორად მოხდა კომპენსაციის დაანგარიშება, რადგან საქმეში არსებული მასალებით მიხედვით უტყუარად დგინდება და თავად რ. რ-იც წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 27 აპრილს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იმ პირთა საქმეების გადასინჯვა მოხდა ვინც კომპენსაციას იღებდა სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით, ხოლო სადავო პერიოდში 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე რ. რ-ი პირადი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოსაზრება უსაფუძვლო იყო და არ გამომდინარეობდა საქმის გარემოებებიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. რ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მიღებულ იქნა არაობიექტური გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მოსარჩელეს კომპენსაცია შემცირებული აქვს 2015 წლის ივნისიდან, ხოლო რაც შეეხება სასჯელაღსრულების ხაზით კომპენსაციის შეწყვეტას და მოსარჩელის 2015 წლის 30 ივლისის პირადი განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით დანიშვნას, რეალობას არ შეესაბამება, რადგან მას მსგავსი განცხადებით სოციალური მომსახურების ცენტრისთვის არ მიუმართავს. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 30 ივლისის თარიღით შედგენილი განცხადებები, რომელიც კასატორის აზრით, სავარაუდოდ გაყალბებულია. კერძოდ, პირველი, წელთა ნამსახურობის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნის შესახებ განცხადების საფუძველზე რ. რ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით და 2015 წლის 1 მარტიდან დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია სასჯელაღსრულების ხაზით - 540 ლარი შეუმცირდა 520 ლარამდე. ამავე თარიღის მეორე გადაწყვეტილება ეხება წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის ცვლილებას, რომლის შესაბამისად, რ. რ-ს დააკისრეს თანხის დაკავება 40 ლარის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ და კომპენსაციის თანხა 2015 წლის 1 სექტემბრიდან შეუმცირეს 490 ლარამდე. მესამე გადაწყვეტილება ეხება წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის ცვლილებას, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია გადაუანგარიშეს და 2015 წლის 1 სექტემბრიდან დაენიშნა 530 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილებაც მიღებულია მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით 2015 წლის 1 აგვისტოდან.
სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია რატომ უკავებდნენ მოსარჩელეს კომპენსაციის თანხას, როგორც სასჯელაღსრულების ხაზით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით კომპენსაციის მიღებისას. 2015 წლის 1 იანვარს კანონში შეტანილი ცვლილებები ეხებოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხაზით კომპენსაციის მიმღებ პირებს მაშინ, როცა რ. რ-ი კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით 2015 წლის 1 აგვისტოდან.
კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი, კერძოდ, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას, არათანაბარ მოპყრობას სასჯელაღსრულებისა და სხვა პენსიონერებთან მიმართებაში მაშინ, როცა კანონში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების პენსიონერებზე უნდა გავრცელებულიყო და ანაზღაურებულიყო სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი 2016 წლის 27 აპრილის კანონის თანახმად, ყველას აუნაზღაურდა გაუცემელი თანხა ავტომატურ რეჟიმში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. რ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით რ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. რ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: რ. რ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით 2001 წლის 1 მაისიდან (კომპენსაციის საქმის #11-29-2-00697 მიხედვით, წელთა ნამსახურობა შეადგენდა 35 წელს, 3 თვესა და 8 დღეს). 2014 წლის 1 მარტიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 22 მარტს შესული ცვლილებების შესაბამისად (გაიზარდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა), რ. რ-ს 2015 წლის 23 თებერვლის პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაცია იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით და სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. წელთა ნამსახურობამ შეადგინა 39 წელი, 6 თვე და 28 დღე. 2015 წლის მარტიდან რ. რ-ს დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია - 540 ლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით დანიშნული კომპენსაციის გაცემა რ. რ-ს შეუწყდა 2015 წლის მარტიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 16 აპრილს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2015 წლის 1 იანვრიდან). 2015 წლის 1 მარტიდან მას ხელახლა დაენიშნა სახელმწიფო გასაცემელი, თუმცა განემარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის მხრიდან ბენეფიციარისათვის კომპენსაციის დანიშვნა და მის წელთა ნამსახურობაში სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშებით ჩათვლა, გამოიწვია სამართლებრივი აქტის არასწორად გაგებამ, შესაბამისად, ამ აქტის არასწორად გამოყენებამ. ამდენად, 2015 წლის 1 აგვისტოდან რ. რ-ს შეუწყდა კომპენსაციის გაცემა სასჯელაღსრულების სამინისტროს ხაზით და მისივე 2015 წლის 30 ივლისის განცხადების საფუძველზე დაენიშნა კომპენსაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით თვეში 520 ლარის ოდენობით.
2016 წლის 30 მაისს, რ. რ-მა განცხადებით მიმართა სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით და დანიშვნა სასჯელაღსრულების სამინისტროს ხაზით. ამჟამად, რ. რ-ს სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს ხაზით და მისი ოდენობა შეადგენს 560 ლარს.
განსახილველი დავის საგანს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) 2016 წლის 26 სექტემბრის #04-00-დ/41721 აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის #04/83909 აქტის კანონიერების დადგენა წარმოადგენს, რომლებითაც რ. რ-ს 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდის სახელმწიფო კომპენსაციის თანხის სხვაობის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოების დადგენას, რ. რ-ი წარმოადგენს თუ არა „სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ კომპენსაციის მიღების მქონე სუბიექტს და შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს იმ უმნიშვნელოვანეს საკითხს არის თუ არა იგი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირი სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით.
საკასაციო სასამართლო სადავო საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას მიაქცევს თავად კომპენსაციის ბუნებასა და მისი დანიშვნის მიზნებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, სახელმწიფო კომპენსაციისა (შემდგომში-კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა მათი დამსახურების ერთგვარ კომპენსირებას ახდენს. შესაბამისად, კომპენსაციის არსისა და მისი მიზნების გათვალისწინებით, გაუგებარია რ. რ-ს სასაჯელაღსრულების სისტემიდან დანიშნული სახელმწიფო კომპენსაციის შეწყვეტისა და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით მიღების გამო რატომ შეეზღუდა კომპენსაციის გარკვეული თანხის მიღების - დამატებითი სოციალური გარანტიით სარგებლობის უფლება.
„სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“ (დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვალი #46/ნ ბრძანებით) მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო აქტით - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის #04/83909 წერილით რ. რ-ს მისი 2016 წლის 10 ოქტომბრის #105044 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით (ცვლილება განხორციელდა 2016 წლის 27 აპრილს), მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც). კანონის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება შეეხოთ მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. რ. რ-ს განემარტა, რომ იგი 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე მისივე განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით და კომპენსაციის ოდენობაც გაანგარიშებული იყო კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე სხვა რაიმე სხვაობის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ სადავო აქტებში მოყვანილი მოსაზრებები უკლებლივ გაიზიარა და განმარტა, რომ სადავო პერიოდში - 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე აპელანტი სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა რ. რ-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ არასწორად მოხდა კომპენსაციის დაანგარიშება, რადგან საქმეში არსებული მასალების მიხედვით, უტყუარად დგინდებოდა და თავად რ. რ-იც წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 27 აპრილს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, იმ პირთა საქმეების გადასინჯვა მოხდა ვინც კომპენსაციას იღებდა სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით, ხოლო სადავო პერიოდში 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ივნისამდე რ. რ-ი პირადი განცხადების საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით.
ზემოაღნიშნული განმარტებების უგულებელსაყოფად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, 2015 წლის ივნის-ივლისში მიღებული თანხიდან რ. რ-ს დააკისრეს თანხის დაკავება სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული ფაქტი განხორციელდა მას შემდეგ, რაც კასატორს სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით შეუწყდა კომპენსაციის გაცემა და დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ასევე დადგენილია, რომ რ. რ-ს 2015 წლის 1 მარტიდან სასჯელაღსრულების ხაზით დანიშნული სახელმწიფო კომპენსაცია - 540 ლარი შეუმცირდა 520 ლარამდე. 2015 წლის 30 ივლისის განცხადების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ეხება წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის ცვლილებას, რომლის შესაბამისად, რ. რ-ს დააკისრეს თანხის დაკავება 40 ლარის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ და კომპენსაციის თანხა 2015 წლის 1 სექტემბრიდან შეუმცირეს 490 ლარამდე. ამავე თარიღით მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეხება წელთა ნამსახურობის საფუძვლით დანიშნული კომპენსაციის ცვლილებას, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო კომპენსაცია გადაუანგარიშეს და 2015 წლის 1 სექტემბრიდან დაენიშნა 530 ლარის ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილებაც მიღებულია მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს კომპენსაცია დანიშნული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად (2016 წლის 27 აპრილის ცვლილება), ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, საგამოძიებო დეპარტამენტსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის ან სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ ან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით (მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზედაც). კანონის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება შეეხოთ მხოლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს. მოცემულ შემთხვევაში, რ. რ-ს 2014 წლის მარტიდან სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. 2014 წლის 16 აპრილს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან. მითითებულ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მოსარჩელეს პირადი განცხადების საფუძველზე წელთა ნამსახურობაში ჩაეთვალა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის პერიოდი - შეღავათიანი გაანგარიშებით და 2015 წლის თებერვლიდან სახელმწიფო კომპენსაცია კვლავ სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით დაენიშნა. 2016 წლის 27 აპრილს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, ასევე სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ კომპენსაციის მიმღებ პირებს წელთა ნამსახურებაში ჩაეთვალათ სწავლის, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობისა და სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორს - რ. რ-ს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება მოპოვებული ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შედეგად, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არასოდეს უმუშავია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით კომპენსაციის მიმღები გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების სისტემა გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში. 2014 წლის 1 მარტიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონში 2013 წლის 22 მარტის ცვლილებიდან გამომდინარე (გაიზარდა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა), რ. რ-ს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემა იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის ხაზით და დაენიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული კანონის 2016 წლის 27 აპრილის ცვლილებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რ. რ-ს, როგორც სასჯელაღსრულების სისტემიდან დათხოვნილ კომპენსაციის მიმღებ პირს, უნდა აუნაზღაურდეს სწავლისა და განსაკუთრებულ პირობებში მუშაობის შედეგად შეღავათიანი გაანგარიშებით დანიშნული კომპენსაციის სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკავებული თანხა. ამდენად, უსაფუძვლოა როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რ. რ-ი სადავო პერიოდში (2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე) სახელმწიფო კომპენსაციას იღებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, რის გამოც არ არსებობდა დაკავებული თანხის ანაზღაურების საფუძველი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებით უკუძალა გავრცელდა სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) 2016 წლის 26 სექტემბრის #04-00-დ/41721 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის #04/83909 გადაწყვეტილებები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს უნდა დაევალოს რ. რ-ს აუნაზღაუროს 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კომპენსაციის დაკავებული თანხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. რ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და




გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. რ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის (დიდუბე-ჩუღურეთი) 2016 წლის 26 სექტემბრის #04-00-დ/41721 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 11 ნოემბრის #04/83909 გადაწყვეტილებები;
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს დაევალოს რ. რ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 1 აგვისტოდან 2016 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კომპენსაციის თანხის ანაზღაურება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი