Facebook Twitter
ბს-462-462 (კ-18) 9 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს "…" საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2017წ. განჩინებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


გ. თ-მა 26.12.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.12.2013წ. N1030286 ბრძანების (არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ) და 04.02.2014წ. N1102050 (მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ) ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.11.2014წ. N114 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) და სსიპ არქიტექტურის სამსახურის 07.10.2014წ. N1527858 ბრძანების (კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.01.2015წ. განჩინებით გ. თ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (საქმე N3/5062-14) და ამავე განჩინებით საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ. მ-ე.
მესამე პირმა - შპს "…" (დირექტორი კ. მ-ე) 09.06.2015წ. საქმეზე N3/5062-14, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.11.2014წ. N114 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. თ-ის ადმინისტრაციული საჩივარი.
გ. თ-მა 04.08.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ სსიპ არქიტექტურის სამსახურის 07.10.2014წ. N1527858 და 06.06.2015წ. N1933922 ბრძანებების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 05.07.2016წ. N1-1197 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.08.2016წ. განჩინებით გ. თ-ის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (საქმე N3/5787-16) და ამავე განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად საქმეში ჩაება შპს "…".
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2016წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე N3/5062-14 (მოსარჩელე - გ. თ-ი, მეორე მოსარჩელე - შპს "…", დირექტორი კ. მ-ე, მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, მესამე პირი - კ. მ-ე) და N3/5787-16 ადმინისტრაციული საქმე (მოსარჩელე - გ. თ-ი, მოპასუხეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, მესამე პირი - შპს "…") გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2017წ. გადაწყვეტილებით გ. თ-ისა და შპს "…" სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს "…".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2017წ. განჩინებით შპს "…" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2017წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს "…" მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელ ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტეროტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" 34-ე მუხლის მე-15 პრიმა, მე-18 და მე-16 პუნქტებს აქვს განჭვრეტადობის პრობლემა და ვერ აკმაყოფილებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად მოქმედი ნორმები ამ პუნქტებით გათვალისწინებული არქიტექტურულ-კონსტრუქციული ელემენტების, ერკერისა და ღიობების მოწყობისას სხვათა თანხმობით აღარ იზღუდება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო შემთხვევაში სამეზობლო საზღვართან, მიჯნის ზონაში, კასატორს აქვს ყრუ კედელი, რომლის განთავსების უფლებაც შესაძლებელია სამეზობლო საზღვრის წითელ ხაზზეც კი, ზემოაღნიშნული საკრებულოს გადაწყვეტილების 34-ე მუხლის მე-15 პრიმა პუნქტით დადგენილი მოთხოვნა/შეზღუდვები მოცემულ შემთხვევაზე ცალსახად ვერ გავრცელდება. კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში, ღიობი/აივანი მოწყობილია საზოგადოებრივი სივრცის მხარეს და არა გ. თ-ის საკუთრების მხარეს არსებულ კედელზე, ამ შემთხვევაშიც კი დაცულია საკრებულოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების 34-ე მუხლის მე-18 პუქტით დადგენილი მოთხოვნები, როდესაც მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო არ არის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა. ამდენად, სასამართლოს არ უმსჯელია რამდენად ეხებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების მე-15 პრიმა პუნქტი სადავო სამართალურთიერთობას და ნორმათა პირდაპირი ციტირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილბაზე მითითებით ისე ჩათვალა ფაქტობრივი გარემოებები, არსებული მტკიცებულებები გამოკლეულად. კასატორი აღნიშნავს, რომ მიჯნის ზონაში, რომელიც ესაზღვრება გ. თ-ის საკუთრებას, რაიმე სახის ღიობი ან აივანი არ არის. შესაბამისად, სახეზე არ არის ის პირდაპირი და უშუალო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს გ. თ-ის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, სასამართლოს გ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ უნდა გამოეყენებინა „ქ. თბილისის ტეროტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" 34-ე მუხლის მე-15 პრიმა ნაწილი. კასატორს გააჩნია კანონიერი ნდობა სადავო აქტების მიმართ. სასამართლოს მიერ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით ზიანი ადგება კასატორის კანონით დაცულ უფლებასა და ინტერესს. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემობა, რომ ამჟამად სადავო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ბინები/ფართები არსებული პროექტის გათვალისწინებითაა გასხვისებული, რაც ასევე პირდაპირ ეხება ამ ბინების მესაკუთრეთა ინტერესს. სააპელაციო სასამართლოს სადავო შემთხვევაზე უნდა გაევრცელებინა მხოლოდ ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტეროტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" 34-ე მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს "…" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტეროტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" 34-ე მუხლის მე-151 პუნქტის თანახმად, ნაკვეთების საზღვრიდან 3,0 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, მეზობლის მხარეს შეიძლება მოწყობილ იქნეს ღიობი: კარი ფანჯარა, სამტრედე და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილები, ასევე აივანი, ერკერი და ტერასა, თუ ამაზე მიღებული იქნება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა. აღნიშნული მუხლის მიზანს შეადგენს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მესამე პირის ინტერესების დაცვა. ზემოაღნიშნული წესის თანახმად, მიჯნის ზონა წარმოადგენს სამშენებლო მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია 3,0 მეტრ მანძილზე ნაკლებით. აივანი არის შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული მოაჯირით შემოკავებული ჰორიზონტალური კონსოლური სიბრტყე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციის ნაწილს და დაკავშირებულია მის შიდა სივრცესთან. მიუხედავად იმისა, რომ აივნების ფასადური ნაწილი გადის საზოგადოებრივი სივრცის მხარეს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო პროექტით გათვალისწინებული აივნების ნაწილი განთავსებულია მიჯნის ზონაში და აივნების უკიდურესი კიდიდან გ. თ-ის შენობის საკადასტრო საზღვრამდე მანძილზე 3 მეტრზე ნაკლებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტით აივნები განთავსებულია N… საკადასტრო ერთეულის ანუ გ. თ-ის საკუთრების მხარეს …, …, …, …, …, … ნიშნულზე, 3-2 მონაკვეთში "დ" ღერძებში, ხოლო გ. თ-ს თანხმობა აივნების მიჯნის ზონაში განთავსებასთან დაკავშირებით არ გაუცია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება, სადავო სამართალ-ურთიერთობაზე ქ. თბილისის საკრებულოს 27.03.2009წ. N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის ტეროტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების" 34-ე მუხლის მე-18 პუნქტის გავრცელების მოთხოვნა, ვინაიდან ზემოაღნიშნული წესების მე-18 პუნქტი დამატებით რეგულაციებს განსაზღვრავს იმ შემთხვევისათვის, როდესაც 151 პუნქტის მოთხოვნათა დაცვითაა წარმოებული მშენებლობა. მოცემულ შემთხვევაში შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი N… საკადასტრო ერთეულის მხარეს აივნების …, …, …, …, …, … ნიშნულზე, 3-2 მონაკვეთში "დ" ღერძებში განთავსების ნაწილში ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის მოთხოვნებს, კერძოდ დარღვეულია 151 პუნქტით დადგენილი წესები, რაც გამორიცხავს სადავო შემთხვევაზე მე-18 პუნქტის გავრცელების შესაძლებლობასაც. საკასაციო სასამართლო სზაკ-ის 601.4 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, თვლის, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტით ილახება სხვა პირის კანონიერი უფლებები, შეუძლებელია მისი სამართლებრივი შედეგების შენარჩუნება, რადგან ერთი აქტის მიმართ სხვადასხვა პირების კანონიერი უფლებებისადმი დიფერენცირებული მიდგომა, თანაც ამ უფლებების დაუსაბუთებლობის პირობებში, სრულიად არასამართლიანია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობა არ წარმოიშობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების პერიოდში, ვინაიდან ამ დროს დამდგარი შედეგი არ არის მყარი და შესაძლებელია შეიცვალოს. მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა კასატორის აპელირება კანონიერი ნდობის პრინციპზე იმ პირობებში, როდესაც არსებობდა სადავო არქიტექტურული პროექტის გასაჩივრების შესაძლებლობა. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.11.2014წ. N114 ბრძანებით გ. თ-ის სახლთმფლობელობის მხარეს აივნების განთავსების ნაწილში არქიტექტურული პროექტის ბათილად ცნობის შემდეგ კასატორს არ უნდა განეხორციელებინა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებები სადავო აქტებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს "…" საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "…" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.2017წ. განჩინება;
3. გ. ც-ას (პ/ნ …) დაუბრუნდეს შპს "…" საკასაციო საჩივარზე 25.04.2018წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


ვ. როინიშვილი