Facebook Twitter
#ბს-852(3კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი. ხ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 1 დეკემბერს ი. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მესამე პირების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, შპს „N...-ისა“ და შპს „ა...ის“ მონაწილეობით.
მოსარჩელემ მოითხოვა ი. ხ-ას მიწის ნაკვეთებთან (ს/კ ... და ...) ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა: ა) #... (20.11.2009), #... (27.04.2011), #... (28.12.2011), #... (12.01.2012), #... (14.08.2012), #... (15.08.2012), #... (12.07.2013) საკადასტრო კოდზე ...; ბ) #... (28.12.2011), #... (24.07.2012), #... (11.07.2013), #... (24.07.2014), #... (22.10.2014) საკადასტრო კოდზე ...; გ) #... (27.04.2011), #... (24.07.2012) საკადასტრო კოდზე ...; დ) #... (26.07.2012), #... (26.07.2012), #... (04.09.2012), #... (05.09.2012), #... (27.05.2014) საკადასტრო კოდზე ... . ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 7 ნოემბრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 სექტემბრის #... და #... გადაწყვეტილებების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს #... და #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ი. ხ-ას მიერ 2014 წლის 19 აგვისტოს წარდგენილი #... და #... განცხადებებით მოთხოვნილი ცვლილების რეგისტრაციის განხორციელება - საზღვრების დაზუსტება განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზების მიხედვით ზუგდიდის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები ... და ...).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ი. ხ-ას მიწის ნაკვეთებთან (საკადასტრო კოდები ... და ...) ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის ქვემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები: 1. #... (20.11.2009), #... (27.04.2011), #... (28.12.2011), #... (12.01.2012), #... (14.08.2012) საკადასტრო კოდზე ...; 2. .... (28.12.2011), #... (24.07.2012) #... (11.07.2013), საკადასტრო კოდზე ...); 3. #... (27.04.2011), #... (24.07.2012) საკადასტრო კოდზე ...; 4. #... (26.07.2012), #... (26.07.2012) საკადასტრო კოდზე ...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ი. ხ-ამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ხ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 20 ნოემბრის #..., 2011 წლის 27 აპრილის #..., 2011 წლის 28 დეკემბრის #..., 2012 წლის 14 აგვისტოს #... გადაწყვეტილებები (ს/კ ...), ი. ხ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) ზედდების ნაწილში; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 26 ივლისის #..., 2012 წლის 26 ივლისის #... გადაწყვეტილებები (ს/კ ...), ი. ხ-ას სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...) ზედდების ნაწილში; სარჩელი ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
კასატორ ი. ხ-ას განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. გასაჩივრებული აქტები ხელყოფს მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ვინაიდან მან ჯერ კიდევ 2009 წელს კეთილსინდისიერად შეიძინა და რეესტრში დაარეგისტრირა უძრავი ქონება. ამასთანავე, კასატორმა მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული დაკვნით უტყუარად დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების კონფიგურაციისა და მათზე მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზების იდენტურობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი. ხ-ას საკასაციო საჩივრები.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი. ხ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ხ-ას 2014 წლის 19 აგვისტოს სარეგისტრაციო განცხადებებეთან დაკავშირებით, რომლებითაც მან უძრავ ნივთებზე (ს/კ ... და ...) მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება, ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეაჩერა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან (საკადასტრო კოდები: ..., ..., ..., ..., ... და ...), რის გამოც მოითხოვა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 25 სექტემბრის #... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.
დადგენილია, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის 2009 წლის 6 მაისის ხელშეკრულებით ზუგდიდის რაიონის სოფელ ... მდებარე 1,45 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კ. ქ-ასაგან შეიძინა ი. ხ-ამ და საკუთრების უფლებით დაუზუსტებელი მონაცემებით იმავე დღეს დაირეგისტრირა (ს/კ ...). უძრავი ქონების ნასყიდობის 2009 წლის 15 მაისის ხელშეკრულებით ი. ხ-ამ კ. ქ-ასაგან შეიძინა ზუგდიდის რაიონის სოფელ ... ტერიტორიაზე მდებარე 4881 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც იმავე დღეს საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი მონაცემებით აღირიცხა, როგორც მისი საკუთრების უფლება (ს/კ ...).
ი. ხ-ას მიერ რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების სარეგისტრაციოდ განცხადებების წარდგენისა და მასზე გადაწყვეტილებების გამოტანის მომენტისთვის საჯარო რეესტრში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა სახელმწიფო; ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა სახელმწიფო; ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა შპს „N...“ (2012 წლის 9 სექტემბრიდან); ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეა შპს „ა...ა“ (2012 წლის 15 აგვისტოდან). ამასთანავე დადგენილია, რომ შპს „...-ს“ საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთისა და შპს „ა...ას“ საკუთრებაში ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების წინა მესაკუთრეა სახელმწიფო.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ყველა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის საფუძველია სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიმართვები და თანდართული აზომვითი ნახაზები. სახელმწიფოს უფლების სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების შედგენისა და საჯარო რეესტრისთვის მიმართვის დროისთვის უკვე რეგისტრირებულია ი. ხ-ას საკუთრების უფლება, თუმცა დაუზუსტებელი მონაცემებით (იმ წესების შესაბამისად, რაც რეგისტრაციის განხორციელების დროისათვის მოქმედებდა). ამასთანავე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია მიწის ნაკვეთების იდენტურობა.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება ის გარემოება, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთები შემდეგი საკადასტრო კოდებით: ... . (2,46 კვ.მეტრის ფარგლებში) და ... (535,88 კვ.მეტრის ფარგლებში) ზედდებაში მოვიდა ი. ხ-ას სახელზე დაუზუსტებელი მონაცემებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ხოლო ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (5157,61 კვ.მ და 96,25 კვ.მეტრის ფარგლებში) ასევე ზედდებაში მოვიდა ი. ხ-ას სახელზე დაუსუტებელი მონაცემებით ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, რაც სამართლებრივად გამორიცხავდა მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცავს კეთილსინდისიერ შემძენს და დასახელებული კოდექსის 185-ე მუხლის დანაწესებით შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების სახელმწიფოდან კერძო სამართლის სუბიექტებისათვის (მესამე პირებზე - შპს „N...“ და შპს „ა...ა“) გადაცემა მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში - კერძოსამართლებრივი ურთიერთობის შედეგად (რომელთა კანონიერება სასამართლოს განსჯის საგანი არ გამხდარა), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო კეთილსინდისიერ შემძენთან დაკავშირებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას. რის გამოც, მართებულად დარჩა ძალაში ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება მესამე პირების - შპს „N...-ისა“ და შპს „ა...ის“ საკუთრების უფლებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ხ-ას საკასაციო საჩივარზე გ. ხ-ას 09.07.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ხ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი. ხ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ი. ხ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ხ-ას მიერ 09.07.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი