საქმე Nბს-976-972(2კ-17) 16 იანვარი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თვმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. გ.გ-ი (მოსარჩელე); 2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ზიანისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ.გ-მა 2014 წლის 2 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის - 500 000 ლარისა და ადვოკატის ხარჯის - 2 000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გ.გ-ს ხანდაზმულობისა და მიზეზობრივი კავშირის დაუდგენლობის მოტივით უარი ეთქვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.გ-მა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ანაზღაურება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატზე გაწეული ხარჯის 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გ.გ-მა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გ.გ-მა მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი - გ.გ-ი მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილებიდან დასტურდება, რომ გ. ჩ-ე ბრალდებულ პირად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, რაც ნიშნავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა გ. ჩ-ის გარდაცვალების მოტივით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1105-ე მუხლის განმარტებით: თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს აყენებს ზიანს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. კასატორი მიუთითებს, რომ ამავე კოდექსის 997-ე მუხლის მიხედვით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დგება თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე. კასატორი აღნიშნავს, რომ მას ზიანი მიადგა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაკმა, სატრანსპორტო საშუალებაც და გ. ჩ-ეც ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაც ნიშნავს , რომ მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს გ.გ-ის მიმართ დამდგარი ზიანი. კასატორი 2003, 2006 2010 წლებში დადიოდა და მკურნალობის სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა უკრაინაში. მას 4000 აშშ დოლარამდე უჯდებოდა უკრაინაში ბურდენკოს სახელობის სამკურნალო ცენტრში გამგზავრება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, ამ თანხას უგროვებდნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. სასამართლო პროცესზე დამატებით იქნა წარმოდგენილი კასატორის მიერ ჯამრთელობის ცნობა, საიდანაც დასტურდება, რომ გ.გ-ს გაუუარესდა ჯამრთელობის მდგომარეობა, რის გამოც 2012 წელს ოპერაცია ჩაუტარდა ქ. ერევანში. კასატორი მიუთითებს, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, ბარძაყის არედან მთლიანად ამოღებულ იქნა ძვალი, დარჩა სიცარიელე, რის შედეგადაც მისი ფეხზე დადგომის შესაძლებლობა მთლიანად გამოირიცხა. სხეულის დაზიანება, ჯანმრთელების მოშლა, უდავოდ იწვევს არაქონებრივი მორალური ზიანის მიყენებას.
კასატორი მიუთითებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამ მხრივ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება კასატორის მდგომარეობას ამ მუხლთან მიმართებაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან კასატორს არ უგრძვნია არანაირი თანადგომა არასდროს, როგორც მატერიალური ისე მორალური. მიუხედავად იმისა, რომ გ.გ-ი ერთადერთი იყო, რომელსაც ოჯახში შემოსავალი შეჰქონდა. კასატორი მიუთითებს, რომ მისი მორალური ტკივილი და განცდები თანდათან კიდევ უფრო დამძიმდა, 2012 წლის ოპერაციის შემდეგ, ამოკვეთეს კუდუსუნის ძვალი, რის შედეგადაც მას დაეკარგა უნარი ცოტა ხნით ფეხზე დგომის. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად არაფრის კეთება, ამასთანავე ქვეყანაში არის არაადაპტირებული გარემო, რაც გიორგისნაირი ადამიანების გადაადგილების შესაძლებლობას ზღუდავს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მისცა სწორი შეფასება დაზარალებულის დაინვალიდების ხარისხს, ის არის პირველი ჯგუფის უვადოდ, ეტლზე მიჯაჭვული, მას არ შეუძლია საკვების მიღება დამხმარე ადამიანის გარეშე, ასევე აქვს უნებლიე მოქმედებები, რა დროსაც შესაძლებელია გადმოვარდეს ეტლიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, არ გაითვალისწინა მისი ყოფითი, მატერიალური მდგომარეობა და ასაკი. გ.გ-ი იყო 30 წლის, როცა გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, სამინისტრომ არ გაითვალისწინა, მისი მკურნალობის ხანგრძლივობა და ოჯახში, რომ არავინ მუშაობდა. კასატორი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას არასწორად შეაფასა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონერივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ 2002 წლის 21 ივლისს გ.გ-მა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება ბრალდებულის გარდაცვალების გამო. სისხლის სამართლის საქმის მასალებით და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ 2002 წლის 21 ივლისს ქ. საჩხერეში ... ქუჩაზე მოძრაობდა ამავე სამხედრო ნაწილის მეთაური კაპიტანი გ. ჩ-ე, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების დაცვა და ავტომანქანა გადაბრუნდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალნენ გ. ჩ-ე და კ. შ-ე, ხოლო მეორე მგზავრმა ლოგისტიკის ოფიცერმა გ.გ-მა მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. კასატორი მიუთითებს, რომ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის მეთაურის - გ. ჩ-ის ბრძანებიდან ირკვევა, რომ ეროვნული გვარდიის სარდლობასთან შეთანხმებით დაკმაყოფილდა ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალგაზრდობის რაიონული განყოფილების თხოვნა - საზაფხულო ბანაკის მოწყობის თაობაზე. ფასკნარის ხეობაში ... მიმდებარე ტერიტორიაზე ნაწილიდან 11 კმ-ის დაშორებით სოფ. ... . ბანაკის სურსათით მომარაგება დაევალა ლოჯისტიკის ოფიცერს გ.გ-ს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საზაფხულო ბანაკ ... „...„ დაგეგმილი აქტივობების ცხრილი, საიდანაც დგინდება მათი ღონისძიებები, რომ ბანაკი ღამის 10 სთ-დან 11 სთ-მდე მიდის დასაძინებლად.
კასატორი მიუთითებს, რომ ბანაკი დასაძინებლად უნდა წასულიყო 11 საათზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ამ პერიოდისთვის გეგმით გათვალისიწინებული ღონისძიებები დამთავრებული უნდა ყოფილიყო, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ღამის 2 საათსა და 30 წუთზე, რაც დგინდება საჩხერის საგამოძიებო განყოფილების დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სადაც მითითებულია, რომ დათვალიერება დაიწყო 3 საათსა და 30 წუთზე, შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული იქნა 2 საათსა და 50 წუთზე. სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოებანი, რომლებიც ადასტურებს, რომ საზაფხულო ბანაკი მდებარეობდა სამხედრო ნაწილიდან 11 კმ-ის მოშორებით და ბანაკთან კავშირისათვის გამოყოფილი იყო მეკავშირე ავტომანქანა, მძღოლი და საწვავი, მათი უსაფრთხოებისა და მომარაგების მიზნით. სამხედრო ნაწილის მეთაურის მოვალეობას არ წარმოადგენდა გეგმა ღონისძიებაში მონაწილეობა და ბანაკის შემწეობა, ასევე მას არ ჰქონდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილება ემართა „ფოლცვაგენი“ მარკის მანქანა სახ. ნომრით ..., ვინაიდან ბანაკთან დაკავშირებისა და უსაფრთხოების მიზნით გამოყოფილი იყო სხვა ავტომანქანა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ გენერალ-მაიორ რ-ის სახელობის ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტალი სამხედრო საექიმო კომისიის მიერ 2003 წლის 30 იანვარს შემოწმებულ იქნა გ.გ-ი და გაიცა ავადმყოფობის მოწმობა №7, საიდანაც ირკვევა, რომ გ.გ-ი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ კლინიკაში 2002 წლის 21 ივლისიდან 2003 წლის 5 აგვისტომდე გადიოდა მკურნალობას. სამხედრო საექიმო კომისიის დასკვნით, დავადებათა ცხრილის საფუძველზე უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის და 2003 წლის 4 მარტს დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ავადმყოფობის გამო. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჩხერის სამედიცნო-სოციალური ბიუროს 2003 წლის 16 მარტის №30 შემოწმების აქტით გ.გ-ს დაუდგინა პირველი ჯგუფის ინვალიდობა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის ივნისის გადაწყვეტილებით გ.გ-ს დაენიშნა პენსია „სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ.გ-ის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გ. გ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მისი მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს გ.გ-ის საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ.გ-ის საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.გ-ი ვერ ასაბუთებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე გ.გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გ.გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა, რამდენადაც, დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ქმედებით გამოწვეული მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას მოჰყვა ის შედეგი, რომ მოსარჩელე გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, დაკარგა შრომის უნარი უვადოდ, არის ეტლზე მიჯაჭვული და მოკლებულია დამოუკიდებლად მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას, რაც უდავოდ დაკავშირებულია მორალურ განცდებთან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
რაც შეეხება გ.გ-ის პრეტენზიას მორალური ზიანის მოცულობასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა.
არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.გ-ის საკასაციო განაცხადის ნაწილში მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გ.გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო განაცხადის ნაწილში მოცემული საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. გ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე