№ბს-1283(კ-18) 17 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. წ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 9 თებერვალს ნ. წ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 19 დეკემბერს ნ. წ-ასა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. სესხი გაიცა 10 წლის ვადით, მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 19 ნოემბრის პერიოდი. სესხის სარგებლობისთვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 30%-ის ოდენობით. ვინაიდან, მოსარჩელე ახორციელებდა სესხის სარგებლობისათვის განსაზღვრული პროცენტის გადახდას და სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვრული იყო 2024 ნოემბრამდე პერიოდი, შესაბამისად, არ არსებობდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის საფრთხე. მოულოდნელად მისთვის ცნობილი გადა, რომ იპოთეკის საგანი აუქციონის წესით გასხვისებულ იქნა იპოთეკარის მოთხოვნის საფუძველზე და სააღსრულებო საქმის წარმოება ჩატარდა ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოსარჩელის მითითებით, სააღსრულებო წარმოება მის მიმართ დაიწყო 2015 წლის 6 აგვისტოს და დასრულდა 2016 წლის 20 იანვარს ს. ფ-ასათვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მიღებული განკარგულებით, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს კანონით დადგენილი წესით და ფორმით მოსარჩელე მხარისთვის არ უცნობებია.
სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება თბილისის სააღსრულებო ბიურის გავრცელებული აქვს საჯარო შეტყობინების გზით. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქრათველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მე-12 პუნქტის მიხედვით, კი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადება მოსარჩელეს გაეგზავნა ერთხელ, რომელიც ვერ ჩაბარდა მისამართზე არ ყოფნის გამო, რაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს ავალდებულებდა წინადადების საჯარო შეტყობინების გზით გავრცელებამდე დამატებით ერთხელ მაინც გაეგზავნა უწყება მოსარჩელე მხარისთვის, შესაბამისად, აუქცინოს ჩანიშვნა განხორცილედა კანონმდებლობათა უხეში დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის Nა150061596-007/001 განკარგულების უკანონოდ ცნობა და „აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA115061596-016/001 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ს. ფ-ას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, საკადასტრო კოდი: ..., ყადაღის დადების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ს. ფ-ა და შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნ. წ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ს. ფ-ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - მდებარე: ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, საკადასტრო კოდი: ..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ს. ფ-ასათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მდებარე - ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N..., გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 19 დეკემბერს ნ. წ-ასა და შპს „...ს“ შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 10 წლის ვადით და მისი დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდი. სესხის სარგებლობისათვის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 30%-ის ოდენობით. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N... .
2015 წლის 6 აგვისტოს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150846669) შპს „...ის“ სასარგებლოდ იპოთეკის ხელშეკრულებიდან (იპოთეკის ხელშეკრულება, დამოწმებული: 15.12.2014წ. ნოტარიუს ნ. გ-ას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N141362958) გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე/მესაკუთრე ნ. წ-ას მიმართ (დაბადებული 09.09.1962წ., მისამართი ქ. თბილისი, ... . V კვ. კორპ.1ა, ბინა №60). ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 6 აგვისტოს გაცემული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N150846669) სააღსრულებო ფურცლიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების შესრულების დროს წარმოადგენდა 2015 წლის 19 მარტი, რომლის შეუსრულებლობამაც განაპირობა იპოთეკის საგნის რეალიზაციაზე მოთხოვნის დაკმაყოფილება და სააღსრულებო ფურცლის გაცემა ნოტარიუსის მიერ. მოცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 2015 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს 16565,27 აშშ დოლარს, მათ შორის, ძირითადი თანხაა 14972.34 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 1556.02 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 36.91 აშშ დოლარი, აგრეთვე აღსრულების ხარჯი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 106 ლარი, სააღსრულებო ფურცელი 4 ლარი და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი, რომელიც ეკისრება მსესხებელს „გამსესხებლის“ სასარგებლოდ.
2015 წლის 7 აგვისტოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააღსრულებლო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ იძულებითი აღსრულების მიზნით განცხადებით მიმართა შპს „...მა“, რომელმაც წარმოებაში მიიღო ნოტარიუს თ. რ-ას მიერ 06.08.2015 წელს გაცემული N150846669 სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო წარმოება NA15061596).
დავალიანების დაფარვის მიზნით დაიწყო იპოთეკის საგნის, კერძოდ, ნ. წ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N... რეალიზაცია, ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისათვის კი აღმასრულებელმა მოვალე მხარეს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, განუმარტა მოსალოდნელი შედეგები და უფლებები.
ნ. წ-ას წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ. ა-ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60. ტ.2. სფ.36-37-ზე განთავსებულ … გზავნილის ძიებით ირკვევა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA15061596-004/001 წინადადება შპს „...ის“ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად იგი ქ.თბილისში, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60-ში გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად ქ. თბილისში, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60-ში კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებში არსებულ მისამართზე საფოსტო შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ კურიერი აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდა ორჯერ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2015 წლის 15 სექტემბერს გამოსცა NA15061596-007/001 განკარგულება, რომლის თანახმად გავრცელდა A15061596 სააღსრულებო წარმოების (კრედიტორი - შპს ... (...), მოვალე ნ. წ-ა (...), საგანი - თანხის გადახდა) მიმართ აღსრულების ღონისძიების - „წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“ შეტყობინება საჯაროდ. საჯარო შეტყობინება გავრცელდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე www.nbe.gov.ge-ს მეშვეობით. განკარგულებით დადგენილია, რომ მოვალე ნ. წ-ას აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. განკარგულება გამოქვეყნდა 2015 წლის 20 სექტემბერს.
აღმასრულებელი 2015 წლი 7 ოქტომბერს გამოცხადდა მოვალის იურიდიულ მისამართზე და მოახდინა ნივთის აღწერა-დაყადაღება. ნივთის აღწერა-დაყადაღების N77394 აქტის თანახმად, ბინაში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მისამართზე არავინ იმყოფებოდა.
2016 წლის 26 ოქტომბრის N98379 აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის დასკვნით შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 108 000 ლარი. აღმასრულებელმა გამოაცხადა იძულებითი აუქციონი, 2016 წლის 20 იანვარს აღმასრულებელმა გამოსცა განკრგულება - აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ნ. წ-ას კი 2016 წლის 4 თებერვალს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა, რომ აუქციონის ჩატარების შედეგად ამონაგები თანხებიდან მთლიანად დაიფარა კრედიტორის მოთხოვნა, რის შემდეგაც დარჩა ნამეტი თანხა, რაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით უბრუნდება მესაკუთრეს. მოსარჩელეს ეთხოვა, რომ უმოკლეს ვადაში წარედგინა საბანკო რეკვიზიტები, რათა აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეძლებოდა მისი კუთვნილი თანხის გადარიცხვა. ტ.2., სფ.123-ზე განთავსებულ ... გზავნილის ძიებით ირკვევა, რომ „...ის“ კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა ქ. თბილისში, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60-ში 2016 წლის 10 თებერვალს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. ნ. წ-ას აღნიშნული შეტყობინება კვლავ გაეგზავნა 2016 წლის 12 თებერვალს, კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად ამავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2016 წლის 16 თებერვალს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ნ. წ-ას შეტყობინება გაეგზავნა 2016 წლის 22 თებერვალს, კურიერი გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად გამოცხადდა 2016 წლის 24 თებერვალს, თუმცა ადრესატი ამჯერადაც არ დახვდა მითითებულ მისამართზე.
სააპელაციო სასამართლოს განამარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. მითითებული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მოვალეს ეცნობება: ა) ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ; ბ) კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები; გ) სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები; დ) იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები; ე) აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება. მე-12 პუნქტის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ნ. წ-ას გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ. ა-ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA15061596-004/001 წინადადება შპს „...ის“ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად. იგი ქ.თბილისში, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60, გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი იმავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, სახეზეა ის ფაქტობრივი გარემოება, როდესაც მოსარჩელისათვის სასამართლო უწყების ჩასაბარებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე ორჯერ გამოცხადდა შპს „...ის“ კურიერი, თუმცა უწყების ჩაბარება ვერმოხერხდა ადრესატის მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ნორმის დანაწესი არ გულისხმობს ადრესატისათვის კორესპონდენციის ფორმალურ გაგზავნას, სიტყვები „უნდა გაეგზავნოს“ ლოგიკურად უკავშირდება ადრესატისათვის შეტყობინების სასამართლოს მიერ (ამ შემთხვევაში სააღსრულებო ბიუროს მიერ) კიდევ ერთი მცდელობის აუცილებლობას, გადამოწმდეს ცნობილი ხომ არ არის სხვა ალტერნატიული მისამართი, ან თუ ადრესატი პირველი გამოცხადებისას რაიმე მიზეზით არ იმყოფებოდა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე, კიდევ ერთხელ განხორციელდეს მასზე შეტყობინება, ანუ კანონმდებელმა ცალსახად დაადგინა კორესპონდენციის პირისათვის ერთხელ გაგზავნისა და, მისთვის უწყების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მეორე გადამოწმების ვალდებულება იგივე ან ცნობილ სხვა მისამართზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოვალისთვის გასაგზავნი შეტყობინებები არ ბარდებოდა მოსარჩელეს, თბილისის სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ადმინისტრაციული ორგანოს ვებ გვერდზე - www.nbe.gov.ge - 2015 წლის 20 სექტემბერს. ამდენად, მოვალე ნ. წ-ასათვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. წ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება - ნ. წ-ასათვის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების 2-ჯერ გაგზავნის თაობაზე და სასამართლომ არასწორად განმარტა სადავო საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები, რამაც საქმეზე კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
კასატორის მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადების მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სააღსრულებო წარმოების შესახებ მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. მე-12 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადება თბილისის სააღსრულებო ბიუროს გავრცელებული აქვს საჯარო შეტყობინების გზით, რა დროსაც უხეშად იქნა დარღვეული კანონის იმპერატიული მოთხოვნები, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ კანონის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისათვის დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
კასატორის განმარტებით, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ნ. წ-ას აღმასრულებლის მიერ გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ 2015 წლის 14 აგვისტოს „...ის“ მეშვეობით, რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იგი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა, აღნიშნული ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა დამატებით ერთხელ მაინც გაეგზავნა უწყება მოსარჩელე მხარისათვის. მითითებული წესის დაუცველად/ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების დარღვევით წინადადების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება და აუქციონზე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისება უხეშად არღვევს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს და ლახავს ნ. წ-ას საკუთრების უფლებას. სასამართლომ უწყების ორჯერ გაგზავნა გაუთანაბრა კურიერის მიერ მისამართზე ორჯერ გამოცხადებას, რაც წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ნორმათა არასწორი განმარტების შედეგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. წ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 15 სექტემბრის Nა150061596-007/001 განკარგულება „აღსრულების მხარისათვის და სხვა მონაწილე პირისათვის სააღსრულებო მოქმედების საჯარო შეტყობინების შესახებ“ და „აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 20 იანვრის NA115061596-016/001 განკარგულება. სადავო აქტების ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვს იმ საფუძვლით, რომ აუქცინო ჩატარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, მას არ ეცნობა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ კანონით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღსრულების დაწყების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ხდება სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება (მე-6 პუნქტი), აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება თავისი უფლებების, სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგების, იძულებითი აღსრულებისათვის შესაძლო გასატარებელი ღონისძიებების, აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესისა და საშუალებების შესახებ ხორციელდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, როდესაც მოვალეს ეგზავნება 7 დღის ვადაში ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადება (მე-7 პუნქტი). მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება (მე-8 პუნქტი). მითითებული ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. როდესაც კორესპონდენციის მიღება დასტურდება მიმღების ხელმოწერით, ასეთი ხელმოწერა ჩაითვლება ნამდვილად, მაშინაც, თუ იგი შესრულებულია ელექტრონული ან/და ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ნ. წ-ას გაეგზავნა 2015 წლის 14 აგვისტოს აღმასრულებლის თ. ა-ის მიერ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს გაგზავნილი NA15061596-004/001 წინადადება შპს „...ის“ კურიერმა მიიღო 2015 წლის 15 აგვისტოს, გზავნილის ადრესატისათვის გადასაცემად. იგი ქ.თბილისში, ..., კვარტალი V, კორპუსი 1ა, სადარბაზო 3, სართული 7, ბინა 60, გამოცხადდა 2015 წლის 18 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. კურიერი იმავე მისამართზე კვლავ გამოცხადდა 2015 წლის 24 აგვისტოს, რომელსაც ადრესატი მითითებულ მისამართზე კვლავ არ დახვდა. ამდენად, სახეზეა ის ფაქტობრივი გარემოება, როდესაც მოსარჩელისათვის სასამართლო უწყების ჩასაბარებლად სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე ორჯერ გამოცხადდა შპს „...ის’’ კურიერი, თუმცა სასამართლო უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო.
სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში - მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ, ვინაიდან მოვალისთვის გასაგზავნი შეტყობინებები არ ბარდებოდა მას, სააღსრულებო ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა ადმინისტრაციული ორგანოს ვებ გვერდზე - www.nbe.gov.ge - 2015 წლის 20 სექტემბერს. ამდენად, მოვალე ნ. წ-ასათვის აღსრულების ღონისძიების შესახებ შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება საჯარო შტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია განხორცილდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. წ-ას საკასაციო საჩივარზე ქ. ო-ეს 13.11.2018წ. №2 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. წ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინება;
3. ნ. წ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ქ. ო-ის მიერ 13.11.2018წ. №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი