ბს-1195(კ-18) 1 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
14.06.2016წ. ვ. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ, ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 25.02.2016წ. N04-00-ი/7292 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.04.2016წ. N04/30799 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, რომლითაც ვ.ს-ას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 2014 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით, ვ.ს-ას მიერ ყოველთვიურად მიღებული საერთო პენსიის - 150 ლარის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.10.2017წ. გადაწყვეტილებით ვ.ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების 25.02.2016წ. N04-00-ი/7292 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.04.2016წ. N04/30799 გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - ვ.ს-ას დაენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 2014 წლის 1 თებერვლიდან, ყოველთვიურად 560 ლარის ოდენობით, მის მიერ უკვე ყოველთვიურად მიღებული საერთო პენსიის - 150 ლარის გათვალისწინებით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2017წ. გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ვ. ს-ას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2016 წლის 01 მარტიდან, რისი საფუძველიც გახდა ვ.ს-ას 17.02.2016წ. განცხადება კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15.01.2016წ. წარდგინება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოქმედება შეესაბამება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ კანონის 27.2 მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან კომპენსაციის დანიშვნა ხდება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. ,,სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის’’ მე-15 მუხლი ადგენს, რომ საერთო სასამართლოს მოსამართლეზე კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭიროა შესაბამისი დოკუმენტები. ვინაიდან აღნიშნულ პერიოდამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარს აცხადებდა წარდგინების გაგზავნაზე, ორგანოს უმოქმედობის თაობაზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედება კანონშესაბამისია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე და 209-ე მუხლების და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების შესაბამისად ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან მისი ბრალეულობით არ განხორციელდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტების გაცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ვ. ს-ამ თავდაპირველად 2014 წლის 23 იანვარს წარადგინა განცხადება, რომლის საფუძვლიანობა დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.09.2013წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. დადგენილია აგრეთვე, რომ ვ. ს-ას მიერ სახელმწიფო კომპენსაციის მიუღებლობა არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით. იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ვ. ს-ას კომპენსაციის მიღების უფლება 2014 წლის 23 იანვრიდან, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ მე-2 მუხლის თანახმად კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ. ს-ას მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს მის მიერ წარმოებული სასამართლო დავის მის სასარგებლოდ დასრულება, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დავის წარმოების მიზანი იყო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა. ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია ვ. ს-ას კომპენსაციის მიღების უფლება 2014 წლის 23 იანვრიდან, რასაც იგი 2016 წლის 01 მარტამდე არ იღებდა, მიუღებელი კომპენსაციის თაობაზე მოთხოვნა საფუძვლიანია და მართებულად დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი არ არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალეულობა, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გამხდარიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილება, არ ათავისუფლებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიუღებელი კომპენსაციის გაცემისგან, ვინაიდან დადასტურებულია ვ. ს-ას კომპენსაციის მიღების უფლება 2014 წლის 23 იანვრიდან, რომლის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი