საქმე №ბს-1182-1176(2კ-17) 2 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე); 2. ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
დავის საგანი - სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა,
სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ 2016 წლის 23 მაისს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის N1/კ-125 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი, ნ. მ-ის ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნ. მ-ის სასარგებლოდ აანაზღაუროს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან (2016 წლის 20 აპრილი) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდური იმ პრემიებისა და დანამატების ჩათვლით, რომელიც გაცემული იქნა სადღესასწაულო თუ სხვა დღეებში ყველა თანამშრომელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის N1/კ-125 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალა მოპასუხეს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ. მ-ის ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე; ნ. მ-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მთელი პერიოდის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში; ნ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის N1/კ-125 ბრძანება ნ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა. ო-ის 2016 წლის 12 აპრილის N370196 მოხსენებითი ბარათით ამავე დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და ეცნობა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ნ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის N1/კ-125 ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა. ო-ის 2016 წლის 12 აპრილის N370196 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გასაჩივრებული 2016 წლის 20 აპრილის N1/კ-125 ბრძანება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ. მ-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უფლებამოსილებას წარმოადგენს ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე პირის დანიშვნა - განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. დადგენილად იქნა ასევე მიჩნეული, რომ ნ. მ-ის სამუშაოდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. მ-ის მიმართ ადრე არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ღონისძიება; სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნია იმავე კანონის 99-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნის გათვალისწინება იმის შესახებ, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის დაკისრებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაფიოდ უნდა დაასაბუთოს მისი გამოყენების აუცილებლობა; კონკრეტულ შემთხვევაში, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნ. მ-ის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, არ ქმნის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ, ერთი მხრივ, სწორად მიუთითა, რომ ნ. მ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რაც საფუძველი გახდებოდა სხვა დისციპლინური სახდელის გამოყენების გარეშე მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა, ხოლო მეორე მხრივ, იმავე სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების შედეგად ამავე ცენტრის უფროსის - ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების სიმრავლე პირდაპირ მიუთითებს იმის შესახებ, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას; ამიტომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი ზემოაღნიშნული გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე, კერძოდ, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამსახურიდან განთავისუფლების ნაცვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება.
სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტება, რომლის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს სასამართლო იმ შემთხვევაშიც იყენებს, როდესაც აშკარაა და სასამართლოს დასაბუთებიდან ცალსახადაა ადმინისტრაციული აქტის უკანონობა და დარღვეული უფლებების ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო კომპეტენციას სცილდება დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სასამართლო ეყრდნობა 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმე ბს-166-165(კ-16) 14 ივლისი, 2016 წელი).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებას წარმოადგენს ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე პირის არა მარტო დანიშვნა - განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტა, არამედ ამ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს ასევე აღნიშნული პირისთვის სხვა სახის დისციპლინური სახდელის დაკისრებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ნ. მ-ემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არ მისცა შეფასება გარემოებას, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველმხრივ და სრულად ჰქონდა გამოკვლეული საქმეში არსებული მტკიცებულებები და ვინაიდან ნ. მ-ის მხრიდან სახეზე იყო მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, მიიღო ნ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დროს, ერთი მხრივ, ასაბუთებს, რომ ვერ ჩაერევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაში, ხოლო მეორე მხრივ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მსჯელობით (სადაც აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამსახურიდან განთავისუფლების ნაცვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება) გარკვეულწილად ახორციელებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციაში ჩარევას.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტები, რაც სამინისტრომ ნ. მ-ის დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, არ ქმნის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. რამდენადაც, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინა ყველა მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, ხოლო მოსარჩელემ ვერ მიუთითა თავისი პოზიციის საფუძვლიანობაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, თუ რატომ მიიჩნია სამინისტრომ ნ. მ-ის დისციპლინური გადაცდომა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძვლად. სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, სწორად დაადგინა, რომ ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე, თუმცა მეორე მხრივ, არასწორად მიიჩნია, რომ ნ. მ-ის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სამსახურიდან გათავისუფლების ნაცვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, აუდიტის დასკვნასა და ა. ო-ის მოხსენებით ბარათში მითითებულ მთელ რიგ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევებს, რომლებსაც ჰქონდათ არაერთჯერადი ხასიათი და საქმიანობის შესრულების დროს ქმნიდა მნიშვნელოვან რისკებს.
კასატორის მოსაზრებით სწორედ არსებული რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ნ. მ-ის მიმართ სხვა, უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება. სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, თუმცა შეფასება არ მისცა გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების შედეგად გამოირკვა შემდეგი სახის დარღვევები: რესურსცენტრს არა აქვს შემუშავებული/დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა, ხოლო 2015 წლის 08 აპრილამდე არ ჰყავდა განსაზღვრული შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის eplan მოდულში აღნიშნული გეგმის რეგისტრირებაზე უფლებამოსილი პირი. ასევე დადგინდა, რომ 2014 და 2015 წლებში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული 7 ხელშეკრულების მოქმედების ვადა კანონმდებლობით დადგენილი დღეების მინიმალური ოდენობით (სულ მცირე 30 დღე) არ აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ვადას, რითაც უგულებელყოფილია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა. 2014 და 2015 წლებში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების უმეტეს ნაწილში ხელშეკრულების ღირებულება აჭარბებს ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებულ თანხას და შესაბამისი ცვლილება გეგმაში შეტანილია დაგვიანებით, ხოლო რიგ შემთხვევებში, ხელშეკრულების ობიექტის შესყიდვა შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული საერთოდ არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, რესურსცენტრის შესყიდვების წლიურ გეგმაში არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი კონკრეტული საქონლის/მომსახურების შესაძენად, აღნიშნული მიუთითებს, რომ მათი შედგენა განხორციელებულია კონკრეტული შესყიდვების აუცილებლობის, საჭიროებისა და მათი სავარაუდო ღირებულების სრულად განსაზღვრის გარეშე, ხოლო შესყიდვების წლიურ გეგმაში თანხის კორექტირების დაგვიანებით განხორციელების შემთხვევები მიუთითებს შესყიდვების წლიური გეგმის ფორმალურად შედგენის ხასიათსა და იმ გარემოებაზე, რომ რესურსცენტრი ვერ უზრუნველყოფს შესყიდვების წინასწარ დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად განხორციელებას. გარდა ამისა, 2014, 2015 და 2016 წლებში (2016 წლის 18 მარტის მდგომარეობით) სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ძირითად ნაწილში, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების საფუძვლად ან საქონლის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი ან/და ანგარიშფაქტურა, თუმცა კონკრეტულ მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება განხორციელებულია მხოლოდ სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. ასევე დადგინდა, რომ რესურსცენტრის უფროსი, ნ. მ-ე, 2015 წლის 21 აპრილიდან ამავე წლის 6 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში (ბრძ.№2-18 20/04/2015 წ.), რა დროსაც მის მოვალეობას ასრულებდა რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი, თუმცა აღნიშნული პირისათვის რესურსცენტრის მიერ არ მომხდარა მისთვის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს გარდა, რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატის ან არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს მიცემა. ინსპექტირების დროს გამოვლინდა ინვენტარიზაციისა და სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის წესების დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი აქტების არაერთჯერადად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარღვევის ფაქტები: დადგენილი წესის თანახმად, ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე ექსტერნთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით რესურსცენტრის უფროსი ვალდებულია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელშიც უნდა აისახოს იმ საგნების ჩამონათვალი, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ამასთან პირი განცხადებაში უთითებს იმ საგნებს, რომელთა გამოცდით დაძლევაც სურს. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ბრძანებაში ჩასაბარებელ საგანთა ნუსხას განსაზღვრავდა რესურსცენტრის უფროსი დაინტერესებულ პირთა განცხადებებისგან დამოუკიდებლად, რადგან არაერთ შემთხვევაში ბრძანებაში მითითებულია განცხადებაში დაფიქსირებულისაგან განსხვავებული საგნები. ასევე, ექსტერნატის გამოცდაზე დასაძლევ საგანთა ნუსხას რესურსცენტრის უფროსი ამტკიცებდა არა დაინტერესებული, არამედ სხვა პირების მიერ შეტანილი განცხადებების საფუძველზე, ისე, რომ აღნიშნული პირები რესურსცენტრში არ წარადგენდნენ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს. მსგავსი დარღვევები გრძელდებოდა ექსტერნატის სხვადასხვა გამოცდებზე და ისინი ქმნიან იმის რისკს, რომ პირებმა ექსტერნატის გამოცდა ვერ ჩააბარონ მათთვის სასურველ ან ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებში. აღნიშნული ასევე ადასტურებს, რომ დაინტერესებული პირების განცხადებების შესწავლას აქვს ფორმალური ხასიათი და რესურსცენტრის უფროსის ბრძანებაში მონაცემები ფიქსირდება განცხადებების შინაარსისგან დამოუკიდებლად. გარდა ამისა, დადგენილი წესის თანახმად, პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ექსტერნატის გამოცდაზე პირი დარეგისტრირებული იქნა ისე, რომ რესურსცენტრში არ ყოფილა წარდგენილი წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, მეტიც, განცხადებაში და მასზე დართულ დოკუმენტებში პირდაპირ იყო მითითებული, რომ პირს არ ჰქონდა დაძლეული წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. აღნიშნული ხასიათის დარღვევა ქმნის იმის რისკს, რომ მომავალშიც ექსტერნატის გამოცდაზე დარეგისტრირებულ იქნეს პირი, რომელსაც არ ექნება დაძლეული წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა. ასევე დადგინდა, რომ რესურსცენტრის მოქმედი შინაგანაწესის თანახმად, რესურსცენტრში ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო კვირის ბოლო სამუშაო დღეს, აგრეთვე უქმე დღეების წინა სამუშაო დღეს - 9:00 საათიდან 17:00 საათამდე, თუმცა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის მონაცემებით ირკვევა, რომ სამუშაო ადგილიდან წასვლის დროდ თანამშრომლები ყოველთვის უთითებენ ზუსტად 18:00 საათს. აღნიშნული შეუსაბამობის გამო, საკითხზე წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ როგორც რესურსცენტრის უფროსს, ასევე რესურსცენტრის თანამშრომლებს და დადგინდა, რომ სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალში მონაცემების დაფიქსირება ატარებს ფორმალურ ხასიათს და არ ასახავს რეალურ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია, რომ მოსამსახურეების მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი, შინაგანაწესის თანახმად, უნდა განეხორციელებინა რესურსცენტრის უფროსს, რასაც იგი არ ახორციელებდა.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ დავის გადაწყვეტისათვის დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლეოდა სადავო ბრძანების სამართლებრივი საფუძვლის გასარკვევად, შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 მუხლის გამოყენების წინაპირობა. ამასთან, სასამართლომ შეფასება არ მისცა გარემოებას იმის თაობაზე, რომ სახეზეა მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების ისეთი დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას აქარწყლებდა და რაც ერთმნიშვნელოვნად უხეშ დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომები წარმოადგენს უხეში ხასიათის გადაცდომებს და მის მიმართ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების გამოყენება არის მართლზომიერი და ადეკვატური სახდელი. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო კომპეტენციას სცილდება დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სასამართლო ამ შემთხვევაშიც ეყრდნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილს და ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სამინისტრომ გამოიკვლია საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები, ერთობლიობაში შეაფასა ნ. მ-ის მოქმედება, ბრალეულობის ხარისხი, მიზეზობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოსალოდნელი ზიანი, რომელიც შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს. ვინაიდან, არსებული რისკებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მის მიმართ სხვა, უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება, სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება ნ. მ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების შედეგად, ამავე ცენტრის უფროსის - ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების სიმრავლე პირდაპირ მიუთითებს იმის შესახებ, ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე. თუმცა სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ ნ. მ-ის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომა: სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასაბუთება ეწინააღმდეგება ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ხოლო გადაწვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
კასატორი - ნ. მ-ე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ არ არსებობდა ნ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი და იურიდიული საფუძველი, ხოლო დანარჩენ დასაბუთებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა ყოფილიყო სადავო ბრძანებით სწორად და კანონიერად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ნ. მ-ე თუ არა. კასატორის მოსაზრებით საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში უნდა მიეღო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით სასამართლომ იცის, რომ ნ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა საკითხის გადაწყვეტას კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს. ეს ეწინააღმდეგება უფლების სასამართლო წესით დაცვას. სასამართლოს მსჯელობიდან გამოდის, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეცდომის გამო, მასზედ, რომ ნ. მ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სწორად ვერ ან არ შეირჩა (რომელიც არანაირად არ უკავშირდება სამსახურიდან გათავისფულებას), სამსახურში აღდგენაზე ეთქვა უარი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო გასცდა, როგორც მოსარჩელის ასევე აპელანტის მოთხოვნას, როდესაც მიუთითა, რომ ნ. მ-ის საქმიანობაში გამოვლენილი ზემოაღნიშნული გადაცდომები არ უნდა დარჩეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეაგირების გარეშე, კერძოდ, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამსახურიდან განთავისუფლების ნაცვლად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება. მოსარჩელის ინტერესი არ ყოფილა სასამართლოს მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება და არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სადავო საკითხი კიდევ ერთხელ განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობებს, ხოლო მეორე მხრივ, უსაფუძვლოდ არ იზიარებს გადაწყვეტილებას სადავო აქტის ბათილად ცნობასთან, ნ. მ-ის სამსახურში აღდგენასა და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რის გამოც კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად; საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ნ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის №1/კ-125 ბრძანების კანონიერების საკითხი. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის - ა. ო-ის 2016 წლის 12 აპრილის №370196 მოხსენებითი ბარათი.
საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 11 მარტის N224 ბრძანებით საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების 41 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის - ა. ო-ის 2016 წლის 11 მარტის №246470 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს - ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირება, 2016 წლის 14 მარტიდან 2016 წლის 18 მარტის ჩათვლით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №1204161730 დასკვნით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინსპექტირების შედეგად გამოირკვა შემდეგი სახის დარღვევები: რესურსცენტრს არა აქვს შემუშავებული/დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის დამტკიცების წესი და ფორმა, ხოლო 2015 წლის 8 აპრილამდე არ ჰყავდა განსაზღვრული შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის EPLAN მოდულში აღიშნული გეგმის რეგისტრირებაზე უფლებამოსილი პირი. ასევე დადგინდა, რომ 2014 და 2015 წლებში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული 7 ხელშეკრულების მოქმედების ვადა კანონმდებლობით დადგენილი დღეების მინიმალური ოდენობით (სულ მცირე 30 დღე) არ აღემატებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ვადას. ინსპექტირების დროს გამოვლინდა ინვენტარიზაციისა და სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის წესების დარღვევის ფაქტები; შემოწმების შედეგების თანახმად, 2014 და 2015 წლებში სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო ხელშეკრულებების უმეტეს ნაწილში ხელშეკრულების ღირებულება აჭარბებდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტში შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებულ თანხას და შესაბამისი ცვლილება გეგმაში შეტანილია დაგვიანებით, ხოლო რიგ შემთხვევებში, ხელშეკრულების ობიექტის შესყიდვა შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული საერთოდ არ იყო. გარდა ამისა, 2014, 2015 და 2016 წლებში (2016 წლის 18 მარტის მდგომარეობით) სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ძირითად ნაწილში, მიმწოდებელთან ანგარიშსწორების საფუძვლად ან საქონლის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტი ან/და ანგარიშფაქტურა, თუმცა კონკრეტულ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელებულია მხოლოდ ზედნადების საფუძველზე.
ასევე დადგინდა, რომ რესურსცენტრის უფროსი ნ. მ-ე 2015 წლის 21 აპრილიდან 2015 წლის 6 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში. ამ პერიოდში მის მოვალეობას ასრულებდა რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი ვ. ჟ-ი, თუმცა ამ პირისათვის რესურსცენტრის მიერ არ მომხდარა მისთვის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოს გარდა, რესურსცენტრის უფროსის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატის ან არმყოფი მოხელის თანამდებობრივი სარგოს მიცემა. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით თავად ვ. ჟ-ს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. შემოწმების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2014 წლის 2 დეკემბრის აქტის თანახმად, ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბალანსიდან მოიხსნა 6156 (ექვსიათას ას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ღირებულების ძირითადი საშუალება - სასკოლო სახელმძღვანელოები, ვინაიდან ისინი 2010 წლის 22 ნოემბრისა და 2010 წლის 9 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებით გადაეცათ საჯარო სკოლებს (საჭიროებების მიხედვით), მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო მათი ბალანსიდან მოხსნა აღარ განხორციელებულა. ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე ექსტერნთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით, 2014 და 2015 წლებში, წარდგენილი რიგი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი სკოლის მიერ გაცემული ცნობების, ასევე, ქალაქ ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბრძანებების ურთიერთშედარების შედეგად დადგენილია, რომ უფლებამოსილი პირების მიერ ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი ამ პირთა ან მათი წარმომადგენლების განცხადებებში, სკოლის მიერ გაცემულ ცნობებსა თუ ბრძანებებში და ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბრძანებების დანართებში არაიდენტურია. ამავე მიზნით, ქ. … საგანმანათლებლო რესურსცენტრში, 2014 და 2015 წლებში წარდგენილ განცხადებების ნაწილზე თანდართულია განმცხადებლისა და ექსტერნის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ნაწილი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. საქმის მასალების თანახმად, ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრს 2015 წლის 16 თებერვალს განცხადებით მიმართა ე. ჩ-ემ მასთან არანათესაური მინდობით აღზრდის მომსახურებაში მყოფი პირის, ს. ფ-ის, ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირი სწავლობდა სსიპ - გ. გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მე-7 კლასში და სურვილი ჰქონდა ექსტერნად ჩაებარებინა მე-8 და მე-9 კლასის პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში. განცხადებას თან ერთვოდა განმცხადებლისა და ექსტერნის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი ცნობა, ასევე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის - გ. ა-ას 2015 წლის 16 თებერვლის N114981 ცნობა, რომლითაც დადასტურებულია, რომ მოცემულ მომენტში მოსწავლე ირიცხებოდა მე-7 კლასში. სსიპ გ. გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ 2014 წლის 13 ოქტომბრის N2 სხდომაზე დამტკიცებული სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით დგინდება, რომ ს. ფ-ის, რომელიც 2014-2015 სასწავლო წლისათვის ირიცხებოდა მე-7 კლასში, სწავლება ხორციელდებოდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის საფუძველზე, ხოლო გეგმაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქტივობების ბოლო თარიღად მითითებულია 2015 წლის 18 თებერვალი. ამასთან, სსიპ გ. გეწაძის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლის ს. ფ-ის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის განხორციელების თაობაზე პასუხისმგებელი სკოლის გუნდის საჭიროების განსაზღვრულ 2015 წლის 18 თებერვლის შეხვედრაზე (ოქმი N2) დადგინდა, რომ მოსწავლემ დაძლია მე-7 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნები და მას შეუძლია გადავიდეს მე-8 კლასის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის ქ. ... საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარდგენის ფაქტი არ დგინდება, ამ უკანასკნელის უფროსის - ნ. მ-ის 2015 წლის 19 თებერვლის N2-08 ბრძანებით დამტკიცებული დანართის თანახმად, ს. ფ-ი რეგისტრირებულ იქნა 2014-2015 სასწავლო წლის ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრების, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებზე ექსტერნად.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ასევე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ. მ-ის მიერ მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მრავლობითი დარღვევების არსებობის შესახებ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასების გაზიარების კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა. სააპელაციო პალატამ შესაძლებლად მიიჩნია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების დასაბუთებას და ემყარება მხოლოდ იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სადავო აქტის გამოცემისას სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა ნ. მ-ის მოქმედება, უნდა დადგენილიყო ის ზიანი, რაც მისი მოქმედებით მიადგა ან შესაძლოა მისდგომოდა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და მესამე პირს, მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანისადმი და ბრალეულობის ხარისხი, მიზეზშედეგობრივი კავშირი მის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სხვა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი ზემოაღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე კანონით გათვალისწინებული ობიექტური შეფასებიდან და დასაშვებად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საკასაციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნ. მ-ე მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ … საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არის სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანო. დებულების მე-5 მუხლით საგანმანათლებლო რესურსცენტრები იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საგანმანათლებლო რესურსცენტრების მმართველობის სფერო, უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვარი №31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების“ პირველი მუხლით საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები გათვალისწინებულია მე-2 მუხლით, რომლის პირველი პუნქტით რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. იმავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს რესურსცენტრის უფროსის უფლებამოსილებას, მათ შორის: ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესრულებაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე; ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ; პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე; ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. იმავე დებულების მე-4 მუხლით რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე. მე-5 მუხლით რესურსცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე; რესურსცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო; რესურსცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (სასკ. მუხლი 17.1). მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ ადგილი ჰქონდა აუდიტის დასკვნასა და ა. ო-ის მოხსენებით ბარათში მითითებულ მთელ რიგ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევებს, რომლებიც ატარებდა არაერთჯერად ხასიათს და საქმიანობის შესრულების დროს ქმნიდა მნიშვნელოვან რისკებს. მოსარჩელე სადავოდ ხდის მისი გათავისუფლების ბრძანების ფორმალურ კანონიერებას და მიუთითებს სადავო აქტის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული წესის დარღვევით დასაბუთებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მისთვის სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ 41 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 მაისის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ მე-2 მუხლით გათვალისწინებული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, მე-3 მუხლით დეპარტამენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და მე-4 მუხლით დადგენილი დეპარტამენტის მოვალეობის შესრულების მიზნით, იმავე დებულების მე-3 თავით დადგენილი ინსპექტირების ჩატარების წესის დაცვით შედგენილი N1204161730 დასკვნით დადასტურებულია, რომ ნ. მ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, რაც გამოიხატა მის სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებაში. ამდენად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. … საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ნ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ასევე, მიეცა მითითება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს - ქ. … საგანმანათლებლო რესურსცენტრს დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირებისა და გატარებულ ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენის (თანდართული დოკუმენტაციით) შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
შესაბამისად, გამოვლენილ მრავლობით დარღვევებზე პასუხისმგებელ პირს, მასზე დაკისრებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნ. მ-ე და მის მიერ მასზე ნორმატიული აქტით დაკისრებული უფლებამოსილების შეუსრულებლობითა და არაჯეროვანი შესრულებით დაირღვა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპი. შესაბამისად, ნ. მ-ის მიერ მისი უფლებამოსილების შეუსრულებლობამ და არაჯეროვანმა შესრულებამ გამოიწვია რესურს-ცენტრის ძირითადი მიზნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის შეფერხება, რაც წარმოადგენს სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედებას.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას - მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის. სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ. სახელმწიფო გარანტირებული უნდა იყოს ადმინისტრაციული აქტების კონტროლით, სრულად ემორჩილებოდეს კანონს და იმავდროულად, უზრუნველყოფდეს ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოების ეფექტურ მუშაობას. თუმცა მმართველობის არსი არასწორად არ უნდა იქნეს გაგებული, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე სასამართლო კონტროლი არ უნდა ლახავდეს ადმინისტრაციული ორგანოს დამოუკიდებლობის ხარისხს, უნდა ჯდებოდეს მათი უფლებამოსილების ფარგლებში და შეესაბამებოდეს ხელისუფლების დანაწილებისა და ურთიერთგაწონასწორების კონსტიტუციურ პრინციპს. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჰქონდეს საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა. ხელი არ უნდა შეეშალოს ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირებას (იხ. სუსგ. საქმე №ბს-166-165(კ-16); 14.07.2016წ.).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასა საქმის გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება ნ. მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში ჩარევის აუცილებლობა არსებობს, როდესაც აშკარაა პირის კონსტიტუციით დაცული უფლებების დარღვევა ან არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთებული ვარაუდი. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით აშკარაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქ. … საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ნ. მ-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვარი №31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებამოსილებების შეუსრულებლობისა და/ან არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც გამოიხატა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანოითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მთელი რიგი ვალდებულებების დარღვევაში და ქმნიდა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს სადავო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 აპრილის №1/კ-125 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საქმეზე დადგენილი გარემოებები იძლევა დავის არსებითი გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის სარჩელი არის უსაფუძვლო და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ამდენად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს;
2. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე