ბს-137-137 (კ-18) 13 სექტემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. თ-მა 11.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 01.12.2015წ. №MOD 3 15 01003946 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა გ. თ-ის ნამსახურობის წლების გაანგარიშების შესახებ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 27.09.2016წ. №MOD 5 16 00907756 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა გ. თ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემის დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, რომლითაც გ. თ-ის ნამსახურობა დაანგარიშდება და განისაზღვრება 31 წლით, 9 თვით, 13 დღით და დაენიშნება შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გ. თ-ისთვის ზიანის ანაზღაურების დავალება, წელთა ნამსახურობის არასწორი დაანგარიშების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის დღიდან - 2013 წლის სექტემბრიდან, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.04.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 01.12.2015წ. №MOD 3 15 01003946 წერილობითი მიმართვა გ. თ-ის ნამსახურობის წლების გაანგარიშების შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 27.09.2016წ. №MOD 5 16 00907756 წერილობითი მიმართვა გ. თ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, რომლითაც გ. თ-ის ნამსახურობა დაანგარიშდება და განისაზღვრება 24 წლით, 11 თვით და 16 დღით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. თ-ისთვის ზიანის ანაზღაურება, წელთა ნამსახურობის არასწორი დაანგარიშების გამო მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის მომდევნო თვიდან - 2013 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ გ. თ-ი 27.08.1982წ. 27 აგვისტოდან დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში როგორც სამოქალაქო და არა როგორც სამხედრო პირი, შესაბამისად იგი წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებულ სამოქალაქო პირს, რომელსაც არ ჰქონდა მინიჭებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. ამდენად, აღნიშნული ვადიდან არ უნდა მომხდარიყო ნამსახურების წლების ათვლა. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. თ-ი საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა 1992-1993 წლებში, რა პერიოდშიც ის წარმოდგენდა საქართველოს შს სამინისტროს და არა თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეს, შესაბამისად გ. თ-ზე „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი სასამართლოს არ უნდა გაევრცელებინა. საქმეში არსებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 24.03.2014წ. N130153 წერილით ირკვევა, რომ გ. თ-ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობისას თანამდებობრივად არ წარმოდგენდა სამხედრო პირს, ამიტომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდი არ უნდა ჩათვლილიყო ნამსახურების წლებში გამომდინარე „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონიდან, რომლის მოქმედებაც არ ვრცელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დასაქმებულ პირებზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობა არასრულყოფილად გამოკვლეულ ფაქტებს და არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გ. თ-ი 1978 წლის 25 ოქტომბრიდან 1980 წლის 25 ოქტომბრამდე ოფიცრად მსახურობდა სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში, ხოლო 1982 წლის 27 აგვისტოს გ. თ-ი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცის სამმართველოს მილიციის განყოფილების სამსახურის ინსპექტორის თანამდებობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონზე და აღნიშნავს, რომ ზემოღნიშნული კანონის 16.4 მუხლის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ამდენად, საკასაციო საამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეციალური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში გ. თ-ის ნამსახურობის ვადა უნდა აითვალოს მისი სამსახურში ჩარიცხვის დღიდან 1982 წლის 27 აგვისტოდან და არა მისთვის წოდების მინიჭების დღიდან (28.12.1982წ.). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს 1992-1993 წლებში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღების პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩაუთვლელობას და მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ გ. თ-ი აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და არა თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს და მიუთითებს, რომ სამხედრო მოსამსახურეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. თ-ი, როგორც სამხედრო მოსამსახურე, 1992-1993 წწ.-ში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ ზემოაღნიშნული პერიოდი კანონის შესაბამისად არის ჩათვლილი წელთა ნამსახურობაში. კასატორი მიუთითებს აგრეთვე, რომ გ. თ-ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობის პერიოდი არ უნდა ჩაითვალოს წელთა ნამსახურობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატას სწორად აქვს მიღებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ საკითხზე და გ. თ-ის იუსტიციის სამინისტროში სამსახურის პერიოდი არ აქვს გათვალისწინებული წელთა ნამსახურობაში „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 16.4 მუხლის ფაბულიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.09.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი