№ბს-864-860(კ-17) 15 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - ა(ა)იპ … , კ. კ-ე, ბ. ი-ე და თ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება
დავის საგანი - დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2014 წლის 11 დეკემბერს ა(ა)იპ ..., კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჟ. რ-ის, ა. ყ-ისა და ზ. რ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირების - ჟ. რ-ის, ა. ყ-ის და ზ. რ-ისთვის ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე ა(ა)იპ ... მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრის დავალდებულება (კერძოდ, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის საქმიანობის აღდგენა და ფუნქციონირება. ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: 1. პანსიონის შენობის წინ აღმართული ბარიერის მოხსნა, მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; 2. დაუყოვნებლივ აღკვეთოს მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ, პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები), ასევე მოპასუხე ჟ. რ-ის, ა. ყ-ისა და ზ. რ-ისთვის პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის (რაც გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში) შეწყვეტის დავალდებულება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირების - ჟ. რ-ის, ა. ყ-ისა და ზ. რ-ისთვის სოლიდარულად მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთი ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრება მოითხოვეს.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიმდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, შპს „M...“ დირექტორს მ. ბ-სა და ა(ა)იპ „...“ თავმჯდომარეს რ. კ-ეს შორის, 2014 წლის პირველ აგვისტოს, 1 წლის ვადით დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქონება გადაეცა მოიჯარეს. ხელშეკრულების საფუძველზე ა(ა)იპ „...“ წარმოადგენს უძრავი ქონების მართლზომიერ მფლობელს. აღნიშნულ შენობაში მოსარჩელე ა(ა)იპ „...“ მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას გეგმავდა, რისთვისაც აგვისტოს თვეში ჩაატარეს მოსამზადებელი სამუშაოები და შენობის სათანადო ინვენტარით აღჭურვა. მართალია, ქობულეთში, ... ქუჩა №33-ში უკვე ფუნქციონირებდა 6 წლის წინ მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილი პანსიონი, თუმცა ახალი პანსიონის გახსნის საჭიროება ძველი შენობის არასაკმარისმა სივრცემ და პანსიონის ეფექტური ფუნქციონირების გამო მის მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
მოსარჩელეთა აღნიშვნით, მათ მიზანს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში მცხოვრები მუსლიმი ბავშვებისათვის 24-საათიანი მზრუნველობითი პირობების შექმნა და ხარისხიანი სამოქალაქო განათლების მიღების ხელშეწყობა. პანსიონი 40 მოსწავლეზე არის გათვალისწინებული. სასწავლო გეგმის შესაბამისად, დღის განმავლობაში პანსიონის მოსწავლეებს საათნახევრის განმავლობაში რელიგია (ისლამი) უნდა ესწავლათ და შეესრულებინათ ხუთგზის ნამაზის ლოცვა, დანარჩენ დროს კი საშინაო დავალებების მომზადებასა და სხვადასხვა სააღმზრდელო ღონისძიებებში მონაწილეობას დაუთმობდნენ. პანსიონის მოსწავლეები სასკოლო განათლებას საჯარო სკოლაში იღებენ, პანსიონის მომსახურება კი შემოიფარგლება მუსლიმი ბავშვებისათვის სასკოლო განათლების მიღების პროცესის ხელშეწყობასა და გაძლიერებაში. პანსიონი, სწავლის დასრულების შემდეგ, არ გასცემს რაიმე სერტიფიკატს. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებულია სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, მისი გახსნა 2014 წლის 15 სექტემბრისთვის იგეგმებოდა.
მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხეები - ჟ. რ-ე, ა. ყ-ე და ზ. რ-ე მუსლიმი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი პანსიონის ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმდინარე პერმანენტული აქციების ორგანიზატორები არიან. აქციის მონაწილეები თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებენ და საკუთარი რელიგიური მსოფლმხედველობითა და იდენტობით ხსნიან პანსიონის საქმიანობისთვის ხელის შეშლის აუცილებლობას. აქციის მონაწილეების ქცევა კარგად ორგანიზებული და შეთანხმებულია. ისინი პანსიონის შენობასთან მორიგეობენ და თითქმის სამი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად აკონტროლებენ პანსიონის შენობაში გადაადგილებას. აღნიშნული აქციის გამორჩეული ლიდერები/ორგანიზატორები არიან ჟ.კ-ე და ნ. ყ-ე, რომლებიც მედიასთან ან მესამე პირებთან კომუნიკაციაში აქციის მონაწილეებს წარმოადგენენ და მათი სახელით აკეთებენ საჯარო განცხადებებს. აქციის ორგანიზებას ისინი ახდენენ. ჯგუფის ლიდერებს ასევე წარმოადგენენ ზ. კ-ე და დ. ყ-ე, რომელთაც პანსიონის თანამშრომლებთან აქვთ უშუალო კომუნიკაცია პანსიონის შენობაში გადაადგილების პირობებთან დაკავშირებით. მოპასუხეები და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფი 2014 წლის 10 სექტემბრის მოვლენებამდეც ახორციელებდნენ პანსიონის თანამშრომლების დევნას რელიგიური ნიშნით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ადგილობრივ მცხოვრებთა 7-8 კაციანი ჯგუფი მათთან ხშირად მოდიოდა და იმუქრებოდა, რომ მუსლიმი მოსწავლეებისთვის პანსიონის გახსნას ... ქუჩაზე არ დაუშვებდნენ. გამოვლინდა პანსიონის რემონტისთვის ხელშეშლის, მათ შორის, ინვენტარის შემოტანის შეზღუდვის ფაქტები. აღნიშნული პირები მათ მოღალატეებსა და თურქებს უწოდებდნენ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, რომელთა დიდი ნაწილი აღნიშნული ქუჩის მცხოვრებნი იყვნენ და თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებდნენ, მუსლიმური პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი დემონსტრაციულად შენობის კარზე მიაჭედეს. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოქმედება ისლამში ღორზე, როგორც უწმინდურ ცხოველზე მოქმედ აკრძალვას განზრახ დაუკავშირეს. მოსარჩელეების რწმენით, აქციის მონაწილეები ფიქრობდნენ, რომ ღორის დაკვლის შემდეგ ამ ადგილს უწმინდურად ჩათვლიდნენ და მუსლიმები შენობაში შესვლას აღარ მოისურვებდნენ.
მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის ქცევა დემონსტრაციულად რელიგიურ ხასიათს ატარებდა. პანსიონის შენობის წინ მათ რკინის დიდი ჯვარი აღმართეს და რამდენჯერმე ლოცვის რიტუალიც შეასრულეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2014 წლის 10 სექტემბრიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებული ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პანსიონის შენობასთან და განგრძობითად აკონტროლებდა როგორც პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ისე უშუალოდ პანსიონის შენობაში შესვლას. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ უფრო მეტად მკაცრი და ორგანიზებული ხასიათი 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ მიიღო, როცა აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესასვლელი გზა ხის კონსტრუქციებითა და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. ამ დღეს პანსიონში უნდა დაწყებულიყო სწავლა, რის გმოც შეკრებილი მუსლიმი მოსწავლეები და ადმინისტრაცია პანსიონის გახსნის ზეიმისთვის ემზადებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებულმა ჯგუფმა მათ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე, მათ მიმართ იძულება და მუქარა განახორციელა. 15 სექტემბრის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ორგანიზებულმა ჯგუფმა, პანსიონში დარჩენის შესაძლებლობა პანსიონის 3 წარმომადგენელს მისცა, 27 სექტემბრის შემდეგ კი - მხოლოდ ერთ პირს. აქციის მონაწილეები, მათ შორის მოპასუხეები მედიასთან საუბრისას პირდაპირ ადასტურებენ პანსიონის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და პანსიონის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტებს. მოსარჩელეთა განმარტებით, მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდება პანსიონის ადმინისტრაციისთვის, მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მუსლიმ თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისთვის პანსიონის შენობაში შესვლისა და გამოსვლის კონტროლი. მათ შორის, დაფიქსირდა სასმელი წყლის გადაკეტვის, მაღაზიაში
მომსახურების მიღების ხელშეშლის ფაქტები. მოპასუხეებისა და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან გადაადგილების თავისუფლების კონტროლისა და შეზღუდვის ინტენსივობასა და მასშტაბს ადასტურებს შეზღუდვის არაერთი კონკრეტული შემთხვევა, რომელსაც მოსარჩელეები, მოწმეები და უშუალოდ მოპასუხეებიც ადასტურებენ. ყველა შემთხვევაში მოსარჩელეები და მოწმეები უთითებენ, რომ პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა გამოვლენილი ინციდენტების დროს, თუმცა უმოქმედობას ავლენდა და სიტუაციაში არ ერეოდა. აქციის მიმდინარეობისას მოპასუხეები და აქციის მონაწილეები გამოხატავენ ისლამოფობიურ და თურქოფობიურ დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ. აქციის მონაწილეების საჯარო განცხადებებში ჩანს აჭარელი მუსლიმების თურქებთან გაიგივება და ისლამოფობიასთან ერთად თურქოფობიის გამოვლინება. აღნიშნულ შეფასებას ადასტურებს აქციის მონაწილეების საჯარო განცხადებები და ახსნა-განმარტებები.
მოსარჩელეთა მითითებით, 2014 წლის 10 სექტემბრის აქციის შემდეგ, მოპასუხეთა და მათ მიერ ორგანიზებული პირების მხრიდან განგრძობითად ხდება მუსლიმთა დისკრედიტაცია მათ რელიგიურ კუთვნილებაზე მითითებით. 10 სექტემბერს, პანსიონის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სადარბაზოსთან ღორის რიტუალური დაკვლა და ჭიშკარზე ცხოველის თავის დაკიდება მოჰყვა, შემთხვევის ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია, თუმცა, არ აღუკვეთავთ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედება. 10-15 სექტემბრის პერიოდში პოლიცია შემთხვევის ადგილზე პერიოდულად პატრულირებდა, 15 სექტემბრის მოვლენების შემდეგ კი პოლიციის ჯგუფი პერმანენტულად პანსიონის ახლოს მორიგეობდა და აკონტროლებდა სიტუაციას. ადგილზე პატრულირების მიუხედავად, პოლიცია არ რეაგირებდა გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების უფლებით სარგებლობის, მუქარის, იძულების ფაქტებზე. ისინი სიტყვიერ გაფრთხილებასაც კი არ აძლევდნენ სამართალდამრღვევებს. ამასთან, მუსლიმი თემის აღქმით, პოლიცია პირად ურთიერთობებში ლოიალობას ავლენდა ადგილობრივი მოსახლეობის (აქციის მონაწილეთა) მიმართ. არაეფექტურ პრევენციასთან ერთად პოლიცია არ უზრუნველყოფდა ეფექტური გამოძიების ჩატარებასაც. 2014 წლის 11 სექტემბერს პოლიციის მიერ დაკავებული სამი პირის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებაში (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის დადგენილება) საერთოდ არ ჩანს რაიმე კავშირი დაკავებული პირების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასა და პანსიონის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს შორის. შსს-ს თანამშრომლების უმოქმედობის ფაქტზე რეაგირებისა და რელევანტური საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, 2014 წლის 20 ოქტომბერს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, როგორც მოსარჩელეების წარმომადგენლმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა, სამინისტროსგან პასუხი ორგანიზაციას ამ დრომდე არ მიუღია.
მოსარჩელეთა განმარტებით, მოსწავლეები, რომლებიც ახალ პანსიონში უნდა ჩარიცხულიყვნენ, ამ დროისთვის ... ქუჩა №33-ში (ქობულეთი) მდებარე პანსიონში ცხოვრებენ. აღნიშნული შენობა 10 მოსწავლისთვის არის განკუთვნილი, ამ დროისთვის კი პანსიონში 30-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რის გამოც შენობაში მწვავედ დგას გადატვირთულობის პრობლემა. მოსწავლეებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე უწევთ ძილი. არსებული პირობები ართულებს განათლების მიღების პროცესს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ის და თ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ჟ. რ-ეს, ა. ყ-ეს და ზ. რ-ეს დაევალათ ქ. ქობულეთში, ... ქუჩის #13-ში მდებარე მოსარჩელე ა(ა)იპ ... მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, კერძოდ, ჟ. რ-ეს, ა. ყ-ეს და ზ. რ-ეს დაევალათ შეწყვიტონ პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რაც მათ შორის გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში; მოპასუხეებს ჟ. რ-ეს, ა. ყ-ეს და ზ. რ-ეს დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. რ-ემ, ა. ყ-ემ და ზ. რ-ემ, რომელთაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ..., კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-მა, რომელთაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ამ ნაწილში საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ის, თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №33-ში დღემდე ფუნქციონირებს ა(ა)იპ „...“ მიერ დაფუძნებული პანსიონი, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მუსლიმი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას. პანსიონში ბავშვები ცხოვრობენ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესიდან თავისუფალ დროს და სწავლობენ რელიგიის საფუძვლებს.
კ. კ-ე, ბ. ი-ე და თ. ხ-ი არიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ბ. ი-ე არის ქ.ქობულეთში, ... ქ №33-ში მდებარე პანსიონის მასწავლებელი, კ. კ-ე წლების განმავლობაში სწავლობდა აღნიშნულ პანსიონში და ამჟამად დასაქმებულია აქვე, ხოლო თ. ხ-ი არის მუსლიმი თემის წარმომადგენელი და სურვილი აქვს მისი არასრულწლოვანი სწავლობდეს ამ პანსიონში.
ა(ა)იპ „...“ გეგმავდა ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში შპს „M...“ კუთვნილ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებული იყო სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, ა(ა)იპ „...“ მიერ ახალი პანსიონის გახსნა იგეგმებოდა 2014 წლის 15 სექტემბრისათვის. ამ მიზნით ა(ა)იპ „...“ მიერ დაიწყო ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მისი სათანადო ინვენტარით აღჭურვა.
ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში პანსიონის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდნენ აღნიშნული შენობის მეზობლად მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში შენობის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო.
2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებდნენ, პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი დემონსტრაციულად პანსიონის შენობის კარზე მიაჭედეს. შენობის წინ კი რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. ... ქუჩის მცხოვრებნი ახორციელებდნენ 24-საათიან მორიგეობას პანსიონის შენობასთან და აკონტროლებდნენ ა(ა)იპ „...“ წევრების და სხვა მუსლიმი მოქალაქეების მიერ პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ასევე უზღუდავდნენ მათ პანსიონის შენობაში შესვლას.
2014 წლის 15 სექტემბერს კი, როცა პანსიონი ოფიციალურად უნდა გახსნილიყო, აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესავლელი გზა ხის კონსტრუქციებით და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ მოპასუხე ფიზიკური პირები, არ აძლევდნენ შენობის დატოვების უფლებას, ხოლო მუსლიმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცხადდნენ სწავლის დასაწყებად, შენობის გვერდით მცხოვრებმა მეზობლებმა, მათ შორის ჟ. რ-ემ, ა. ყ-ემ და ზ. რ-ემ არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება.
2014 წლის სექტემბრის თვეში ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის წინ მიმდინარე აქციების დროს მოპასუხეები აკეთებდნენ ისლამოფობიურ განცხადებებს, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პანსიონის გახსნას. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ მოპასუხეების და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდებოდა ა(ა)იპ „...“ წევრების, პანსიონის მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მუსლიმ თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისათვის ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში შესვლისა და გამოსვლის კონტროლი, მათ შორის დაფიქსირდა სასმელი წყლის გადაკეტვის, ასევე მაღაზიის მომსახურების მიღების ხელშეშლის ფაქტები. სასამართლოს მითითებით, როგორც მოწმეების დ. ც-ის და რ. გ-ის ჩვენებებით დგინდება, ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილი პირებისათვის საკვებით უზრუნველყოფაში ხელშეშლას, პანსიონში თავისუფლად გადაადგილების ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებს.
2014 წლის 10 სექტემბერს დაბა ჩაქვში მცხოვრებმა, შპს „M...“ წარმომადგენელმა მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სამმართველოს აქციის მონაწილეების მხრიდან ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურებისათვის განხორციელებული მუქარის შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება.
ქობულეთის გამგებლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აქციის მონაწილეებს, მათ შორის მოპასუხე ფიზიკურ პირებს და ა(ა)იპ „...“ წევრებს შორის, მორიგების მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქობულეთის გამგებელი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისულების წარმომადგენლები. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა(ა)იპ „...“ თავმჯდომარემ, რ. კ-ემაც, რომელმაც განმარტა, რომ საკითხის მოგვარების მიზნით იგი არაერთხელ შეხვდა, როგორც ადგილობრივი მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ... ქუჩის მცხოვრებნი კვლავ ეწინააღმდეგებოდნენ პანსიონის გახსნას, რის გამოც ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობასთან, 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, მობილიზებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგეობდნენ 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ და 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტის დროს, როცა ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობაზე ღორის თავი მიაჭედეს, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.
2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ კი პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა აღნიშნული ტერიტორია, მოსახლეობას შორის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის თანამშრომლებისათვის დასახმარებლად ამ პერიოდში არავის მიუმართავს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების განმარტებებით ირკვევა, რომ ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2014 წლის 15 სექტემბრიდან - თვის ბოლომდე, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პოლიციის მინიმუმ ორი თანამშრომელი. როგორც აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც გამოიხატებოდა წესრიგის დარღვევაში და რომლისთვისაც საჭირო გახდებოდა პოლიციის რეაგირება.
მოწმეების - დ. ც-ის და რ. გ-ის, ასევე მოსარჩელეების - კ. კ-ის და ბ. ი-ის ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილთა საკვებით უზრუნველყოფის ხელშეშლას, ასევე მათ შეურაცხყოფას, თუმცა მათ დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტები (მოსარჩელეები) მიუთითებდნენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში გამოიხატა, რაც რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ქცევის შეწყნარებასა და დაშვებას განაპირობებს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და აკრძლულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთშორისო სამართლის ნორმებით. სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს), ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრონ არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულებება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევეციაში.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის (მიღებულია 16.12.1966 წ) მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავს დიკრიმინაციას. პაქტის 2.1 მუხლით, მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 2.3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა. პაქტის 26-ე მუხლით, თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმანციისაგან.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა ანალიზისას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქმეზე Broeks v the Netherlands (no.172/1984) დაადგინა, რომ მაშინ, როდესაც „სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებების ფარგლებში აგებენ კანონმდებლობას, პაქტის 26-ე მუხლი მოითხოვს, რომ კანონმდებლობით გათვალისწიენბული ნებისმიერი უფლება თუ შეღავათი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დისკრიმინაციის გარეშე“.
ამავე დროს, ადამინის უფლებათა გაეროს კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში განაცხადა, რომ 26-ე მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აკრძალონ და იმოქმედონ დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სახელმწიფოში არსებულ კანონმდებლობაზე, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ორგანოების სწორ პრაქტიკაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის, მიუხედავად მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა სტატუსისა, თანასწორი ხელმისაწვდომობა სამართლებრივ გარანტიებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას. მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მოცემული ადამიანის ძირითადი უფლებები, თავიანთი შინაარსის გათვალისწინებით იცავს „ყველა ადამიანს“ და „ყველა მოქალაქეს“, რაც ერთი შეხედვით მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნორმათა მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა უფლება-თავისუფლებებზე, თუმცა კონსტიტუიის 45-ე მუხლი ადგენს, რომ „კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იურიდიულ პირებს, მსგავსად ფიზიკური პირებისა, კონსტიტუციურად აქვთ გარანტირებული თანასწორობის ძირითადი უფლება და შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ დისკრიმინაციისაგან დაცვის სამართლებრივი მეთოდები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის პირველი ნაწილით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. 3632 მუხლის მე-3 ნაწილით, პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 3633 მუხლით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მუსლიმი თემის უფლებებისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდეფერენტულობითა და ზედაპირული დამოკიდებულებით განხორციელდა მათი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით. პანსიონში არსებული განგრძობადი დისკრიმინაციის შედეგად ხელი შეეშალათ კონსტიტუციური უფლებების განხორციელებაში. მუსლიმი მოსახლეობის მიმართ მუქარისა და დევნის ფაქტებზე არ მომხდარა სამინისტროს მხრიდან დროული რეაგირება, მოპასუხე ვერ ასაბუთებს რამდენად სწორად იყო გამოყენებული მის ხელთ არსებული მექანიზმები მუსლიმი მოსახლეობის უფლებების დასაცავად. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენს - მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; დაუყოვნებლივ აღკვეთოს მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები და დაეკისროს სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო დისკრიმინაციული მოტივით. ამდენად, ადგილი არ ჰქონია მოსარჩელთა დიკრიმინაციას რელიგიური ნიშნით, გამოწვეულს საქართველოს სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების - საქართველოს შინაგა საქმეთა სამინისტროს მხრიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სარჩელში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გატარდა რიგი ღონისძიებები, კერძოდ, 2014 წლის 10 სექტემბერს შსს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში შესული განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო ... ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების მხრიდან განხორციელებული ... ქუჩის №13-ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურების მუქარის ფაქტზე, დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე და ამჟამადაც მიმდინარეობს გამოძიება.
მხოლოდ ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება ჩაითვალოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტად, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გამოძიების გაჭიანურება მოხდა განზრახ და იგი გამოწვეულია რომელიმე მხარის რელიგიური კუთვნილების გამო. ასევე, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულედ მიიჩნია, რომ მითითებულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წერილობით მიმართა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა. გენერალურმა ინსპექციამ აღნიშნული საკითხი შეისწავლა და წერილობითი მიმართვები შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, აღნიშნული ეცნობა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს.
გარდა აღნიშნულისა, თავად სარჩელშიც არის მითითებული იმის თაობაზე, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევების ფაქტები და სამი პირის მიმართ სასამართლომ მიიღო დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ქობულეთის გამგებლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აქციის მონაწილეებს ანუ ქ. ქობულეთში ... ქუჩის მცხოვრებლებს, მათ შორის მოპასუხე ფიზიკურ პირებს და ა(ა)იპ „...“ წევრებს შორის მორიგების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ქობულეთის გამგებელი, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ასევე მხარეებს შორის მიმდინარე კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. როგორც ქობულეთის გამგებელმა ს. ე-ემ განმარტა, პოლიციის ორგანოებს მან მიმართა რომ განეხორციელებინათ პრევენციული ღონისძიებები, რათა არ მომხდარიყო კონფლიქტში მყოფ მხარეებს შორის რაიმე დაპირისპირება.
პალატის მითითებით, დადგენილია, რომ ქ. ქობულეთში, ... ქუჩის №13-ში მდებარე შენობასთან 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ მობილიზებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და მუდმივად კონტროლდებოდა ტერიტორია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარედ მორიგეობდნენ 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ და 2014 წლის 10 სექტემბრის ინციდენტის დროს, როცა ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობაზე ღორის თავი მიაჭედეს – პოლიციის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებდნენ, ისინი გამოიძახეს აღნიშნული ინციდენტის შემდეგ. შესაბამისად, აპელანტების მტკიცება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იჩენდა პასიურ დამოკიდებულებას მოსარჩელთა უფლებების დარღვევის მიმართ მათი რელიგიური იდენტობის გამო – უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაცევს თვით აპელანტების განმარტებას, რომ პოლიციას დაწესებული ჰქონდა 24-საათიანი მორიგეობა შემთხვევის ადგილზე, რაც კოლეგიის აზრით, ადასტურებს სამართალდამცავთა მზადყოფნას – არ დაეშვათ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევა და საჭიროების შემთხვევაში, მყისიერად აღეკვეთათ ამ მიმართებით მართლწესრიგის დარღვევის მცდელობის ფაქტები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. საქართველოს პოლიცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3). იმავე კანონის 5.4 მუხლით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. მაშასადამე, პოლიციის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს თითოეული მათგანის ცნებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოება – ეს არის პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა, ხოლო მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემაა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის მიხედვით, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხე ორგანომ იმ ვითარებაში, როცა არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს (პირთა კანონით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს) – საფრთხის თავიდან ასაცილებლად განახორციელა ადეკვატური საპოლიციო ღონისძიებები, პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების, მათ შორის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპის დაცვით.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები. სასამართლომ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტება იმის თაობაზე, რომ სწორედ ასეთი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით იქნა დაწესებული მუდმივი მორიგეობა და 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორია, რათა არ მომხდარიყო რაიმე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება. ასევე საქმის განხილვისას დადგენილ იქნა, რომ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მორიგეობდნენ 2014 წლის 15 სექტემბრიდან ქობულეთში ... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათი მორიგეობის განმავლობაში არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც გამოიხატებოდა წესრიგი დარღვევაში და რომლისთვისაც საჭირო გახდებოდა მათი ჩარევა, ასევე მათთვის დახმარებისათვის არავის მიუმართავს.
ამდენად, პალატამ განმარტა, რომ ყველა ის მოქმედება, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან (მათ შორის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და სხვა) და ის გარემოება, რომ დღეისათვის ამგვარი ფაქტები აღკვეთილია, მიუხედავად დაპირისპირებისა, მიუთითებს, რომ პოლიციის მხრიდან ყველა საჭირო ზომა იქნა მიღებული ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის განსახორციელებლად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ასევე იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, შს სამინისტრო მოქმედებდა გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინტერესების დაცვით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებით, ხელისუფლების როლი მდგომარეობს არა დაძაბულობის მიზეზის აღმოფხვრაში პლურალიზმის გამორიცხვის გზით, არამედ იმის უზრუნველყოფაში, რომ დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დამკვიდრდეს შემწყნარებლური განწყობა. სახელმწიფოს ეს ფუნქცია ხელს უწყობს ტოლერანტობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებას - რელიგიური მშვიდობისა და შემწყნარებლობის დამკვიდრებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვებთან ერთად საქვეყნოდ ან განკერძოებით გააცხადოს თავისი რელიგია და რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვით და რიტუალებს აღსრულებით. ამაზე მიუთითებს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი.
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება ნიშნავს, რომ პირი არ შეიძლება დაექვემდებაროს მოპყრობას, რომლის მიზანია აზროვნების წესის შეცვლა. იგი ნიშნავს, რომ პირს აქვს უფლება, არა მხოლოდ გამოავლინოს თავისი რელიგია და მრწამსი, არამედ ასევე თავი შეიკავოს მისი გამოვლენისაგან. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება მოიცავს თავისუფლებას, პირს ჰქონდეს ან არ ჰქონდეს რელიგიური მრწამსი და იყოს ან არ იყოს რელიგიის მიმდევარი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული უფლება, რომლის სარგებლობაშიც მოსარჩელეებს ხელი შეეშალათ მოპასუხე სახელმწიფო ორგანოს ქმედებას არ უკავშირდება - ადგილი არ ჰქონია ხსენებული ორგანოს მიერ, მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ასეთი შეუსრულებლობით მოსარჩელეთა უფლების (გამოევლინათ საკუთარი რელიგია და მრწასი - სწავლებით, რაც, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე კავშირშია საკუთრების უფლებასთან, განათლების მიღების უფლებისა და მშობელთა უფლებასთან - ბავშვებმა მიიღონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება) დარღვევას.
სააპელაციო სასამართლო მოიშველიებს ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საქმეზე Nachova and other v. Bulgaria (განცხადებები №43577/98 და 43579/98), სადაც ძირითადად განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლო მეტად მაღალი ხარისხით ითხოვს განმცხადებლებისაგან დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს „გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. სასამართლოს მტკიცებით, აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი.
პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, გამოევლინათ მოსახლეობის ერთი ნაწილის რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტი და დაეცვათ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი (მოსარჩელე) მხარის პოზიცია და
დაეთანხმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლების (რაც ასევე მოქმედებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში) დებულებებიდან გამომდინარე ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ ადგილი ჰქონდა „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის“ მე-2 მუხლით სახელმწიფოსთვის დაკისრებული ნეგატიური ვალდებულების დარღვევას დისკრიმინაციულ ნიადაგზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ..., კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-მა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორთა მითითებით, მოცემული დავა შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიური ვალდებულებების განუხორციელებლობას დისკრიმინაციული მოტივით, რომელიც არსებითად განპირობებული იყო მოსარჩელეთა რელიგიური იდენტობით.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არასათანადოდ აქვს შეფასებული ან თითქმის არ ფარავს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიური ვალდებულებების და განვითარებული მოვლენების კონტექსტში მისი რეაგირების ადეკვატურობას, განსაკუთრებით კი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად გასატარაბელი პოზიტიური ვალდებულებების კონტექსტში. ასევე, კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს მიერ თითქმის არ არის შეფასებული და შესაბამისად, დასაბუთებული შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი მოპასუხე ფიზიკური პირების მიერ განგრძობადი დისკრიმინაციული მოპყრობისგან დაცვის კუთხით.
კასატორების განმარტებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ როგორ გამოირიცხა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა მოქალაქეთა უფლებების დაცვის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს თავიდანვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში განვითარებული მოვლებენის საფრთხე და სწორედ ამის გამო იქნა მიღებული გადაწყვეტილება 2014 წლის 15 სექტემბრიდან პოლიციის მუდმივი მორიგეობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო საერთოდ არ აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიტიურ ვალდებულებას მოახდინოს აღნიშნული შემთხვევის მსგავსი საფრთხეების პირობებში სამართალდარღვევების პრეზუმცია, განტვირთვა, პირთა უფლებების პროაქტიული დაცვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად პასიური დაკვირვების ინსტრუმენტად აქცევს, რომელიც მხოლოდ რეაქციულ საქმიანობას ახორციელებს უშუალოდ დაზარალებული პირების მოთხოვნის საფუძველზე, სხვა მხრივ კი მთლიანად გამოთიშულია პროცესიდან იმის მიუხედავად, მისთვის აღქმადია თუ არა სამართალდამრღვევის ქმედება.
კასატორთა მითითებით, კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხორციელდებოდა განგრძობადი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით, რაც ხდებოდა პანსიონის შესასვლელთან, იმ პერიოდში, როდესაც პოლიციის თანამშრომლები 5-10 მეტრის დაშორებით მორიგეობდნენ 24 საათის განმავლობაში, შესაბამისად, მათთვის აღქმადი იყო ეს ყველა მოვლენა, რის გამოც კასატორებს დაუსაბუთებლად მიაჩნიათ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის გამორიცხვა.
ამასთან, გამოძიების ეფექტურად ჩატარებასთან დაკავშირებით კასატორები აღნიშნავენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ სამი პირის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილება გამოტანილ იქნა სრულიად სხვა ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელსაც შემხებლობა არ ჰქონია მუსლიმების მიერ უფლებების სარგებლობასთან უშუალო ხელშეშლაში.
კასატორთა მითითებით, მოცემულ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური რეაგირება საერთოდ არ განხორციელებულა. კასატორთა მოსაზრებით, პოლიციის მხრიდან ხორციელდებოდა არაეფექტური მონიტორინგი.
კასატორთა მითითებით, მართალია, პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ 24-საათიან მორიგეობას, მაგრამ მათ მიერ არ განხორციელებულა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-11, მე-16, მე-17 და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში უარყოფენ 24-საათიანი მორიგეობის დროს პანსიონის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტს. მსგავსი სახის უარყოფა კი მიუთითებს პოლიციის არაეფექტურობაზე, მიმდინარე პროცესების მიმართ ინდიფერენტულობასა და ადგილობრივი დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე.
ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციით დაცულ სფეროში ექცევა მხოლოდ მშვიდობიანი შეკრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კასატორები ასევე არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას.
ამასთან, კასატორები მიუთითებენ, რომ მოსარჩელე მხარე დღემდე ვერ ახერხებს პანსიონის შენობის გახსნასა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეებმა წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირების - ჟ. რ-ის, ა. ყ-ის და ზ. რ-ისთვის ქ.ქობულეთში, ... ქუჩა #13-ში მდებარე ა(ა)იპ ... მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრის დავალდებულება (კერძოდ, მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის საქმიანობის აღდგენა და ფუნქციონირება. ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: 1. პანსიონის შენობის წინ აღმართული ბარიერის მოხსნა, მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; 2. დაუყოვნებლივ აღკვეთოს მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ, პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები), ასევე მოპასუხე ჟ. რ-ის, ა. ყ-ისა და ზ. რ-ისთვის პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის (რაც გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში) შეწყვეტის დავალდებულება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფიზიკური პირების - ჟ. რ-ის, ა. ყ-ისა და ზ. რ-ისთვის სოლიდარულად მოსარჩელეთა სასარგებლოდ ერთი ლარის ოდენობით მორალური ზიანის დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ის და თ. ხ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ჟ. რ-ეს, ა. ყ-ეს და ზ. რ-ეს დაევალათ ქ. ქობულეთში, ... ქუჩის #13-ში მდებარე მოსარჩელე ა(ა)იპ ... მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ქონების თავისუფალი სარგებლობის, მათ შორის, აღნიშნულ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით განგრძობადი დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა, კერძოდ, ჟ. რ-ეს, ა. ყ-ეს და ზ. რ-ეს დაევალათ შეწყვიტონ პანსიონის გახსნისა და ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რაც მათ შორის გამოიხატება მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირების მიმართ საკუთრების უფლებით სარგებლობისა და პანსიონში შესვლისა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლების ხელშეშლის შეწყვეტაში; მოპასუხეებს ჟ. რ-ეს, ა. ყ-ეს და ზ. რ-ეს დაეკისრათ მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ჟ. რ-ემ, ა. ყ-ემ და ზ. რ-ემ, ასევე ა(ა)იპ ..., კ. კ-ემ, ბ. ი-ემ და თ. ხ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და ამ ნაწილში საქმე განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ის, თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ქმედების დავალდებულებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ნაწილში არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და აღნიშნულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია და არ ეწინააღმდეგება, როგორც ეროვნულ კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას, ასევე ევროსასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ნაწილში ეფუძნება დისკრიმინაციის მოტივით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას კუმულაციურად უნდა შეფასდეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების განუხორციელებლობა, ასევე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციის მოტივით. განსახილველ შემთხვევაში დისკრიმინაციის ფაქტის დაუდასტურებლობის პირობებში, მხოლოდ პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა არ ქმნის მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „...“ გეგმავდა ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში შპს „M...“ კუთვნილ შენობაში მუსლიმი მოსწავლეებისათვის პანსიონის გახსნას. პანსიონის ფუნქციონირება დაკავშირებული იყო სასკოლო პერიოდთან, შესაბამისად, ა(ა)იპ „...“ მიერ ახალი პანსიონის გახსნა იგეგმებოდა 2014 წლის 15 სექტემბრისათვის. ამ მიზნით ა(ა)იპ „...“ მიერ დაიწყო ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მისი სათანადო ინვენტარით აღჭურვა.
ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში პანსიონის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდნენ აღნიშნული შენობის მეზობლად მცხოვრები მოქალაქეები, რომლებმაც 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში შენობის წინ მოაწყვეს საპროტესტო აქცია, რამაც პერმანენტული ხასიათი მიიღო.
2014 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებდნენ, პანსიონის ფუნქციონირების ხელშეშლის მიზნით, პანსიონის შესასვლელთან ღორი დაკლეს და ცხოველის თავი დემონსტრაციულად პანსიონის შენობის კარზე მიაჭედეს. შენობის წინ კი რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. ... ქუჩის მცხოვრებნი ახორციელებდნენ 24-საათიან მორიგეობას პანსიონის შენობასთან და აკონტროლებდნენ ა(ა)იპ „...“ წევრების და სხვა მუსლიმი მოქალაქეების მიერ პანსიონის შენობის ტერიტორიაზე გადაადგილებას, ასევე უზღუდავდნენ მათ პანსიონის შენობაში შესვლას.
2014 წლის 15 სექტემბერს კი, როცა პანსიონი ოფიციალურად უნდა გახსნილიყო, აქციის მონაწილეებმა პანსიონის ეზოში შესავლელი გზა ხის კონსტრუქციებით და მანქანის საბურავებით ჩახერგეს და ადგილზე მუდმივი მორიგეობა დააწესეს. 2014 წლის 15 და 16 სექტემბერს მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებოდნენ შენობაში და მათ აქციის მონაწილეები, რომელთა შორის იყვნენ მოპასუხე ფიზიკური პირები, არ აძლევდნენ შენობის დატოვების უფლებას, ხოლო მუსლიმ მოსწავლეებს, რომლების გამოცხადდნენ სწავლის დასაწყებად, შენობის გვერდით მცხოვრებმა მეზობლებმა, მათ შორის ჟ. რ-ემ, ა. ყ-ემ და ზ. რ-ემ არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება.
2014 წლის სექტემბრის თვეში ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის წინ მიმდინარე აქციების დროს მოპასუხეები აკეთებდნენ ისლამოფობიურ განცხადებებს, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პანსიონის გახსნას. 2014 წლის 10 სექტემბრის შემდეგ მოპასუხეების და მათ მიერ ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განგრძობითად ხორციელდებოდა ა(ა)იპ „...“ წევრების, პანსიონის მოსწავლეებისა და პანსიონთან ან მუსლიმ თემთან კავშირში მყოფი სხვა პირებისათვის ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობაში შესვლისა და გამოსვლის კონტროლი, მათ შორის დაფიქსირდა სასმელი წყლის გადაკეტვის, ასევე მაღაზიის მომსახურების მიღების ხელშეშლის ფაქტები. როგორც მოწმეების - დ. ც-ის და რ. გ-ის ჩვენებებით დგინდება, ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილი პირებისათვის საკვებით უზრუნველყოფაში ხელშეშლას, პანსიონში თავისუფლად გადაადგილების ხელშეშლისა და შეურაცხყოფის ფაქტებს.
2014 წლის 10 სექტემბერს დაბა ჩაქვში მცხოვრებმა, შპს „…“ წარმომადგენელმა მ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სამმართველოს აქციის მონაწილეების მხრიდან ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის გადაწვისა და განადგურებისათვის განხორციელებული მუქარის შესახებ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე მუქარის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქობულეთის გამგებლის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ აქციის მონაწილეებს, მათ შორის მოპასუხე ფიზიკურ პირებს და ა(ა)იპ „...“ წევრებს შორის მორიგების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ქობულეთის გამგებელი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის აღმოფხვრის მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ა(ა)იპ „...“ თავმჯდომარემ - რ. კ-ემაც, რომელმაც განმარტა, რომ საკითხის მოგვარების მიზნით იგი არაერთხელ შეხვდა როგორც ადგილობრივი მთავრობის, ისე ცენტრალური ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ... ქუჩის მცხოვრებნი კვლავ ეწინააღმდეგებოდნენ პანსიონის გახსნას, რის გამოც ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობასთან, 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ, მობილიზებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით დაიწყეს პრევენციული ზომების გატარება. 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა აღნიშნული ტერიტორია, მოსახლეობას შორის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის თანამშრომლებისათვის დასახმარებლად ამ პერიოდში არავის მიუმართავს.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლების განმარტებებით ირკვევა, რომ ქ.ქობულეთში, ... ქუჩა №13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2014 წლის 15 სექტემბრიდან - თვის ბოლომდე, 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა პოლიციის მინიმუმ ორი თანამშრომელი. როგორც აღნიშნული მოწმეების ჩვენებებით დგინდება, ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აღნიშნულ ტერიტორიაზე არ შეუნიშნავთ რაიმე ინციდენტი, რომელიც გამოიხატებოდა წესრიგის დარღვევაში და რომლისთვისაც საჭირო გახდებოდა პოლიციის რეაგირება.
მოწმეების - დ. ც-ის და რ. გ-ის, ასევე მოსარჩელეების - კ. კ-ის და ბ. ი-ის ჩვენებებით დადგინდა, რომ რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა პანსიონში დარჩენილთა საკვებით უზრუნველყოფის ხელშეშლას, ასევე მათ შეურაცხყოფას, თუმცა მათ დასახმარებლად პოლიციისთვის არ მიუმართავთ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა. საქართველოს პოლიცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3). შესაბამისად, პოლიციის დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს თითოეული მათგანის ცნებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოება – ეს არის პირთა უფლებების, სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობილების, საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების ურღვევობა, ხოლო მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემაა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები. ამავე კანონის 5.4 მუხლით, პოლიციის პრევენციული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმების – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული რეალაქტის − გამოყენებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით იქნა დაწესებული მუდმივი მორიგეობა და 2014 წლის 15 სექტემბრის შემდეგ პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა ქ.ქობულეთში, ... ქუჩა #13-ში მდებარე შენობის მიმდებარე ტერიტორია, რათა არ მომხდარიყო რაიმე ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსარჩელეთა უფლებების დაცვას ახორციელებდა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის პარალელურად. საქართველოს კონსტიტუციისა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ასევე იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უნდა დაეცვა ბალანსი ორი დაპირისპირებული უფლების გათვალისწინებით, გამოხატვის თავისუფლებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ინტერესების დაცვით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით განსაზღვრულია პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, კერძოდ, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს. ამასთნ, მე-12 მუხლი ეხება თანაზომიერების პრინციპს, რომლის თანახმად, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. მე-13 მუხლი კი ეხება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს, რომლის თამახმად, 1. პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში; 2. პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება; 3. პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად; 4. საფრთხის აღკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიების არსებობისას საკმარისია ერთ-ერთის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიცია პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას მოქმედებდა რა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად განახორციელა საპოლიციო ღონისძიებები, ახორციელებდა 24-საათიან მორიგეობას და პოლიციის მხრიდან მუდმივად კონტროლდებოდა ტერიტორია, რათა მხარეებს შორის არ მომხდარიყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციის 24-საათიან მორიგეობას კი არ დაუშვია დაპირისპირება მოდავე მხარეებს შორის. სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ერთჯერადი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციის მხრიდან პრეცენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, უფრო მძიმე შედეგი არ დადგა და პოლიციის მობილიზაციის შედეგად მხარეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ევროპული კონვენციის შესაბამისად სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს კონკრეტულ გარემოებებში გონივრული ზომები და დაიცვას ქვედა ზღვარი, ექსტრემალურ შემთხვევებში სახელმწიფო შესაძლოა ვალდებული იყოს ამოავსოს ის სამართლებრივი ვაკუუმი, საიდანაც დისკრიმინაცია მომდინარეობს.
ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები ისეთი სახით არ უნდა იქნეს განმარტებული, რომ შესაბამის ორგანოებს შეუძლებელი ან არათანაზომიერი ვალდებულების ტვირთს აკისრებდეს (იხ. საქმე პანტეა რუმინეთის წინააღმდეგ, №33343/96, §189, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2003-VI (ამონარიდები)).
ევროსასამართლოს ხშირად გაუმახვილებია ყურადღება სახელმწიფოს, როგორც ნეიტრალური და მიუკერძოებელი ორგანიზატორის, როლზე სხვადასხვა რელიგიის, აღმსარებლობისა და რწმენის რეალიზებაში და განუცხადებია, რომ ეს როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელს უწყობს საზოგადოებრივ წესრიგს, რელიგიურ ჰარმონიასა და შემწყნარებლობას (იხილეთ საქმე – ს.ა.ს. საფრანგეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №43835/11, §127, 2014 წლის 1 ივლისი, მათში მოყვანილი დამატებითი მინიშნებებით და საქმე – სინდიკატულ „პესტორულ ჩელ ბუნ“ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №2330/09, §165, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2013 (ამონარიდები)). ევროსასამართლო ასევე თვლის, რომ სახელმწიფოს ვალდებულება, იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, შეუთავსებელია სახელმწიფოს უფლებამოსილებასთან, რათა შეაფასოს რელიგიური რწმენებისა ან მათი გამოხატვის ფორმების კანონიერება (იხილეთ საქმეები – მანუსაკისი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ, 1996 წლის 26 სექტემბერი, §47, ანგარიშები 1996-IV; ჰასანი და ჩაუში ბულგარეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №30985/96, §78, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2000-XI; რეფა პარტისი (კეთილდღეობის პარტია) და სხვები თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №№ 41340/98, 41342/98, 41343/98 და 41344/98, §91, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2003-II; და ფერნანდეს მარტინესი ესპანეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №56030/07, §129, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2014 (ამონარიდები)) და რომ ეს ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ურთიერთშემწყნარებლობის უზრუნველყოფას (იხილეთ საქმე – თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 30 იანვარი, §57, ანგარიშები 1998-I და საქმე – ლეილა შაჰინი თურქეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], №44774/98, §107, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია 2005-XI). შესაბამისად, ხელისუფლების ორგანოების როლი ასეთ გარემოებებში არის არა დაძაბულობის მიზეზის მოსპობა პლურალიზმის აღმოფხვრის მეშვეობით, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მოქიშპე ჯგუფები ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლურად იყვნენ განწყობილნი; ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფოს ამ როლმა შეასუსტოს აღმსარებლობის ან ეკლესიის როლი, რასთანაც ისტორიულად და კულტურულად არის დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობა (იხილეთ საქმე იეჰოვას მოწმეთა გლდანის მრევლის წევრები და სხვები, №71156/01, §132, 2007 წლის 3 მაისი, მასში მითითებული დამატებითი მინიშნებებით).
რაც შეეხება კასატორთა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალება არ ამართლებდა მიზანს და პოლიციის 24-საათიანი მორიგეობის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს პანსიონით სარგებლობა, მიუთითებს პოლიციის მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში გამოყენებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოობაზე და არ ადასტურებს პოლიციის დისკრიმინაციულ მიდგომას კასატორთა მიმართ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სწორედ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას აქვს მოცემული დავისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის დადგენა უკავშირდება მორალური ზიანის დაკისრებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამასთან, ამავე კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდებები და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი; ხოლო 48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორები მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებენ პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციის მოტივით პოზიტიური ვალდებულების განუხორციელებლობაზე. კასატორები (მოსარჩელეები) აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში გამოიხატა, რაც რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ქცევის შეწყნარებასა და დაშვებას განაპირობებს. კასატორები მიიჩნევენ, რომ მუსლიმი თემის უფლებებისადმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდეფერენტულობითა და ზედაპირული დამოკიდებულებით განხორციელდა მათი დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის 38.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქენი თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
დისკრიმინაციულ ფორმათა აღმოფხვრის, პრევენციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ შესაბამისი დებულებები უფრო დეტალურადაა რეგლამენტირებული „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში.
დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე ასევე მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებაშია მოხსენიებული, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. მითითებული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და აკრძლულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთშორისო სამართლის ნორმებით. სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს), ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრონ არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევენციაში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რომლის ნაწილსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, გამოევლინათ მოსახლეობის ერთი ნაწილის რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტი და დაეცვათ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის სრული თავისუფლება. ამასთან, კასატორები მიუთითებენ, რომ პოლიციის მხრიდან ყოველივე აღნიშნულს დისკრიმინაციის მოტივი ედო საფუძვლად.
დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებაზე და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631 მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში საქმეზე Nachova and other v. Bulgaria (განცხადებები №43577/98 და 43579/98), ძირითადად განხილული იყო მტკიცების ტვირთისა და შესაბამისი ხარისხის ასპექტები დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებით. ევროპული სასამართლო მეტად მაღალი ხარისხით ითხოვს განმცხადებლებისაგან დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ადგენს ყველაზე მაღალ სტანდარტს „გონივრული ეჭვის ზღვარს მიღმა“. სასამართლოს მტკიცებით აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ განხილულ იქნეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში კასატორები ვერ ადასტურებენ, რომ რელიგიურმა სიძულვილმა განაპირობა პოლიციის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა ფიზიკური პირების წინააღმდეგობის გამო. კასატორთა მიერ დასახელებული გარემოებები კი მიუთითებს პოლიციის ქმედებათა არასათანადოობაზე და არ ადასტურებს პოლიციის დისკრიმინაციულ მიდგომას კასატორთა მიმართ.
აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეზე დადგენილი ის გარემოება, რომ პოლიციის მხრიდან ხდებოდა მორიგეობა 24-საათიან რეჟიმში (რასაც არც მოსარჩელეები უარყოფენ), ამასთან, ის გარემოება, რომ როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ჩართული იყო დაპირისპირებულ მხარეთა მორიგების პროცეში, ასევე ის გარემოება, რომ ქ. ქობულეთში, ... შეუფერხებლად ფუნქციონირებს მსგავსი ტიპის პანსიონი, გამორიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
ამასთან, განსხვავებით იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული საყოველთაოდ ცნობილი ძალადობის არაერთი ფაქტისა (იხ. საქმე ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, №28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბერი; ასევე საქმე იეჰოვას მოწმეების გლდანის მრევლის წევრები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, №71156/01, 2007 წლის 3 მაისი), აჭარის რეგიონში წლებია თანაცხოვრობენ ქართველი მუსლიმები, სადაც განხორციელდა ათობით მეჩეთის მშენებლობა, რაც ასევე გამორიცხავს ხელისუფლების მხრიდან ქართველი მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ მასზე დაკისკებული პოზიტიური ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობის პირობებშიც, მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ამ ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციის მოტივით, რაც გამორიცხავს მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
მოსარჩელეთა მიმართ ფიზიკური პირების (თავდაპირველი მოპასუხეები) მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი კი დადასტურებულია სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორთა მითითებას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე (საქმეები - ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, №28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბერი; იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, №73235/12, 2015 წლის 12 მაისი), სადაც ადგილი ჰქონდა მოცემული დავისგან რადიკალურად განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა ევროსასამართლოს შესაბამისი შეფასებები. დასახელებულ საქმეებში, ერთ შემთხვევაში (იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) დადგინდა პოლიციის სრული უმოქმედობა, ხოლო მეორე შემთხვევაში (ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ) თავად პოლიცია ახდენდა მომჩივანთა უფლებების დარღვევას. მითითებულ საქმეებში პოლიციის ორგანოებს არანაირი ზომა არ მიუღიათ მომჩივანთა ინტერესების დასაცავად, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოში აპელანტთა მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ აპელანტთა მოთხოვნას წარმოადგენდა, როგორც მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება დისკრიმინაციის მოტივით პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ასევე პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უფრუნველყოფა, რაც ასევე მოიცავდა შენობის წინ არსებული ბარიერების მოშლას. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შედეგად, აპელანტების წარმომადგენელმა მოცემული დავის ფარგლებში საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო მოსარჩელეებისა და პანსიონთან დაკავშირებული პირებისათვის პანსიონის შენობაში უსაფრთხო და თავისუფალი შესვლა და საქმიანობა; დაუყოვნებლივ აღეკვეთა მოსარჩელეებისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ პანსიონის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარისა და იძულების ფაქტები და სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება ერთი ლარის ოდენობით. აპელანტებმა მოთხოვნა მხოლოდ ხელოვნური ბარიერების ნაწილში მოხსნეს, იმ მოტივით, რომ იგი მუნიციპალიტეტმა დაასუფთავა. ამასთან, აპელანტების წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არაერთგზის აღნიშნა, რომ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობას ვერ ახერხებდნენ. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მსჯელობს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მორალური ზიანის ანაზღურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მსჯელობის გარეშე ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას. იმ პირობებში, როდესაც აპელანტების წარმომადგენელი ადასტურებდა მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობას, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამგვარი ფაქტები აღკვეთილი იყო, რაც ადასტურებს საქმის გარემოებების არასათანადო გამოკვლევასა და აღნიშნულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აუცილებლობას. საკასაციო სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი სარჩელის უმთავრეს მიზანს სწორედ პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებისაკენ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მავალდებულებელი სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს (მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე) მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების ვალდებულების დადგენას.
ქმედების განხორციელების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განმსაზღვრელი ნორმა. უფლების სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება კი შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე მოქმედების განხორციელებაზე ან მოქმედებისგან თავის შეკავებაზე.
განსახილველ შემთხვევაში სამინისტროსთვის პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის დავალების წინაპირობას წარმოადგენს საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ვინაიდან სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას საქმეზე უნდა დასტურდებოდეს დღეის მდგომარეობით მოსარჩელეთა მიერ პანსიონით სარგებლობის შეუძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მითითებულ ნაწილში საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს პანსიონით შეუფერხებლად სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს ამჟამად არსებული მდგომარეობა პანსიონით სარგებლობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტისა და 412-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ..., კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; ხოლო დანარჩენ ნაწილში უცლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ, თავის მხრივ, საქმის ხელახლა განხილვისას, საკასაციო სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით, საქმეზე უნდა მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ...ის, კ. კ-ის, ბ. ი-ისა და თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში და საქმე აღნიშნულ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. დანარჩენ ნაწილში უცლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განჩინება;
4. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი