Facebook Twitter
#ბს-836(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 20 დეკემბერს ბმა „...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სამშენებლო სამართალდაღვევის ჩადენის გამო ბმა „...-ის“ დაჯარიმების და მშენებლობის შეჩერების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილების, საურავის დაკისრების შესახებ 2016 წლის 26 ივლისის #248 დადგენილებისა და ბმა „...-ის“ თავმჯდომარის ი. ბ-ას 2016 წლის 8 აგვისტოს #24368/21 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის ვიცე მერის 2016 წლის 11 ნოემბრის #02/148 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 20 აპრილს გაცემული #127/16 სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ბმა „...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბმა „...-ის“ დაჯარიმების და მშენებლობის შეჩერების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილების მოქმედება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ბმა „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 26 ივლისის #248 დადგენილება და ბმა „...-ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2016 წლის 11 ნოემბრის #02/148 ბრძანება, საურავის ნაწილში; ბმა „...-ის“ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საურავის დაკისრების შესახებ #148 დადგენილება ისე იყო გამოცემული ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რომ მხარისათვის არ იყო ცნობილი ამ დადგენილების არსებობის თაობაზე, რადგან მას 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილება (ჯარიმის დაკისრების თაობაზე) კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, შესაბამისად მისი (ჯარიმის) გადახდაც ვერ მოხდებოდა დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ ვადებში. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე და 58-ე მუხლების გამოყენებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოებმა უნდა იხელმძღვანელონ სპეციალურ კანონმდებლობაში, კერძოდ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში დადგენილი სპეციალური წესით.
კასატორის განმარტებით, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მითითების გამოცემის შემდგომ ბმა „...-ის“ თავმჯდომარეს მიმართული ჰქონდა კონტრაქტორი სამშენებლო ფირმისათვის მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ნებართვის ვადის გაგრძელება მათ მიერ არ მოხდა. აღნიშნული ვერც მოხდებოდა, ვინაიდან ნებართვის მაძიებელი იყო ბმა „...“ და არა სამშენებლო კომპანია, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე ასრულებდა სამშენებლო საქმიანობას. სწორედ აღნიშნული #127 დადგენილება, რომელიც ვერ ჩაჰბარდა მხარეს 24 საათის განმავლობაში, გაიკრა სამშენებლო ობიექტზე და დამრღვევზე დადგენილების ჩაბარების ეს წესი არ იქნა გათვალისწინებული სასამართლოს მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.





ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდაღვევის ჩადენის გამო ბმა „...-ის“ დაჯარიმების და მშენებლობის შეჩერების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილების, ასევე საურავის დაკისრების შესახებ 2016 წლის 26 ივლისის #248 დადგენილებისა და ბმა „...-ის“ თავმჯდომარის ი. ბ-ას 2016 წლის 8 აგვისტოს #24368/21 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის ვიცე მერის 2016 წლის 11 ნოემბრის #02/148 ბრძანების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესებზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ამხანაგობას ამოეწურა მშენებლობის ნებართვის ვადა, რის გამოც სამშენებლო სამართალდარღვევა სახეზე იყო. მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ზედამხედველობის სამსახურს გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ბმა „...-ისთვის“ დაეკისრებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 31 მარტს მიღებულ იქნა #127 დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბმა „...-ის“ დაჯარიმებისა და მშენებლობის შეჩერების თაობაზე“, რომლითაც ამხანაგობას სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა ჯარიმა, 1000 ლარის ოდენობით და დაევალა სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერება, მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოფხვრამდე. შესაბამისად, „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ბმა „...-ის“ დაჯარიმების და მშენებლობის შეჩერების თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქ. ბათუმის ვიცე-მერის 2016 წლის 11 ნოემბრის #02/148 ბრძანება ამ ნაწილში გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო 23-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დარღვევებისთვის საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიღებისას, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას საურავის დაკისრების შესახებ. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რაც შემდეგში გამოიხატება: 1. სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში. 2. დაკისრებული ჯარიმის (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამმაგი ოდენობის ჯარიმისა) გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, დამრღვევს დაერიცხება საურავი დაჯარიმების შესახებ დადგენილებით განსაზღვრული საჯარიმო თანხის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ გაზიარებას არ ექვემდებარებოდა მოპასუხე მხარის მტკიცება ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადებისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესის გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას, აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილება გასაცნობად წარედგინა ამხანაგობის თავმჯდომარეს, ან სხვა წარმომადგენელს, ან ადრესატს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და ვერ ჩაჰბარდა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოში საქმის განხილვისას ვერც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარადგინა, რომ 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილება მის მიერ მითითებულ კონკრეტულ დროს სახლის სადარბაზოში გასაცნობად იქნა გამოკრული.
ზემოხსენებული გარემოებების არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელე მხარის მტკიცების გაზიარებას მასზედ, რომ დაჯარიმების შესახებ 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილება ამხანაგობის თავმჯდომარეს ოფიციალური გაცნობის წესით, მისივე მოთხოვნის შემდეგ ჩაჰბარდა 2017 წლის 26 ივლისს, რაც დასტურდება ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 26 ივლისის #25/12633 წერილით. შესაბამისად, ბმა „...-ის“ დაჯარიმების შესახებ 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილების მოსარჩელე მხარისათვის ოფიციალური გაცნობისა და ჯარიმის გადახდის კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადის ათვლა, ზედამხედველობის სამსახურს 2017 წლის 26 ივლისიდან უნდა დაეწყო. სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ 2016 წლის 20 ივლისის ოქმის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარემ, ი. ბ-მ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირს განუცხადა იმის თაობაზე, რომ ამხანაგობის დაჯარიმების შესახებ მისთვის ცნობილი მხოლოდ ამ სხდომაზე გახდა და 2016 წლის 31 მარტის #127 დადგენილება ამხანაგობას არ ჩაჰბარებია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი