Facebook Twitter
№ბს-966(კ-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 3 აგვისტოს ნ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, 2016 წლის 1 ივნისამდე იღებდა პენსიას კანონით განსაზღვრული წესით. 2016 წლის 1 ივნისიდან მას შეუწყდა საპენსიო პაკეტის ჩარიცხვა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრიდან მოსარჩელე მუშაობს სსიპ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ ..., აღნიშნული დაწესებულება კი არ მიეკუთვნებოდა კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო დაწესებულებათა რიცხვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №04–00–ვ/21767 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ნ. ჭ-ისათვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ასევე მოპასუხისათვის ნ. ჭ-ის სასარგებლოდ 2016 წლის 1 ივნისიდან მიუღებელი სახელმწიფო გასაცემელის (პენსია) გაცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის №04-00-ვ/21767 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ჭ-ისათვის 2016 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) გაცემის შესახებ და ამავე პერიოდიდან მიუღებელი სახელმწიფო პენსიის თანხის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია ბიბლიოთეკაში საქმიანობა განურჩევლად იმისა, ბიბლიოთეკა დამოუკიდებელი დაწესებულებაა, თუ რომელიმე იურიდიული პირის დაქვემდებარებაშია. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჭ-ე 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“, ... თანამდებობაზე. იგი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია. საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებიდან კი არ ირკვევა, რომ ნ. ჭ-ე ასრულებს რაიმე საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, ამასთანავე ის არც სახელმწიფო ინტერესს ემსახურება, რაც დამატებით ხაზს უსვამს და გამორიცხავს ნ. ჭ-ის მიერ საჯარო სამსახურის განხორციელებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველო ევროპის სოციალური ქარტიის მიზნებიდან გამომდინარე, იღებს ვალდებულებას: მე-12 მუხლის მიხედვით 1. შექმნან ან შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა და 2. ეცადონ ეტაპობრივად მაღალ დონეზე აიყვანონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს სამართლებრივი შეფასება დავის საგანთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საქართველოს არ მოუხდენია რატიფიცირება.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. კასატორის მოსაზრებით, სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლი „რუსთავი“ არ მიეკუთვნება საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სააღმზრდელო დაწესებულებათა რიცხვს, რის გამოც მათთან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების პერიოდში სახელმწიფო გასაცემლის მიღების უფლება იზღუდება. კასატორის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) შრომით საქმიანობას ეწევა უშუალოდ სსიპ - საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსაბლ „რუსთავში“, რაც წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებულ საქმიანობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ჭ-ე დაიბადა 1949 წლის 3 იანვარს. იგი 2016 წლის 1 იანვრიდან მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ ... თანამდებობაზე. 2016 წლის 1 ივნისიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს №04-00-ვ/21767 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ნ. ჭ-ეს შეუწყდა საპენსიო პაკეტის ჩარიცხვა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკი, მამაკაცებისათვის - 65 წელი, ხოლო ქალებისათვის - 60 წელი; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კი პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება. საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის შესაბამისად: საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ახორციელებს თუ არა ნ. ჭ-ე საჯარო საქმიანობას და სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ ... თანამდებობაზე მუშაობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობის განხორციელებად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ბიბლიოთეკა ეს არის დაწესებულება, რომლის დაფუძნება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებელი დაწესებულების, ისე იურიდიული პირის ქვედანაყოფის სახით, მაგრამ ორივე შემთხვევაში უცვლელი რჩება ბიბლიოთეკის, როგორც დაწესებულების დანიშნულება და ფუნქცია. ბიბლიოთეკა ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი იურიდიული პირის ქვედანაყოფია, სახელმწიფო, თუ კერძო ბიბლიოთეკაა, შესაბამისად, ის ყოველმხრივ ექცევა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლისებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ნ. ჭ-ე მუშაობს სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავში“ ... თანამდებობაზე, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, რის გამოც მას კანონის შესაბამისად არ უწყდება უფლება მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კანონს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო პრეტენზიებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.





ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ვ. როინიშვილი