#ბს-934(გ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ა(ა)იპ „…“
მოპასუხე _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 31 ივლისს ა(ა)იპ „… მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ა(ა)იპ „… სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #1090 განკარგულების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. ზუგდიდში, … ქუჩაზე (ს/კ…), ასევე ქ. წალენჯიხაში, … (ს/კ…) და ქ. რუსთავში, … ქ. #7-ში (ს/კ…) მდებარე უძრავ ქონებებზე მესაკუთრის (სახელმწიფო) მხრიდან ნებისმიერი გასხვისების/აკრძალვის თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ა(ა)იპ „… ს“ სარჩელი გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული განსჯადობით ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების ადგილის მიხედვით ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. სასამართლომ მიუთითა 18.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება რუსთავში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მდებარე უძრავ ქონებებზე უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამდენად, სარჩელი განსაკუთრებული განსჯადობით ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით და ნივთობრივი განსჯადობით უძრავი ნივთის ადგილსამყოფილის მიხედვით უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც მოიცავს რუსთავს ან ზუგდიდსა და წალენჯიხას. სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სავარაუდოა, რომ მისთვის მისაღებია თბილისთან ახლოს მდებარე სასამართლოს მიერ საქმის განხილვა. ამდენად, საქმე უნდა დაექვემდებაროს სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც მოიცავს რუსთავს.
სასამართლომ მიუთითა „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33.2 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს განჩინებით ა(ა)იპ „… ის“ სარჩელი მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მოთხოვნას წარმოადგენს ა(ა)იპ „… სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #1090 განკარგულების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სასამართლოს განმარტებით, ა(ა)იპ „… ს“ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტი და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ, აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად, მით უფრო მაშინ, როდესაც განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების (გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) კანონიერება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.
ვინაიდან გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანება, რომლითაც შეწყდა ა(ა)იპ „… სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფილის მიხედვით (ქ. თბილისი, ჭანტურიას #12) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია.
სასამართლოს მითითებით, იგი დაეყრდნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის #ბს-141-140(გ-16) განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ დასკვნებსა და განმარტებებს, კერძოდ, სასამართლოებმა სადავო აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი თუ სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. მოსარჩელეს მოპასუხედ დასახელებული ჰყავს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. #12. ამდენად, დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დადგინდეს არა ის ფაქტი თუ რას ეხება აქტი და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცა ქ. რუსთავში, … ქ. #7-ში (ს/კ…), ქ. წალენჯიხაში, … ქუჩაზე (ს/კ…), ქ. ფოთში, … ქ. #1 (ს/კ…) და ქ. ზუგდიდში, … ქუჩაზე (ს/კ …) არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანებით შეწყდა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ქონების დაბრუნებისა და საჯარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერში ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის #ბს-219-217(გ-17) განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ იმისათვის, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ განჩინებაში საკასაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული საქმის განხილვის წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე. რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ერთიანმა ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით განსაზღვრულ სასამართლოში დავების კონცენტრაცია. აღნიშნულით განხორციელდება ერთგვაროვან საქმეთა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავმოყრა და რაიონული სასამართლოებისათვის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის შემცირება, რითაც დაირღვევა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი, რომლის დარღვევა გამოიწვევს ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის მიხედვით, მართალია, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლო არ არის განსჯადი სასამართლო. სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ამდენად, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლებამოსილი იყო წამოეწყო დავა მოცემულ საქმეზე განსჯადობის შესახებ და საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „…ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე - ა(ა)იპ „…“ მოპასუხედ ასახელებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ა(ა)იპ „… სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #1090 განკარგულების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „… სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ მხარეთა შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებულია უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომელსაც საფუძლად დაედო საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი და „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - … სთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #1090 განკარგულება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ა(ა)იპ „… სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანების გამოცემას. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო ბრძანება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის გარეშეც მისი კანონიერების შემოწმება შეუძლებელია.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 19 ივლისის #1/1-1697 ბრძანებით შეწყდა მხარეთა შორის 2014 წლის 24 ივნისის ხელშეკრულება (ხელშეკრულების საგანი: ქ. რუსთავში, … ქ. #7-ში მდებარე 13199 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1-#6 შენობა-ნაგებობები (ს/კ…), ქ. წალენჯიხაში, … ქუჩაზე მდებარე 7825 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1-#5 შენობა-ნაგებობები (ს/კ…), ქ. ზუგდიდში, … ქუჩაზე მდებარე 2260 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1-#3 შენობა ნაგებობები (ს/კ…)) და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ქონების დაბრუნებისა და საჯარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერში ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, რა დროსაც განსჯადობის განსაზღვრისას აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გაირკვეს, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან გასაჩივრებულია ქ. რუსთავში, ქ. ზუგდიდსა და ქ. წალენჯიხაში მდებარე უძრავ ქონებებზე უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება, სარჩელი განსაკუთრებული განსჯადობით ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განიხილოს შესაბამისმა სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც მოიცავს რუსთავს ან ზუგდიდსა და წალენჯიხას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული მუხლი განსჯადი სასამართლოს მოსარჩელის მიერ არჩევის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის შესახებ დავა წარმოშობილია თბილისის საქალაქო სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სავარაუდოა, რომ მისთვის მისაღებია საქმე განიხილოს იმ სასამართლომ, რომელიც თბილისთან უფრო ახლოს მდებარეობს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის რეგისტრირებული მისამართია ქ. თბილისი, … ქ. #6. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმე უნდა დაქვემდებარებოდა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც მოიცავს ქალაქ რუსთავს.
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 9 აგვისტოს #1/150-2007 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისად განისაზღვრა რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. ამავე გადაწყვეტილების 33.2 მუხლის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება თვითმმართველი ქალაქის - რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ვინაიდან მოცემული დავის განხილვაზე უფლებამოსილია იმ სასამართლოთაგან ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს ქ. რუსთავის, ქ. წალენჯიხის ან ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის რუსთავის საქალაქო სასამართლოსათვის გადაგზავნის შემდეგ მოსარჩელეს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით მინიჭებული უფლება.
საკასაციო სასამართლო რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის #ბს-141-140(გ-16) განჩინებაზე მითითებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინება მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია, ვინაიდან მითითებულ საქმეზე სადავო იყო „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანების კანონიერება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ეხებოდა უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, რის გამოც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი დაუქვემდებარა სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში კი, გასაჩივრებულია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბრძანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის #ბს-219-217(გ-17) განჩინებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინების გამოყენებაც არ არის კავშირში მოცემულ საქმესთან, ვინაიდან წინამდებარე საქმეში გასაჩივრებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტები და უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ მოტივით, რომ არ დაირღვეს სასამართლოთა შორის საქმის თანაბარი განაწილების პრინციპი სარჩელის განჯად სასამართლოს განსაზღვრა მოხდა სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით და არა სადავო აქტების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფლის მიხედვით. ამასთანავე, მოცემულ განჩინებაში ხაზგასმულია, რომ ეს წესი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ა(ა)იპ „…ს“ სარჩელი ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „…ს“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი