Facebook Twitter
#ბს-574-574(კს-18) 3 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელეები) - შპს „…“; შპს „…“

მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - საქმის წარმოების შეწყვეტა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 20 მაისს შპს „…“ და შპს „…“ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: #... (ფართობით: 9720 კვ.მ.) და #... (ფართობით: 2998 კვ.მ.)) საკუთრების უფლების ხელყოფის შეწყვეტის დავალება, რაც გამოიხატება აღნიშნული ნაკვეთების საჯარო გზის ფუნქციითა და ქუჩის დანიშნულებით გამოყენებაში, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს უზრუნველყოს შპს „…“ და შპს „…“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი: #...(ფართობით: 9720 კვ.მ.) და #... (ფართობით: 2998 კვ.მ.)) არ იქნეს გამოყენებული მესამე პირების მიერ სატრანსპორტო, საფეხმავლო დანიშნულებითა და ქუჩის ფუნქციით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „…“ და შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა შპს „…“ და შპს „…“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: #... (ფართობით: 9720 კვ.მ.) და #... (ფართობით: 2998 კვ.მ.)) საკუთრების უფლების ხელყოფის შეწყვეტა. მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა უზრუნველყოს შპს „…“ და შპს „…“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდი: #... (ფართობით: 9720 კვ.მ.) და #... (ფართობით: 2998 კვ.მ.)) არ იქნეს გამოყენებული მესამე პირების მიერ სატრანსპორტო, საფეხმავლო დანიშნულებითა და ქუჩის ფუნქციით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება; შპს „…“ და შპს „…“ სარჩელზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 33.1 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. პალატის განმარტებით, ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძვლები კუმულაციურია, კერძოდ, საჭიროა: ა) უარი ქმედების განხორციელებაზე იყოს კანონსაწინააღმდეგო და ბ) იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა ემყარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 33.1 მუხლებს და ფორმულირებულია შემდეგნაირად - დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეწყვიტოს შპს „…“ და შპს „…“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: #... (ფართობით: 9720 კვ.მ.) და #... (ფართობით: 2998 კვ.მ.)) საკუთრების უფლების ხელყოფა, რაც გამოიხატება აღნიშნული ნაკვეთების საჯარო გზის ფუნქციითა და ქუჩის დანიშნულებით გამოყენებაში. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მითითებული მიწის ნაკვეთები არ იქნეს გამოყენებული მესამე პირების მიერ სატრანსპორტო, საფეხმავლო დანიშნულებითა და ქუჩის ფუნქციით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი ითვალისწინებს მავალდებულებელი სარჩელის განსაკუთრებული ფორმის მოქმედების განხორციელების თაობაზე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას, მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ადმინისტრაციული ზომების (რეალაქტის) განხორციელების მოთხოვნა, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ასეთი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ამგვარი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა. სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული, კანონიერი დაინტერესება. კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები (უფლების დარღვევა, დარღვევის საშიშროება).
კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „…“ და შპს „…“ წარმომადგენლები განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცებისათვის მიუთითებენ სამომავლოდ მათი საკუთრების უფლების შესაძლო ხელყოფის ვარაუდზე. ამასთან, ისინი ვერ მიუთითებენ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთა ხელყოფის დავალებასაც ითხოვენ. ვერ ადასტურებენ დავის გადაწყვეტის დროისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ნაკვეთების საჯარო გზის ფუნქციითა და ქუჩის დანიშნულებით გამოყენებას, ამასთან, პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია მოთხოვნა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მითითებული მიწის ნაკვეთები არ იქნეს გამოყენებული მესამე პირების მიერ სატრანსპორტო, საფეხმავლო დანიშნულებითა და ქუჩის ფუნქციით.
საქმეშია ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 2 მაისის #16-01171221265 მიმართვა, რომლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის #15.10.289 განკარგულების შესაბამისად, მისამართზე - ქ. თბილისში, ... ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება გაუქმებულია.
ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „…“ და შპს „…“ სარჩელი მოპასუხისათვის შპს „…“ და შპს „…" კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. #... და #...) პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და ტენდერის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების სრული დემონტაჟის თაობაზე დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მითითებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა (უმოქმედობა) იყოს უკანონო და ქმედების განხორციელებაზე უარის თქმით უშუალო და პირდაპირი ზიანი უნდა ადგებოდეს მოსარჩელე მხარეს. ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სარჩელი დაუშვებელია და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „…“ და შპს „…“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის საერთო წესების დაცვით განხილვა მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში უდავო გარემოებაა, რომ შპს „…“ და შპს „…“ კერძო საკუთრებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიანიჭა ... სახელი, თბილისის მერიამ ამ სახელწოდების გამოყენებით კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე დააგო ასფალტირებული გზა, დააგო ბორდიურები, დაამონტაჟა გარე განათების ბოძები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, სრულად მოაწყო სტანდარტული შიდა დანიშნულების ქუჩის ინფრასტრუქტურა. შემდეგ კი მათი კერძო საკუთრება გადასცა კომპანია „…“. აღნიშნულ ქმედებათა გამო, დღის განმავლობაში ათასობით მოქალაქე, რომელიც გადაადგილდება მათ კერძო საკუთრებაზე ან/და რომელიც იყენებს მას სხვა პირადი მიზნებისთვის, არღვევს მათი საკუთრების უფლებას. მათი ტერიტორია ფაქტობრივად საჯარო სარგებლობაშია. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მათი საკუთრების უფლების ხელყოფა არის აშკარა, თვალსაჩინო, ყოველდღიური და განგრძობადი აქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მითითება, რომ ხელყოფასთან დაკავშირებული მათ მიერ წარდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები საკუთრების უფლების მხოლოდ სამომავლო და ისიც სავარაუდო ხელყოფაზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის მომენტში უკვე არსებულ რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობაზე, აცდენილია არსებულ რეალობას.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო განჩინებაში უთითებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“ და შპს „...“ მოგებული აქვს სასამართლო დავა ქუჩის ინფრასტრუქტურის დემონტაჟსა და შესაბამისი ტენდერის შედეგის გაუქმებასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე (შპს „...“ და შპს „...“ საკუთრებაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება გაუქმებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ავტო-პარკინგის ნიშნულების წაშლა, ასევე ქუჩის არსებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი არ ნიშნავს იმას, რომ წყდება და ანულირდება თბილისის მერიის მხრიდან მათი კერძო საკუთრების განგრძობადი ხელყოფა. ეს არ ნიშნავს, იმას რომ მათი კერძო საკუთრება აღარ არის სარგებლობის სივრცე და მესამე პირებს, რომლებიც აქამდე უკანონოდ სარგებლობდნენ მათი კერძო საკუთრებით, აღარ შეეძლებათ კვლავ ისარგებლონ მისით. ქუჩის ინფრასტრუქტურის დემონტაჟი და სადავო ადგილის გრუნტის მდგომარეობაში მოყვანა არ ნიშნავს, იმას, რომ სადავო ადგილით, როგორც ქუჩით და საჯარო სივრცით სარგებლობა შეწყდება. იმისათვის, რომ თბილისის მერიის მხრიდან და მისი მეშვეობით განუსაზღვრელ მესამე პირთა მხრიდან სრულად შეწყდეს საკუთრების უფლების ხელყოფა, საჭიროა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ქუჩის დემონტაჟი. ამისთვის საჭიროა თბილისის მერიამ მიიღოს სათანადო დამატებითი ზომები. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერვე შექმნილი ფაქტობრივი პრეზუმფცია და განცდა გაქრეს და მესამე პირებს არ მიეცეთ კერძო საკუთრებით სარგებლობის უფლება. მანვე უნდა უზრუნველყოს ნაკვეთებზე პირველადი მდგომარეობის არა ერთჯერადი და კონკრეტული, არამედ სრული აღდგენა. ხელყოფა განგრძობადია და ამიტომ მისი შეწყვეტად განგრძობადი უნდა იყოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით შპს „...“ და შპს „...“კერძო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „...“ და შპს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე ამ კოდექსის 22-25-ე მუხლების საფუძველზე წყვეტს სარჩელის დასაშვებობის საკითხს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი ძირითადი თავისებურება არის ის, რომ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-179-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მიხედვით (მატერიალური დასაშვებობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის მატერიალური დასაშვებობის საკითხს სასამართლო ამოწმებს გამწესრიგებელ სხდომაზე, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არ არის შეზღუდული ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით და იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლინდება სარჩელის დაუშვებლობის საფუძვლები, სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით შეწყვიტოს საქმის წარმოება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება. საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებობის დამოუკიდებელი პროცესუალური სტადიის (განმწესრიგებელი სხდომა) დადგენა ემსახურება პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები, სწორედ ამ სტანდარტის დაკმაყოფილების პირობებშია დასაშვები სასამართლო წესით დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უპირველეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ „თავისი“ უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი და ამასთან, ეს ინტერესი უნდა იყოს კანონიერი. შესაძლებელია, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, მაგრამ პირის ასეთი სუბიექტური განწყობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნული საკითხის გამორკვევას ემსახურება სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტი ადმინისტრაციულ პროცესში, რომლის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად წინასწარ, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე გაირკვეს, სარჩელის აღძვრას აქვს თუ არა კანონიერი ინტერესი.
საქმის მასალების შესაბამისად, კონკრეტულ შემთხევაში დავის საგანია დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეწყვიტოს შპს „...“ და შპს „...“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო. კოდი: #... (ფართობით: 9720 კვ.მ.) და #... (ფართობით: 2998 კვ.მ.)) საკუთრების უფლების ხელყოფა, რაც გამოიხატება აღნიშნული ნაკვეთების საჯარო გზის ფუნქციითა და ქუჩის დანიშნულებით გამოყენებაში, ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მითითებული მიწის ნაკვეთები არ იქნეს გამოყენებული მესამე პირების მიერ სატრანსპორტო, საფეხმავლო დანიშნულებითა და ქუჩის ფუნქციით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. სარჩელის დაკმაყოფილება საჭიროებს მოცემული კუმულაციური პირობებიდან ყველას არსებობას.
კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. ინტერესის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების (ინტერესის) კანონით გათვალისწინებული საშუალებებით დაცვა შესაძლოა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგენს იურიდიული ფაქტების გარკვეულ წყებას, რომლითაც დასტურდება როგორც თვით უფლების ან ინტერესის არსებობა, ასევე მისი დარღვევა ან სადავოდ ქცევა. დავაში მოსარჩელის უფლებადამცავი ინტერესის მტკიცების ტვირთი მასვე ეკისრება. ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს „…“ და შპს „…“ წარმომადგენლები განსახილველი სასარჩელო მოთხოვნისადმი ინტერესს აფუძნებენ სამომავლოდ მათი საკუთრების უფლების შესაძლო ხელყოფის ვარაუდზე. ამასთან, ისინი ვერ მიუთითებენ იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომელთა ხელყოფის დავალებასაც ითხოვენ. ვერ ადასტურებენ დავის გადაწყვეტის დროისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ნაკვეთების საჯარო გზის ფუნქციითა და ქუჩის დანიშნულებით გამოყენებას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 2 მაისის #16-01171221265 მიმართვაზე, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის #15.10.289 განკარგულების შესაბამისად, მისამართზე - ქ. თბილისში, ... ქუჩა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება გაუქმებულია.
ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „…“ და შპს „…“ სარჩელი მოპასუხისათვის შპს „…“ და შპს „…“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე (ს.კ. #... და #...) პირვენდელი მდგომარეობის აღდგენისა და ტენდერის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების სრული დემონტაჟის თაობაზე დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით მითითებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელის მატერიალური დასაშვებობის სავალდებულო პირობა მხარის კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „…“ და შპს „…“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „…“ და შპს „…“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი