Facebook Twitter
#ბს-260-260(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი


სხდომის მდივანი - ეკატერინე მეტრეველი


კასატორი (მოსარჩელე) – ნ. ჩ-ი; წარმომადგენელი - ზ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს დაზვერვის სამსახური; წარმომადგენლები - ვ. ბ-ე, ს. შ-ი, მ. ა-ი, მ. ი-ე

მესამე პირი - თ. შ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდურის ანაზღაურება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 30 აგვისტოს ნ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „ნ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს #494პშ ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ნ. ჩ-ის სასარგებლოდ, მისი თანამდებობიდან განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების გამო გამოწვეული იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. შ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს #494პშ ბრძანება; საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალა ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალა მოსარჩელე ნ. ჩ-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი განთავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2008 წლის 19 ნოემბრის #494პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ი დაინიშნა ... თანამდებობაზე. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2009 წლის 30 იანვრის #33პშ ბრძანებით, ... ნ. ჩ-ი, 2009 წლის 1 თებერვლიდან გადაყვანილი იქნა ... თანამდებობაზე. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 5 ივლისის #186პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ი, 2010 წლის პირველი ივლისიდან გადაყვანილი იქნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობაზე. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2012 წლის 3 ოქტომბრის #307პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ი გადაყვანილი იქნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეროვნული უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის 2004 წლის 1 ივლისის #382 ბრძანებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ... განყოფილების მთავარ მრჩეველს, ნ. ჩ-ს, მიენიჭა საკლასო ჩინი - „მესამე კლასის მრჩეველი“.
ამასთან, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2011 წლის 28 ნოემბრის #333პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ს მიენიჭა „მეორე კლასის მრჩევლის“ მორიგი საკლასო ჩინი. საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ, ... წლის ... ..., ნ. ჩ-ი დაჯილდოვდა სიგელით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ხოლო ... წლის ... ... ნ. ჩ-ი დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 14 აპრილის #151პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. მითითებული ბრძანების შესაბამისად, ნ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც გამოიხატა ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) ინფორმაციის (ცნობა) შინაარსის გაცნობაში და უშუალო უფროსისათვის განდობაში, რაც მის ფუნქციონალურ მოვალეობებში არ შედიოდა. ნ. ჩ-ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 14 აპრილის #151პშ ბრძანება და საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, 2016 წლის 3 აგვისტოს გამოსცა ბრძანება ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობიდან 2015 წლის 14 აპრილიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა მიუთითა, რომ მოცემული ბრძანების გამოცემამდე სამსახურის შესაბამის დანაყოფს დეტალურად ჰქონდა გამოკვლეული და შეფასებული სამსახურის მოსამსახურის ნ.ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რაც გამოიხატა ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) ინფორმაციის (ცნობა) შინაარსის გაცნობაში და უშუალო უფროსისათვის განდობაში, რაც მის ფუნქციონალურ მოვალეობებში არ შედიოდა. ნ. ჩ-ის ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა სამსახურის ადგილზე მომზადებული და სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნი გრიფიანი (საიდუმლო) დოკუმენტების რეგისტრაციის, მათი გაფორმების, მისამართის, მინიჭებისა და შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა და არა დოკუმენტის შინაარსის გაცნობა და უშუალო უფროსისათვის მოხსენება. აღნიშნულ ქმედებას, მისი და მისი უშუალო უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოჰყვა გაგრძელება, კერძოდ, ხსენებული ოპერატიული ინფორმაცია გაანდეს სხვა დანაყოფის მოსამსახურეს, რომელმაც, თავის მხრივ, გააფრთხილა თავისი კოლეგა, ფრთხილად ყოფილიყო და მათივე კოლეგისაგან, ვინმე ნ.ჯ.-სგან თავი შორს დაეჭირა, რადგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ამბები მიჰქონდა უსაფრთხოების სამსახურში მათზე. იმავე ბრძანებაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სამსახური წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების სარეჟიმო დაწესებულებას. მისი სტაბილურობა და სიძლიერე დამყარებულია მოსამსახურეთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებასა და სანდოობის მაღალ ხარისხზე. მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ დოკუმენტბრუნვაზე და იგი შეგნებულად, სრულიად გააზრებულად მოქმედებს სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთი მოსამსახურის მიმართ სამსახურის ნდობა სამომავლოდ უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სამსახური თავისი სპეციფიკიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს ფარულად და წინმსწრებად (პრევენციულად). შესაბამისად, ვერ იქნება უფრო დიდი მასშტაბების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის მოლოდინში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება, როგორც უხეში დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისად დისციპლინური სახდელის სიმკაცრის განსაზღვრა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს #2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; გვ.9), კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“. სასამართლომ, ასევე, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (განაცხადი #21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, §25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, §61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, §29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, §47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი, მის პროფესიულ რეპუტაციას შეეხო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება. საქალაქო სასამართლომ ასევე მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალური ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. იმავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის და პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში, ინფორმაციის მიღებაში, საკუთარი აზრის გამოთქმაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლიტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. ამრიგად, მოცემული შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლება შეესაბამება თუ არა ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი აქტებით დადგენილ პირობებს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. საქართველოს დაზვერვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იმავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; ბ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას; გ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას; ე) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევისას; ვ) შტატების შემცირებისას; ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევისას, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; თ) საკუთარი ინიციატივით; ი) სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი საიდუმლოს გაცემის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით; მ) სამსახურში მიღებისათვის ან თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას; ნ) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ო) საპენსიო ასაკის გამო; პ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას; ჟ) სამსახურის ან მისი ქვედანაყოფის რეორგანიზაციისას ან/და ლიკვიდაციისას; რ) გარდაცვალებისას; ს) სასამართლო წესით უგზო- უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას; ტ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ი წარმოადგენდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს და მისი სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ იგი გაეცნო სახელმწიფო საიდუმლო გრიფის მქონე ინფორმაციის შინაარსს და ამის თაობაზე აცნობა თავის უშუალო უფროსს, ხოლო თანამდებობიდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - მისი სამსახურებრივი შეუსაბამობა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოსარჩელე ნ. ჩ-ი თანამდებობიდან განთავისუფლდა ერთი მხრივ, სამსახურებრივი შეუსაბამობის, ხოლო მეორე მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის - სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევისათვის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამრიგად, სადავო საკითხი განხილული უნდა იქნეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონების, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების უფლება. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება არის ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #507 დადგენილებით დამტკიცებული „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ პირველი მუხლის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებასა და დაცვას და არის ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის, ყველა სახელმწიფო მოსამსახურისათვის, სამინისტროებისა და უწყებებისათვის, სახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესით დადებული ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისათვის. მითითებული წესის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საიდუმლო სამუშაოებზე, დოკუმენტებსა და ნაკეთობებზე დაშვებული პირები მოვალენი არიან მკაცრად დაიცვან გამჟღავნებისაგან საიდუმლო ცნობები, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურში ან სამუშაოებზე, ან/და სხვა გზით, აღკვეთონ სხვა პირთა მოქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საიდუმლო ცნობების გამჟღავნება; ასეთი ფაქტები, აგრეთვე საიდუმლო ცნობების შესაძლო გატანის სხვა მიზეზები და პირობები დაუყოვნებლივ შეატყობინონ უშუალო უფროსსა და სარეჟიმო-საიდუმლო ორგანოს; შეასრულონ მხოლოდ ის საიდუმლო სამუშაოები და გაეცნონ მხოლოდ იმ საიდუმლო დოკუმენტებსა და ნაკეთობებს, რომლებზეც მიიღეს დაშვება მათ სამსახურებრივ მოვალეობათა გამო; იცოდნენ შესასრულებელ სამუშაოთა საიდუმლოების ხარისხი, სწორად განსაზღვრონ დოკუმენტებისა და ნაკეთობების საიდუმლოების გრიფი, მკაცრად დაიცვან მათი სარგებლობის წესები, აღრიცხვისა და შენახვის წესი; იცოდნენ იმ ნაწილში, რომელიც მათ შეეხება, დაწესებულების (საწარმოს) ან თავდაცვითი პროფილის სამუშაოთა საფარი ლეგენდა და მარჯვედ გამოიყენონ იგი. ამასთან, იმავე წესის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საიდუმლო სამუშაოებზე, დოკუმენტებსა და ნაკეთობებზე დაშვებულ პირებს ეკრძალებათ შეატყობინონ სიტყვიერად ან წერილობით სხვა პირებს (მათ შორის, ნათესავებს), საიდუმლო ცნობები, თუ ეს გამოწვეული არ არის სამსახურებრივი აუცილებლობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დამუშავებასთან და დაცვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უფლების მქონე პირის მოვალეობებს განსაზღვრავს, ერთი მხრივ, არ ითვალისწინებს ასეთი პირის შეზღუდვას მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნოს იმ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტს, რომელზე ინდივიდუალური დაშვების უფლებაც მას აქვს, რაც ტექნიკური თვალსაზრისითაც შეუძლებელია, რამდენადაც პირს, რომელსაც ევალება დოკუმენტის ტექსტის, თუნდაც ტექნიკური, სინტაქსური და ა.შ. გამართულობის შემოწმება, მისი წაკითხვისა და შინაარსის გაცნობის გარეშე იგი ამას ვერ მოახერხებს, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალური დაშვების უფლების მქონე პირი, ზემოთ აღნიშნული ნორმების მიხედვით, არა თუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში მისი შინაარსი უშუალო უფროსს შეატყობინოს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 731-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის მიხედვით, საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე, თუ კანონით ან შესაბამისი დაწესებულების დებულებით (რეგლამენტით) სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო მოსამსახურესა და მის უშუალო (ზემდგომ) ხელმძღვანელ პირს შორის სამსახურებრივი ურთიერთობა გულისხმობს მოსამსახურის მიერ, მისი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას და სამსახურებრივი მოვალეობების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ანგარიშის მიწოდებას. საჯარო მოსამსახურესა და მის უშუალო (ზემდგომ) ხელმძღვანელ პირს შორის, მათ უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, სამსახურებრივ საკითხზე ნებისმიერი კომუნიკაცია სამსახურებრივი დატვირთვის მატარებელია. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. შესაბამისად, მოსამსახურე უფლებამოსილია მხოლოდ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხი განიხილოს და იმ შემთხვევაში, თუ საკითხის მის კომპეტენციას მიკუთვნების საკითხი საეჭვოა, ამის თაობაზე ინფორმაციის მიღება მან უპირველეს ყოვლისა, თავისი უშუალო ხელმძღვანელისაგან უნდა მიიღოს, რადგან კანონისმიერი ანგარიშვალდებულება სწორედ მის მიმართ გააჩნია საჯარო მოსამსახურეს. უფრო მეტიც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განკარგულების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე მოსამსახურემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განკარგულების გამცემს და ზემდგომ უფროსს. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-მა თავის უშუალო ხელმძღვანელს აცნობა კონკრეტული დოკუმენტის რეგისტრაციის შესახებ, მასზე გაცემული დავალების თაობაზე, რადგან საეჭვოდ მიიჩნია აღნიშნული სახის დოკუმენტის რეგისტრაციის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებებისათვის კუთვნილების საკითხი. შესაბამისად, მისი უშუალო ხელმძღვანელისათვის შეტყობინება განპირობებული იყო სამსახურებრივი აუცილებლობით, რამდენადაც აუცილებელი იყო სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის რეგისტრაციის წესი ყოფილიყო დაცული და მოსარჩელე ნ. ჩ-ს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ჯეროვნად შეესრულებინა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ის უშუალო ხელმძღვანელს ასევე ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოებაზე ინდივიდუალური დაშვების უფლება, რაც მით უფრო გამორიცხავს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენების ფაქტს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა, ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ. სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას - განზრახვას საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავი შეიკავოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისაგან. იმავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ დისციპლინური გადაცდომისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევას და შესაბამისად, დისციპლინურ გადაცდომას. რაც შეეხება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ იმ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც მოსარჩელე ნ. ჩ-ის სამსახურებრივ შეუსაბამობას უკავშირდება, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძვლით სამსახურიდან განთავისუფლების პირობებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლი და იგი არ შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო: ა) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე; ბ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე; გ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად; დ) სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნის და ნორმალური ურთიერთობის შეუძლებლობის გამო; ე) თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას სათანადოდ შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობანი; ვ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო. ზ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურებისას, გარდა მოხელის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარების შემთხვევისა. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მხოლოდ აღნიშნული საფუძვლებით და წესით იხელმძღვანელოს და კონკრეტული საფუძვლის გამოყენების შემთხვევაში ცხადად დაასაბუთოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურმა მოსარჩელე ნ. ჩ-ის სამსახურებრივი შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა მოსარჩელე ნ. ჩ-ის ის ქმედება, რომელიც იმავდროულად დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია და შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან განთავისუფლება გამოიყენა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ნ. ჩ-ის ქმედება სასამართლოს მიერ არ შეფასდა სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევად და დისციპლინურ გადაცდომად, ამასთან, ასეთი ქმედება დამოუკიდებლად არ ქმნის პირის თანამდებობასთან შეუსაბამობის დადგენის სამართლებრივ საფუძვლებს, საქალაქო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საფუძველი - სამსახურებრივი შეუსაბამობა, არ შეესაბამება კანონით დადგენილ შესაბამის მოწესრიგებას. აქვე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ს იმავე სამსახურში საქმიანობის პერიოდში, წარმატებული საქმიანობისათვის მიღებული აქვს მთელი რიგი ჯილდო და საკლასო ჩინი, რაც მის სამსახურებრივი შეუსაბამობის დადგენის თვალსაზრისით, მეტი სიცხადისა და დასაბუთებულობის აუცილებლობას წარმოშობს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დანაწესი, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ამრიგად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივადშებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითადა ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული არცერთ გარემოებაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გახდიდა ცხადს, კერძოდ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული არ არის, თუ რომელი ნორმატიული თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირდაპირ დადგენილი მოვალეობები დაარღვია მოსარჩელე ნ. ჩ-მა, რომელი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უკრძალავდა მას იმ დოკუმენტის შინაარსის გაცნობას და სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, თავისი უშუალო ხელმძღვანელისათვის შეტყობინებას, რაში მდგომარეობდა მით უფრო უხეში დარღვევა, რაში მდგომარეობდა და გამოიხატებოდა სამსახურებრივი შეუსაბამობა და ა.შ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურის მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ის სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლებების, შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „ნ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს #494პშ ბრძანება.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ უკანონოდ სცნო მოსარჩელე ნ. ჩ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება, ასევე მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამრიგად, მოსარჩელე ნ. ჩ-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალა მოსარჩელე ნ. ჩ-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს დაზვერვის სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს დაზვერვის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს არ ეწინააღმდეგება, ასევე, ის არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მართალია საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა ცალკეული კანონების ნორმები, მაგრამ ამასთან, არასწორად გამოიყენა და განმარტა მთელი რიგი სამართლის ნორმები და რაც მთავარია, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ.თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს #2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9), კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ“ (განაცხადი #21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, §25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, §61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, §29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004 -VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009).
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება. საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მოიხმო ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი - ევროპის სოციალური ქარტია, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას. იმავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან. მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომაც მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის და პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში, ინფორმაციის მიღებაში, საკუთარი აზრის გამოთქმაში. ამასთან, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლიტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ზემოაღნიშნული საერთაშორისო აქტებითა თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, ასევე სასამართლო პრაქტიკით გარანტირებულ და აღიარებული შრომის უფლება, რაც ასევე გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია საჯარო მოხელე დაუსაბუთებლად, კანონით დადგენილი საფუძვლების გარეშე განთავისუფლებული იქნეს სამსახურიდან. თუმცა, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს (უფლებამოსილ თანახმდებობის პირებს) არ უკრძალავენ გაათავისუფლონ საჯარო მოხელე სამსახურიდან, თუ იგი უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დროს ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილი მოთხოვნები არ დაურღვევია, ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. საქართველოს დაზვერვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. იმავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; ბ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას; გ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას; ე) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევისას; ვ) შტატების შემცირებისას; ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევისას, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; თ) საკუთარი ინიციატივით; ი) სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი საიდუმლოს გაცემის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით; მ) სამსახურში მიღებისათვის ან თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას; ნ) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ო) საპენსიო ასაკის გამო; პ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას; ჟ) სამსახურის ან მისი ქვედანაყოფის რეორგანიზაციისას ან/და ლიკვიდაციისას; რ) გარდაცვალებისას; ს) სასამართლო წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას; ტ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ი წარმოადგენდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს და მისი სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ იგი გაეცნო სახელმწიფო საიდუმლო გრიფის მქონე ინფორმაციის შინაარსს, რომლის გაცნობის უფლებაც მას არ ჰქონდა და ამის თაობაზე აცნობა თავის უშუალო უფროსს, ხოლო თანამდებობიდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - მისი სამსახურებრივი შეუსაბამობა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა. სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალებისა და სხვა მონაცემების დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების წესები და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით. მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სადაზვერვო ინფორმაცია არის მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება არის ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. მითითებული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქათველოს კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის საჭიროება არის პრინციპი, რომლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის, ანდა ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ანდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის #175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „ი“ და „კ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს. ამავე მუხლის „ყ“ პუნქტის თანახმად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 29 მაისს განესაზღვრა სამსახურებრივი მოვალეობის ჩამონათვალი, რომელიც გაეცნო და ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ. ჩამონათვალით მოსარჩელე ახორციელებდა სამსახურის გასული, ადგილზე მომზადებული საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციას, მათი შესაბამისი ადრესატებისათვის დაგზავნას, შესრულებული დოკუმენტების ნომენკლატურულ საქმეებად კონცენტრირებას, ადგილზე მომზადებული დოკუმენტების ადგილსამყოფელის სააღრიცხვო ფორმებში შეტანას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა 2016 წლის 3 აგვისტოს გამოსცა ბრძანება ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობიდან 2015 წლის 14 აპრილიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა მიუთითა, რომ მოცემული ბრძანების გამოცემამდე სამსახურის შესაბამის დანაყოფს დეტალურად ჰქონდა გამოკვლეული და შეფასებული სამსახურის მოსამსახურის ნ.ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რაც გამოიხატა ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) ინფორმაციის (ცნობა) შინაარსის გაცნობაში და უშუალო უფროსისათვის განდობაში, რაც მის ფუნქციონალურ მოვალეობებში არ შედიოდა. ნ. ჩ-ის ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა სამსახურის ადგილზე მომზადებული და სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნი გრიფიანი (საიდუმლო) დოკუმენტების რეგისტრაციის, მათი გაფორმების, მისამართის, მინიჭებისა და შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა და არა დოკუმენტის შინაარსის გაცნობა და უშუალო უფროსისათვის მოხსენება. აღნიშნულ ქმედებას, მისი და მისი უშუალო უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოჰყვა გაგრძელება, კერძოდ ხსენებული ოპერატიული ინფორმაცია გაანდეს სხვა დანაყოფის მოსამსახურეს, რომელმაც თავის მხრივ გააფრთხილა თავისი კოლეგა, ფრთხილად ყოფილიყო და მათივე კოლეგისაგან, ვინმე ნ.ჯ-სგან თავი შორს დაეჭირა, რადგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ამბები მიჰქონდა უსაფრთხოების სამსახურში მათზე. იმავე ბრძანებაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სამსახური წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების სარეჟიმო დაწესებულებას. მისი სტაბილურობა და სიძლიერე დამყარებულია მოსამსახურეთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებასა და სანდოობის მაღალ ხარისხზე. მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ დოკუმენტბრუნვაზე და იგი შეგნებულად, სრულიად გააზრებულად მოქმედებს სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთი მოსამსახურის მიმართ სამსახურის ნდობა სამომავლოდ უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სამსახური თავისი სპეციფიკიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს ფარულად და წინმსწრებად (პრევენციულად). შესაბამისად, ვერ იქნება უფრო დიდი მასშტაბების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის მოლოდინში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება, როგორც უხეში დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისად დისციპლინური სახდელის სიმკაცრის განსაზღვრა. ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნ. ჩ-ის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაცია, თუმცა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ არსებობდა გარკვეული სახის დოკუმენტები, რომლის რეგისტრაციის უფლება ნ. ჩ-ს არ ჰქონდა. ნ. ჩ-მა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მას სხვა თანამშრომელმა დაუტოვა საიდუმლო დოკუმენტი, რომლის რეგისტრაციის უფლება მას არ ჰქონდა და სწორედ ამის თაობაზე აცნობა მის უშუალო უფროსს. თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თუ ნ. ჩ-ს დასარეგისტრირებლად დაუტოვეს ისეთი დოკუმენტი, რომლის რეგისტრაციის უფლება მას არ ჰქონდა, ასეთ შემთხვევაში ის არ იყო უფლებამოსილი გასცნობოდა ასეთი სახის დოკუმენტს (რომელიც მხარეების განმარტების მიხედვით, ეხებოდა მოსამსახურეების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას) და მით უფრო, მასში არსებული ოპერატიული ინფორმაცია გარკვეული პირების შესახებ ეცნობებინა უშუალო უფროსისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვების უფლება გულისხმობს არა ნებისმიერი სახის საიდუმლო დოკუმენტების, არამედ მხოლოდ ისეთი საიდუმლო დოკუმენტების გაცნობის უფლებას, რომლის უფლებამოსილებაც პირს კანონით ან/და კანონის საფუძველზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ აქვს დადგენილი. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნ. ჩ-ი უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო უშუალო უფროსისათვის ეცნობებინა, რომ მას დაუტოვეს დოკუმენტი, რომლის რეგისტრაციის უფლებაც მას არ ჰქონდა, თუმცა მოსარჩელეს ასეთ შემთხვევაში არ შეეძლო გასცნობოდა ასეთი სახის ინფორმაციას და მით უფრო კონკრეტული პირების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია (მონაცემები) მიეწოდებინა უშუალო უფროსისათვის. სასამართლო სხდომაზე როგორც აპელანტის წარმომადგენლებმა, ასევე მესამე პირმა თ. შ-მა (რომელიც ნ. ჩ-ის განთავისუფლების შემდეგ იქნა სამსახურში მიღებული) განმარტეს, რომ არა მარტო კანონმდებლობის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, არამედ სამსახურში არსებული პრაქტიკის მიხედვითაც, საიდუმლო ინფორამაციის რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირებს ეკრძალებათ ისეთი დოკუმენტების გაცნობის უფლება, რომელთა რეგისტრაციაც მათ კომპეტენციაში არ შედის. მოცემულ შემთხვევაში ნ. ჩ-ის და მისი უშუალო უფროსის ქმედებას შედეგად მოჰყვა საიდუმლო მონაცემების გარკვეულწილად გამჟღავნება, კერძოდ, ხსენებული ოპერატიული ინფორმაცია გაანდეს სხვა დანაყოფის მოსამსახურეს, რომელმაც თავის მხრივ გააფრთხილა თავისი კოლეგა, ფრთხილად ყოფილიყო და მათივე კოლეგისაგან, ვინმე ნ.ჯ-სგან თავი შორს დაეჭირა, რადგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ამბები მიჰქონდა უსაფრთხოების სამსახურში მათზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს დაზვერვის სამსახურის სპეციფიკისა და საიდუმლო ინფორმაციის ხასიათის გათვალისწინებით, ასეთი ქმედება ნამდვილად წარმოადგენს უხეშ გადაცდომას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ასეთი მოსამსახურის მიმართ სამსახურის ნდობა სამომავლოდ უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სამსახური თავისი სპეციფიკიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს ფარულად და წინმსწრებად (პრევენციულად). შესაბამისად, ვერ იქნება უფრო დიდი მასშტაბების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის მოლოდინში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორად მოხდა ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება, როგორც უხეში დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისად, სწორად განესაზღვრა მას დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან განთავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ დაარღვია პროცესის საჯაროობის წესები, რაც გამოიხატა იმაში, რომ დახურულ სხდომაზე საქმის განხილვისას არ უზრუნველყო მხარეთა თანაბარი მონაწილეობა (თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება) პროცესზე.
კასატორმა მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ როგორც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი დახურულ სხდომაზე საქმის განხილვისას ითვალისწინებს მხარეებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას, ყველა იმ საპროცესო უფლება-მოვალეობებით, რაც ღია სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს აქვთ მათ. ასეთ უფლებაში, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება იგულისხმებოდეს თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ სხდომა დახურა იმ მიზეზით, რომ დაზვერვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილი წარმოადგენდა საიდუმლო დოკუმენტაციას. თავისთავად, დაზვერვის სამსახურის მხრიდან წარმოდგენილი საიდუმლო დოკუმენტაციის შინაარსი ცნობილი იყო დაზვერვის სამსახურისათვის, ხოლო მოსარჩელეს (მოწინააღმდეგე მხარეს) და მის წარმომადგენელს არ მიეცა ამ დოკუმენტაციის გაცნობის და საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა. სასამართლომ გადაწყვეტილება აღნიშნული დოკუმენტაციიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ისე მიიღო, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონდა საკუთარი არგუმენტირებული პრეტენზიის გაცხადების შესაძლებლობა. სასამართლოს, როგორც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ავალდებულებდა, რომ უზრუნველეყო ყველა მხარის თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება საქმეში არსებულ მასალებზე, თუმცა შესაბამისი დასაბუთების, შესაბამისი გამამართლებელი და ობიექტური და გონივრული საფუძვლებისა და განსხვავებული მიდგომის დამდგენი სამართლის ნორმების გარეშე, მოწინააღმდეგე მხარე ჩააყენა უარეს მდგომარეობაში აპელანტთან მიმართებით და დაარღვია პროცესის საჯაროობის წესები.
კასატორმა მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ რადგანაც „დაზვერვის შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ განმარტებას, თუ რა იგულისხმება მოხელის სამსახურებრივ შეუსაბამობაში, ამიტომ, ამ ტერმინის განმარტება უნდა მოხდეს სწორედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით. მითითებული ნორმა აკეთებს იმ პირობების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოხელე ითვლება სამსახურის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ. ამავე ნორმის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სამსახურებრივ შეუსაბამობად ითვლება მოხელის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია ის, თუ რაში შეიძლება გამოხატულიყო ნ. ჩ-ის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები. სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში საერთოდ უგულებელყო საქალაქო სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ ახალი აქტის გამოცემისას დაზვერვის სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა მოსამსახურის (ნ. ჩ-ის) სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შემსრულებლად მიჩნევის ფაქტი და მასთან მიმართებით სამსახურებრივი შეუსაბამობის მტკიცების დროს საქმის გარემოებების ზედმიწევნით სრულყოფილად შესწავლის, გამოკვლევისა და ზუსტი სამართლებრივი კვალიფიკაციის გაკეთების აუცილებლობა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, აგრეთვე, გასაჩივრებული აქტისათვის რეტროაქტიული ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა მხარის ის არგუმენტი, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს ბრძანებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შედეგების განსაზღვრა მოხდა წარსული დროით, რაც კასატორის მოსაზრებით, აქტის უკანონობის მამტკიცებელ ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლოს ამ კუთხით არ მოჰყავს არც ერთი არგუმენტი შრომითი გასამრჯელოს გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა. მიუხედავად ამ განმარტებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, საქართველოს კანონმდებლობის რომელი მოთხოვნების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი ნ. ჩ-ის მხრიდან, რას ავალებდა საქართველოს კანონმდებლობა მას და რა არ შეასრულა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვების უფლება გულისხმობდა არა ნებისმიერი სახის საიდუმლო დოკუმენტის, არამედ მხოლოდ ისეთი საიდუმლო დოკუმენტის გაცნობის უფლებას, რომლის გაცნობის უფლებამოსილებაც პირს კანონით ან/და კანონის საფუძველზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ აქვს დადგენილი. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობასთან მიმართებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია არც ერთ ნორმატიულ აქტზე, რომლის შინაარსიც მოგვცემდა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების უფლების მქონე პირს მხოლოდ გარკვეული დოკუმენტაციის გაცნობის უფლება აქვს. სასამართლოს ამ მსჯელობიდან არ დგინდება, თუ ამ გარკვეული დოკუმენტაციიდან რომლის გაცნობის უფლება აქვს პირს და რომლის არა, რომელი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს, თუ რომელი დოკუმენტის გაცნობის უფლება შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე დოკუმენტიდან საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვების მქონე პირს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ დაზვერვის სამსახური სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გასცდა ბრძანების საფუძვლად მითითებული პატაკის შინაარსს და დამატებით მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რომელიც საერთოდ არ გამომდინარეობდა საქმის არსიდან და არ გააჩნდა არავითარი მტკიცებულება, კერძოდ: დაზვერვის სამსახურის უფროსმა ახალ ბრძანებაში შეგნებულად თუ შეცდომით მიუთითა, რომ ნ. ჩ-ის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის და მის შესახებ უშუალო უფროსისათვის მოხსენების შემდეგ მათ „გაანდეს“ აღნიშნული ინფორმაცია სხვა დანაყოფის მოსამსახურეს. კასატორის მითითებით, „გაანდეს“ - სიტყვის გრამატიკული განმარტებით, მასში იგულისხმება რამდენიმე პირის ერთობლივი მოქმედება, რაც საქმის არსთან საერთოდ კავშირში არ არის. პატაკში მოხსენებული იყო სიტყვები, „რომელმაც (არ იგულისხმება ნ. ჩ-ი), თავის მხრივ, ინფორმაცია გაანდო ...“. ამრიგად, დაზვერვის სამსახურმა ახალი აქტის გამოცემისას მიუთითა ისეთ ფაქტზე, რომელიც საქმის გარემოებების მიხედვით არ არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2012 წლის 3 ოქტომბრის #307პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ი გადაყვანილი იქნა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობაზე.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 14 აპრილის #151პშ ბრძანებით, ნ. ჩ-ი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. მითითებული ბრძანების შესაბამისად, ნ. ჩ-ის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც გამოიხატა ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) ინფორმაციის (ცნობა) შინაარსის გაცნობაში და უშუალო უფროსისათვის განდობაში, რაც მის ფუნქციონალურ მოვალეობებში არ შედიოდა.
ნ. ჩ-ის სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2015 წლის 14 აპრილის #151პშ ბრძანება და საქართველოს დაზვერვის სამსახურს დაევალა მოსარჩელის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა 2016 წლის 3 აგვისტოს გამოსცა ბრძანება ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობიდან 2015 წლის 14 აპრილიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებაში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა მიუთითა, რომ მოცემული ბრძანების გამოცემამდე სამსახურის შესაბამის დანაყოფს დეტალურად ჰქონდა გამოკვლეული და შეფასებული სამსახურის მოსამსახურის ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რაც გამოიხატა ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) ინფორმაციის (ცნობა) შინაარსის გაცნობაში და უშუალო უფროსისათვის განდობაში, რაც მის ფუნქციონალურ მოვალეობებში არ შედიოდა. ნ. ჩ-ის ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა სამსახურის ადგილზე მომზადებული და სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნი გრიფიანი (საიდუმლო) დოკუმენტების რეგისტრაციის, მათი გაფორმების, მისამართის, მინიჭებისა და შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა და არა დოკუმენტის შინაარსის გაცნობა და უშუალო უფროსისათვის მოხსენება. აღნიშნულ ქმედებას, მისი და მისი უშუალო უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოჰყვა გაგრძელება, კერძოდ ხსენებული ოპერატიული ინფორმაცია გაანდეს სხვა დანაყოფის მოსამსახურეს, რომელმაც თავის მხრივ გააფრთხილა თავისი კოლეგა, ფრთხილად ყოფილიყო და მათივე კოლეგისაგან, ვინმე ნ.ჯ-სგან თავი შორს დაეჭირა, რადგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ამბები მიჰქონდა უსაფრთხოების სამსახურში მათზე. იმავე ბრძანებაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სამსახური წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების სარეჟიმო დაწესებულებას. მისი სტაბილურობა და სიძლიერე დამყარებულია მოსამსახურეთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებასა და სანდოობის მაღალ ხარისხზე. მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ დოკუმენტბრუნვაზე და იგი შეგნებულად, სრულიად გააზრებულად მოქმედებს სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთი მოსამსახურის მიმართ სამსახურის ნდობა სამომავლოდ უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სამსახური თავისი სპეციფიკიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს ფარულად და წინმსწრებად (პრევენციულად). შესაბამისად, ვერ იქნება უფრო დიდი მასშტაბების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის მოლოდინში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება, როგორც უხეში დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისად დისციპლინური სახდელის სიმკაცრის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგოობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს პროცესის საჯაროობის, საქვეყნოობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დარღვევას. კერძოდ, კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან პროცესის საჯაროობის წესების დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ დახურულ სხდომაზე საქმის განხილვისას არ იქნა უზრუნველყოფილი მხარეთა თანაბარი მონაწილეობა (თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება) პროცესზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერების შემოწმების მიზნით საქმეს იხილავს დახურულ სხდომაზე მხარეთა დასწრების გარეშე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია მხარეებს არ წარედგინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული საპროცესო შესაძლებლობა მხარეებს არ აძლევს უფლებას, მიიღონ პროცესში მონაწილეობა ისეთი გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შემოწმებისას, რომლის გასაიდუმლოების კანონიერების საკითხიც მხარის მიერ ეჭქვეშაა დაყენებული. შესაბამისად, მით უფრო გამოირიცხება დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობა იმ შემთხვევაში, როდესაც საიდუმლო ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერება სადავოდ არ არის გამხდარი და საქმის განხილვა საჭიროებს კონკრეტული სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის სასამართლოს მიერ გაცნობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლით გათვალისწინებული საპროცესო-სამართლებრივი შესაძლებლობა ფართოა, რომელიც, თავის მხრივ, იძლევა შესაძლებლობას, დაიხუროს სასამართლო სხდომა იმ შემთხვევაშიც, როდესაც წარმოიშობა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი გრიფით საიდუმლო დოკუმენტის შინაარსის სასამართლოს მიერ გაცნობის საჭიროება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება უზრუნველყოფს საქმეთა განხილვისას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას. ამდენად, აღნიშნული დანაწესი ავალდებულებს კიდეც კონკრეტული საქმის განმხილველ სასამართლოს, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად დახუროს სასამართლო სხდომა იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის მის მიერ გაცნობის საჭიროება.
საყურადღებოა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დახურულ სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ნ. ჩ-ის მიერ ხელმოწერილი თანამდებობრივი ინსტრუქცია (რომელიც სახელმწიფო საიდუმლოა) და, ამავე დროს, უშუალოდ ის დოკუმენტი, რომლის გაცნობის გამოც ნ. ჩ-ს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით თანამდებობიდან განთავისუფლება განესაზღვრა. აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე მოსარჩელე მხარეს არ დაუფიქსირებია არანაირი პრეტენზია პროცესის დახურვის ფაქტთან მიმართებით.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ინფორმაციის გაცნობის საჭიროება წარმოადგენს პრინციპს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობისა ან/და ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ან/და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე გააჩნია ასეთ ინფორმაციასთან წვდომის დადასტურებული საჭიროება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის დადასტურებული საჭიროება თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მხოლოდ საქმის განმხილველ მოსამართლეს გააჩნდა.
რაც შეეხება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის საკითხს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საკასაციო სასამართლოში დავის განხილვის ეტაპზე, კერძოდ, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ დახურულ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა არც ერთი მხარე და საიდუმლო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას ადგილი შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დახურულ სხდომაზე ხელმისაწვდომობა, კონკრეტულ მტკიცებულებებთან მიმართებით მოსაზრებების გაჟღერების შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნებოდა მხოლოდ ერთ-ერთი მხარისათვის, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პროცესი ორივე მხარისათვის თანასწორად დაიხურა და არც ერთ მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა საკუთარი არგუმენტაციითა თუ მოსაზრებების დაფიქსირებით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტის, როგორც მტკიცებულების გამოკვლევაში მონაწილეობა მიეღო, არ არსებობს შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე საიდუმლო ინფორმაციის შემცველ მტკიცებულებათა გამოკვლევის მიზნით სასამართლო სხდომის დახურვით, არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესის საჯაროობის, საქვეყნოობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღნიშნული მოტივებით გაუქმების ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლები.
სასარჩელო მოთხოვნის პერსპექტივებთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება #2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის #1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 2017 წლის 17 მაისის #3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულება „გულისხმობს, რომ საჯარო მოსამსახურეთა სტატუსი, თანამდებობის დაკავების წესი, მოხელეთა უფლება-მოვალეობები, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ივნისის №1/4/419 განჩინება საქმეზე „ბესიკ გვაჯავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამასთანავე, თავად ეს კანონი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციურ სტანდარტებს, ანუ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და ამ თანამდებობისათვის გონივრული პირობების დადგენას, ასევე უზრუნველყოფას იმისა, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდება მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში და განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.
აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ზემოხსენებულ უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და, შესაბამისად, სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კონკრეტულ სამსახურებთან მიმართებით მოქმედი სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
სადავო ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტში ჩამოთვლილ მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს მოსამსახურეები არიან: საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეები.
საკასაციო სასამართლო აღიშნავს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითად პრინციპად მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა განისაზღვრა, რომლის შინაარსიც და პრინციპის დაცვის უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებები მოწესრიგდა დაზვერვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციალური საკანონმდებლო აქტით - „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-19-22-ე მუხლებით კონკრეტულად დარეგულირდა სამსახურის მოსამსახურეთა სამართლებრივ და სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. მითითებული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესისა. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის თითოეული და, მათ შორის, კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებაც ერთობლიობაში წარმოადგენს საქართველოს დაზვერვის სამსახურში დასაქმებული ნებისმიერი მოსამსახურის უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელ სპეციალურ საკანონმდებლო აქტებთან ერთობლიობაში, მოხელეს აღჭურავს იმ უფლებებითა და შეღავათებით, რაც ამ საკანონმდებლო აქტებით არის დადგენილი. ასევე, აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტითა და სხვა სპეციალური დანაწესების შემცველი, კონკრეტულ საჯარო სამსახურში შრომის უფლებათა დაცვითი გარანტიების მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტებით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომელთა თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. საქართველოს დაზვერვის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად კი, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად.
ამასთან, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, კერძოდ, ეს პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; ზ) მიზანმიმართულობა; თ) ოპერატიულობა; ი) უწყვეტობა; კ) გეგმურობა; ლ) ფარულობა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებიდან და მიმართულებებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სამსახურის საქმიანობა ძალზედ სპეციფიკურია და დაფუძნებულია როგორც ზემოხსენებულ ძირითად პრინციპებზე, აგრეთვე, თავად სამსახურის თითოეული თანამშრომლის მიმართ არსებულ მაღალი ხარისხის ნდობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპთა დაცვა, მათი შესრულება პირდაპირ დაკავშირებულია თითოეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე, მათი მხრიდან საკუთარ ვალდებულებათა ზედმიწევნით შესრულებაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებითია, შეფასდეს ნ. ჩ-ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის კანონიერება იმ პირობებში, როდესაც ნ. ჩ-ს მასზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის მიენიჭა არაერთი საკლასო ჩინი და აღნიშნულ ვალდებულებათა სანიმუშო შესრულებისათვის იგი დაჯილდოვებულ იქნა სიგელითა და სამკერდე ნიშნით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურე კონკრეტული გადაწყვეტილების, მით უფრო საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეზღუდულია „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კანონიერებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების, ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვის პრინციპებით, რომელთა დაცვის უზრუნველსაყოფადაც, საჯარო მოსამსახურე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის დაცვით. საჯარო მოსამსახურის ნებისმიერი ქმედება კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. ამავე შინაარსის დანაწესი გათვალისწინებულია, აგრეთვე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლით დადგენილი კანონიერების პრინციპითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, სოციალური დაცვის გარანტიები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, მძიმე დაავადების დროს, რის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება; ბ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას; გ) შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისას; ე) სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან სამსახურებრივი დისციპლინის უხეში დარღვევისას; ვ) შტატების შემცირებისას; ზ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნათა სხვა დარღვევისას, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში; თ) საკუთარი ინიციატივით; ი) სამსახურის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი საიდუმლოს გაცემის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით; მ) სამსახურში მიღებისათვის ან თანამდებობაზე დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას; ნ) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ო) საპენსიო ასაკის გამო; პ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას; ჟ) სამსახურის ან მისი ქვედანაყოფის რეორგანიზაციისას ან/და ლიკვიდაციისას; რ) გარდაცვალებისას; ს) სასამართლო წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას; ტ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ი წარმოადგენდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეს და მისი სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ იგი გაეცნო სახელმწიფო საიდუმლო გრიფის მქონე ინფორმაციის შინაარსს, რომლის გაცნობის უფლებაც მას არ ჰქონდა და ამის თაობაზე აცნობა თავის უშუალო უფროსს, ხოლო თანამდებობიდან განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი - მისი სამსახურებრივი შეუსაბამობა და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა. სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების, მასალებისა და სხვა მონაცემების დასაიდუმლოებისა და განსაიდუმლოების წესები და პირობები განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სადაზვერვო ინფორმაცია არის მონაცემები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციებისა და პირების მიზნების, გეგმების, მოქმედებების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებისა და გარემოებების შესახებ. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც დაიშვება სადაზვერვო დაწესებულების მონაცემებთან, გადის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისათვის აუცილებელ პროცედურას. ეს პროცედურა მოითხოვს პირის მიერ ამ მონაცემთა გაუმჟღავნებლობის შესახებ წერილობითი ვალდებულების აღებას. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს დაზვერვის სამსახურის იმ მოსამსახურეების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სადაზვერვო საქმიანობას, დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების გარეშე იღებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი. ამ პუნქტით განსაზღვრულ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება არის ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. მითითებული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის საჭიროება არის პრინციპი, რომლის მიხედვით სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის, ანდა ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ანდა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის #175 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის „ი“ და „კ“ პუნქტების თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს. ამავე მუხლის „ყ“ პუნქტის თანახმად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 29 მაისს განესაზღვრა სამსახურებრივი მოვალეობის ჩამონათვალი, რომელიც გაეცნო და ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ. ჩამონათვალით ნ. ჩ-ი ახორციელებდა სამსახურის გასული, ადგილზე მომზადებული საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციას, მათი შესაბამისი ადრესატებისათვის დაგზავნას, შესრულებული დოკუმენტების ნომენკლატურულ საქმეებად კონცენტრირებას, ადგილზე მომზადებული დოკუმენტების ადგილსამყოფელის სააღრიცხვო ფორმებში შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე ნ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა მის მიერ ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) (ცნობა) შინაარსის გაცნობა და უშუალო უფროსისათვის განდობა, რაც მის ფუნქციონალურ მოვალეობებში არ შედიოდა. ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობიდან 2015 წლის 14 აპრილიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ნ. ჩ-ის ფუნქციონალურ მოვალეობას წარმოადგენდა სამსახურის ადგილზე მომზადებული და სხვადასხვა უწყებებში გასაგზავნი გრიფიანი (საიდუმლო) დოკუმენტების რეგისტრაციის, მათი გაფორმების, მისამართის მინიჭებისა და შესაბამისი ადრესატისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა და არა დოკუმენტის შინაარსის გაცნობა და უშუალო უფროსისათვის მოხსენება. აღნიშნულ ქმედებას, მისი და მისი უშუალო უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილებით მოჰყვა გაგრძელება, კერძოდ, ხსენებული ოპერატიული ინფორმაცია გაანდეს სხვა დანაყოფის მოსამსახურეს, რომელმაც თავის მხრივ გააფრთხილა თავისი კოლეგა, ფრთხილად ყოფილიყო და მათივე კოლეგისაგან, ვინმე ნ.ჯ-სგან თავი შორს დაეჭირა, რადგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ამბები მიჰქონდა უსაფრთხოების სამსახურში მათზე. იმავე ბრძანებაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ სამსახური წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების სარეჟიმო დაწესებულებას. მისი სტაბილურობა და სიძლიერე დამყარებულია მოსამსახურეთა პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებასა და სანდოობის მაღალ ხარისხზე. მოსამსახურე, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ დოკუმენტბრუნვაზე და იგი შეგნებულად, სრულიად გააზრებულად მოქმედებს სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთი მოსამსახურის მიმართ სამსახურის ნდობა სამომავლოდ უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სამსახური თავისი სპეციფიკიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს ფარულად და წინმსწრებად (პრევენციულად). შესაბამისად, ვერ იქნება უფრო დიდი მასშტაბების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის მოლოდინში. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ნ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება, როგორც უხეში დისციპლინური გადაცდომა და შესაბამისად დისციპლინური სახდელის სიმკაცრის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ჩ-მა სასამართლო სხდომაზე თავადვე აღნიშნა და შემდგომში არაერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ასეთი სახის ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს მას დასარეგისტრირებლად არ უტოვებდნენ. მოსარჩელის მითითებით, ოპერატიული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის რეგისტრაციას იგი აღნიშნული ცნობის მიმტანი პირის თანდასწრებით ახორციელებდა და ამ დოკუმენტს მას უკანვე ატანდა. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისთვის დატოვებული დოკუმენტი სწორედ ასეთ ოპერატიულ ინფორმაციას მიეკუთვნებოდა, რომლის დამოუკიდებლად რეგისტრაციის უფლებაც მას არ გააჩნდა.
მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ. ჩ-ი ცალსახად აცნობიერებდა იმას, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი, დამოუკიდებლად დაერეგისტრირებინა ოპერატიული ინფორმაციის (გრიფით საიდუმლო) შემცველი დოკუმენტი, მითუმეტეს, გაცნობოდა მის შინაარსს და თავისი უფროსისთვის გაენდო, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა დაშვება ოპერატიული ინფორმაციის შემცველ დოკუმენტზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ არსებობდა არანაირი აუცილებლობა, ნ. ჩ-ს უფროსისათვის მიეწოდებინა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის შინაარსი, მით უფრო კონკრეტული პირების მითითებით, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან სრულიად გააზრებულად განხორციელდა, ერთი მხრივ, გრიფით საიდუმლო ოპერატიული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის გაცნობა და, მეორე მხრივ, მისი საკუთარი უფროსისათვის განდობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ჩ-ის და მისი უშუალო უფროსის ქმედებას შედეგად მოჰყვა საიდუმლო მონაცემების გამჟღავნება, რამაც, შედეგობრივად, ზიანი მიაყენა თავად საიდუმლო ოპერაციას.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპია ფარულობა. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სადაზვერვო საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოებაა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის მიმართულებები, მისი ძირითადი მიზნები და, ამავდროულად, სამსახურის სპეციფიკა სამსახურში დასაქმებული სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მქონე ნებისმიერი პირისაგან მოითხოვს, რომ სადაზვერვო საქმიანობა განხორციელდეს ფარულად. ასეთ პირობებში, ფარულობის პრინციპის დარღვევა, ფაქტობრივად, შედეგობრივად იწვევს კონკრეტული სადაზვერვო ოპერაციის ჩაშლას და, შესაბამისად, დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის მინიმუმამდე დაყვანას.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციის გამჟავნება, საფრთხეს უქმნის, ერთი მხრივ, კონკრეტულ სადაზვერვო ოპერაციასთან დაკავშირებულ სამსახურის მოსამსახურეებს, ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელს ხდის დაზვერვის სამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების შესრულებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს დაზვერვის სამსახურის პოზიციას მასზედ, რომ დაზვერვის სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული თითოეული მოსამსახურის კეთილსინდისიერებასა და სამსახურის მხრიდან მათ მიმართ არსებულ ნდობაზე, ხოლო მოსამსახურის მიერ ფარულობის პრინციპის შეგნებული, გააზრებული დარღვევა ხსენებულ ნდობას საგრძნლობლად ამცირებს. ასეთი მოსამსახურის მიმართ სამსახურის ნდობა სამომავლოდ უკიდურესად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან სამსახური თავისი სპეციფიკიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, საქმიანობას ახორციელებს ფარულად და წინმსწრებად (პრევენციულად). შესაბამისად, სამსახური ვერ იქნება უფრო დიდი მასშტაბების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომის მოლოდინში.
ზემოთმითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია ნ. ჩ-ის ქმედების უხეშ დისციპლინურ გადაცდომად შეფასება და, შესაბამისად, კანონიერია მისთვის დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან განთავისუფლების განსაზღვრა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია ნ. ჩ-ის სამსახურებრივ შეუსაბამობაზე, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ უხეში დისციპლინური გადაცდომის ფაქტის დადგენა დამოუკიდებლადაც იძლეოდა საკმარის საფუძველს ნ. ჩ-ის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის. ამდენად, უხეში დისციპლინური გადაცდომის არსებობის პირობებში, სამსახურებრივი შეუსაბამობის არსებობა-არარსებობის შეფასებას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, თუმცაღა, გამომდინარე იქიდან, რომ ნ. ჩ-ის სამსახურიდან განთავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამსახურებრივი შეუსაბამობა, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან მიმართებითაც.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურში სპეციალური შემოწმების შედეგად მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. ამასთან, ამავე კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდება სამსახურებრივი შეუსაბამობისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურებრივი შეუსაბამობა არ წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობასთან შეუსაბამობას. ტერმინთა განსხვავებულობის გათვალისწინებით, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამსახურებრივი შეუსაბამობა, მოიცავს არა მოსამსახურის მხოლოდ კონკრეტულ თანამდებობასთან შეუსაბამობას, არამედ მის შეუსაბამობას უშუალოდ დაზვერვის სამსახურთან და მის საქმიანობასთან მიმართებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი შეუსაბამობის საფუძველი შეიძლება გახდეს როგორც მოსამსახურისათვის კონკრეტული სამსახურის სპეფიციკური საქმიანობისათვის მოთხოვნილი კომპეტენციის, ასევე, ასეთ სამსახურში განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირადი თუ საქმიანი თვისებების არარსებობა. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, მოსამსახურის დაზვერვის სამსახურში საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობა აუცილებლად მიიჩნევს მისი ისეთი პირადი თვისებების არსებობას, რომლის, შესაბამისად, იგი შეძლებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ცხადია, მოვალეობათა შესრულებისას სამსახურის მოსამსახურე უნდა იცავდეს სამსახურის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ამასთან, მოვალეობები უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს თავად დაზვერვის სამსახურის საქმიანობასა და უშუალოდ დაგეგმილ კონკრეტულ საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე კონკრეტული საქმიანობის შესრულებისათვის კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის მქონეა, მის მიერ სამსახურის ფარულობის პრინციპის დარღვევა მას პირადი თვისებებით შეუსაბამოს ხდის დაზვერვის სამსახურისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის ... თანამდებობიდან 2015 წლის 14 აპრილიდან განთავისუფლების შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 აგვისტოს #494პშ ბრძანების გამოცემის საფუძვლად, უხეში დისციპლინური გადაცდომის არსებობის პარალელურად, მართებულად იქნა დადგენილი სამსახურებრივი შეუსაბამობაც, რის გამოც აღნიშნული ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების პირობებში, არ არსებობს ნ. ჩ-ის თანამდებობაზე აღდგენისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის ნ. ჩ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალების სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი