№ბს-137(უს-19) 12 თებერვალი, 2019 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსაჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ე. ე-ი, შ. ნ-ე, ს. ე-ი, შპს „...”, შპს “O...”
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 11 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ე. ე-ის, ს. ე-ის, შ. ნ-ის, შპს „O...-ის” და შპს “...-ის” მიმართ.
მოსარჩელემ ე. ე-ის, ს. ე-ის, შ. ნ-ის, შპს „O...-ის” და შპს “...-ის” ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელემ იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების - შ. ნ-ისა და ს. ე-ის საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2016 წლის 25 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრისა და 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებები და ყადაღა დაედო შ. ნ-ის (პ/ნ ....) ქონებას: 1. უძრავი ქონება, მისამართი: ქ. თბილისი, ..., საკადასტრო კოდი: #...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. 2. უძრავი ქონება, მისამართი: ქ. თბილისი, ... (...) ქ. #72/ ქ. თბილისი, ... ქ. #70 საკადასტრო კოდი: #...; ს. ე-ის ქონებას: 1. 100%-იანი წილი შპს ,,...-ში".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შ. ნ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით განუხილველი დარჩა შ. ნ-ის საჩივარი დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების - ე. ე-ის, ს. ე-ის, შ. ნ-ის, შპს „O...-ის” და შპს “...-ის” ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
2018 წლის 25 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოპასუხე შ. ნ-ემ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაცვლად, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებას მდებარე ქ. თბილისი, ... (...) ქუჩა N72, ქ. თბილისი, ქუჩა ... #70, საკადასტრო კოდი: N... ყადაღა დაედოს მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: მცხეთა, სოფელი ..., ფართი 2 000 კვ.მ. საკადასტრო კოდი ....
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შ. ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე მოპასუხეებს წარმოადგენენ ე. ე-ი, ს. ე-ი, შ. ნ-ე, შპს „O...” და შპს “...”, ხოლო მ. ნ-ე, რომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებითაც ითხოვს განმცხადებელი უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებას, არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე მხარეს. ის არ არის მოპასუხე და მისი, როგორც მესამე პირის მიმართ, საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ მიიჩნევს დასაშვებად.
2018 წლის 27 დეკემბერს შ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა დაყადაღებული საცხოვრებელი ბინის (ქ. თბილისი, ... (...) ქ. #72/ ... ქ. #70, საკადასტრო კოდი: #...) ყადაღისგან გათავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით შ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა მოეხსნა შ. ნ-ის (პ/ნ ...) უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ... (...) #72; ქ. თბილისი, ქუჩა ... # 70, საკადასტრო კოდი: #... .
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შ. ნ-ის განცხადების, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ, დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა მოპასუხეების - შპს „O...-ის", შპს „...-ის", შ. ნ-ის, ე. ე-ისა და ს. ე-ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების თაობაზე. მოსარჩელის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხეების - შ. ნ-ის (პ/ნ ...) ქონებას: 1. უძრავი ქონება, მისამართი: ქ. თბილისი, ..., საკადასტრო კოდი: #...; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; დაზუსტებული ფართობი 900 კვ.მ. 2. უძრავი ქონება, მისამართი: ქ. თბილისი, ... (...) ქ. #72/ ქ. თბილისი, ... ქ. #70 საკადასტრო კოდი: #...; ს. ე-ის ქონებას: 1. 100%-იანი წილი შპს ,,...-ში".
მოპასუხე - შ. ნ-ე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის - მის საკუთრებაში არსებული ქონების - ბინის, მდებარე: თბილისი, ...(...) ქუჩა №72, ქალაქი თბილისი, ქუჩა ... №70, საკადასტრო კოდი: №..., შეცვლას სხვა პირის - მ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე: მცხეთა, სოფელი ..., ფართი 2 000 კვ.მ. საკადასტრო კოდი ... .
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია მოსარჩელის უფლება მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ამავე მუხლით განსაზღვრულია მითითებული საპროცესო უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.
ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი თავისი არსით წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მნიშვნელოვან სამართლებრივ საშუალებას, რომლის გამოყენებაც დაიშვება მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იმ მიზნით, რომ არ გაძნელდეს ან შეუძლებელი არ გახდეს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება; სარჩელის უზრუნველყოფა ესაა გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხის მიერ თავისი ქონების ან ფულადი სახსრების განკარგვის უფლების შეზღუდვის გზით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმდგენი მოსარჩელის მიზანს, საბოლოო ჯამში, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და მისი დაუბრკოლებელი აღსრულების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. აღნიშნული ნორმით, კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებად მიიჩნევს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხე მხარის მოთხოვნით და მისი სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილი დაცვა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელზე მოპასუხეებს წარმოადგენენ: შპს „O...“, შპს „...“, შ. ნ-ე, ე. ე-ი და ს. ე-ი, ხოლო მ. ნ-ე, რომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებითაც განმცხადებელი - შ. ნ-ე ითხოვს უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებას, არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე მხარეს. ის არ არის მოპასუხე და მისი, როგორც მესამე პირის მიმართ, საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ მიიჩნევს დასაშვებად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დადგენილი გარკვეული შეზღუდვები შეიძლება შეეხოს და ვალდებულებები დაეკისროს მხოლოდ საქმეში მონაწილე მხარეს. შესაბამისად, იმ პირის ქონებაზე ყადაღის დადება, რომელიც განსახილველ დავაში არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე მხარეს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ მხარის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე - შ. ნ-ე ითხოვდა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული განმცხადებელს - შ. ნ-ეს საჩივრით არ გაუსაჩივრებია.
შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის - შ. ნ-ის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ გარემოებაზე, რაც საფუძვლად დაედებოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და დაადასტურებდა გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლაზე უარის თქმის არამართლზომიერებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრისა და 2019 წლის 21 იანვრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი