საქმე №ბს-826-822(კ-17) 18 დეკემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: ლ. ხ-ი, ნ. ქ-ა, გ. ბ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ ყოველთვიური ხელფასის გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 23 თებერვალს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებოდა 1. 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველთვიურად, კანონით დადგენილი წესით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ლ. ხ-ის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1800 ლარის და ყოველთვიური დანამატის 1800 ლარის გადახდა, ნ. ქ-ას სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1300 ლარის გადახდა, გ. ბ-ას სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოს 1200 ლარის გადახდა; 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება ლ. ხ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 3600 ლარის ოდენობით, ნ. ქ-ას სასარგებლოდ - 1300 ლარის ოდენობით, გ. ბ-ას სასარგებლოდ - 1200 ლარის ოდენობით, ამავე განჩინების აღსრულებამდე; 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ №3/3371-2014 საქმეზე 2015 წლის 27 იანვარს მიღებული განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ზიანისთვის 2015 წლის 27 იანვრიდან ყოველი თვისთვის ამავე განჩინების აღსრულების დღემდე პერიოდისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება: ლ. ხ-ის სასარგებლოდ 55.55 ლარი, ნ. ქ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი, გ. ბ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი და ამავე განჩინების აღუსრულებლობით გამოწვეული არაქონებრივი, მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეთათვის პოლიტიკური ნიშანდებით დისკრიმინაციული მიდგომისთვის: ლ. ხ-ის სასარგებლოდ 55.55 ლარი, ნ. ქ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი, გ. ბ-ას სასარგებლოდ 55.55 ლარი; 4. ლ. ხ-ისთვის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ასთვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: ადვოკატის დახმარებისთვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2400 ლარი, სანოტარო წესით მინდობილობის შესადგენად გაწეული დანახარჯი თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 12 ლარი, წერილობითი განცხადებების, წერილობითი შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის 5.55 ლარი, სარჩელის და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯებისთვის 5.55 ლარი, ფურცლების აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისთვის 0.05 ლარი, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული დანახარჯი 5.55 ლარი, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯი 0.55 ლარი, სასამართლოში მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირებისთვის გაწეული დანახარჯი 55.55 ლარი, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯები 55.55 ლარი, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის ანაზღაურება 555 555 555.55 ლარი.
2015 წლის 23 მარტს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის შესახებ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ყველა არსებული მოთხოვნის უცვლელად შენარჩუნების პირობებში, დამატებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351434, №12-1/150351441 და №12-1/150351419 წერილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 4 თებერვლის №12-1/150351434, №12-1/150351441 და №12-1/150351419 წერილების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ლ. ხ-ის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 3600 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ნ. ქ-ას სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან თვეში 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ასევე დაევალა ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ასთვის მათ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის თითოეულისთვის 12 ლარის ოდენობით, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის თითოეულისთვის 300 ლარის ოდენობით; ლ. ხ-ს და ნ. ქ-ას უარი ეთქვათ სხვა საპროცესო ხარჯების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე; გ. ბ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის შემაჯამებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო პალატაში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; 2. საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმება; 3. სასამართლოს ინიციატივით საქმის განხილვის შეჩერებისა და სხვა დროისათვის გადადების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტისა და 2015 წლის 27 აპრილის საოქმო განჩინებების (საოქმო ჩანაწერი) გაუქმება; 4. საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ას, გ. ბ-ას და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და გასაჩივრებული საოქმო განჩინებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ. კასატორმა - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორებმა - ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 თებერვლის, 1 მარტისა და 24 მარტის საოქმო განჩინებები და 2016 წლის 25 აპრილის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, 4.1 და 4.2 პუნქტები (რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დავალებული აქვს ლ. ხ-სა და ნ. ქ-ას აუნაზღაუროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურება 2015 წლის 27 იანვრიდან მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენამდე, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენის ხარჯების ანაზღაურება თითოეულისთვის 12 ლარის ოდენობით და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება თითოეულისთვის 300 ლარის ოდენობით) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დარჩეს ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეუსრულებლობით (აღუსრულებლობით) მიყენებული ზიანის (მიუღებელი შრომის) ანაზღაურების თაობაზე 2015 წლის 27 იანვრიდან მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდში; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის გაწეული ხარჯის თითოეულისთვის 12 ლარის ოდენობით და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის თითოეულისთვის 300 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო; მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ლ. ხ-მა, ნ. ქ-ამ და გ. ბ-ამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ დავის საგანს წარმოადგენდა, როგორც ქონებრივი, ასევე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. კასატორები ასევე უკანონოდ მიიჩნევენ საქმის სააპელაციო ისტანციის სასამართლოში ერთი მოსამართლის მიერ განხილვას. ამასთან, კასატორების მოსაზრებით არ არსებობს გ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა პირველყოვლისა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი, თუმცა დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი გ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ბ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ბ-ას მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის განჩინებით, რომელიც გ. ბ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში და გ. ბ-ას სარჩელზე დასრულდა წარმოება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიღების საფუძველი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ მოსარჩელეთა - ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას იძულებითი განაცდურის საკითხი განიხილება მათი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დავასთან ერთად, რომელზეც საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს საქმე ხელახალი განხილვისათვის სწორედ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში დაუბრუნა. მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანებების ბათილად ცნობასა და მოსარჩელეთა განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენასთან ერთად, სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებითი განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება. ამდენად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელეები იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ სამსახურიდან განთავისუფლების პერიოდიდან (22.08.2014წ.) სამსახურში აღდგენამდე, ხოლო განსახილველ შემთხვევაში საუბარია 2015 წლის 27 იანვრიდან მოსარჩელეთა თანამდებობებზე აღდგენამდე თანხების ანაზღაურებაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ იმავე დავის საგანზე (სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე იძულებით განაცდური ხელფასის სრული ანაზღაურება) უკვე იხილება, ამიტომ მოცემულ საქმეზე მართებულად შეწყდა წარმოება მოსარჩელეთა ამ მოთხოვნის მიმართ.
რაც შეეხება კასატორების მოთხოვნას „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ერთი მოსამართლის შემადგენლობით განხილვის შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნებზე მსჯელობას შეიცავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი გ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. ხ-ის, ნ. ქ-ასა და გ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ლ. ხ-ისა და ნ. ქ-ას მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე